The National Library of Georgia მთავარი - ბიბლიოთეკის შესახებ - ელ.რესურსები 
  შესვლა
ქ.შ.წ.კ.გ საზოგადოების წევრები
დასაწყისიკატეგორიები  
ძიება
პიროვნების სახელი:

საძიებელი ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი (ქშწკგ) საზოგადოების ყველა წევრს აერთიანებს, რომლებიც გაწევრიანდნენ ამ საზოგადოებაში მისი დაარსებიდან ლიკვიდაციამდე (1879–1927).

ეროვნული ბიბლიოთეკა მოგმართავთ თხოვნით, თქვენი წინაპრების ან ნათესავების ამ ბაზაში აღმოჩენის შემთხვევაში გამოგვიგზავნოთ მათი მონაცემები ბაზაში განსათავსებლად. საკონტაქტო ტელეფონი: 599548291.



ალექსანდრე ივანეს ძე სარაჯიშვილი

ალექსანდრე ივანეს ძე სარაჯიშვილი
სხვა სახელი:რიშ-ბაბა  (ფსევდონიმი)
დაბადების თარიღი:1851
გარდაცვ. თარიღი:1 ივნისი, 1914  (63 წლის ასაკში)
დაკრძალვის ადგილი:თბილისი, წმინდა ნიკოლოზის ვერის ძველ სასაფლა
კატეგორია:კრიტიკოსი, მთარგმნელი, მწერალი, პუბლიცისტი, საზოგადო მოღვაწე

ბიოგრაფია

   ალექსანდრე სარაჯიშვილი დაიბადა 1851 წელს თბილისში ოფიცრის ოჯახში. დედა გერმანელი ქალბატონი გახლდათ. მამა ადრეულ ასაკში გარდაეცვალა და მისი აღზრდა დედამ და ბიძამ ითავეს. ჯერ კიდევ პატარა ასაკში შეისწავლა რუსული და ფრანგული ენები.

   1868 წელს თბილისის პირველი გიმნაზია დაამთავრა და პეტროგრადის უნივერსიტეტის იურიდიულ ფაკულტეტზე ჩააბარა. ერთი წლის შემდეგ სტუდენტების არეულობაში მონაწილეობისთვის უნივერსიტეტიდან გარიცხეს და 1870 წელს ყაზანის უნივერსიტეტის ფიზიკა-მათემატიკის ფაკულტეტზე გააგრძელა სწავლა. 1871 წელს კიევის უნივერსიტეტის იურიდიულ ფაკულტეტზე ჩააბარა, ხოლო 1873 წელს ჟენევის უნივერსიტეტის სიტყვიერების დარგზე გააგრძელა სწავლა, სადაც სამი წელი დაჰყო. ჟენევაში ყოფნის დროს, ფრანგულ ენაზე, სამშობლო ლიტერატურის შესახებ ლექციებს კითხულობდა და ჩვენი მწერლების რჩეულ ნაწარმოებებს უცხოელებს აცნობდა.

   1874 წელს კავკასიელთა კონგრესს დაესწრო. 1876 წელს სოციალურ მეცნიერებათა ლიცენზიანტის დიპლომი მიიღო, სამშობლოში დაბრუნდა და იმიერკასპიის მხარის წითელი ჯვრის სამსახურში დაიწყო მუშაობა. 1885-1890 წლებში დაღესტნის ოლქის სახალხო სამმართველოს თავმჯდომარის მოვალეობას ასრულებდა, ხოლო 1894 წელს განჯის საგუბერნიო კანცელარიის გამგედ დაინიშნა.

   1899 წელს ალექსანდრე სარაჯიშვილი ქალაქ სოხუმის თავად იქნა არჩეული. იგი ქართული საქმის დიდი გულშემატკივარი იყო. 1879 წელს ახლად დაარსებული „ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების“ გამგეობის წევრად იქნა არჩეული. მონაწილეობა მიიღო „საქართველოს საისტორიო და საეთნოგრაფიო საზოგადოების“ დაარსებაში, რომლის დამფუძნებელმა კრებამ ხაზინადარად აირჩია, ხოლო შემდეგ ამ საზოგადოების მუზეუმ-წიგნსაცავის გამგედ დაინიშნა.

   ალექსანდრე სარაჯიშვილი სამწერლო ასპარეზზე 1878-1879 წლებში გამოვიდა. სერგეი მესხის დაარსებულ გაზეთ „დროებაში“ კრიტიკულ წერილებს ათავსებდა. 1884 წელს, ილია ჭავჭავაძესა და პეტრე უმიკაშვილთან ერთად, მისი რედაქტორობითა და წინასიტყვაობით „ვისრამიანი“ დაიბეჭდა. 1887 წლიდან თანამშრომლობდა „ივერიაში“. მის ნაშრომთაგან საყურადღებოა: „ქართულ-რუსული ლექსიკონის შესახებ“, "მოგზაურობა პროფესორ ალექსანდრე ცაგარელისა პალესტინაში და სინას მთაზე“, „ახოობის დღეობის აკრძალვა“, „სახალხო სიტყვიერების შეკრების შესახებ“, „სპარსეთში მცხოვრები ქართველების შესახებ“, „ძველი ნაშთების შეკრების მდგომარეობა“, ლიტერატურულ-კრიტიკული გამოკვლევა „ვეფხისტყაოსნის“ ყალბი ადგილები“, „ძველი საქართველო“ და სხვა.

   1901-1902 წლებში სარაჯიშვილი გაზეთ „ივერიას“ რედაქტორობდა, ხოლო 1903 წლიდან მისი რედაქტორ-გამომცემელი გახდა. პარალელურად იგი თანამშრომლობდა „ფასკუნჯში“, „ჯეჯილში“, „კლდეში“, „ნიშადურში“ და სხვა ჟურნალ-გაზეთებში. წერდა იუმორისტულ წერილებს, იგავ-არაკებს და ფრანგულიდან და გერმანულიდან თარგმნიდა მოთხრობებს.

   ალექსანდრე სარაჯიშვილი გარდაიცვალა 1914 წლის 1 ივნისს და დაკრძალულია წმინდა ნიკოლოზის ვერის ძველ სასაფლაოზე.

ორგანიზაციის, ასოციაციის ან ჯგუფის წევრი

  • საქართველოს საისტორიო და საეთნოგრაფიო საზოგადოება , ერთ-ერთი დამფუძნებელი და ხაზინადარი (1907-)
  • ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოება, საზოგადოების დამხმარებელი წევრი დარუბანდში (1886-)
  • ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოება, საზოგადოების ნამდვილი წევრი (1879-)

საკონტაქტო ინფორმაცია

  • სახლი
    მისამართი:თემირხან–შურა

გააზიარე: