The National Library of Georgia მთავარი - ბიბლიოთეკის შესახებ - ელ.რესურსები 
  შესვლა
ქ.შ.წ.კ.გ საზოგადოების წევრები
დასაწყისიკატეგორიები  
ძიება
პიროვნების სახელი:

საძიებელი ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი (ქშწკგ) საზოგადოების ყველა წევრს აერთიანებს, რომლებიც გაწევრიანდნენ ამ საზოგადოებაში მისი დაარსებიდან ლიკვიდაციამდე (1879–1927).

ეროვნული ბიბლიოთეკა მოგმართავთ თხოვნით, თქვენი წინაპრების ან ნათესავების ამ ბაზაში აღმოჩენის შემთხვევაში გამოგვიგზავნოთ მათი მონაცემები ბაზაში განსათავსებლად. საკონტაქტო ტელეფონი: 599548291.



დავით ზაქარიას ძე სარაჯიშვილი

დავით ზაქარიას ძე სარაჯიშვილი
დაბადების თარიღი:28 ოქტომბერი, 1848
გარდაცვ. თარიღი:20 ივნისი, 1911  (62 წლის ასაკში)
დაკრძალვის ადგილი:თბილისი, ქაშუეთის ეკლესიის ეზო
კატეგორია:მეცნიერი, მეწარმე, ქიმიკოსი

ბიოგრაფია

   დავით ზაქარიას ძე სარაჯიშვილი  დაიბადა 1848 წლის 28 ოქტომბერს (ძვ. სტ.) თბილისში.

   დავით სარაჯიშვილი იყო  ქართული კონიაკის წარმოების ფუძემდებელი, საზოგადო მოღვაწე, ქიმიისა და ფილოსოფიის მეცნიერებათა დოქტორი. სახელი გაითქვა, როგორც მრეწველმა და ქველმოქმედმა.

   1866 წელს დაამთავრა თბილისის გიმნაზია და  სწავლა გააგრძელა პეტერბურგის უნივერსიტეტის საბუნისმეტყველო ფაკულტეტზე. ერთი წელი სწავლობდა მიუნხენის  უნივერსიტეტში, შემდეგ კი - ჰაილდერბერგის უნივერსიტეტში, რომელიც 1871 დაამთავრა და მიიღო ქიმიისა და ფილოსოფიის დოქტორის ხარისხი. ამის შემდეგ სწავლა გააგრძელა ჰოენჰაიმისა და ჰალეს უნივერსიტეტებში სასოფლო-სამეურნეო მეცნიერების განხრით.

   1878 წელს გაემგზავრა საფრანგეთში მევენახეობისა და მეღვინეობის თეორიული და პრაქტიკული საფუძვლების შესასწავლად.

   საფრანგეთში ყოფნისას სარაჯიშვილი დაინტერესდა კონიაკის  წარმოებით. აქ შეძენილმა ცოდნამ და პრაქტიკულმა გამოცდილებამ იგი იმ დასკვნამდე მიიყვანა, რომ საქართველოს  ნიადაგურ-კლიმატური გარემო და ვაზის მრავალი ჯიში კარგ პირობებს ქმნის კონიაკის წარმოებისათვის.

   1888 წელს თბილისში შეიქმნა სარაჯიშვილის კონიაკის ქარხანა, რომელიც მუშაობდა სამამულო ნედლეულის ბაზაზე. იმავე წელს მისივე ინიციატივით მწყობრში ჩადგა ლიქიორის ქარხანა. 1889-1913 წლებში  სარაჯიშვილის ფირმის კონიაკმა (განსაკუთრებით "ძველისძველმა") და ლიქიორმა რუსეთსა და საერთაშორისო დეგუსტაციებსა და გამოფენებზე მიიღო უამრავი ოქროს, ვერცხლისა და ბრინჯაოს მედლები. სარაჯიშვილის სახელი დაკავშირებულია "ქართველი გლეხობის აღმდგენელი კომიტეტის", სამუსიკო სასწავლებლის, „ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების“ და სხვა ეროვნული წამოწყებების ჩამოყალიბებასა და შექმნასთან.

   დავით სარაჯიშვილი იყო "ქართველთა შორის წერა–კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების" ერთ–ერთი დამფუძნებელი. მისი სტიპენდიანტები იყვნენ კომპოზიტორები: დ. არაყიშვილი, მ. ბალანჩივაძე, ი. კარგარეთელი, კ. ფოცხვერაშვილი; მხატვრები: მ. თოიძე, გ. გაბაშვილი, გ. მესხი, მოქანდაკე იაკობ ნიკოლაძე; მომღერლები: ვ. სარაჯიშვილი, ვ. ქაშაკაშვილი; პროფესორები: ფ. გოგიჩაიშვილი, ს. ჩოლოყაშვილი, სარგის კაკაბაძე, მ. შალამბერიძე, საქართველოს კათალიკოს–პატრიარქი კალისტრატე ცინცაძე, ყოველწლიურად შემოღებული ჰქონდა "სწავლის ბიუჯეტი" რამდენიმე ათასი მანეთის ოდენობით სტუდენტთა სტიპენდიების სახით გასაცემი და დასახმარებელი.

   კავკავში (ვლადიკავკაზი) თავის ქარხანასთან ქშწკგ საზოგადოების ეგიდით გახსნა საკვირაო სკოლა, საგანგებოდ მიიწვია სახალხო მასწავლებელი ლუარსაბ ბოცვაძე, ამ სკოლის და მასთან არსებული ბიბლიოთეკის შენახვა თვითონ იკისრა.

   დავით სარაჯიშვილი გარდაიცვალა 1911 წლის 20 ივნისს.

   გარდაცვალებამდე ერთი წლით ადრე, 1910 წლის 3 ივნისს, დავით სარაჯიშვილმა მოამზადა ანდერძი, რომლის მიხედვით ქონების ძირითადი ნაწილი (ქარხნები, საწყობები, სახლი, მამული) მეუღლეს, ეკატერინე ფორაქიშვილს (ქშწკგ საზოგადოების კავკავის განყოფილების საპატიო წევრი და შემწე) დაუტოვა. დარჩენილი ქონების ერთი ნაწილის გაყიდვით შემოსული თანხა ქშწკგ საზოგადოებას გადასცა ქართული მუზეუმის მშენებლობისა და რუსეთის იმპერიაში სწავლის მისაღებად გაგზავნილი სტუდენტების სტიპენდიისთვის, ხოლო მისი გარდაცვალებიდან სამი წლის თავზე მეუღლეს უნდა გადაეცა ქშწკგ საზოგადოებისთვის 500 000 მანეთი, ასევე დიდუბის ტაძრისთვის 10 000 მანეთი. ანდერძში აღნიშნული იყო, რომ ეკატერინე ფორაქიშვილის საკუთრებაში გადასული საქარხნო–სავაჭრო დაწესებულებების და სხვა ქონების ლიკვიდაცია უნდა მომხდარიყო ექვსი წლის განმავლობაში და შემოსული თანხა განაწილებულიყო ასევე წერა–კითხვის და საისტორიო–საეთნოგრაფო საზოგადოებებს შორის.

   1914 წელს ქშწკგ საზოგადოებამ დააარსა დავით სარაჯიშვილის სახელობის სტიპენდია. საზოგადოებამ იგი დაკრძალა დიდუბის პანთეონში. 1939 წელს კი მთავრობის დადგენილებით გადასვენებული იქნა ვაკის სასაფლაოზე. 1997 წელს დავით სარაჯიშვილი ქაშუეთის ეკლესიის ეზოში გადაასვენეს.

ორგანიზაციის, ასოციაციის ან ჯგუფის წევრი

  • ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოება, საზოგადოების კავკავის განყოფილების საპატიო წევრი (1909-)
  • ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოება, საზოგადოების დამფუძნებელი წევრი (1879-)

საკონტაქტო ინფორმაცია

  • სახლი
    მისამართი:თბილისი, სერგის ქუჩა

გააზიარე: