The National Library of Georgia მთავარი - ბიბლიოთეკის შესახებ - ელ.რესურსები 
  შესვლა
ქ.შ.წ.კ.გ საზოგადოების წევრები
დასაწყისიკატეგორიები  
ძიება
პიროვნების სახელი:

საძიებელი ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი (ქშწკგ) საზოგადოების ყველა წევრს აერთიანებს, რომლებიც გაწევრიანდნენ ამ საზოგადოებაში მისი დაარსებიდან ლიკვიდაციამდე (1879–1927).

ეროვნული ბიბლიოთეკა მოგმართავთ თხოვნით, თქვენი წინაპრების ან ნათესავების ამ ბაზაში აღმოჩენის შემთხვევაში გამოგვიგზავნოთ მათი მონაცემები ბაზაში განსათავსებლად. საკონტაქტო ტელეფონი: 599548291.



ეკატერინე ივანეს ასული სარაჯიშვილი

ეკატერინე ივანეს ასული სარაჯიშვილი
ოფიციალური სახელი:ეკატერინე ივანეს ასული ფორაქიშვილი
დაბადების თარიღი:27 იანვარი, 1862
გარდაცვ. თარიღი:5 აგვისტო, 1916  (54 წლის ასაკში)
დაკრძალვის ადგილი:თბილისი, მწერალთა და საზოგადო მოღვაწეთა დიდუბის პანთეონი
კატეგორია:საზოგადო მოღვაწე, ქველმოქმედი

ბიოგრაფია

   ეკატერინე ფორაქიშვილი დაიბადა 1862 წლის 27 იანვარს თბილისში, ივანე ფორაქიშვილის ოჯახში, რომელიც ცნობილი ყოფილა თავისი გონებამახვილობით. დედა ნატალია წილოსანი განათლებული და დარბაისელი ქალბატონი ყოფილა.

   პატარა კატომ განათლება ოჯახში, სპეციალურად დაქირავებული აღმზრდელებისაგან მიიღო. იგი ჯერ ფაბრის პანსიონში სწავლობდა, ხოლო შემდეგ საგანგებოდ მოწვეული მასწავლებლები ამეცადინებდნენ.

   ეკატერინეს აღზრდაში განსაკუთრებული წვლილი მიუძღვის მამიდას, ნატო სულხანიშვილს, რომელიც დიდად განათლებული, ქართული ოჯახის ადათ-წესებისა და ტრადიციების მტკიცე დამცველი ყოფილა.

   ეკატერინე გახლდათ ქართველი მეცენატის, ქართული კონიაკის წარმოების დამფუძნებლისა და საზოგადო მოღვაწის დავით სარაჯიშვილის მეუღლე. იგი ქართული მწიგნობრობის მოყვარულ, განათლებულ ქალბატონად ითვლებოდა, რომელმაც ადრეულ ასაკშივე შეისწავლა უცხო ენები - რუსული, ინგლისური, ფრანგული და გერმანული, რაც მას საქართველოში ჩამოსულ ევროპელებთან საქმიან ურთიერთობებში ეხმარებოდა.

   ეკატერინე, მეუღლესთან ერთად, ქართული კულტურის პოპულარიზაციასა და საგანმანათლებლო მოძრაობაში აქტიურად იყო ჩართული, ხოლო მეუღლის გარდაცვალების შემდეგ თავად განაგრძობდა საქველმოქმედო საქმიანობას.

   1899 წლიდან ეკატერინე გახლდათ „ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების“ კავკავის განყოფილების წევრი და აქტიურად იყო ჩაბმული საზოგადოების საქმიანობაში. გარდა წერა-კითხვის საზოგადოებისა, მან დრამატული, ეთნოგრაფიული და სხვა  სასწავლო თუ კულტურული დაწესებულებებისთვის ანდერძის სახით სოლიდური თანხები გაიღო.

   რუსეთის იმპერიისა და პირველი რესპუბლიკის წლებშიც მათი ოჯახი ნაციონალური იდეის განვითარების, საგანმანათლებლო მოძრაობისა და ქართული კულტურის პოპულარიზაციის ასპარეზი იყო. 

   ეკატერინე ფორაქიშვილი-სარაჯიშვილისა გარდაიცვალა 1916 წლის 5 აგვისტოს და დაკრძალულია თბილისში, მწერალთა და საზოგადო მოღვაწეთა დიდუბის პანთეონში მეუღლის გვერდით.

ორგანიზაციის, ასოციაციის ან ჯგუფის წევრი

  • ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოება, საზოგადოების კავკავის განყოფილების წევრი (1899-)

გააზიარე: