The National Library of Georgia მთავარი - ბიბლიოთეკის შესახებ - ელ.რესურსები 
  შესვლა
ქ.შ.წ.კ.გ საზოგადოების წევრები
დასაწყისიკატეგორიები  
ძიება
პიროვნების სახელი:

საძიებელი ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი (ქშწკგ) საზოგადოების ყველა წევრს აერთიანებს, რომლებიც გაწევრიანდნენ ამ საზოგადოებაში მისი დაარსებიდან ლიკვიდაციამდე (1879–1927).

ეროვნული ბიბლიოთეკა მოგმართავთ თხოვნით, თქვენი წინაპრების ან ნათესავების ამ ბაზაში აღმოჩენის შემთხვევაში გამოგვიგზავნოთ მათი მონაცემები ბაზაში განსათავსებლად. საკონტაქტო ტელეფონი: 599548291.



ალექსანდრე სოლომონის ძე როინიშვილი

ალექსანდრე სოლომონის ძე როინიშვილი
ოფიციალური სახელი:ალექსანდრე სოლომონის ძე როინაშვილი
დაბადების თარიღი:1846
გარდაცვ. თარიღი:11 მაისი, 1898  (52 წლის ასაკში)
დაკრძალვის ადგილი:თბილისი, მწერალთა და საზოგადო მოღვაწეთა დიდუბის პანთეონი
კატეგორია:ფოტოგრაფი, ქველმოქმედი

ბიოგრაფია

      ალექსანდრე როინაშვილი დაიბადა 1846 წელს ქალაქ დუშეთში ღარიბი გლეხის, მეუნაგირის ოჯახში. მამა ადრე გარდაეცვალა და მისი აღზრდა მთლიანად დედას დააწვა. იმ რთულ პერიოდში როინაშვილების ოჯახს გვერდში დაუდგა დუშეთის გლეხობა, რომელთაც ითავეს როინაშვილზე მიწერილი ყოველგვარი სახაზინო გადასახადის გადახდა. საარქივო მასალებში შემონახულია საბუთი, რომელსაც 32 პირი აწერს ხელს.

     პირველდაწყებითი განათლება ჯერ დუშეთის სასწავლებელში, ხოლო შემდეგ სამხედრო აღსაზრდელთა სკოლაში ანანურში, რომელსაც მეტსახელად კაზარმების სკოლას ეძახდნენ. სკოლაში შექმნილი აუტანელი პირობების გამო როინაშვილმა სასწავლებელს თავი დაანება და  სახლში დაბრუნდა. დედამ ქალაქ კავკავში წაიყვანა და მეწვრილმანე ვაჭარს შეგირდად მიაბარა, მაგრამ მან მალევე მიანება თავი ვაჭრობას და თბილისში დაბრუნდა, სადაც ცნობილ ფოტოგრაფ ხლამოვს შეგირდად მიებარა. რაიმე ხელობის შესწავლა იმ დროს არ იყო ადვილი საქმე, მით უმეტეს ფოტოგრაფიისა. ყოველი ფოტოგრაფი ცდილობდა სხვისთვის არ გადაეცა თავისი ხელობის საიდუმლო. ნიჭიერი ალექსანდრე მალევე ხლამოვის მარჯვენა ხელი გახდა.

     1860-1865 წლებში როინაშვილმა ხლამოვის დახმარებით თბილისში სასახლის ქუჩაზე თავისი პირველი ფოტო-სახელოსნო გახდა. თბილისში მრავალი არაქართველი ფოტოგრაფი ყოფილა მეცხრამეტე საუკუნის მეორე ნახევარში, ხოლო პირველი ქართველი ფოტოგრაფი, რომელმაც საკუთარი ფოტო-ატელიე დააარსა,  იყო ალექსანდრე როინაშვილი. მან მალევე მოიხვეჭა სახელი და ქართველ მწერალთა და მოღვაწეთა გადიდებული სურათები გამოუშვა, რომელიც ხალხში სწრაფად ვრცელდებოდა.

     ქართული ისტორიული ძეგლების განადგურებამ, სამუზეუმო ნივთების აღვირახსნილმა მიტაცებამ, რის მოწმეც თავად როინაშვილი იყო, ის იმ დასკვნამდე მიიყვანა რომ მხოლოდ ფოტოგრაფიით შეიძლებოდა უტყუარი დოკუმენტური მასალის შემონახვა და დაცვა, უცხოეთში გატანა და ჩვენება იმისა, რისი პატრონი და შემქმნელი იყო ქართველი ერი თავისი მრავალსაუკუნოვანი არსებობის მანძილზე. „ისტორიულ ნივთებს გვპარავენ, ძეგლები ინგრევა, ცხოვრება წინ მიდის, ადამიანის ყოფა-ცხოვრება იცვლება, ფოტოსურათები მაინც დარჩეს წარსულის საბუთადო“ — ამბობდა ხოლმე როინაშვილი.

     1180 წლიდან როინაშვილი იწყებს მოგზაურობას. დაახლოებით ერთი წელი კახეთში მუშაობდა და ისტორიულ და ეთნოგრაფიულ ძეგლებს ფირზე აღბეჭდავდა. 1881 წლიდან დაღესტანში გადავიდა, სადაც რვა წელი იმუშავა. ალექსანდრემ ფეხით მოიარა ყველა ისტორიული ძეგლი, შეაგროვა ეთნოგრაფიული და ნუმიზმატიკური მასალა და აღწერა ადგილობრივთა ყოფა. ფოტოების გადაღებასთან ერთად, როინაშვილი ყიდულობდა ნივთებს და გადაწყვეტილი ჰქონდა შეექმნა მოძრავი მუზეუმი, რომელსაც შემდგომში „ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელ საზოგადოებას“ დაუტოვებდა და რომელსაც ამ მუზეუმისგან მუდმივი შემოსავალი ექნებოდა.

     ალექსანდრე როინაშვილი 1887 წლიდან შეუდგა მოძრავი მუზეუმის გამართვას. „კავკასიური მუზეუმის“ გამოფენები, რომელიც შედგებოდა არქეოლოგიური, ეთნოგრაფიული და ნუმიზმატიკური განყოფილებებისგან, მოეწყო თემურხანშურაში, ასტრახანში, მოსკოვსა და პეტროგრადში. გარდა ნივთებისა, წარმოდგენილი იყო, ათასზე მეტი ფოტოსურათი. 1887 წელს გაზეთი „ივერია“ ქალაქ  ასტრახანში როინაშვილის მუზეუმის გამოფენის გამო წერდა:  „როინაშვილს მოუვლია კავკასია, თითქმის ოცი წლის განმავლობაში უმხნევია და დიდის მეცადინეობით შეუკრებია ძვირფასი საისტორიო და საარქეოლოგიო კოლექცია.“

     1889 წელს როინაშვილი თბილისში ბრუნდება, სადაც მან ქართულ კულტურაზე ზრუნვა და პოპულარიზაცია გააგრძელა. მან თბილისში გადმოიტანა მთელი თავისი  მოძრავი ქონება. ამ ფაქტთან დაკავშირებით იმდროინდელი ჟურნალი „თეატრი“  წერდა: „ამ მოკლე ხანში თემირხანშურიდან ჩამოვიდა ქართველი მოგზაური და ფოტოგრაფი ა. როინაშვილი და დიდძალი საარქეოლოგიო ძველი ნივთები და სურათები ჩამოიტანა“.

    თბილისში ალექსანდრე როინაშვილს სამი ფოტო-ატელიე ეკუთვნოდა. იგი იყო ერთ-ერთი პირველთაგანი, რომელიც იღწვოდა თბილისში ეროვნული მუზეუმის გახსნისთვის, სადაც თავს მოიყრიდა კავკასიის ეთნოგრაფიული მასალა და მათ შორის, მისი ოცი წლის მანძილზე ნაგროვები უნიკალური ნივთები.

     1886 წლის 22 მაისს თავისი ნაღვაწი ალექსანდრე როინაშვილმა სანოტარო წერილით უანდერძა „ქშწკგ“ საზოგადოებას და მთელი მისი ქონება: ფოტო-სახელოსნოები, ნეგატივები, აპარატები, ფოტო-სურათები, არქეოლოგიური და ანტიკვარული ნივთები, აგრეთვე კაპიტალი და მოძრავი ქონება მისი სიკვდილის შემდეგ საზოგადოების საკუთრებაში გადადიოდა. გამომდინარე იქიდან, რომ საზოგადოებას საკუთარი შენობა არ გააჩნდა, როინაშვილმა თხოვნით მიმართა ზუბალაშვილებს, რათა მათთვის მიწა შეეძინა და არქიტექტორ შტერნს შენობის პროექტიც შეუკვეთა.

    1898 წლის 11 მაისს ალექსანდრე როინაშვილი მოულოდნელად გარდაიცვალა და იგი დიდუბის მწერალთა და საზოგადო მოღვაწეთა დიდუბის პანთეონში დაკრძალეს.

    1905 წელს ფოტო-სახელოსნო მის მიერ გადაღებულ ნეგატივებთან ერთად, ცნობილი თბილისელი ფოტოგრაფის დიმიტრი ერმაკოვის საკუთრებაში გადავიდა. 11 წლის შემდეგ, როცა ერმაკოვი გარდაიცვალა, ექვთიმე თაყაიშვილი სპეციალურად გაემგზავრა ბაქოში, რათა ქართველი მრეწველებისგან ფინანსური დახმარება ეთხოვა და ერმაკოვის ფოტოგრაფიული მემკვიდრეობა, როინაშვილის ნეგატივების ჩათვლით, შეეძინა. მართლაც, ეს არქივი, ისტორიულ-ეთნოგრაფიულმა საზოგადოებამ თბილისის უნივერსიტეტთან ერთად შეიძინა.

     პირველი პროფესიონალი ქართველი ფოტოგრაფის და საზოგადო მოღვაწის ალექსანდრე  როინაშვილის საფლავის ქვაზე დიდუბის პანთეონში ამოკვეთილია: „სამაგალითო ქველმოქმედს და თავის ქვეყნისათვის სიყვარულით სავსეს ალექსანდრე როინაშვილს (1846-1898) ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოებისგან“.

     მისმა თანამედროვეებმა კარგად იცოდნენ თუ ვინ გამოაკლდა საზოგადოებას. ილია ჭავჭავაძე “ივერია”-ში ასე გამოეხმაურა მის გარდაცვალებას: “ის მოუკვდა თავის ერს, მოუკვდა ქართველობას, რომლის ბედი და უბედურებაც, თავის ბედად და უბედობად გაიხადა. მან არარასგან შექმნა საქმე. არარასგან შეიძინა ქონება. ჩვენ ქართველებს გვიჩვენა მაგალითი იმისა, თუ რის შემძლებელია ცალკე კაცი, თუ იმხნევებს და გაირჯება და არ შეუშინდება გარემოებას. მის მიერ განვლილი, ღვაწლით დაქნილი გზა, მთელი სკოლაა და მწვრთნელია ყველასი, ვისაც კი კაცობისთვის გული ერჩის… ალექსანდრე როინაშვილმა, თავისი უჩინარი სახელი და გვარი, ღირსსახსენებლი გახადა თავის ქვეყანაში.”

    ალექსანდრე როინაშვილის გარდაცვალების შემდეგ, მისი ქონება თავისივე ანდერძის მიხედვით, "წერა-კითხვის გამავრცელებელ საზოგადოებას" გადაეცა. მალევე, მისი ფოტოსალონიც დაიხურა და ფოტოებისა და ნეგატივების უმეტესობა გაიყიდა, სამუზეუმო ექსპონატები კი სხვადასხვა მუზეუმებს გადაეცა.

ორგანიზაციის, ასოციაციის ან ჯგუფის წევრი

  • ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოება, საზოგადოების ნამდვილი წევრი (1879-)

გააზიარე: