The National Library of Georgia Home - About Library - E-Resources 
  Login
Georgian -
HomeCategories  
Search
Person Name:



ვარლამ ალექსის ძე რუხაძე

ვარლამ ალექსის ძე რუხაძე
Legal name:ვარლამ ალექსანდრეს ძე რუხაძე
Other name:რ. ჩახრუხაძე  (Pseudonym)
ხუმარა  (Pseudonym)
Date of birth:15 April, 1874
Date of death:23 October, 1935  (at 61 years)
Burial location:თბილისი, ვერის სასაფლაო
Category:Interpreter, Writer, Poet, Public Figure

Biography

   ვარლამ რუხაძე დაიბადა 1874 წლის 15 აპრილს ქუთაისის მაზრის სოფელ ქვიტირში გლეხის ოჯახში. ანბანი შინ დედამ დააწყებინა, ხოლო კითხვა სემინარიელმა ბიძამ, ბართლომე მოსეშვილმა შეასწავლა, რომელსაც მასზე დიდი აღმზრდელობით გავლენა ჰქონდა. ათი წლისა მამამ ქუთაისში წაიყვანა და სამიკიტნოში ჩააყენა. ურჩიეს სკოლაში მიიყვანეო, მაგრამ „მეც არ მისწავლია, მაგრამ პურს კი ვჭამთ“-ო.

   ვარლამ რუხაძეს სკოლის კარი არ ეღირსა და თვითგანვითარებას დაეწაფა. სიღარიბის გამო, ძლივს შოულობდა საკითხავ წიგნებს და ღამღამობით კითხულობდა. მალე სოფელში დაბრუნდა. მამის გარდაცვალების შემდეგ, ლუკმაპურის საშოვნელად და ოჯახის სარჩენად ისევ სამიკიტნოებში დაიწყო სამსახური. ხან ქუთაისში იყო, ხან ბათუმში და ხანაც  ფოთში. ამავე პერიოდში ვარლამმა ლექსების წერა დაიწყო და 1899 წელს ჟურნალ „მოამბეში“ პირველი ლექსები გამოაქვეყნა. ასევე თანამშრომლობდა „ივერიაში“, „კვალში“ და იუმორისტულ ჟურნალ „ეშმაკის მათრახში“.

   1902 წელს პირველი წიგნი - „ლექსები და მოთხრობები“ გამოსცა, რომელიც მთავრობამ აკრძალა, მაგრამ ამ ფაქტმა ვარლამ რუხაძეს სახელი გაუთქვა, როგორც რევოლუციურ პოეტს. ამ პერიოდიდან „მესამე დასელებს“ მიემხრო და პოლიტიკურ მოძრაობაშიც აქტიურად ჩაერთო. ბეჭდავდა არალეგალურ ლიტერატურას, რისთვისაც მეფის ხელისუფლება სდევნიდა.

   ვარლამ რუხაძე სამწერლო ასპარეზზე იმ დროს გამოვიდა, როცა  ჩვენში ორი მიმართულება - ილიასა და ნოე ჟორდანიასი, ერთმანეთს  სამკვდრო-საციცოცხლოდ ებრძოდა.

   ვარლამ რუხაძე უმთავრესად ჩაგრულთა მოსარჩლე და იმედის მომღერალი პოეტი გახლდათ. სამწერლო-საზოგადოებრივ სარბიელზე იგი საკუთარი მცნებით ხელმძღვანელობდა: „ოთხი რამე მწამს, ოთხ რამეს თაყვანს ვცემ სიხარულითა: ოთხში ერთს ჰქვიან სიმართლე, მეორეს - თანასწორობა, მესამეს - თავისუფლება და მეოთხესა - ერთობა“-ო. ის კი ცხოვრებაში სოციალურ უსამართლობას ხედავდა: „ხან სისხლის ზღვას, ხან ცრემლების ჩხრიალს“ და მოსთქვამდა: „ახ, სად არის ნეტა ღმერთი სიყვარულის - წყარო ნეტარების, წყარო სიხარულისა?“.

   1917 წლის რევოლუციამ მშრომელთა იმედები ვერ გაამართლა და რუხაძემ: „თვითმპყრობელობა სულ სხვა სახით კვლავ დაგვიბრუნდა, ობოლ საფლავს ვინ დაიტირებს“-ო.

   ვარლამ რუხაძე, გარდა ლირიკული ლექსებისა, წერდა მოთხრობებს და დაწერილი აქვს პოემა „პირველი მსხვერპლი“. თარგნილი აქვს პუშკინის პოემები: „ბოშები“,  „კავკასიის ტყვე“ და „ავაზაკი ძმები“.

   ივანე გომართელი: „რუხაძე უმთავრესად ლირიკოსია... ის გამოხატავს იმ გრძნობებს, იმ ფიქრებს, რომლებსაც მასში იწვევს ცხოვრება“.

   შალვა ბუაჩიძის აზრით: „რუხაძის თარგმანები შესრულებულია კარგად. მთარგმნელი ყველგან დიდის სიფრთხილით და სიყვარულით უდგება პუშკინის ტექსტს. ცდილობს არ დაშორდეს მის აზრს. ამავე დროს ქართული ენის თავისებურებაც დაიცვას. პოემები თარგმნილია გამართული ქართული ენით“.

   ვარლამ რუხაძე გარდაიცვალა 1935 წლის 23 ოქტომბერს და დაკრძალულია თბილისში, ვერის ახალ სასაფლაოზე.

Member of Organizations

  • ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოება, საზოგადოების თბილისის განყოფილების მუდმივი წევრი (1917-1922)
  • ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოება, საზოგადოების ბათუმის განყოფილების წევრი (1910-)
  • ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოება, საზოგადოების ნამდვილი წევრი (1906-)

Share: