The National Library of Georgia მთავარი - ბიბლიოთეკის შესახებ - ელ.რესურსები 
  შესვლა
ქ.შ.წ.კ.გ საზოგადოების წევრები
დასაწყისიკატეგორიები  
ძიება
პიროვნების სახელი:

საძიებელი ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი (ქშწკგ) საზოგადოების ყველა წევრს აერთიანებს, რომლებიც გაწევრიანდნენ ამ საზოგადოებაში მისი დაარსებიდან ლიკვიდაციამდე (1879–1927).

ეროვნული ბიბლიოთეკა მოგმართავთ თხოვნით, თქვენი წინაპრების ან ნათესავების ამ ბაზაში აღმოჩენის შემთხვევაში გამოგვიგზავნოთ მათი მონაცემები ბაზაში განსათავსებლად. საკონტაქტო ტელეფონი: 599548291.



ვასილ ილიას ძე რცხილაძე

ვასილ ილიას ძე რცხილაძე
დაბადების თარიღი:1861
გარდაცვ. თარიღი:1920  (59 წლის ასაკში)
დაკრძალვის ადგილი:დიდუბის მწერალთა და საზოგადო მოღვაწეთა პანთეონი
კატეგორია:აგრონომი

ბიოგრაფია

   ვასილ რცხილაძე დაიბადა 1861 წელს თელავის მაზრის სოფელ შაშიანში გლეხის ოჯახში. დედის სურვილით 11 წლის ვასილი სასწავლებლად თუქურმიშის (საცხენისი) სამხედრო სკოლაში მიაბარეს, სადაც ქართულ ენას არ ასწავლიდნენ და ქართველი ბავშვები აუტანელ მდგომარეობაში იმყოფებოდნენ. ამიტომ ვასილ რცხილაძე ორი წლის შემდეგ სასწავლებლად თბილისის სამასწავლებლო ინსტიტუტში გადავიდა. ინსტიტუტის კურსი 19 წლისამ დაამთავრა და აქტიურად ჩაება ხალხოსნურ მოძრაობაში. 80-იან წლებში ვასილი დაუახლოვდა „ქარგალთა კავშირს“, მოიწვიეს ქართველი მუშების გაერთიანებული კრება, სადაც მუშებს ესაუბრებოდა საქართველოს წარსულზე, ეროვნულ ჩაგვრასა და სხვა საჭირბოროტო საკითხებზე. ასეთ კრებებს ვასილი ხშირად მართავდა, რაც არ გამოპარვია მეფის მოხელეებს და დაუწყეს დევნა. რცხილაძე მეგობრების დახმარებით ახერხებს შვეიცარიაში წასვლას.

   1880 წელს ვასილ რცხილაძემ ჩააბარა ჟენევის უნივერსიტეტში, სადაც ორი წელი დაჰყო და მიუხედავად მეფის მთავრობის დევნისა თბილისში დაბრუნდა.  თბილისში 1883-1900 წლებში ვასილი მასწავლებლად მუშაობდა, ხოლო შემდეგ სახელოსნი სასწავლებელში ინსპექტორად.

    სახელოსნო სასწავლებელში მოღვაწეობის პერიოდში ვასილმა რუსულიდან თარგმნა და 1897 წელს გამოსცა როსკოს ქიმია, რაც იმ დროისთვის დიდ მოვლენად ითვლებოდა.

   სამწერლო ასპარეზზე ვასილ რცხილაძე გამოდის გასული საუკუნის 80-იანი წლებიდან. ქართულ პერიოდულ პრესაში სისტემატურად ათავსებდა სხვადასხვა შინაარსის, უმეტესად კი სასოფლო-სამეურნეო ხასიათის წერილებს. გამოსცა რამდენიმე წიგნი: „ნიადაგი“, „იონჯა“, „საკვები ბალახები“ და სხვა. თარგმნა და გამოსცა: „ქიმიის სასკოლო სახელმძღვანელო“, „კრებული არითმეტიკული ამოცანებისა“, „ შვეიცარიის ძირითადი კანონები“, „ბუნების მოვლენათა აღწერა“ და „მცენარენი და ცხოველნი“. ამ გამოცემათა შემოსავალი თბილისის სახალხო უნივერსიტეტის სასარგებლოდ იყო განკუთვნილი.

    ვასილ რცხილაძე იყო ქართული დრამატული და წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების წევრი. 1905 წელს მისი აქტიური მონაწილეობით დაარსდა სახალხო უნივერსიტეტი, რომლის თავმჯდომარეც თავად გახლდათ დაარსებიდან 1917 წლამდე. რამდენიმე ხნის შემდეგ მთავრობამ უნივერსიტეტში აკრძალა ქართულ და სომხურ ენებზე ლექციების კითხვა, ხოლო თავად ვასილი დააპატიმრეს. განთავისუფლების შემდეგ იგი კვლავ აქტიურად ჩაება საზოგადოებრივ საქმიანობაში.

   1909 წელს ვასილ რცხილაძემ საკუთარი სახსრებით დააარსა სამეურნეო ჟურნალი „მოსავალი“. პირველი ნომერი, რომელიც  გამოვიდა 14 მაისს ასე იწყებოდა: „ჩვენი პატარა და მრავალფერ ბუნებოვანი საქართველო უხსოვარი დროიდან ცნობილია როგორც მეურნეობის ქვეყანა. ეს მეურნეობა მთავარი ძარღვია ჩვენი ხალხის ცხოვრებისა დღესაც...“.

   ჟურნალში ვასილ რცხილაძე ათავსებდა წერილებს მევენახეობაზე, მეღვინეობაზე, ნიადაგსა და მის შემადგენლობაზე, მესაქონლეობის მნიშვნელობაზე და განვითარების საშუალებებზე. ქართველი მეურნეები საკმაოდ სერიოზულად უცქეროდნენ ამ გამოცემას. 1910 წლის 22 დეკემბერს თბილისში დაარსდა „ქართული სამეურნეო საზოგადოება“. 1914 წლიდან ამ საზოგადოებამ ითავა ჟურნალის თავისი სახსრებით გამოშვება, მის ორგანოდ ითვლებოდა და ამ საზოგადოების საქმიანობასაც აშუქებდა. ვასილ რცხილაძე დღიდან დაარსებისა ამ საზოგადოების მდივნად მუშაობდა.

   ვასილ რცხილაძე რამდენიმე წლის განმავლობაში სათავადაზნაურო სკოლის საბჭოს წევრად მუშაობდა, ამავე დროს ვაჟთა პირველ გიმნაზიაში ქართულ ენაზე ასწავლიდა ფიზიკას.

   1914 წელს რცხილაძე არჩეული იქნა მევენახეთა და მეღვინეობის კომიტეტის წევრად, 1918 წელს კი შინა მრეწველობის საზოგადოების თავმჯდომარედ. მისი ინიციატივითა და უშუალო მონაწილეობით კახეთში, რამდენიმე ადგილას დაარსდა აგრონომიული პუნქტი, რომელთაც თვალსაჩინო წვლილი შეიტანეს კახეთის სოფლის მეურნეობის განვითარებაში. საგარეჯოში დაარსდა სკოლა-ქარხანა, რომელმაც ხელი შეუწყო საფეიქრო ცოდნის გავრცელებას გარე კახეთსა და ქიზიყში.

   1917 წელს ვასილ რცხილაძემ დააარსა სავაჭრო ამხანაგობა „ქართლი“, ამავე წელს მისი ინიციატივით შედგა ამიერკავკასიის მეღვინეთა და მევენახეთა ყრილობა. იგი არჩეული იქნა ამ ყრილობის თავმჯდომარედ და ახლად დაარსებულ მეღვინეთა და მევენახეთა ბიუროს თავმჯდომარედ.

   ვასილ რცხილაძეს სურდა უფრო მეტად დაახლოებოდა და დახმარებოდა ხალხს, ხელი შეეწყო მისი გონებრივი და მატერიალური განვითარებისათვის. მისი მიზანი იყო კახეთში დაეარსებინა სასოფლო-სამეურნეო სკოლები. მას ღრმად სწამდა, რომ ქართველი  გლეხი ცოდნით აღიჭურვებოდა და პროფესიულად მიუდგებოდა სოფლის მეურნეობის განვითარებასა და აღორძინებას საქართველოში.

   ვასილ რცხილაძის არქივში, რომელიც საქართველოს სახელმწიფო მუზეუმს გადასცა მისმა ოჯახმა, დაცულია ბევრი საყურადღებო წერილი და დოკუმენტი.

   ვასილ რცხილაძე გარდაიცვალა 1920 წელს და დაკრძალულია დიდუბის საზოგადო მოღვაწეთა პანთეონში.

ორგანიზაციის, ასოციაციის ან ჯგუფის წევრი

  • მევენახეთა და მეღვინეობის კომიტეტი, კომიტეტის წევრი (1914-)
  • ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოება, საზოგადოების ნამდვილი წევრი (1907-)
  • ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოება, საზოგადოების თბილისის განყოფილების მუდმივი წევრი (1918-)
  • ქართული დრამატული საზოგადოება, საზოგადოების წევრი
  • ქართული სამეურნეო საზოგადოება, საზოგადოების მდივანი (1910-)

ბიბლიოგრაფია

  • ქართველი აგრონომები : თენგიზ ჩხეიძე. - თბილისი, საქართველოს სსრ მეცნიერებათა აკადემიის გამომცემლობა, 1962

გააზიარე: