The National Library of Georgia მთავარი - ბიბლიოთეკის შესახებ - ელ.რესურსები 
  შესვლა
ქ.შ.წ.კ.გ საზოგადოების წევრები
დასაწყისიკატეგორიები  
ძიება
პიროვნების სახელი:

საძიებელი ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი (ქშწკგ) საზოგადოების ყველა წევრს აერთიანებს, რომლებიც გაწევრიანდნენ ამ საზოგადოებაში მისი დაარსებიდან ლიკვიდაციამდე (1879–1927).

ეროვნული ბიბლიოთეკა მოგმართავთ თხოვნით, თქვენი წინაპრების ან ნათესავების ამ ბაზაში აღმოჩენის შემთხვევაში გამოგვიგზავნოთ მათი მონაცემები ბაზაში განსათავსებლად. საკონტაქტო ტელეფონი: 599548291.



დავით იოსების ძე სართანიძე

დავით იოსების ძე სართანიძე
დაბადების თარიღი:1838  (186 წლის)
გარდაცვ. თარიღი:192?
კატეგორია:სასულიერო პირი

ბიოგრაფია

    დავით სართანიძე დაიბადა 1838 წელს სიღნაღის მაზრის სოფელ ჯიმითში გლეხის ოჯახში. პირველდაწყებითი განათლება ოჯახში ჰქონდა მიღებული.

   1862 წელს ქვემო ქართლის სოფელ თაზაქენდის ეკლესიის მედავითნედ დაინიშნა.

   1869 წელს ვართაშენის ეკლესიაში გადაიყვანეს და 1870 წელს კახის წმინდა გიორგის სახელობის ეკლესიაში განამწესეს.

   1872 წელს დიაკვნად აკურთხეს.

   1878 წელს ეგზარქოსმა იოანიკემ (რუდნევი) მღვდლად დაასხა ხელი და კარდენახის წმინდა საბა განმწედელის სახელობის ეკლესიაში განამწესა, ხოლო ერთი წლის შემდეგ, 1879 წელს მაღაროს წმინდა გიორგის სახელობის ეკლესიაში გადაიყვანეს.

   1884 წელს ჯიმითის წმინდა თომა მოციქულის სახელობის ეკლესიის წინამძღვარია.

   1887 წელს საგვერდულით დაჯილდოვდა.

   1893 წელს ჯიმითის ღვთისმშობლის მიძინების სახელობის ტაძარში გადაიყვანეს.

   1901 წელს სიღნაღის მაზრის მე-4 ოლქის სამღვდელოების სულიერ მოძღვრად აირჩიეს.

    1904 წელს სკუფია უბოძეს.

   1907 წლიდან ისევ ჯიმითის წმინდა თომა მოციქულის სახელობის ეკლესიაში იხსენიება.

   1910 წელს კამილავკა ეწყალობა.

   1914 წლიდან იგი გახლდათ "ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების" ნამდვილი წევრი.

   1917 წელს მღვდელი დავითი საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის მოსაყდრე, გურია-სამეგრელოს ეპისკოპოს ლეონიდეს წერდა: "წელს შემისრულდა სრული ორმოცდათხუთმეტი წელიწადი რაც ვემსახურები წმინდა ეკლესიას და ხალხს. მედავითნედ ვარ გამწესებული 1862წ. 1872 წ. მაკურთხეს მთავარ-დიაკვნად. ექვსი წლის შემდეგ _ მღვდლად. ოცდაცხრამეტი წელი ვმსახურობ მღვდლად. 1901 წლიდგან ვასრულებ სიღნაღის მაზრის მეოთხე საბლაღოჩინო სამღვდელოების მოძღვრად-მოძღვრის თანამდებობას. მთელი ამ ხნის განმავლობაში ვემსახურებოდი როგორც ღმერთს, ისე ხალხს კეთილსინდისიერად, თვით შეძლებისა და გვარად. ეხლა, როდესაც ფიზიკურად მოვიქანცე და აღარ ძალმიძს განვაგრძო სამსახური, უმორჩილესად ვსთხოვ, თქვენს მეუფებას, გამანთავისუფლოს, როგორც შტატის მღვდლობის სამსახურიდგან, ისე კიდევ მოძღვრად-მოძღვრობისგან. ამასთანავე ვსთხოვ, თქვენს მეუფებას, აღძრას სადაც ჯერ არს შუამდგომლობა დამენიშნოს კანონიერი პენსია". ამავე დღეს მეუფე ლეონიდემ ამ წერილს შემდეგი რეზოლუცია დაადო: "10 ივნისს 1917წ. იქმნეს განთავისუფლებულად სამსახურიდგან და წარედგინოს დამსახურებულ პენსიაზე".

   1920 წლის მარტში მღვდელი დავითი ჯერ კიდევ იხსენიება. მისი შემდგომი ბედი უცნობია.

  

ორგანიზაციის, ასოციაციის ან ჯგუფის წევრი

  • ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოება, საზოგადოების ნამდვილი წევრი (1914-)

ბიბლიოგრაფია


გააზიარე: