The National Library of Georgia მთავარი - ბიბლიოთეკის შესახებ - ელ.რესურსები 
  შესვლა
ქ.შ.წ.კ.გ საზოგადოების წევრები
დასაწყისიკატეგორიები  
ძიება
პიროვნების სახელი:

საძიებელი ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი (ქშწკგ) საზოგადოების ყველა წევრს აერთიანებს, რომლებიც გაწევრიანდნენ ამ საზოგადოებაში მისი დაარსებიდან ლიკვიდაციამდე (1879–1927).

ეროვნული ბიბლიოთეკა მოგმართავთ თხოვნით, თქვენი წინაპრების ან ნათესავების ამ ბაზაში აღმოჩენის შემთხვევაში გამოგვიგზავნოთ მათი მონაცემები ბაზაში განსათავსებლად. საკონტაქტო ტელეფონი: 599548291.



პავლე დავითის ძე საყვარელიძე

პავლე დავითის ძე საყვარელიძე
სხვა სახელი:დიდი პავლე  (ფსევდონიმი)
პ-ნი  (ფსევდონიმი)
პ.ს.ნ-ს  (ფსევდონიმი)
დაბადების თარიღი:1882
გარდაცვ. თარიღი:10 აგვისტო, 1937  (55 წლის ასაკში)
დაკრძალვის ადგილი:თბილისი, ვაკის სასაფლაო
კატეგორია:დამფუძნებელი წევრი, იურისტი, პოლიტიკოსი, პუბლიცისტი

ბიოგრაფია

    პავლე საყვარელიძე დაიბადა 1882 წელს, შორაპნის მაზრის სოფელ საქარაში. დაწყებითი და საშუალო განათლება ქუთაისში მიიღო, ხოლო უმაღლესი რუსეთისა და შვეიცარიის უნივერსიტეტებში. პროფესიით იურისტი გახლდათ.

    პავლე საყვარელიძე იყო რუსეთის სოციალ-დემოკრატიული მუშათა პარტიის „მენშევიკების“ ფრაქციის წევრი, პარტიის იმერეთ-სამეგრელოს კომიტეტის წევრი და ორგანიზატორი. იგი აქტიურად მონაწილეობდა იმერეთში 1905 წლის რევოლუციურ გამოსვლებში.

    პავლე საყვარელიძე 1906 წლიდან ბაქოში მუშაობდა და მეფის რეჟიმის დროს, პოლიტიკური საბაბით, რამდენჯერმე იყო დაპატიმრებული და გადასახლებული. სხვადასხვა ფსევდონიმებით თანამშრომლობდა პრესაში.

    1917 წლის ნოემბერში საქართველოს ეროვნული საბჭოს წევრად აირჩიეს, ხოლო 1918 წლის 26 მაისს ხელი მოაწერა საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკის დამოუკიდებლობის გამოცხადების აქტს. 1918 წლის განმავლობაში იყო საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკის პარლამენტის წევრი.

    პავლე საყვარელიძე 1919 წლამდე გაზეთ „საქართველოს რესპუბლიკას“  რედაქტორობდა.

    1919 წლის 12 მარტიდან არჩეული იყო საქართველოს რესპუბლიკის დამფუძნებელი კრების წევრად საქართველოს სოციალ-დემოკრატიული მუშათა პარტიის სიით და მუშაობდა სარეგლამენტო, სახელოვნებო, ტექნიკურ და საკონსტიტუციო კომისიებში.

    1921 წელს, საბჭოთა რუსეთის მიერ საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკის ოკუპაციის შემდეგ დარჩა საქართველოში და ჩამოშორდა პოლიტიკურ საქმიანობას. მუშაობდა ამიერკავკასიის საბჭოთა სოციალისტური ფედერაციული რესპუბლიკის შინავაჭრობის სახალხო კომისარიატის სტატისტიკურ-ეკონომიკური სამმართველოს უფროსის მოადგილედ.

    პავლე საყვარელიძე გარდაიცვალა 1937 წლის 10 აგვისტოს და დაკრძალულია თბილისში, ვაკის სასაფლაოზე.

წყარო: SOVLAB

ორგანიზაციის, ასოციაციის ან ჯგუფის წევრი

  • საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკის დამფუძნებელი კრება, წევრი (1919-)
  • საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკის პარლამენტი, წევრი (1918-)
  • საქართველოს ეროვნული საბჭო, წევრი (1917-)
  • საქართველოს სოციალ-დემოკრატიული მუშათა პარტია, წევრი
  • ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოება, საზოგადოების ნამდვილი წევრი (1915-)
  • ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოება, საზოგადოების თბილისის განყოფილების მუდმივი წევრი (1917-1921)
  • ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოება, საზოგადოების თბილისის განყოფილების სარევიზიო კომისიის წევრი (1917-)
  • ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოება, საზოგადოების თბილისის განყოფილების დამფუძნებელი წევრი (1916-1918)

გააზიარე: