The National Library of Georgia მთავარი - ბიბლიოთეკის შესახებ - ელ.რესურსები 
  შესვლა
ქ.შ.წ.კ.გ საზოგადოების წევრები
დასაწყისიკატეგორიები  
ძიება
პიროვნების სახელი:

საძიებელი ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი (ქშწკგ) საზოგადოების ყველა წევრს აერთიანებს, რომლებიც გაწევრიანდნენ ამ საზოგადოებაში მისი დაარსებიდან ლიკვიდაციამდე (1879–1927).

ეროვნული ბიბლიოთეკა მოგმართავთ თხოვნით, თქვენი წინაპრების ან ნათესავების ამ ბაზაში აღმოჩენის შემთხვევაში გამოგვიგზავნოთ მათი მონაცემები ბაზაში განსათავსებლად. საკონტაქტო ტელეფონი: 599548291.



ივანე თევდორეს ძე სტურუა

ივანე თევდორეს ძე სტურუა
დაბადების თარიღი:28 დეკემბერი, 1870
გარდაცვ. თარიღი:13 აპრილი, 1931  (60 წლის ასაკში)
დაკრძალვის ადგილი:თბილისი
კატეგორია:პოლიტიკოსი

ბიოგრაფია

      ვანო სტურუა დაიბადა 1870 წლის 28 დეკემბერს ქუთაისის მაზრის სოფელ კულაშში დროებით ვალდებული გლეხის ოჯახში. მამამისი თევდორე გონიერი, ენამახვილი და წარმოსადეგი გარეგნობის გლეხი სოფელში განსაკუთრებული პატივისცემით სარგებლობდა. "მე ხშირად ვუგდებდი ყურს, როცა მამა ბატონყმობაზე ჩამოაგდებდა ლაპარაკს... ბუნებით ნიჭიერი კაცი იყო მამაჩემი და საუკეთესო პროპაგანდისტი" – წერდა ვანო სტურუა თავის მოგონებებში. თერთმეტი წლის ვანოს დედა გარდაეცვალა და მისი აღზრდა დედინაცვალმა, ანასტასია მელქაძემ იკისრა, რომელიც "ღვიძლი შვილივით მივლიდა და მეც მშობელ დედასავით მიყვარდა იგი".

     1882 წელს ადგილობრივი მოწინავე ინტელიგენციისა და "ქართველთა შორის წერა–კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების" დახმარებით კულაშში ორკლასიანი სასწავლებელი გაიხსნა და მიუხედავად ხელმოკლეობისა თევდორე სტურუამ 12 წლის ვანო სკოლაში მიაბარა. საუკეთესო მოსწავლე, მასწავლებელ კონსტანტინე მკურნალის დახმარებით მალე გადასახადისგან გაანთავისუფლეს. სკოლის კურსი ვანომ წარჩინებით დაამთავრა და სკოლის გამგის კოწია მკურნალის რჩევით, ბავშვი სწავლის გარეშე არ დატოვოო, მამამ თბილისში ჩამოიყვანა და ტექნიკურ სასწავლებელში ჩააბარა გამოცდები, მაგრამ მეტრიკის უქონლობის გამო სასწავლებელში არ მიიღეს და რკინიგზის მთავარ სახელოსნოების საზეინკლო საამქროში მოეწყო მოწაფედ. აქ დამთავრდა მისი ყრმობა და დაიწყო ახალი ცხოვრება. ვანო სტურუა თავისი ამხანაგების წრეში მალევე გახდა თვალსაჩინო ფიგურა და ჩაება რევოლუციურ მოძრაობაში. მისი შეგნებული ცხოვრება, როგორც რევოლუციონერისა იწყება 1898 წლიდან, როცა იგი გახდა "მესამე დასის" წევრი და სიახლე შეიტანა ამ დასის ცხოვრებაში. ჩამოაყალიბეს სოციალ–დემოკრატიული წრეები, რომელსაც წარმატებით ხელმძღვანელობდა ვანო სტურუა. 1898–1900 წლების პერიოდში შეიქმნა თბილისის რევოლუციური სოციალ–დემოკრატიული ცენტრალური ჯგუფი, რომელიც კომიტეტის როლს ასრულებდა და ფაქტიურად სათავეში ედგა ამიერკავკასიის მუშათა მოძრაობას. დაიწყო მასიური გაფიცვები, რომელმაც კიდევ უფრო გაზარდა სოციალ–დემოკრატიული ორგანიზაციის ავტორიტეტი.

   1899 თბილისში აზვირთდა საგაფიცვო მოძრაობა. ლადო კეცხოველმა ხელაძის მუშათა სტამბის გაფიცვა მოაწყო, რომელიც მუშათა გამარჯვებით დამთავრდა. აღსანიშნავია 1899 წელს კონკის მუშების გაფიცვაც, რომელშიც ვანო სტურუა, როგორც თბილისის სოციალ–დემოკრატიული ორგანიზაციის ხელმძღვანელი ჯგუფის წევრი, აქტიურ მონაწილეობას იღებდა.

    1900 წლიდან ვანო სტურუა იყო "ქართველთა შორის წერა–კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების" ნამდვილი წევრი და აქტიურად იყო ჩაბმული საზოგადოების მუშაობაში. ვანო სტურუამ თავისი რევოლუციური მუშაობის საუკეთესო წლები ბაქოში გაატარა, სადაც თბილისელი მეგობრების დახმარებით ბაქოს სოციალ–დემოკრატიული ორგანიზაცია ჩამოაყალიბა.

    1901 წელს თბილისის ჟანდარმერიამ ვანო ბაქოში დააპატიმრა და მეტეხის ციხის ცალკე საკანში გამოამწყვდია. პატიმრობიდან ექვსი თვის შემდეგ ჟანდარმერიამ პოლიციას ვანოზე საიდუმლო მეთვალყურეობა დაავალა და გაათავისუფლა.  განთავისუფლებიდან 4 თვეში, საქართველოს რუსეთთან შეერთების ზეიმის გამო დიდი მთავრის თბილისში ჩამოსვლასთან დაკავშირებით დაიწყო საეჭვო პირების დაპატიმრება და მათრიცხვში ვანოც მოხვდა. "წაბრძანდა დიდი მთავარი თბილისიდან და მეც გამანთავისუფლეს" – წერდა ვანო სტურუა.

    1902 წლიდან ვანო ისევ ბაქოში დაბრუნდა და მუშაობა დაიწყო მანთაშევის ნავთის გადამამუშავებელ ქარხანაში. მან კვლავ გააგრძელა რევოლუციური საქმიანობა და შესაბამისად ჟანდარმერიას კონტროლზე ჰყავდა აყვანილი. ბაქოში მოეწყო არალეგალური სტამბა, რომელიც შეძლებისდაგვარად რუსეთიდან იღებდა დახმარებას.

    1906 წლის იანვარში ბაქოს სტამბა გადაიტანეს პეტერბურგში. ვანო სტურუა აქტიურად მუშაობდა პეტერბურგის პარტორგანიზაციაში და პროფკავშირებში. 1907 წელს პარტიული დავალებით ვანო მივლინებით კავკასიაში გააგზავნეს. მან მალევე მოაგვარა საქმეები და პეტერბურგში დაბრუნდა. 1907 წელს პეტერბურგის სტამბა ფინეთში გადაიტანეს და ვანო სტურუაც თავის მეგობრებთან ერთად ფინეთში გადაბარგდა. იმავე წელს ვანო მივლინებით საქართველოში დაბრუნდა და ტავის მშობლიურ სოფელში დააპატიმრეს, ქუთაისის ციხეში გაგზავნეს, ხოლო შემდეგ ვიატკის გუბერნიაში გადაასახლეს. ვანო მალევე გამოიქცა გადასახლებიდან და ისევ პეტერბურგში დაბრუნდა, საიდანაც ისევ ბაქოში გაემგზავრა  და რასაკვირველია გააგრძელა თავისი საქმიანობა, მაგრამ მალევე დააპატიმრეს და გადაასახლეს.

    1909 წელს სასჯელიდან განთავისუფლებული ვანო სოფელში დაბრუნდა და ცოლად შეირთო რაისა ჯღამაძე, რომლის მამა რკინიგზის მუშა იყო. დაქორწინებისთნავე ვანო ბაქოში დაბრუნდა 1910 წელს დააპატიმრეს და ციმბირში გადაასახლეს. 1912 წელს ვანო გადასახლებიდან გამოიქცა და ისევ ბაქოში დაბრუნდა.

     1916 წლიდან ვანო სტურუა "ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების" სამტრედიის განყოფილების წევრი იყო.

     1917 წლის თებერვლის რევოლუციის დროს ვანო კულაშში იმყოფებოდა, სადაც ჩამოყალიბდა ადგილობრივი კომიტეტი, რომლის თავმჯდომარედ ვანო სტურუა აირჩიეს.

    1919–1920 წლებში მენშევიკებმა დაიწყეს ბოლშევიკების დაპატიმრება და ვანო სტურუა ისევ არალეგალურ მდგომარეობაზე გადავიდა.

    საქართველოში საბჭოთა ხელისუფლების დამყარებისთანავე ვანო არჩეული იქნა სამტრედიის რევკომის თავმჯდომარედ, შემდეგ ქუთაისის სამაზრო აღმასრულებელი კომიტეტის ეკონომიური განყოფილების გამგედ. 1922–1924 წლებში მუშაობდა მიწათმოქმედების სახალხო კომისრის თანამდებობაზე. 1922 წლიდან 1931 წლქმდე იყო საქართველოს და ამიერკავკასიის ცენტრალური აღმასრულებელი კომიტეტის პრეზიდიუმის წევრი. ხშირად ასრულებდა საქართველოსა და ამიერკავკასიის ცაკის თავმჯდომარეთა მოვალეობას.

     ვანო სტურუა გარდაიცვალა 1931 წლის 13 აპრილს თბილისში.

ორგანიზაციის, ასოციაციის ან ჯგუფის წევრი

  • ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოება, საზოგადოების სამტრედიის განყოფილების წევრი (1916-)
  • ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოება, საზოგადოების ნამდვილი წევრი (1900-)

გააზიარე: