The National Library of Georgia მთავარი - ბიბლიოთეკის შესახებ - ელ.რესურსები 
  შესვლა
ქ.შ.წ.კ.გ საზოგადოების წევრები
დასაწყისიკატეგორიები  
ძიება
პიროვნების სახელი:

საძიებელი ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი (ქშწკგ) საზოგადოების ყველა წევრს აერთიანებს, რომლებიც გაწევრიანდნენ ამ საზოგადოებაში მისი დაარსებიდან ლიკვიდაციამდე (1879–1927).

ეროვნული ბიბლიოთეკა მოგმართავთ თხოვნით, თქვენი წინაპრების ან ნათესავების ამ ბაზაში აღმოჩენის შემთხვევაში გამოგვიგზავნოთ მათი მონაცემები ბაზაში განსათავსებლად. საკონტაქტო ტელეფონი: 599548291.



პეტრე როსტომის ძე სურგულაძე

პეტრე როსტომის ძე სურგულაძე
სხვა სახელი:პ.  (ფსევდონიმი)
პიერ სურატი  (ფსევდონიმი)
დაბადების თარიღი:ოქტომბერი, 1873
გარდაცვ. თარიღი:6 სექტემბერი, 1931  (57 წლის ასაკში)
დაკრძალვის ადგილი:სტამბოლი
კატეგორია:დამფუძნებელი წევრი, პედაგოგი, პოლიტიკოსი

ბიოგრაფია

     პეტრე  სურგულაძე დაიბადა 1873 წლის ოქტომბერში ოზურგეთის მაზრის სოფელ ჩიბათში, გლეხის ოჯახში. დაწყებითი განათლება  ოზურგეთის სამოქალაქო სასწავლებელში მიიღო, ხოლო საშუალო განათლება - ტფილისის პედაგოგიურ ინსტიტუტში (ე. წ. საოსტატო სემინარია).

   1890-იანი წლებიდან ქუთაისის სათავადაზნაურო პროგიმნაზიაში პედაგოგად მუშაობდა და  ამავე პერიოდიდან „მესამედასელთა“ წრეების საქმიანობაში იყო ჩაბმული.

   1900-იანი წლების დასაწყისში დააპატიმრეს პოლიტიკური საბაბით და  ამავე მიზეზით დაითხოვეს სამსახურიდან.

მონაწილეობდა სოციალ-დემოკრატიული პრესის გამოცემაში. 1905 წლის რევოლუციის შემდეგ ჩამოშორდა სოციალ-დემოკრატიულ პარტიას და  ტფილისის ქართულ სათავადაზნაურო გიმნაზიაში მასწავლებლად მუშაობდა.

   1900-იანი წლების ბოლოს თანამოაზრეებთან ერთად ჩამოაყალიბა საიდუმლო ჯგუფი, რომელიც მიზნად ისახავდა საქართველოს სრული დამოუკიდებლობის იდეის პროპაგანდას და ამ მიზნის განსახორციელებლად იატაკქვეშა ჯგუფების ჩამოყალიბებას. 1906 წლიდან მუშაობდა სოციალისტ-ფედერალისტთა სარევოლუციო პარტიაში.

   1908 წლიდან ჯგუფი გამოსცემდა ჟურნალ „ერს“, რომელიც 1909 წელს ხელისუფლებამ დახურა და პასუხისმგებელი რედაქტორი დააპატიმრა.  გამოცემამ  „საქართველოს მოამბის“ სახელით განაგრძო არსებობა.

   1910 წელს პეტრე სურგულაძე არალეგალურად გაემგზავრა საზღვარგარეთ.  ჟენევაში დააარსა „ქართველ სეპარატისტთა ჯგუფი“ და გამოსცემდნენ ჟურნალს „თავისუფალი საქართველო“.

   1914 წელს, პირველი მსოფლიო ომის შემდეგ „სეპარატისტთა ჯგუფის“ ინიციატივით ჩამოყალიბდა „საქართველოს დამოუკიდებლობის კომიტეტი“, რომლის თავმჯდომარეც პეტრე სურგულაძე გახდა. იგი აქტიურად მონაწილეობდა ქართული ლეგიონის ფორმირებასა და საქართველოში იარაღის არალეგალურად შემოტანაში.

   1917 წელს პეტრე სურგულაძე იყო საქართველოს ეროვნულ-დემოკრატიული პარტიის ერთ-ერთი დამფუძნებელი და პარტიის მთავარი კომიტეტის წევრი.

   1919 წლის 12 მარტს არჩეული იქნა საქართველოს რესპუბლიკის დამფუძნებელი კრების წევრად საქართველოს ეროვნულ-დემოკრატიული პარტიის სიით და მუშაობდა სამხედრო კომისიაში. პეტრე აქტიურად მონაწილეობდა სამუსლიმანო საქართველოში საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკის ხელისუფლების განმტკიცებაში.

   1921 წლის დასაწყისში პეტრე სურგულაძე კომერციული საქმიანობის წამოსაწყებად სტამბოლში გაემგზავრა და  საბჭოთა რუსეთის მიერ საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკის ოკუპირების შემდეგ აქტიურად იყო ჩაბმული სტამბოლის ქართული ემიგრაციის პოლიტიკურ და საზოგადოებრივ ცხოვრებაში.

   1922 წლის გაზაფხულიდან მუშაობდა „სტამბოლის პოლიტიკურ კომისიაში“.

   1931 წლის 6 სექტემბერს პეტრე სურგულაძე გულის შეტევით მოულოდნელად გარდაიცვალა და დაკრძალულია სტამბოლში.

ორგანიზაციის, ასოციაციის ან ჯგუფის წევრი

  • საქართველოს დამოუკიდებლობის კომიტეტი, თავმჯდომარე (1914-)
  • საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკის დამფუძნებელი კრება, წევრი (1919-)
  • საქართველოს ეროვნულ-დემოკრატიული პარტია, დამფუძნებელი (1917-)
  • სოციალისტ-ფედერალისტთა სარევოლუციო პარტია, წევრი (1906-)
  • ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოება, საზოგადოების თბილისის განყოფილების წევრი (1920-)
  • ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოება, საზოგადოების ნამდვილი წევრი (1899-)

გააზიარე: