The National Library of Georgia მთავარი - ბიბლიოთეკის შესახებ - ელ.რესურსები 
  შესვლა
ქ.შ.წ.კ.გ საზოგადოების წევრები
დასაწყისიკატეგორიები  
ძიება
პიროვნების სახელი:

საძიებელი ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი (ქშწკგ) საზოგადოების ყველა წევრს აერთიანებს, რომლებიც გაწევრიანდნენ ამ საზოგადოებაში მისი დაარსებიდან ლიკვიდაციამდე (1879–1927).

ეროვნული ბიბლიოთეკა მოგმართავთ თხოვნით, თქვენი წინაპრების ან ნათესავების ამ ბაზაში აღმოჩენის შემთხვევაში გამოგვიგზავნოთ მათი მონაცემები ბაზაში განსათავსებლად. საკონტაქტო ტელეფონი: 599548291.



მიხეილ ზაქარიას ძე სხირტლაძე (დეკანოზი)

მიხეილ ზაქარიას ძე სხირტლაძე
დაბადების თარიღი:5 თებერვალი, 1856
გარდაცვ. თარიღი:10 ივნისი, 1940  (84 წლის ასაკში)
დაკრძალვის ადგილი:მრავალძალი, საგვარეულო სასაფლაო
კატეგორია:სასულიერო პირი

ბიოგრაფია

    მიხეილ სხირტლაძე დაიბადა 1856 წლის 5 თებერვალს რაჭის მაზრის სოფელ მრავალძალში მღვდლის ოჯახში.

    მიხეილი თავდაპირველად ქუთაისის სასულიერო სასწავლებელში მიაბარეს, რომელიც 1877 წელს წარჩინებით დაასრულა. ამავე წელს იმერეთის ეპისკოპოს გაბრიელის (ქიქოძე) რეკომენდაციით საბუთები თბილისის სასულიერო სემინარიაში შეიტანა, რომელიც 1883 წელს პირველი ხარისხის დიპლომზე დაამთავრა და მაშინვე მშობლიურ კუთხეს დაუბრუნდა.

   1884 წელს იმერეთის ეპისკოპოსმა გაბრიელმა დიაკვნად აკურთხა, ამავე წელს მღვდლად დაასხა ხელი და იწის მთავარანგელოზთა სახელობის ეკლესიაში განამწესა.

   1884, 1885 და 1886 წლებში, ოლქის სამღვდელოებამ, იმერეთის საეპარქიო კრებებზე დამსწრე დეპუტატად გააგზავნა.

   1886-1891 წლებში რაჭის მაზრის სამრევლო-საეკლესიო სკოლების ზედამხედველი გახლდათ. 

   1886 წელ მეუფე გაბრიელმა ნიკორწმინდის ოლქის მთავარხუცესის მოვალეობის შესრულება დაავალა, ხოლო 1887 წელს დაამტკიცა კიდეც ამ თანამდებობაზე.

   1888 წელს მეუფე გაბრიელმა მწყემსმთავრული მადლობა გამოუცხადა და იმავე წელს საგვერდულით დაჯილდოვდა.

   1890 წელს სხვავის ჯვართამაღლების სახელობის ეკლესიის წინამძღვრად გადაიყვანეს.

   1891 წელს ბარის ოლქის მთავარხუცესად აირჩიეს. გადაყვანისთანავე, მამა მიხეილმა დაიწყო ფიქრი მრავალძალის უძველესი ტაძრის განახლებაზე. მისი ინიციატივითა და პროექტით მე-19 საუკუნის ბოლოს ერთნავიანი დარბაზული ტაძარი გადაკეთდა გუმბათიან ეკლესიად, რომელსაც აღმოსავლეთის მხრიდან სამრეკლო ხარისა და ძროხის თავების ბარელიეფების დატანებით მიაშენა, დასავლეთის მხრიდან მიშენდა აფსიდები, რომელმაც მთლიანად შეუცვალა და განუახლა სახე ეკლესიას. ამ საქმესთან დაკავშირებით მას მრავალი უსიამოვნების გადატანა მოუწია, რასაც შემდგომში ასე იხსენებდა:"1890 წელს დავიწყე თავგამოდებით და ერთგულებით ჩემი სამშობლო-სოფლის მრავალძალის ეკლესიის გადაკეთების საქმე. ეს ეკლესია, როგორც უძველესი და არქეოლოგიურად შესანიშნავი, მძიმე საქმე შეიქმნა ჩემთვის. თუმცა არქიტექტორის შედგენილის და გუბერნიის სამმართველოსაგან მოწონებულის გეგმისამებრ, რომელიც იყო დამტკიცებული გაბრიელ ეპისკოპოსისაგან, მე დავიწყე გადაკეთება აღნიშნულის ეკლესიისა, მაგრამ მაინც ჩემზედ შევიდა დიდი "დანოსები" უმაღლეს მთავრობასთან. აგრეთვე დაიწყეს გაზეთებშიდაც წერა, რომ ვითომც მე ჩემით მოვსპევი უძველესი არქეოლოგიური ნაშთი. რაღა თქმა უნდა, რომ მე ჩავარდი დიდ განსაცდელსა და მწუხარებაში. თავბრუდასხმული წავედი ქუთაისში. პირველად ვინახულე მდივანი საეპარქიო კანცელარიისა; მან მითხრა: "ეპისკოპოსს არ ჰქონდა იმ უძველესი ეკლესიის დარღვევის და გადაკეთების ნების მოცემის უფლება: აწ როგორ გამოკეთდება საქმე, ან რა ეშველება მას, მე არ ვიციო". ამის შემდეგ მე შევედი გაბრიელთან და ეს ყველაფერი მოვახსენე. მათი მეუფება დაფიქრდა, თითების ფრჩხილები ერთი მეორეზედ გაუსვა და ბრძანა ეს სიტყვები: "секретарь слишкомъ формалистъ! Синодъ что сделаетъ? Я не уничтожаю архитектурную древность, а улучшаю, расширяю и укрепляю, чтобы она стала более годною и подезною для народа. Идите и продолжайте дело, никто ничего не сделаетъ." თან ჩემის იქავე მოხსენებით, მაზრის სამმართველოს მისწერა გაეწია ჩემთვის დახმარება აღნიშნული მრევლის სამუშაოდ გამოწვევაზედ, რომელიც ბოროტ პირების შეგონებით წინააღმდეგი გამიხდა საქმის დაწყებისთანავე. ამნაირი თავგამოდებული და გვერდში მდგომი იყო გაბრიელი ყოველ კეთილ საქმეში."

   1892 წელს მამა მიხეილს სკუფია უბოძეს და 1893 წელს სამთავარხუცესოში კეთილსინდისიერი სამსახურისათვის ეპისკოპოსმა გაბრიელმა მადლობა გამოუცხადა.

   1896 წელს კამილავკა ეწყალობა.

   1901 წელს სამკერდე ოქროს ჯვარი მიიღო.

   1902 წელს რუსეთის წმინდა სინოდმა მთავარხუცესად 12-წლიანი პატიოსანი მოღვაწეობისათვის წმინდა ანას III ხარისხის ორდენით დააჯილდოვა.

   1906 წელს დეკანოზის წოდება მიენიჭა.

   1911 წელს წმინდა ანას II ხარისხის ორდენი მიიღო.

   დეკანოზ მიხეილის მზრუნველობით ასევე კაპიტალურად შეკეთდა და ახალი სახურავით გადაიხურა სოფელ წესში, რაჭის ერისთავ როსტომის მიერ აშენებული ბარაკონის ეკლესია. დეკანოზ მიხეილის ნაშრომები და ქადაგებები სხვადასხვა აქტუალურ თემებზე მრავლად იბეჭდებოდა იმჟამინდელ ქართულ პრესაში: "ივერიაში", "მწყემსში", "კვალში" და "შინაურ საქმეებში".  

   1921 წლის გასაბჭოებამ მამა მიხეილზე მძიმედ იმოქმედა. რაჭაში დაიკეტა თითქმის ყველა მოქმედი ეკლესია. 1924 წელს მოძღვარი აიძულეს მიეტოვებინა სხვავის სამრევლო და თავშესაფარი თბილისში ეძებნა. კათოლიკოს-პატრიარქმა ამბროსიმ (ხელაია) დეკანოზი მიხეილი კარის წმინდა გიორგის სახელობის ეკლესიაში განამწესა, სადაც მან რამდენიმე წელი იმსახურა. შემდგომში იგი იძულებული გახდა აქაც მიეტოვებინა სამსახური და სოფელში დაბრუნებულიყო. დეკანოზი სხირტლაძეების გვარში ყველაზე გამორჩეული საეკლესიო მოღვაწე გახლდათ. 

   დეკანოზი მიხეილი გარდაიცვალა 1940 წლის 10 ივნისს მშობლიურ სოფელ მრავალძალში და დაკრძალულია სოფლის საგვარეულო სასაფლაოზე. 

ორგანიზაციის, ასოციაციის ან ჯგუფის წევრი

  • ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოება, საზოგადოების თბილისის განყოფილების წევრი (1917-)
  • ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოება, საზოგადოების ნამდვილი წევრი (1904-1916)

ჯილდოები, პრემიები და პრიზები

  • 1911 - წმინდა ანას II ხარისხის ორდენი
  • 1902 - წმინდა ანას III ხარისხის ორდენი
  • 1901 - სამკერდე ოქროს ჯვარი

ბიბლიოგრაფია


გააზიარე: