The National Library of Georgia მთავარი - ბიბლიოთეკის შესახებ - ელ.რესურსები 
  შესვლა
ქ.შ.წ.კ.გ საზოგადოების წევრები
დასაწყისიკატეგორიები  
ძიება
პიროვნების სახელი:

საძიებელი ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი (ქშწკგ) საზოგადოების ყველა წევრს აერთიანებს, რომლებიც გაწევრიანდნენ ამ საზოგადოებაში მისი დაარსებიდან ლიკვიდაციამდე (1879–1927).

ეროვნული ბიბლიოთეკა მოგმართავთ თხოვნით, თქვენი წინაპრების ან ნათესავების ამ ბაზაში აღმოჩენის შემთხვევაში გამოგვიგზავნოთ მათი მონაცემები ბაზაში განსათავსებლად. საკონტაქტო ტელეფონი: 599548291.



ტარასი (მღვდელ-მონაზონი)

ტარასი
ოფიციალური სახელი:გიორგი იაკობის ძე კანდელაკი
დაბადების თარიღი:1871
გარდაცვ. თარიღი:12 დეკემბერი, 1951  (80 წლის ასაკში)
დაკრძალვის ადგილი:მცხეთა, სვეტიცხოვლის ეზო
კატეგორია:სასულიერო პირი

ბიოგრაფია

     გიორგი კანდელაკი დაიბადა 1871 წელს გორის მაზრის სოფელ კავთისხევში აზნაურის ოჯახში. მშობლებმა სწავლა-განათლების მისაღებად თბილისის სათავადაზნაურო პროგიმნაზიაში შეიყვანეს, რომელიც მან 1890 წელს დაამთავრა. სასწავლებლის დასრულების შემდეგ მისი ცხოვრება მჭიდროდ დაუკავშირდა ეკლესიას. ბერად შედგომის სურვილმა ახალგაზრდა და ნიჭიერი ყმაწვილი ქვათახევის ყოვლადწმინდა ღვთისმშობლის მიძინების სახელობის მამათა მონასტერში მიიყვანა, სადაც საფუძვლიანად შეისწავლა წმინდა წერილი, გალობა და საეკლესიო ტიბიკონი. 1891 წლის 4 აგვისტოს იგი ამავე მონასტერში მორჩილად განამწესეს, ხოლო 1899 წლის 6 აპრილს მორჩილი გიორგი საინგილოში, ზაქათალის ოლქში, სოფელ ქოთუქ-ჭალის ყოვლადწმინდა სამების სახელობის ეკლესიის მედავითნედ გადაიყვანეს.

     1900 წლის 5 თებერვალს გიორგი ალავერდის წმინდა გიორგის სახელობის მონასტრის საძმოში მიიღეს და მეორე დღესვე, ალავერდელმა ეპისკოპოსმა კირიონმა (საძაგლიშვილი) ბერად აღკვეცა და სახელად ტარასი უწოდა. აქედან მოყოლებული მამა ტარასი მუდმივად და განუშორებლად იმყოფებოდა მეუფე კირიონთან და მათი ესეთი მჭიდრო ურთიერთობა 1918 წლამდე არ შეწყვეტილა. 

    1900 წლის 24 აპრილს ეპისკოპოსმა კირიონმა ბერ-მონაზონი ტარასი დიაკვნად აკურთხა, ხოლო 12 მაისს _ მღვდლად დაასხა ხელი და შუამთის ყოვლადწმინდა ღვთისმშობლის შობის სახელობის მონასტრის საძმოში დაადგინა. ამავე წლის 17 აგვისტოს მონასტრის ხაზინადრად დაინიშნა.

    1901 წელს მამა ტარასი კეთილსინდისიერი სამსახურისათვის საგვერდულით დაჯილდოვდა, 1902 წელს ალავერდისა და თეთრი გიორგის მონასტრების ხაზინადრად გადაიყვანეს, ხოლო ამავე წლის 25 სექტემბერს ხირსის წმინდა სტეფანეს სახელობის მონასტერში განამწესეს.

    1903 წელს მამა ტარასი ხირსის მონასტრის ხაზინადრად დაინიშნა. ამავე წლის 4 სექტემბრიდან რუსეთში მყოფმა ეპისკოპოსმა კირიონმა მამა ტარასი თავისთან იხმო. მეუფე იმჟამად ხერსონისა და ოდესის ეპარქიას მართავდა. მამა ტარასი, როგორც გამოცდილი ბერი და მასთან დაახლოებული პირი სამღვდელმთავრო სახლის ხაზინადრობის დროებით შემსრულებლად დაინიშნა, ხოლო 1904 წლის 13 იანვარს ოფიციალურად დამტკიცდა ხაზინადრად. 

    1904 წელს ეპისკოპოსი კირიონი ორიოლის ეპარქიაში გადაიყვანეს. მამა ტარასი აქაც მის გვერდითაა. ამავე წლის 8 ივნისს იგი სამღვდელმთავრო სახლის ხაზინადრად დაინიშნა, ხოლო 29 ივნისიდან მეუფე კირიონმა ეკონომოსობაც მას ჩააბარა. ამასთანავე დაევალა საეკლესიო-არქეოლოგიური მუზეუმის ზედამხედველობაც.

     1904 წელს რევოლუციური მოძრაობის გაძლიერებასთან დაკავშირებით წმინდა სინოდის ბრძანებით ქუთაისში გაუქმდა სასულიერო სემინარია. სწავლა-განათლებას მოწყურებული ქართველი სტუდენტობა რუსეთის სემინარიებს მიაწყდა, რადგან თბილისის სემინარიამ ყველა მათგანის მიღება ვერ შეძლო. მეუფე კირიონის მიწვევით მრავალი მათგანი ორიოლის ეპარქიაში ჩავიდა, სადაც მეუფის აქტიური ჩარევის შედეგად ადგილობრივ სემინარიასთან დაარსდა მეორე პარალელური კლასი, რომელიც ძირითადად ქართველი სტუდენტებისგან დაკომპლექტა. მღვდელ-მონაზონი ტარასი თავისი მხრიდან დიდ ყურადღებას იჩენდა მათ მიმართ და თავის მამობრივ მზრუნველობას ერთნაირად უნაწილებდა ყველა მოწაფეს. ეხმარებოდა როგორც მატერიალურად, ისე სულიერად და ამხნევებდა. ეს სტუდენტები იყვნენ: იროდიონ ალავერდაშვილი, ანდრია ახმეტელაშვილი, მოსე დაქიშვილი, ალექსანდრე კალანდარიშვილი, იოსებ ცუცუნაშვილი, გიორგი ხატისკაცი, ერმოლაოს ჯობავა, ანდრონიკე კეკელიძე, იასონ ცხომელიძე და გიორგი ქოქოშვილი.  მეუფის ლოცვა-კურთხევით მამა ტარასიმ იმოგზაურა მოსკოვში, მოილოცა რუსეთის წმინდა ადგილები და ეკლესია-მონასტრები. გაეცნო იქაურ სამონასტრო ცხოვრებას და ფრიად კმაყოფილი დარჩა იქ მოღვაწე სასულიერო პირებით, მათი სიმრავლით. თუმცა, ამასთანავე უნდა ითქვას, რომ იგი დიდად სწუხდა საქართველოში ბერ-მონაზვნების შემცირებაზე და სამონასტრო ცხოვრების დაუძლურებაზე. შემდგომში მამა ტარასი ამ მოგზაურობის შესახებ გაზეთ "ივერიაში" წერდა: "მოსკოვი იგივეა რუსეთისათვის, რაც მცხეთა იყო ქართველებისათვის, სანამ ახალ სატახტო ქალაქს დააარსებდა იმპერატორი პეტრე დიდი. მოსკოვს ამ ორასი წლის მანძილზე არ დაუკარგნია თვისი მნიშვნელობა და იგი დღესაც გულია რუსეთისა. ჩვენს მეფეების მისვლა-მოსვლა და ელჩების გზავნა რუსეთში იმ დროს ძირითადად მოსკოვში ხდებოდა. ქართული საეკლესიო წიგნების ბეჭდვაც, ჩვენის ბატონიშვილების წყალობით, მოსკოვის ახლოს დაიწყო. მთელი ახალშენი იყო აქ ქართველებისა. "ქართველების მოედანზე" თავისი ეკლესიაც ჰქონდათ ქართველებს, მაგრამ, სამწუხაროდ, რაღაც გაუგებარ მიზეზების გამო, დღეს იგი სომხების ხელშია. სასიამოვნოდ უნდა ჩაითვალოს ამას წინად გაზეთებში დაბეჭდილი ცნობა, რომ პეტერბურგის ქართველებს განუზრახავთ საკუთარ ეკლესიის აშენება ქართულ წირვა-ლოცვითაო. მოსკოვშიც ბევრია ქართველობა და დიდად საჭიროა აქაც ქართული ეკლესია. განსვენებული ჩვენი თანამემამულე (გობრონი) მიხეილ საბინინი, რომელმაც დიდი ამაგი დასდო ჩვენს სამშობლო ეკლესიას, ამ სასარგებლო და დიდ მნიშვნელოვან საქმეს ადვილად დააგვირგვინებდა, ცოტა კიდევ რომ ეცოცხლა. საბინინის უპატრონოდ და ობლად დარჩენილი საფლავი ვნახე და ტირილი მომივიდა. ერთი უბრალო ხის ჯვარი ადგია. ქართველობა მოვალეა ამ საქმეში, საწყალს ანდერძად ჰქონდა ნათქვამი რუსეთში ნუ დამტოვებთო, თუმცა ფული და ნივთეულობა საკმარისი დარჩა, მაგრამ მემკვიდრეებმა ქონება ჩაიბარეს და ეს უკანასკნელი მისი თხოვნა კი არ შეიწყნარეს. აღსრულდა გულთამხილავ შოთას სიტყვები: "ესე ასეთი სოფელი, არვისგან მისანდობელი". მას დიდი ამაგი და ღვაწლი მიუძღვის, როგორც ბოდბის წმინდა ნინოს მონასტრის წინაშე, აგრეთვე დავით გარეჯის უდაბნოს წინაშეცა. გარეჯის ლავრას ბევრი რამ შესძინა: კანკელი, მარმარილოს ტრაპეზი, ჯვრები, ბარძიმ-ფეშხუმები, ხატები, მრავალი შესამოსელი და ყოველივე სამკაული ეკლესიისა. მან ბრძანა: ეს რა არისო, პატარა დამაცადეთ, ეს მონასტერი უნდა ავაყვავო და ჩემი ძვლებიც აქ უნდა ჩავყაროო. მაგრამ ულმობელმა სიკვდილმა არ აცალა, ადრე მოუსპო სიცოცხლე. ძველად ათასობით ბერი იყო ამ მრავალმთის უდაბნოში და ვაი ჩვენს დაუძლურებას და ვაი ჩვენს დაკნინებას, რომ დღეს ერთი ბერიც აღარ არის იქ, რომ ოლარი დაიკიდოს და ილოცოს. სულ სხვა მნიშვნელობა აქვს უდაბნოში წირვა-ლოცვას, როგორც თვით უფალი ბრძანებს დავით წინასწარმეტყველის პირით: "ესრეთ წმიდასა შინა უდაბნოსა, უგზოსა და ურწყულსა შინა გეჩვენო შენ".    

    1906 წლის დასაწყისში ეპისკოპოსი კირიონი სოხუმის ეპარქიაში განამწესეს, რომელმაც მამა ტარასი თავისთან გადაიყვანა და ამავე წლის 21 მარტს სამღვდელმთავრო სახლის ეკონომოსად დაადგინა. 1906 წლის 6 მაისს სამკერდე ოქროს ჯვრით დაჯილდოვდა და საკურთხევლად მომზადებულ მღვდელთა, დიაკონთა და მედავითნეთა გამოსაცდელი კომისიის წევრად, ხოლო ამავე წლის 6 ივლისს სოხუმის ეპარქიის მზრუნველობა მოკლებულ სასულიერო პირთა მდგომარეობის გასაუმჯობესებელ კომისიის წევრად დაინიშნა. 1907 წლის 19 ოქტომბერს გათავისუფლდა ეკონომოსის თანამდებობიდან.

     1908 წლის 7 ოქტომბერს მამა ტარასი თბილისის მაცხოვრის ფერისცვალების სახელობის მონასტერში ბერ-დიაკვნის შტატში დაინიშნა, ხოლო 1911 წლის 7 ნოემბერს მღვდელ-მონაზვნის შტატში დაადგინეს. 1912 წლის 12 თებერვლიდან _ 1913 წლის 13 მაისამდე ამავე მონასტრის ხაზინადარია.

    1914 წელს, საკუთარი თხოვნის საფუძველზე, რუსეთ-ოსმალეთის ფრონტის ხაზზე სამხედრო საავადმყოფოს ეკლესიის მოძღვრად განამწესეს, სადაც გამოჩენილი მამაცობისათვის წმინდა ანას III ხარისხის ორდენით დაჯილდოვდა.

    1917 წლის 12 მარტს (ძვ. სტილით) აღდგა ქართული ეკლესიის ავტოკეფალია. 1917 წლის 8-17 სექტემბერს გაიმართა საქართველოს მართლმადიდებელი სამოციქულო ეკლესიის პირველი საეკლესიო კრება. საქართველოში დაბრუნებული მღვდელ-მონაზონი ტარასი კრების მონაწილეა და აქტიურად უჭერს მხარს ეპისკოპოს კირიონს, რომელიც ხმების უმრავლესობით ამ კრებაზე კათოლიკოს-პატრიარქად აირჩიეს. უწმინდესმა და უნეტარესმა კირიონმა, დედაეკლესიაში ერთგული სამსახურისთვის, მღვდელ-მონაზონი ტარასი გარეჯის წმ. იოანე ნათლისმცემლის მამათა მონასტრის წინამძღვრად დანიშნა და არქიმანდრიტის წოდება მიანიჭა.

    1917 წლის 15 ნოემბერს არქიმანდრიტი ტარასი ნათლისმცემლის უდაბნოში ჩავიდა და ხაზინადარ მღვდელ-მონაზონ კვიპრიანესაგან (სუმბაძე) ჩაიბარა მონასტრის ქონება. მონასტრის ზოგიერთი ნივთი, რომელიც ერთ დიდ ტყავგადაკრულ ყუთში იყო დალუქული ბეჭდით, მიბარებული იყო თბილისის ფერისცვალების მონასტერში. ამ ყუთის დალუქვას დაესწრნენ მღვდელ-მონაზონი მირიანი (ბექაური) და მონასტრის მწირბერნი: მიხეილი, ერმოლაოზი და ოქროპირი, ასევე სართიჭალაში მდგარი ქართული პოლკის შვიდი ჯარისკაცი.

    1918 წლის 26 ივნისს არქიმანდრიტი ტარასი თან ახლდა კათოლიკოს-პატრიარქ კირიონს, როდესაც იგი მუხანათურად იქნა მოკლული. იგი დაუყონებლივ გამოემგზავრა თბილისში და ყოველივე შეატყობინა საკათოლიკოსო საბჭოს.

    1925 წელს კომუნისტურმა ხელისუფლებამ დახურა წმინდა იოანე ნათლისმცემლის სახელობის მამათა მონასტერი და არქიმანდრიტი ტარასი უადგილოდ დარჩა. იმავე წლის 25 ოქტომბერს ალავერდელმა მიტროპოლიტმა იოანემ (მარღიშვილი) იგი კახეთში, სოფელ საქობაოს წმინდა სტეფანე პირველდიაკონის სახელობის ეკლესიის წინამძღვრად და სიღნაღის მაზრის II ოლქის მთავარხუცესად დანიშნა. ამავე წელს ალავერდის ეპარქია ორად გაიყო და არქიმანდრიტი ტარასი ბოდბის ეპარქიის დაქვემდებარებაში აღმოჩნდა. მალე ბოდბელ ეპისკოპოს სტეფანესა (კარბელაშვილი) და არქიმანდრიტ ტარასის შორის ურთიერთობა გამწვავდა. კათოლიკოს-პატრიარქმა ქრისტეფორემ (ციცქიშვილი) იგი ჯერ თბილისის კუკიის წმინდა ნინოს სახელობის ეკლესიის მღვდელმსახურად, შემდეგ კი _ 1931 წლის 29 ნოემბერს ვლადიკავკაზის წმინდა ნინოს სახელობის ეკლესიის წინამძღვრად დანიშნა.

     ვლადიკავკაზში ჩასული არქიმანდრიტი ტარასი ჩვეული ენერგიით შეუდგა საქმიანობას, მაგრამ წინააღმდეგობები კიდევ უფრო გაძლიერდა ეკლესიასა და სახელმწიფოს შორის. 1933 წლის 7 იანვარს სწორედ მან მონათლა ვლადიკავკაზის ქართულ ეკლესიაში ირაკლი გიორგის ძე შიოლაშვილი, მომავალი საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი, უწმინდესი და უნეტარესი ილია II.

    1938 წლის 24 თებერვალს ადგილობრივმა ხელისუფლებამ დახურა ვლადიკავკაზის ქართული ეკლესია და მამა ტარასიც სამშობლოში დაბრუნდა. ამავე წლის 27 მარტს, უწმინდესისა და უნეტარესის კათოლიკოს-პატრიარქის კალისტრატეს (ცინცაძე) ლოცვა-კურთხევით, არქიმანდრიტი ტარასი სვეტიცხოვლის თორმეტი მოციქულის სახელობის საპატრიარქო ტაძრის წინამძღვრის მოადგილედ დაინიშნა.

    1939 წლის 19 მარტს სიონის საპატრიარქო ტაძარში კათოლიკოს-პატრიარქმა კალისტრატემ, ურბნელი მიტროპოლიტ მელქისედეკისა (ფხალაძე) და ნინოწმიდელი ეპისკოპოსის იეროთეოზ (აივაზაშვილი) თანამწირველობით ეპისკოპოსად დაასხა ხელი და წილკნის ეპარქია ჩააბარა. ეპარქიაში ახლად დანიშნულ მღვდელმთავარს მეტად მძიმე სიტუაცია დახვდა.

    1939 წელს ეკლესია-მონასტრებისა და სასულიერო პირების დაბეგვრის არსებულ წესში შეტანილი იქნა ცვლილება, რომელიც კიდევ უფრო ამძიმებდა მოქმედი ეკლესიების მდგომარეობას. უწმინდესი და უნეტარესი კალისტრატე კანდიდ ჩარკვიანისადმი გაგზავნილ წერილში პირდაპირ აცხადებდა: "ფინანსთა სახკომის ინსპექტორის ასეთი შეუზღუდავი თავისუფლება რამდენიმე დღეში ბოლოს მოუღებს ათასექვსასწლოვანს საქართველოს ეკლესიას, მღვდლები იძულებულნი იქნებიან თავი გაანებონ სამსახურს... სანამ საბჭოთა კონსტიტუციიდან არ არის ამოშლილი 124-ე მუხლი, ნუ იქნება ხელოვნურად მიჩქმალული და ადმინისტრაციული წესით განადგურებული საქართველოს ეკლესია, მით აღგვილი პირისგან ქვეყნისა ქართველი ერის უძველესი კულტურის ცოცხალი ნაშთი".

    1941 წლის 4 მაისს განმეორებით წერილში კათოლიკოს-პატრიარქი კალისტრატე წერს კ. ჩარკვიანს _ "გადასახადების გადაუხდელობის გამო დახურულ ეკლესიათა შორის არის მცხეთის სვეტიცხოვლის ეკლესია". გამოიძახეს მისი წინამძღვარი ეპისკოპოსი ტარასი და უბრძანეს 48 საათის განმავლობაში ტაძრის დაცლა. უწმინდესი კალისტრატე მოითხოვდა: 1) ჩაითვალოს სვეტიცხოვლის კრებულის შრომა და ღვაწლი ტაძრის მოვლა-პატრონობისათვის მასზე შეწირული გადასახადის ანგარიშში; 2) დაუყოვნებლივ გახსნილ იქნას სვეტიცხოველი; 3) ჩამოეწეროს ტაძრის წინამძღვარს გადასახადები.  

    მე–20 საუკუნის 40-იანი წლების მიწურულს ეპისკოპოს ტარასის ჯანმრთელობის მდგომარეობა საგრძნობლად შეირყა, ხშირად ავადმყოფობდა.

   წილკნელი ეპისკოპოსი ტარასი გარდაიცვალა 1951 წლის 12 დეკემბერს, 80 წლის ასაკში და იგი 16 დეკემბერს სვეტიცხოვლის ტაძრის გალავანში დაკრძალეს.

ორგანიზაციის, ასოციაციის ან ჯგუფის წევრი

  • ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოება, საზოგადოების წევრი (1907-)

ჯილდოები, პრემიები და პრიზები

  • 1914 - წმინდა ანას III ხარისხის ორდენი
    გამოჩენილი მამაცობისათვის
  • 1906 - სამკერდე ოქროს ჯვარი

გააზიარე: