The National Library of Georgia Home - About Library - E-Resources 
  Login
Georgian -
HomeCategories  
Search
Person Name:



გიორგი ალექსანდრეს ძე ტარსაიძე

გიორგი ალექსანდრეს ძე ტარსაიძე
Legal name:გიორგი ალექსანდრეს ძე თარსაიძე
Date of birth:24 June, 1857
Date of death:24 December, 1904  (at 47 years)
Burial location:თბილისი, ვერის სასაფლაო
Category:Medical Doctor, Public Figure

Biography

   გიორგი ტარსაიძე დაიბადა 1857 წლის 8 ივლისს გორის მაზრის სოფელ ბერშუეთში.

   1879 წელს დაამთავრა ხარკოვის უნივერსიტეტის სამედიცინო ფაკულტეტი. გარკვეული პერიოდი  მუშაობდა რაჭაში, ხოლო 1881 წელს კვლავ დაბრუნდა ხარკოვში, სადაც წარჩინებით დაიცვა სადიპლომო ნამუშევარი.

   1882-88 წლებში, ხარკოვში ორდინატორად მუშაობდა თვალის ქირურგ პროფესორ ლეონარდ ჰირშმანთან. 1888 წელს დაბრუნდა საქართველოში და მუშაობა დაიწყო თბილისის "1864 წლის 4 აპრილის სახელობის სამკურნალო" დაწესებულებაში.

   გიორგი ტარსაიძე გახლდათ პირველი ქართველი ექიმი, რომლის ძირითადი პროფესია ოფთალმოლოგობა იყო. 1892 წელს მისი თაოსნობით თბილისში თვალის სნეულებათა საქველმოქმედო საავადმყოფო გაიხსნა, რომელიც რუსეთის იმპერიის მასშტაბით, მოსკოვისა და პეტერბურგის კლინიკების შემდეგ, მესამე იყო და რომლის დირექტორიც გარდაცვალებამდე თავად გახლდათ. ამ საავადმყოფოს ბაზაზე, თბილისის ქართული უნვერისტეტის გახსნის შემდეგ, ჩამოყალიბდა თვალის სნეულებათა კლინიკა.

   გიორგი ტარსაიძის სახელს ატარებდა თვალის დაავადებათა რესპუბლიკური კლინიკური საავადმყოფო, რომლის ბაზაზე არის შექმნილი ამჟამად მოქმედი მრავალპროფილური კლინიკა „ნიუ ჰოსპიტალი“.

   გიორგი ტარსაიძე გახლდათ ერუდირებული ექიმი და დახელოვნებული ოპერატორი, რომელიც ზედმიწევნით ფლობდა ოფთალმოლოგიური კვლევების მეთოდებს. იგი დამსახურებული პოპულარობით სარგებლობდა მთელს კავკასიაში. მისმა პროფესიონალიზმა საწინდარი ჩაუყარა ქართული ოფთალმოლოგიური სკოლის შემდგომი თაობების სიძლიერეს. ტარსაიძის მოსწავლეები იყვნენ შემდგომში ცნობილი ოფთალმოლოგები: ვახტანგ მუსხელიშვილი, ალექსანდრე შატილოვი, კლიმენტი თოფურიძე. ტარსაიძის უშუალო ხელმძღვანელობითა და ინიციატივით საქართველოს მაზრებსა და რაიონებში ნაყოფიერ მუშაობას ეწეოდნენ ე.წ. "თვალის მფრინავი რაზმები".

   გიორგი ტარსაიძე არის ევროპული ტიპის ქართული ოფთალმოლოგიური სკოლის ფუძემდებელი. მას საპატიო ადგილი უჭირავს ქართული მედიცინის ისტორიაში.

   ჰყავდა მეუღლე ელისაბედ ნიკოლოზის ასული ერისთავი (ქსნის ერისთავები).

   გიორგი ტარსაიძე გარდაიცვალა 1904 წლის 24 დეკემბერს და დაკრძალულია თბილისში, ვერის სასაფლაოზე.

Member of Organizations

  • კავკასიის სამედიცინო საზოგადოება, წევრი
  • ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოება, საზოგადოების ნამდვილი წევრი (1892-1900)

Share: