The National Library of Georgia მთავარი - ბიბლიოთეკის შესახებ - ელ.რესურსები 
  შესვლა
ქ.შ.წ.კ.გ საზოგადოების წევრები
დასაწყისიკატეგორიები  
ძიება
პიროვნების სახელი:

საძიებელი ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი (ქშწკგ) საზოგადოების ყველა წევრს აერთიანებს, რომლებიც გაწევრიანდნენ ამ საზოგადოებაში მისი დაარსებიდან ლიკვიდაციამდე (1879–1927).

ეროვნული ბიბლიოთეკა მოგმართავთ თხოვნით, თქვენი წინაპრების ან ნათესავების ამ ბაზაში აღმოჩენის შემთხვევაში გამოგვიგზავნოთ მათი მონაცემები ბაზაში განსათავსებლად. საკონტაქტო ტელეფონი: 599548291.



ლაზარე ალექსის ძე ტურიაშვილი

ლაზარე ალექსის ძე ტურიაშვილი
დაბადების თარიღი:1845
გარდაცვ. თარიღი:17 აპრილი, 1929  (84 წლის ასაკში)
დაკრძალვის ადგილი:თბილისი, კუკიის წმინდა ნინოს სახელობის ეკლესიის სასაფლაო
კატეგორია:სასულიერო პირი

ბიოგრაფია

   ლაზარე ტურიაშვილი დაიბადა 1845 წელს სიღნაღის მაზრის სოფელ ტიბაანში მღვდელ ალექსი და სიდონია ტურიაშვილების ოჯახში.

   1867 წელს წარჩინებით დაამთავრა თბილისის სასულიერო სემინარია.

   1868 წელს საქართველოს ეგზარქოსმა ევსევიმ (ილინსკი) დიაკვნად აკურთხა, ამავე წელს მღვდლად დაასხა ხელი და სიღნაღის წმინდა სტეფანე პირველდიაკონის სახელობის ტაძარში დაადგინა.

   1868 წელს სიღნაღის სამაზრო სასწავლებელში საღვთო სჯულისა და ქართული ენის მასწავლებლად დაინიშნა. ამავე წელს ეგზარქოსმა ევსევიმ სიღნაღის მთავარანგელოზთა სახელობის ახალი ეკლესიის მშენებლობის კომიტეტის თავჯდომარეობა დაავალა და 1869 წელს ბოდბის მონასტერში ახალი სამრეკლოს მშენებლობის ხელმძღვანელობაც მას დაეკისრა.

   1870 წელს თელავი-სიღნაღის მაზრისა და ზაქათალის ოლქის სამღვდელოებამ სამი წლის ვადით საეპარქიო კრების თავჯდომარედ აირჩია.

   1871 წელს საგვერდულით დაჯილდოვდა, ხოლო 1872 წელს ეგზარქოსმა ევსევიმ სასულიერო სასწავლებელში და სიღნაღის სახალხო სასამართლოში ოთხწლიანი ერთგული და დამსახურებული მოღვაწეობისათვის მწყემსმთავრული მადლობა გამოუცხადა.

   1873 წელს დროებით სიღნაღის სამაზრო სასწავლებლის ზედამხედველის მოვალეობას ასრულებდა.

   1876 წელს ამიერკავკასიის სასწავლო კომიტეტის ხელმძღვანელობის თხოვნით თბილისში გადმოიყვანეს და ამიერკავკასიის პედაგოგიური სემინარიის საღვთო სჯულის პედაგოგად დაადგინეს. 1880 წელს სკუფია უბოძეს.

   1881 წელს გორში გაიხსნა წმინდა ანასტასიას სახელობის ქალთა პროგიმნაზია, სადაც მამა ლაზარე საღვთო სჯულის პედაგოგად დაინიშნა. მანამდე კი, გიმნაზიის გახსნაზე, მან ვრცელი ქადაგებით მიმართა დამსწრე საზოგადოებას და განუმარტა სკოლის დადებითი მნიშვნელობა მომავალი თაობებისთვის.

   1884 წელს კამილავკა ეწყალობა.

   1888 წელს ეგზარქოსმა პალადიმ (რაევი) სასულიერო ხარისხში ოცწლიანი თავდადებული სამსახურისათვის მწყემსმთავრული მადლობა გამოუცხადა.

   1890 წელს სამკერდე ოქროს ჯვარი მიიღო.

   დეკანოზ ლაზარე ტურიაშვილს გორის წმინდა ანასტასიას სახელობის ქალთა პროგიმნაზიაში მოღვაწეობის პერიოდში მეგობრული ურთიერთობა ჰქონდა იაკობ გოგებაშვილთან, რომელსაც ხშირად მიმართავდა რჩევებისათვის. შემორჩენილია რამდენიმე წერილი, სადაც მამა ლაზარე დიდი სიყვარულით მოიკითხავს ცნობილ პედაგოგს: "ძმაო იაკობ! მოგიკითხამ ძმოობრივის სიყვარულით და ვსთხოვ თქვენს წარმატებას. თქვენის წერილის პასუხი აგერ გახლამს და მე რაღა მოგწეროთ მეორეთ პასუხები; მხოლოდ დაუმატებ, რომ უკეთუ ბავშვები ეტანებიან ამ სახელმძღვანელოს არა იმიტომ, რომ მარტო კარგად არის შედგენილი, არამედ იმიტომ უფრო, რომ ქართულ კალაპოტზედ არის გამოჭრილი და ქართული ცხოვრებიდგან არის მისი მასალა აღებული, და ეს უკანასკენლი ჩემის აზრით, უფრო უსაჭიროესია და პედაგოგიური, სხვაფრივ ბავშვები რუსულს ენას ვერ შეიგნებენ თუ არ მშობლიურის საშუალებით. სხვებრ ვარ მშვიდობით. ამ წერილს ვატან ჩემს შვილს უფროსსა გიმნაზიელს კოტე ტურიაშვილს. მე არ მეცალა რომ მენახეთ. თქვენი ძმა და მეგობარი მღვდელი ლაზარე ტურიაშვილი, 19 დეკემბერი 1892წ. ქ. გორი"

    1894 წელს დეკანოზი ლაზარე თბილისის სასულიერო სემინარიის წმინდა ანდრია პირველწოდებულის სახელობის ტაძრის წინამძღვრად დაინიშნა და ამავე წელს დეკანოზის წოდება მიენიჭა.

   1898 წელს დეკანოზი ერევნის ღვთისმშობლის საფარველის სახელობის საკათედრო ტაძრის წინამძღვრად გადაიყვანეს და ერევნის გუბერნიის II ოლქის მთავარხუცესად დაადგინეს.

   1899 წელს წმინდა ანას III ხარისხის ორდენით დაჯილდოვდა.

   1902 წელს ავლაბრის წმინდა მარინეს სახელობის ეკლესიის წინამძღვრად დაინიშნა, სადაც 5 წელი იმსახურა და 1907 წელს პენსიაზე გავიდა. დეკანოზ ლაზარეს ჰყავდა მეუღლე ეკატერინე ბეგიაშვილი და შვილები: ალექსანდრა, კონსტანტინე, ალექსანდრე, თამარი, ნიკოლოზი, მიხეილი, იოანე, და ნადეჟდა.

   დეკანოზი ლაზარე გარდაიცვალა 1929 წლის 17 აპრილს და დაკრძალულია კუკიის წმინდა ნინოს სახელობის ეკლესიის სასაფლაოზე.

ორგანიზაციის, ასოციაციის ან ჯგუფის წევრი

  • ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოება, საზოგადოების ნამდვილი წევრი (1884-1911)

ჯილდოები, პრემიები და პრიზები

  • 1899 - წმინდა ანას III ხარისხის ორდენი
  • 1890 - სამკერდე ოქროს ჯვარი

ბიბლიოგრაფია

საკონტაქტო ინფორმაცია

  • სამსახური
    მისამართი:გორი, საოსტატო სემინარია

გააზიარე: