The National Library of Georgia მთავარი - ბიბლიოთეკის შესახებ - ელ.რესურსები 
  შესვლა
ქ.შ.წ.კ.გ საზოგადოების წევრები
დასაწყისიკატეგორიები  
ძიება
პიროვნების სახელი:

საძიებელი ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი (ქშწკგ) საზოგადოების ყველა წევრს აერთიანებს, რომლებიც გაწევრიანდნენ ამ საზოგადოებაში მისი დაარსებიდან ლიკვიდაციამდე (1879–1927).

ეროვნული ბიბლიოთეკა მოგმართავთ თხოვნით, თქვენი წინაპრების ან ნათესავების ამ ბაზაში აღმოჩენის შემთხვევაში გამოგვიგზავნოთ მათი მონაცემები ბაზაში განსათავსებლად. საკონტაქტო ტელეფონი: 599548291.



ნინო სოფრომის ასული ტყეშელაშვილი

ნინო სოფრომის ასული ტყეშელაშვილი
დაბადების თარიღი:1874
გარდაცვ. თარიღი:1956  (82 წლის ასაკში)
კატეგორია:მწერალი, პედაგოგი, პუბლიცისტი

ბიოგრაფია

       ნინო ტყეშელაშვილი დაიბადა 1874 წელს ქუთაისში მღვდლის ოჯახში. მამა იმ დროისთვის საკმაოდ განათლებული და წიგნის მოყვარული ყოფილა, ხოლო დედა წერეთლის ქალი იყო და აკაკის ახლო ნათესავი, რომელიც ხშირად უკითხავდა პატარა ქალიშვილს „ვეფხისტყაოსანს“, ყარამანიანს“ და „ამირანიანს“.

   ნინომ ქუთაისის ქალთა გიმნაზია ოქროს მედალზე დაამთავრა, მაგრამ მასწავლებლად მუშაობის დაწყება დიდხანს ვერ მოახერხა და ბოლოს, 1890-იან წლებში, ნიკო ნიკოლაძისა და ოლღა გურამიშვილის მიწვევით დიდი ჯიხაიშის სკოლაში რუსულის მასწავლებლად დაიწყო მუშაობა.

   1903 წელს ნინო ტყეშელაშვილი მოსკოვში გაერმგზავრა სტომატოლოგიის შესასწავლად. სტუდენტობის დროს აქტიურად მონაწილეობდა სტუდენტურ გამოსვლებში.

   1906 წელს სამშობლოში დაბრუნდა და თბილისწში, მარიამ დემურიას საკვირაო სკოლაში მასწავლებლად დაიწყო მუშაობა. მასზე დიდი გავლენა მოახდინა მარიამ დემურიას საზოგადოებრივმა აქტიურობამ და ეკატერინე გაბაშვილის მწერლობამ.

  1905-1907 წლების რუსეთის რევოლუციის შემდგომ წლებში ქალთა სამოქალაქო და პოლიტიკური მონაწილეობისათვის მოძრაობაში. სახელი გაითქვა იმიტირებული სასამართლო პროცესით „ქრისტინეს გასამართლება“, ეგნატე ნინოშვილის „ქრისტინეს“ მიხედვით, რომელიც სახალხო თეატრების სცენაზე იმართებოდა და სადაც ქრისტინეს ცნობილი მსახიობი ეფემია მესხი განასახიერებდა.

   ნინო ტყეშელაშვილი პუბლიცისტურ საქმიანობას ეწეოდა. ქალთა უფლებების შესახებ ფსევდონიმებით სტატიებს აქვეყნებდა იმდროინდელ ქართულ პრესაში: „ნაკადული“, „ცნობის ფურცელი“, „კლდე“, „ქართველი ქალის ხმა“, „თეატრი და ცხოვრება“ და სხვა პერიოდულ გამოცემებში.

   1906 წლიდან ნინო ანასტასია გედევანიშვილის მიერ დაარსებულ „ქალთა თანასწორუფლებიანობის საქართველოს კავშირის“ საქმიანობაში იყო ჩართული. ამ ორგანიზაციამ 1908 წელს მისასალმებელი წერილი გაუგზავნა სრულიად რუსეთის ქალთა პირველ ყრილობას. ამავე პერიოდში ნინო გამოეყო კავშირს და იყო იმ 136 ქალს შორის, რომელთაც შექმნეს „კავკასიელ ქალთა საზოგადოება“. ეს ორგანიზაცია იბრძოდა ქალთა საარჩევნო უფლებებისთვის, ქმნიდა კლუბებს ქალებისთვის, სადაც მათ წერა-კითხვას და ხელსაქმეს ასწავლიდნენ. მიმდინარეობდა პროპაგანდა პროსტიტუციის, როგორც „საზოგადოებრივი სიბოროტის“ წინააღმდეგ.

   ნინო ტყეშელაშვილი ქალთა უფლებებისთვის ბრძოლას საქართველოს დამოუკიდებლობის წლებშიც განაგრძობდა. საბჭოთა პერიოდში იგი ძირითადად საბავშვო მწერლობით იყო დაკავებული. 1930 წლიდან მისი ზღაპრები, მოთხრობები და იგავ-არაკები სისტემატურად იბეჭდებოდა ჟურნალ-გაზეთებში. ტყეშელაშვილს ეკუთვნის ასევე მოგონებები მისი თანამედროვე მწერლების და საზოგადო მოღვაწეების — ეკატერინე გაბაშვილის, ანასტასია თუმანიშვილ-წერეთლის, ანასტასია ერისთავი-ხოშტარიას, კეკე მესხის, მარიამ დემურიას, ქეთევან ირემაძის, შიო არაგვისპირელის, იოსებ გრიშაშვილის, გიორგი ქუჩიშვილის და სხვათა შესახებ.

   ნინო ტყეშელაშვილი გარდაიცვალა 1956 წელს თბილისში.

ორგანიზაციის, ასოციაციის ან ჯგუფის წევრი

  • კავკასიელ ქალთა საზოგადოება, წევრი
  • ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოება, საზოგადოების ნამდვილი წევრი (1913-)

ბიბლიოგრაფია


გააზიარე: