The National Library of Georgia Home - About Library - E-Resources 
  Login
Georgian -
HomeCategories  
Search
Person Name:



დიმიტრი ნიკოლოზის ძე უზნაძე

დიმიტრი ნიკოლოზის ძე უზნაძე
Date of birth:1 January, 1887
Date of death:12 October, 1950  (at 63 years)
Burial location:თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ბაღი
Category:Scientist, Educator, Psychologist

Biography

      დიმიტრი უზნაძე დაიბადა 1886 წლის 20 დეკემბერს (ძვ.სტ.) ზესტაფონის რაიონის სოფელ საქარაში. 1896 წელს იგი შეიყვანეს ქუთაისის პირველ ვაჟთა გიმნაზიაში. 1905 წელს სწავლის გასაგრძელებლად მიემგზავრება გერმანიაში, სადაც  ლაიფციგის უნივერსიტეტის ფილოსოფიის ფაკულტეტზე ჩაირიცხა.

     1909 წელს  დიმიტრი უზნაძემ ჰალეს უნივერსიტეტში დაიცვა დისერტაცია თემაზე : "ვლადიმერ სოლოვიოვი, მისი შემეცნების თეორია და მეტაფიზიკა" და ფილოსოფიის დოქტორის ხარისხი მიენიჭა. იმავე წელს იგი სამშობლოში დაბრუნდა და ქუთაისის ქართულ გიმნაზიაში მსოფლიო ისტორიის, ლოგიკისა და  ფსიქოლოგიის  მასწავლებლად დაიწყო მუშაობა.

     1910 წელს დიმიტრი უზნაძემ  სწავლა გააგრძელა ხარკოვის უნივერსიტეტის ისტორიულ–ფილოლოგიურ ფაკულტეტზე, რომელიც 1913 წელს წარჩინებით დაამთავრა.

     1909–1917 წლებში დ. უზნაძე ჩართულია პრაქტიკულ საგანმანათლებლო, საზოგადოებრივ-პუბლიცისტურ და სამეცნიერო მოღვაწეობაში. მისი ინტერესი ძირითადად მიმართული იყო ლიტერატურათმცოდნეობის, ესთეტიკის თეორიის, ფილოსოფიისა და  პედაგოგიკის საკითხებისადმი, ქმნის ქართველი მწერლებისა და პოეტების ნაწარმოებების  ფსიქოლოგიური ანალიზის შესანიშნავ ნიმუშებს,  ამუშავებს აქტუალურ ფილოსოფიურ პრობლემატიკას, წერს მონოგრაფიებს ვლ. სოლოვიოვისა და ა. ბერგსონის  ფილოსოფიური სისტემების შესახებ, აქვეყნებს წერილების სერიას თეორიულ პედაგოგიკაში და სამეცნიერო სტატიებს ბეჭდავს  გაზეთებში: "კოლხიდა",  „დროება", “მეგობარი“, “სახალხო ფურცელი“ და სხვა. პედაგოგიკის თეორიის საკითხებზე წერილებს აქვეყნებს  და  თანამშრომლობს ჟურნალ "განათლებასთან".

      1912 წელს ცალკე წიგნად გამოვიდა უზნაძის "ექსპერიმენტული პედაგოგიკის შესავალი", რითაც  საქართველოში  იწყება ორი ახალი დისციპლინა - ექსპერიმენტული პედაგოგიკა და ბავშვის ფსიქოლოგია. 1910 წელს რუსეთში ექსპერიმენტული პედაგოგიკის საკითხებზე პირველი  კონგრესი ჩატარდა, სადაც საქართველოდან წარმოდგენილი გახლდათ დიმიტრი უზნაძე. იგი იღწვოდა  სასკოლო პრაქტიკაში დაენერგა მოწინავე პედაგოგიური იდეები.

     1915 წლიდან დიმიტრი უზნაძე იყო "ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების"  ქუთაისის განყოფილების წევრი და მდივანი. სწორედ საზოგადოების დახმარებითა და მისი თაოსნობით 1915 წელს ქუთაისში დაარსდა ქალთა სკოლა "სინათლე", სადაც სწავლება ქართულ ენაზე მიმდინარეობდა. დ. უზნაძე ამ სკოლის გამგედ დაინიშნა. ორი წლის განკავლობაში მან შექმნა ნოვატორული სკოლა - ეროვნულ და დემოკრატიულ პრინციპებზე აგებული პედაგოგიური სისტემით. პრესაში გამოქვეყნდა სკოლაში მუშაობის ანგარიში და შეფასდა, როგორც " ბრწყინვალე პედაგოგიური ტრაქტატი“. ამ სისტემის ძირითადი დებულებები დღესაც ძალზე აქტუალური და მნიშვნელოვანია.

      1917 წლიდან დიმიტრი უზნაძე თბილისში გადმოვიდა და მთლიანად ჩაერთო ივანე ჯავახიშვილის თაოსნობით განხორციელებულ ეროვნულ პროექტში - თბილისის იუნივერსიტეტის დაარსებაში.  ენერგიულად შეუდგა მუშაობას სახალხო განათლებისა და სასკოლო რეფორმების საკითხებზე. 1917 წელს გამოაქვეყნა წიგნი სახელწოდებით "სკოლის რეფორმა ამიერკავკასიაში".

     1918 წლიდან დიმიტრი უზნაძემ, როგორც  თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის  ერთ–ერთმა დამაარსებელმა, იქვე დაიწყო მოღვაწეობა. უნივერსიტეტში მუშაობასთან ერთად იგი ფართო საზოგადოებრივ და სამეცნიერო მოღვაწეობას ეწეოდა სახალხო განათლების მაღალკვალიფიციური კადრების მომზადებისა და პედაგოგიკის დარგში სამეცნიერო მუშაობის განვითარების მიმართულებით. ამიერკავკასიის  სამასწავლებლო ინსტიტუტის ბაზაზე  მისი ხელმძღვანელობით შეიქმნა „ქართული საოსტატო  ინსტიტუტი“, რომელიც 1919 წლიდან „პედაგოგიურ ინსტიტუტად გადაკეთდა და რომლის პროფესორი და დირექტორი 1918–1925 წლებში თავად გახლდათ.

     1918 წელს დიმიტრი უზნაძემ  თბილისის უნივერსიტეტში საფუძველი ჩაუყარა ფსიქოლოგიის ლაბორატორიას. შექმნა ქართულ ფსიქოლოგიური ლიტერატურა, ქართულ ფსიქოლოგიური ენა და დაიწყო ფსიქოლოგიური კადრების მომზადება. 1921 წლიდან იწყებს  მეცნიერულ კვლევებს ფსიქოლოგიაში, ხოლო  1927 წლიდან დაიწყო განწყობის ექსპერიმენტული მასალის მოგროვება, რაც საფუძვბლად დაედო განწყობის  თეორიას.

 დ. უზნაძე იყო თბილისის უნივერსიტეტის ფსიქოლოგიის, პედაგოგიკის, ფილოსოფიის სხვადასხვა დარგის პირველი პროფესორი და ფსიქოლოგიის კათედრისა და ლაბორატორიის პირველი გამგე. სხვადასხვა პერიოდში მოღვაწეობდა პედაგოგიკის დარგის სამეცნიერო–კვლევით დაწესებულებებში, ბავშვთა და მოზარდთა ჯანმრთელობის დაცვის ინსტიტუტში, ქუთაისისა და სოხუმის პედაგოგიურ ინსტიტუტებში.

   1921 წელს საქართველოს სსრ განათლების კომისარიატის კოლეგიის დავალებით დიმიტრი უზნაძემ სასკოლო რეფორმების საკითხებზე დაამუშავა მოხსენება, რომელმაც ქართული ნაციონალური სკოლის განვითარების საქმეში გარკვეული როლი ითამაშა. იგი ავტორია საშუალო სკოლების პირველი ქართული სახელმძღვანელოებისა მსოფლიო ისტორიაში: "ძველი აღმოსავლეთი და პირველყოფილი კულტურა", "ძველი საბერძნეთი", "ახალი ისტორია", "რომის ისტორია" და სხვა.

    დიმიტრი უზნაძის განსაკუთრებული მზრუნველობის საგანს წარმოადგენდა ფსიქოლოგიური განათლების სათანადო სიმაღლეზე დაყენება და სამეცნიერო–პედაგოგიური კადრების მომზადება ფსიქოლოგიის დარგში. მან შეადგინა ორიგინალური სახელმძღვანელოები ფსიქოლოგიური ცოდნის სხვადასხვა დარგებისთვის: "ექსპერიმენტული ფსიქოლოგიის საფუძვლები", "ზოგადი ფსიქოლოგია", "ბავშვის ფსიქოლოგია" და სხვა.

    1927 წელს შეიქმნა ფსიქოლოგთა საზოგადოება, ხოლო 1941 წელს მთავრობის გადაწყვეტილებით, საქართველოში მეცნიერებათა აკადემიის სისტემაში დაარსდა პირველი ფსიქოლოგიური სამეცნიერო ცენტრი – ფსიქოლოგიის სექტორი, რომელიც 1943 წელს რეორგანიზებული იქნა ფსიქოლოგიის ინსტიტუტად, რომელსაც, რასაკვირველია, თავად დიმიტრი უზნაძე ხელმძღვანელობდა.

    სამამულო ომის წლების პერიოდში ფსიქოლოგიის სექტორმა განსაკუთრებული ადგილი დაუთმო სამხედრო ფსიქოლოგიაზე მუშაობას და ამ პრობლემას უზნაძის რედაქციით სპეციალური ტომიც მიეძღვნა ("ფსიქოლოგია", ტ.II). დიმიტრი უზნაძისა და სხვა მეცნიერთა ინიციატივით თბილისში ჩამოყალიბდა ფსიქონევროლოგიური ევაკოჰოსპიტალი – "ფსიქონევროლოგიური ცენტრი".

    დიმიტრი უზნაძის ადრინდელი ფილოსოფიური ძიებები და  ძირითადი დებულებები: განვითარების იდეა, აქტუალობის პრინციპი, მოთხოვნილებებისა და ღირებულებების თეორია აისახა განწყობის თეორიის  საფუძვლებში და შემდეგ ექსპერიმენტულად დადასტურდა. ამ თეორიამ ახსნა ადამიანის მოქმედების მიზანშეწონილების, მიზნობრივი ორგანიზების კანონზომიერება და ქცევის მიზანთან შესატყვისობა. ამით მან ფსიქოლოგიურ მეცნიერებას ახალი პოზიცია შეუქმნა და  ფსიქოლოგიური კვლევა ახალი მიმართულებით წაიყვანა. ამავე დროს, დ. უზნაძემ განწყობის კვლევის ექსპერიმენტული მეთოდიც აღმოაჩინა და ამით განწყობა ფსიქოლოგიური მეცნიერების ძიების სფეროში მოაქცია. ამ თეორიით მან ადამიანის  მოქმედების სრულიად ახალი ახსნა გვიჩვენა.

    დიმიტრი უზნაძის ხელმძღვანელობით მრავალი წლის განმავლობაში წარმოებდა განწყობის ექსპერიმენტული შესწავლა, რომლის მონაცემები განზოგადებულია უზნაძის მონოგრაფიაში "განწყობის ექსპერიმენტული ფსიქოლოგიის საფუძვლები" (1948 წ.).

   დიმიტრი უზნაძე გარდაიცვალა  1950 წლის 12 ოქტომბერს. დაკრძალეს ვაკის სასაფლაოზე, ხოლო 1986 წელს თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ეზოში გადაასვენეს.

    საქართველოში მეცნიერული ფსიქოლოგიის ისტორია დაკავშირებულია დ. უზნაძის სახელთან და ბუნებრივია, რომ საქართველოს აკადემიის ფსიქოლოგიის ინსტიტუტს დიმიტრი უზნაძის სახელი მიენიჭა.

Member of Organizations

  • საქართველოს სსრ მეცნიერებათა აკადემია, აკადემიის ნამდვილი წევრი
  • ფედერალისტების პარტია, წევრი (1917-)
  • ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოება, საზოგადოების ქუთაისის განყოფილების წევრი (1915-)

Awards and Honors

  • 1943 - მედალი "კავკასიის დაცვისათვის"
  • 1938 - საპატიო სიგელი
    როგორც თბილისის უნივერსიტეტის დამაარსებელ მეცნიერთა ჯგუფის ერთ–ერთი წევრი
  • მეცნიერების დამსახურებული მოღვაწე
    მეცნიერების დარგში ნაყოფიერი მუშაობისთვის
  • შრომის წითელი დროშის ორდენი

Bibliography


Share: