The National Library of Georgia მთავარი - ბიბლიოთეკის შესახებ - ელ.რესურსები 
  შესვლა
ქ.შ.წ.კ.გ საზოგადოების წევრები
დასაწყისიკატეგორიები  
ძიება
პიროვნების სახელი:

საძიებელი ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი (ქშწკგ) საზოგადოების ყველა წევრს აერთიანებს, რომლებიც გაწევრიანდნენ ამ საზოგადოებაში მისი დაარსებიდან ლიკვიდაციამდე (1879–1927).

ეროვნული ბიბლიოთეკა მოგმართავთ თხოვნით, თქვენი წინაპრების ან ნათესავების ამ ბაზაში აღმოჩენის შემთხვევაში გამოგვიგზავნოთ მათი მონაცემები ბაზაში განსათავსებლად. საკონტაქტო ტელეფონი: 599548291.



სოფიო დავითის ასული კალანდარიშვილი

სოფიო დავითის ასული კალანდარიშვილი
ოფიციალური სახელი:სოფიო დავითის ასული ციციშვილი
დაბადების თარიღი:იანვარი, 1870  (155 წლის)
კატეგორია:პედაგოგი, საზოგადო მოღვაწე

ბიოგრაფია

   სოფიო ციციშვილი დაიბადა 1870 წელს ქართლის სოფელ ნიჩბისში, თავადიშვილის ოჯახში.

   1890 წელს მცხეთი სამონასტრო სკოლის ოთხი კლასის დამთავრებისა და სამასწავლებლო გამოცდის ჩაბარების შემდეგ, იქვე გამწესდა მასწავლებლად. პარალელურად საზოგადოებრივ-კულტურულ მუშაობაში ჩაება.

   სოფიო ციციშვილის თაოსნობით, მცხეთაში წიგნთსაცავ-სამკითხველო დაარსდა და მოეწყო საკვირაო სკოლა, სადაც, ხალხს უმთავრესად, სოციალისტური შინაარსის წიგნებს უკითხავდა.     

   1900 წელს სოფიო ციციშვილი ცოლად გაჰყვა მოსე კალანდარიშვილს და საცხოვრებლად ვლადიკავკავში გადავიდა, სადაც ამ დროს, ეფროსინე ნიკოლაძე-ჭიჭინაძის თაოსნობით დაარსებული იყო ქართველ ქალთა „პარასკევის წრე", რომლის წევრები ყოველ პარასკევ საღამოობით იკრიბებოდნენ ერთ-ერთი წევრის სახლში, სადაც ქალებს ხელსაქმეს ასწავლიდნენ და წიგნებს უკითხავდნენ. როცა ეფროსინე ჭიჭინაძე თბილისში გადავიდა, ამ წრის თავმჯდომარედ და ხელმძღვანელად არჩეულ იქნა სოფიო კალანდარიშვილისა, რომლის თაოსნობით ჭრა-კერვის იაფფასიანი სკოლა დააარსეს, სადაც ღარიბებს სრულიად უფასოდ ასწავლიდნენ და კურსდამთავრებულნი ჭრა-კერვის მასწავლებლები გამოდიოდნენ. ამ დროს, კავკავში, ქართველობა უმთავრესად წვრილ ვაჭართა და მოხელეთაგან შედგებოდა, რომლებმაც რუსული ენა არ იცოდნენ, ხოლო მათმა შვილებმა – ქართული. ქართველი მოზარდი თაობა გადაგვარების გზაზე იდგა. სოფიო კალანდარიშვილისა და მის თანამოაზრეთა წყალობით, ქართულმა საქმიანობამ ფრთა გაშალა და შეგნებული ხალხურ-ეროვნული მუშაობა გაჩაღდა, რომლის ერთი მთავარი ღერძთაგანი იყო მისი მეუღლე, მოსე კალანდარიშვილიც იყო.

    1907 წლიდან სოფიო კალანდარიშვილი გახლდათ „ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების“ წევრი, ხოლო 1909 წლიდან ამ საზოგადოების კავკავის განყოფილების წევრი.

   1914 წელს, სოფიო თბილისში გადმოვიდა და ანასტასია თუმანიშვილი-წერეთლის თაოსნობით შემდგარ ქალთა კომისიის თავმჯდომარედ იქნა არჩეული, რომლის მიზანი ქართველ ქალთა საოსტატო სემინარიის დაარსება, მშობლიურ ნიადაგზე მასწავლებელთა მომზადება და ნამდვილი ეროვნული სკოლის შექმნა იყო. სკოლა გაიხსნა კიდეც თვითმპყრობელობის დროს, სადაც ყველა საგანი ქართულ ენაზე ისწავლებოდა, რაც იმ დროს დიდ მიღწევა იყო. რევოლუციის შემდეგ სკოლა საქართველოს მთავრობას გადაეცა.

   სოფიო კალანდარიშვილი ხარფუხის სამხატვრო-სახელოსნო სკოლის საქმიანობაშიც იღებდა მონაწილეობას.

   სოფიო კალანდარიშვილის გარდაცვალების თარიღი უცნობია.

ორგანიზაციის, ასოციაციის ან ჯგუფის წევრი

  • ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოება, წევრი (1907-)
  • ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოება, საზოგადოების კავკავის განყოფილების წევრი (1909-)

ბიბლიოგრაფია


გააზიარე: