The National Library of Georgia მთავარი - ბიბლიოთეკის შესახებ - ელ.რესურსები 
  შესვლა
ქ.შ.წ.კ.გ საზოგადოების წევრები
დასაწყისიკატეგორიები  
ძიება
პიროვნების სახელი:

საძიებელი ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი (ქშწკგ) საზოგადოების ყველა წევრს აერთიანებს, რომლებიც გაწევრიანდნენ ამ საზოგადოებაში მისი დაარსებიდან ლიკვიდაციამდე (1879–1927).

ეროვნული ბიბლიოთეკა მოგმართავთ თხოვნით, თქვენი წინაპრების ან ნათესავების ამ ბაზაში აღმოჩენის შემთხვევაში გამოგვიგზავნოთ მათი მონაცემები ბაზაში განსათავსებლად. საკონტაქტო ტელეფონი: 599548291.



ამბროსი ბესარიონის ძე კანდელაკი

ამბროსი ბესარიონის ძე კანდელაკი
დაბადების თარიღი:1870
გარდაცვ. თარიღი:21 მარტი, 1939  (69 წლის ასაკში)
დაკრძალვის ადგილი:სოფელი ბარსაჯავახო (დღევანდელი საჯავახო)
კატეგორია:სასულიერო პირი

ბიოგრაფია

    ამბროსი კანდელაკი  დაიბადა 1870 წელს ქუთაისის გუბერნიის სოფელ ჭოგნარში მღვდლის ოჯახში.

   1887 წელს ჩააბარა თბილისის სასულიერო სემინარიაში, რომელიც 1893 წელს დაამთავრე და იმავე წელს ჭოგნარის სამრევლო-საეკლესიო სკოლის მასწავლებლად დაინიშნა, სადაც 1897 წლამდე ასწავლისა.

   1894 წელს იმერეთის ეპისკოპოსმა გაბრიელმა (ქიქოძე) დიაკვნად აკურთხა, ამავე წელს მღვდლად დაასხა ხელი და ბარსაჯავახოს ღვთისმშობლის შობის სახელობის ეკლესიაში განამწესა.

   1894 წლიდან 1897 წლამდე გამოჩინებულის ოლქის სამრევლო-საეკლესიო სკოლების მეთვალყურე გახლდათ. 1896 წლის 20 მაისს საგვერდულით დაჯილდოვდა. 1897 წელს მონაწილეობა მიიღო რუსეთის იმპერიის მოსახლეობის საყოველთაო აღწერაში, რის გამოც ბრინჯაოს მედლით დაჯილდოვდა.

   1897 წელს სოფელ დაფნარის სკოლაში საღვთო სჯულის მასწავლებლად მიავლინეს, ხოლო 1898 წელს სოფელ  ჭოგნარში გადაიყვანეს. 1898-1900 წლებში იყო სასულიერო დეპუტატი.

   1899-1900 წლებში ორპირის ოლქის მთავარხუცესი იყო. 1903 წლის 18 მარტს ჭოგნარის სვეტიცხოვლის სახელობის ტაძრის წინამძღვრად გადაიყვანეს. 1903 წელს სკუფია უბოძეს. 1904 წელს ისევ ბარსაჯავახოს ეკლესიის წინამძღვრად გადაიყვანეს. მამა ამბროსის განსაკუთრებული წვლილი მიუძღვის ჭოგნარსა და დაფნარში სწავლების დონის ამაღლების საქმეში. თავდაპირველად, შენობის უქონლობის გამო, სკოლა მას თავის სახლში ჰქონდა მოწყობილი. 1905 წელს კი შეაგროვა საჭირო თანხა და ახალი სკოლის შენობა ააგო. ახალ სკოლაში მასთან ერთად მასწავლებლები მისი ბიძაშვილები, აგრაფინა კანდელაკი და აბესალომ (პროკლე) ტაბიძე იყვნენ.

    1905 წელს მამა ამბროსის უსიამოვნება ამბავი გადახდენია. ამის შესახებ გაზეთი "ივერია" წერდა: "ამ დღეებში იმერეთის ეპისკოპოსს ლეონიდს მოუვიდა ყოფილ გუბერნატორის სმაგინისაგან ქაღალდი, რომ გადაყენებულ იქნეს საჯავახოს მღვდელი ამბროსი კანდელაკი, რომელიც მოწვეულ იყო ბოქაულის კოსტავას გასვენებაზე და არ მოვიდაო. ეპისკოპოსი გუშინ პირადად მოელაპარაკა გუბერნატორს თავად ორბელიანს, რომელმაც ეს საქმე მოსპო." როგორც ვხედავთ, მეუფე ლეონიდემ შუამდგომლობა გაუწია მამა ამბროსის და იგი სასჯელს გადაურჩა.

    1906 წელს მამა ამბროსი გამოჩინებულის ოლქის მთავარხუცესის თანაშემწედ დაუნიშნავთ. 1909 წლიდან მუხაყრუის სამინისტრო სკოლაში საღვთო სჯულს ასწავლიდა.

    1910 წელს კამილავკა ეწყალობა. 1910-1912 წლებში გამოჩინებულის ოლქის სკოლების მეთვალყურე იყო. 1911 წელს მისი ინიციატივით ჭოგნარის ერთკომპლექსიანი სკოლა ორკომპლექსიანად გადაკეთდა. 1912 წელს დაასრულა სოფელ დაფნარის ახალი ქვის ეკლესიის მშენებლობა და საზეიმოდ აკურთხა.

    1912 წლის სექტემბერში, მისი მეცადინეობით, ჭოგნარის ორკომპლექსიანი სკოლა ორკლასიანად გადაკეთდა და 1913 წელს ამ ორკლასიანი სკოლის გამგედ და საღვთო სჯულის პედაგოგად დაინიშნა. ამ პერიოდშივე შეაგროვა საჭირო თანხა და სკოლას ქვის გალავანი შეამოვლო, რომელიც 1913 წელს იკურთხა.

    1914 წელს მამა ამბროსის მიერ ჭოგნარში ჩატარებულ აღმშენებლობით საქმეებზე გაზეთი "ერი" წერდა: "1901 წლისათვის აქ 400 კომლი ცხოვრობდა, მაგრამ სოფელს არც ერთი კულტურული დაწესებულება არ ჰქონდა, გარდა ერთკლასიანი სასწავლებლისა, რომელიც მოთავსებული იყო დაბალ ერთსართულიან ხის სახლში, რომელზეც მიშენებული იყო ხისავე პატარა ოთახი ეკლესიის ღამის დარაჯისათვის. სახლი ყავრით იყო დახურული".

    1917 წელს გამართული პირველი საეკლესიო კრების შემდეგ, ეპარქიებში მთავარხუცესთა ახალი არჩევნები ჩატარდა. ქუთათელმა მიტროპოლიტმა ანტონმა (გიორგაძე) მღვდელი ამბროსი გამოჩინებულის ოლქის მთავარხუცესად დანიშნა და ამ პოსტზე იგი 1920 წლამდე სჩანს. იმ პერიოდში, საპატრიარქოში დაცული საბუთების თანახმად, ოლქში მოქმედებდა 31 ეკლესია. 1921 წელს უკვე მღვდელი ფილიპე კანდელაკია მთავარხუცესი.

    კომუნისტური რეჟიმის დამყარების შემდეგ, მძიმე დღეები დაუდგა ეკლესიასა და სამღვდელოებას. ტაძართა ნგრევა და ღვთისმსახურთა დახვრეტა გასამართლების გარეშე ხდებოდა. გამონაკლისი არც მამა ამბროსი გახლდათ. ადგილობრივმა ხელისუფლებამ მას ღვთისმსახურება აუკრძალა და ბარსაჯავახოს ტაძარი დაანგრია. მიუხედავად ამისა, მოძღვარი მაინც განაგრძობდა ქადაგებას. როდესაც სიტყვით ვერაფერს გახდნენ, იგი დააპატიმრეს და ძალით გაკრიჭეს. შეშფოთებულმა მამა ამბროსიმ ღამით, მთელი საეკლესიო ნივთები და საღვთისმსახურო წიგნები ჩუმად მიიტანა სახლში და სხვენში დამალა. თუმცა არც ეს გამოპარვიათ, მოძღვარს სახლში მიუცვივდნენ, ყველა ნივთი შუა ეზოში გამოიტანეს და დაწვეს. გადმოცემით, მამა ამბროსის მოუსწრია და ზოგიერთი საეკლესიო ნივთი სხვა ადგილზეც დაუმალავს (მაგრამ დღეს არავინ იცის მისი ადგილსამყოფელი). მიუხედავად შევიწროებისა და დევნა-მუქარისა, მამა ამბროსი ღამღამობით, ჩუმად მაინც აღასრულებდა საეკლესიო საიდუმლოებებს.

    მამა ამბროსის ჰყავდა ნეუღლე, სოფელ კულაშში მცხოვრები თავად აპოლონ მიქელაძის ქალიშვილი მაშო, რომელიც ფრიად გონიერი და განათლებული ქალბატონი ყოფილა და რომელიც  მასთან ერთად ასწავლიდა მამა ამბროსის დაარსებულ სასწავლებულში. მაშო მიქელაძესა და მამა ამბროსის ჰყავდათ შვიდი შვილოი: შალვა, გიორგი, მიხეილი, გრიგოლი, გოგოლა, ეკატერინე და ალექსანდრა.

    დევნილი მოძღვარი გარდაიცვალა 1939 წლის 21 მარტში და დაკრძალულია სოფელ ბარსაჯავახოს სასაფლაოზე.

ორგანიზაციის, ასოციაციის ან ჯგუფის წევრი

  • ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოება, საზოგადოების ხონის განყოფილების ნამდვილი წევრი (1911-)

ჯილდოები, პრემიები და პრიზები

  • 1897 - ბრინჯაოს მედალი

გააზიარე: