The National Library of Georgia მთავარი - ბიბლიოთეკის შესახებ - ელ.რესურსები 
  შესვლა
ქ.შ.წ.კ.გ საზოგადოების წევრები
დასაწყისიკატეგორიები  
ძიება
პიროვნების სახელი:

საძიებელი ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი (ქშწკგ) საზოგადოების ყველა წევრს აერთიანებს, რომლებიც გაწევრიანდნენ ამ საზოგადოებაში მისი დაარსებიდან ლიკვიდაციამდე (1879–1927).

ეროვნული ბიბლიოთეკა მოგმართავთ თხოვნით, თქვენი წინაპრების ან ნათესავების ამ ბაზაში აღმოჩენის შემთხვევაში გამოგვიგზავნოთ მათი მონაცემები ბაზაში განსათავსებლად. საკონტაქტო ტელეფონი: 599548291.



ნიკიფორე სვიმონის ძე კანდელაკი

ნიკიფორე სვიმონის ძე კანდელაკი
დაბადების თარიღი:1864
გარდაცვ. თარიღი:1948  (84 წლის ასაკში)
კატეგორია:სასულიერო პირი

ბიოგრაფია

       ნიკიფორე კანდელაკი დაიბადა 1864 წელს რაჭის მაზრის სოფელ ველევში მედავითნის ოჯახში

       1881-1887 წლებში ნიკიფორე თბილისის სასულიერო სემინარიაში სწავლობდა, რომელიც პირველი ხარისხის დიპლომით დაასრულა და იმავე წელს ქუთაისის სასულიერო სასწავლებელში ზედამხედველის მოვალეობის შემსრულებლად დაინიშნა. 1888 წელს იმერეთის ეპისკოპოსმა გაბრიელმა (ქიქოძე) დამტკიცა ამ თანადებობაზე.

      1889 წელს ეპისკოპოსმა გაბრიელმა (ქიქოძე) ნიჭიერი და აქტიური ახალგაზრდა დიაკვნად აკურთხა, მალევე მღვდლად დაასხა ხელი და რაჭის მაზრაში, სოფელ ველევის ყოვლადწმინდა სამების სახელობის ეკლესიის წინამძღვრად განამწესა.

     1890 წელს, ნიკორწმინდის ოლქის სამღვდელოებამ, სამი წლის ვადით, საეპარქიო სხდომაზე დამსწრე დეპუტატად გამოარჩია და ამავე წელს რაჭის მაზრის, სადმელის ოლქის მთავარხუცესად დაინიშნა. ერთი წლის შემდეგ ამავე ოლქის სამრევლო-საეკლესიო სკოლების ზედამხედველად დაადგინეს. 1891 წლიდან ნიკორწმინდის ოლქის მთავარხუცესია.

     1893 წელს საგვერდულით დაჯილდოვდა და შეთავსებით ნიკორწმინდის ოლქის სამრევლო-საეკლესიო სკოლებს ზედამხედველობდა. სკოლებზე მზრუნველობის გარდა, მამა ნიკიფორე განსაკუთრებულ ყურადღებას უთმობდა ახალგაზრდა თაობებში წიგნიერების დონის ამაღლებას. მოგეხსენებათ, ძველ დროში წიგნი ადვილი საშოვნელი არ იყო, მითუმეტეს გაჭირვებული გლეხობისათვის. პროგრესიულად მოაზროვნე სამღვდელოება ცდილობდა ეკლესიებთან ახლოს გაეხსნათ სამკითხველოები, სადაც ბავშვები შეძლებდნენ სასულიერო თუ საერო ლიტერატურის წაკითხვას. მამა ნიკიფორემ შესძლო და თავისი ოლქის სამღვდელოების დახმარებით ქვემო რაჭის წიგნთსაცავი გახსნა. 

      1893 წელს მამა ნიკიფორე ხოტევის მთავარანგელოზთა სახელობის ეკლესიაში გადაიყვანეს და 1895 წლიდან ნიკორწმინდის ოლქის სკოლების ზედამხედველობაც ჩააბარეს.

      1895 წლიდან ისევ ველევის სამრევლოში დაბრუნდა და პარალელურად იმერეთის საეპარქიო სასწავლო საბჭოს, რაჭის მაზრის განყოფილების თავჯდომარეა.

     1896 წელს სკუფია უბოძეს და იმავე წელს მთელი რაჭის მაზრის სამრევლო-საეკლესიო სკოლების ზედამხედველობა ჩააბარეს, ხოლო 1897 წლიდან ლეჩხუმის მაზრის სკოლებიც მის განკარგულებაში გადავიდა, მაგრამ მალევე, მისივე თხოვნის საფუძველზე, სკოლების ზედამხედველის პოსტიდან გათავისუფლდა.

     1897 წელს მამა ნიკიფორემ, სხვა სასულიერო პირებთან ერთად, აქტიური მონაწილეობა მიიღო რუსეთის იმპერიის მოსახლეობის საყოველთაო აღწერაში, რის გამოც 1898 წელს მუქი ბრინჯაოს მედლით დაჯილდოვდა. 

     1901 წელს, საქართველოს ეგზარქოს ფლაბიანეს (გოროდეცკი) ლოცვა-კურთხევით მღვდელი ნიკიფორე აღმოსავლეთ საქართველოში გადმოიყვანეს და სტეფანწმიდის მიქაელ მთავარანგელოზის სახელობის ეკლესიის წინამძღვრად და დუშეთის მაზრის მე-4 ოლქის მთავარხუცესად დაინიშნა. ხევში გადმოსვლისთანავე, მამა ნიკიფორემ მოსახლეობაში სწავლა-განათლებისა და სარწმუნოების შუქის მოსაფენად ზრუნვა დაიწყო. ამისთვის საჭირო იყო ხევში წიგნთსაცავის გახსნა. რაჭაში გახსნილმა სამკითხველომ დადებითი შედეგი მოიტანა და მოძღვარს ძველი გამოცდილებაც გამოადგა ამ საქმეში. 

     1901 წლიდან მამა ნიკიფორე სტეფანწმიდაში არსებული კავკასიაში ქრისტიანობის აღმდგენელი საზოგადოების სამრევლო-საეკლესიო სკოლის გამგე და საღვთო სჯულის მასწავლებელი გახლდათ.

     1902 წლიდან დუშეთის მაზრის სამრევლო-საეკლესიო სკოლების ზედამხედველად აირჩიეს. 1903 წელს კამილავკა ეწყალობა. 1904 წელს დუშეთის მაზრის, II ოლქის მთავარხუცესად გადაიყვანეს და იმავე წელს ბაზალეთის ყოვლადწმინდა ღვთისმშობლის მიძინების სახელობის ეკლესიის წინამძღვრად დაინიშნა. 

    1904 წელს მამა ნიკიფორეს, მთავარხუცესის პოსტზე 12-წლიანი ერთგული და თავდადებული სამსახურისათვის წმინდა ანას III ხარისხის ორდენით დაჯილდოვდა.

    1904 წლიდან 1906 წლამდე მამანიკიფორე აღმოსავლეთ საქართველოს ეპარქიის, დუშეთის მაზრის სასწავლო განყოფილების თავჯდომარედ მუშაობდა. 1905 წელს ყვავილას წმიდა დიდმოწამე მარინეს სახელობის ეკლესიის წინამძღვრად დაადგინეს. იმავე წელს საქართველო-იმერეთის სინოდალური კანტორის ბრძანებით დუშეთის მაზრის, IV ოლქის სამთავარხუცესო გაუქმდა და იგი II ოლქს მიეწერა. აღნიშნულ ოლქში არსებულ ტაძრებზე მზრუნველობაც მამა ნიკიფორეს დაევალა.

    1908 წელს, თავისივე თხოვნის საფუძველზე, მთავარხუცესის პოსტიდანაც გათავისუფლდა.

    1914 წელს სამკერდე ოქროს ჯვარი მიიღო. 1916 წელს ავჭალის წმინდა იოანე ნათლისმცემლის სახელობის ეკლესიის წინამძღვრად დაინიშნა. მასვე დაევალა ავჭალის სამრევლო-საეკლესიო სკოლის გამგეობა და საღვთო სჯულის სწავლება, რასაც ჩვეული მონდომებითა და სიყვარულით ასრულებდა, ვიდრე 1920 წელს მენშევიკებმა არ გააუქმეს აღნიშნული სკოლა. მამა ნიკიფორეს ავჭალაში ასევე გახსნილი ჰქონდა სკოლა უფროსი ასაკის ბავშვებისათვის, სადაც თავადვე უსასყიდლოდ ასწავლიდა სხვადასხვა საგნებს.

     1918 წელს დეკანოზის წოდება მიენიჭა. 1925 წელს თბილისის მაზრის, მარტყოფი-ნორიოს ოლქის მთავარხუცესად აირჩიეს. 1929 წელს ენქერით დაჯილდოვდა.

     1929-1930 წლებში კომუნისტების ზეწოლის შედეგად ავჭალის ეკლესია დაიკეტა და საწყობად გადაკეთდა, რის გამოც მამა ნიკიფორეც დროებით უადგილოდ დარჩა. 1931 წელს დეკანოზი ნიკიფორე თბილისის მამა დავითის წმინდა დავით გარეჯელის სახელობის ეკლესიის წინამძღვრად დაინიშნა. 

     1936 წელს ეკლესიაში მრავალწლიანი ერთგული და დამსახურებული მოღვაწეობისათვის მიტრის ტარების უფლებით დაჯილდოვდა. მამა დავითზე მსახურების პერიოდში მამა ნიკიფორეს ხშირად უხდებოდა თბილისის გარშემო არსებული დახურული და მოძღვრის გარეშე დარჩენილი სამრევლოების პატრონობა და სულიერი წინამძღოლობა. 

    1940 წელს დეკანოზი ნიკიფორე თბილისის ეკლესიების მთავარხუცესად დაინიშნა. 1942 წელს კუკიის წმინდა ნინოს სახელობის ეკლესიის მესამე მღვდლად დაინიშნა. ერთი წლი შემდეგ პეტრე-პავლეს ეკლესიის მეორე მღვდლად დაადგინეს და ამასთანავე იგი კვლავ ითვლებოდა მამა დავითის ტაძრის წინამძღვრად.

     1943 წელს მამა ნიკიფორემ თხოვნით მიმართა უწმინდეს კალისტრატეს: "სრული ცამეტი წელიწადი შესრულდა მდგომარე ამა მარტის თვეში, რაც მე ვმსახურებ მთაწმიდის წმ. მამა დავითის ეკლესიაში. ცამეტი წლის განმავლობაში სამსახური მთაწმიდაზე ხანში შესულ ადამიანისათვის, როგორც მე ვარ ადვილი არ არის. ამჟამად ამ მხრივ კიდევ უფრო გართულდა ჩემი მდგომარეობა. ცხოვრების შინაურმა პირობებმა მაიძულა ოჯახს დავაახლოვბოდე. ამ მიზეზისა გამო კი შორედან მიხდება მთაწმიდაზე ასვლა-ჩამოსვლა, რაიცა მეტად ძნელი და ფიზიკურად თითქმის აუტანელია ჩემთვის. ამიტომ ვბედავ და უუმდაბლესად ვსთხოვ თქვენს უწმიდესობას, მიიღოთ ჩემზე თქვენი ყოვლად მოწყალე მარჯვენით ლოცვა-კურთხევა და გამანთავისუფლოთ წმინდა მამა დავითის ეკლესიაში სამსახურისაგან, დანიშნოთ ჩემს მაგიერ სხვა ვინმე სამღვდელოთაგან, რომელსაც უნდა გადავსცე ეკლესია თავის კუთვნილი ქონებით სათანადო სიისამებრ." კათოლიკოს-პატრიარქმა დააკმაყოფილა მისი თხოვნა და პატრიარქის ლოცვა-კურთხევით წინამძღვრობა თავის მოადგილეს გადააბარა.  მიუხედავად ავჭალის ეკლესიის დახურვისა და გაუქმებისა, ავჭალელ მორწმუნეებს გარდაცვალებამდე არ შეუწყვეტიათ მამა ნიკიფორესთან სულიერი კავშირი, რასაც ადასტურებს თავად მოძღვრის მიმართვა კათოლიკოს-პატრიარქ კალისტრატესადმი: "ჩემი ყოფილი ზემო ავჭალის სამრევლოს მორწმუნენი მთხოვენ, რათა შევუსრულო მათ ქრისტიანული წესები. უმდაბლესად გთხოვთ, უნეტარესო მეუფეო, მიბოძოთ ნებართვა ქრისტიანულ წესების შესრულებისა ზემოხსენებულ მთხოვნელთათვის. თქვენი უნეტარესობის მდაბალი დეკანოზი ნიკიფორე კანდელაკი."

    1945 წელს, მორწმუნეთა თხოვნით, მამა ნიკიფორე ვაკის სასაფლაოზე მიცვალებულთა წესებისა და პანაშვიდის შესასრულებლად მიავლინეს.

    1946 წელს შედგენილ საქართველოს სამოციქულო მართლმადიდებელი ეკლესიის სამღვდელოების ჩამონათვალში მამ ნიკიფორე თბილისის წმიდა იოანე ღვთისმეტყველის სახელობის რუსული ტაძრის მესამე მღვდელმსახურად იხსენიება.

     დეკანოზი ნიკიფორე სავარაუდოთ, 1947 ან 1948 წელს გარდაიცვალა და დაკრძალულია პეტრე-პავლეს ეკლესიის სასაფლაოზე მეუღლესთან ერთად.

ორგანიზაციის, ასოციაციის ან ჯგუფის წევრი

  • ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოება, საზოგადოების დუშეთის განყოფილების დამფუძნებელი წევრი (1914-)
  • ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოება, საზოგადოების ნამდვილი წევრი (1906-)

ჯილდოები, პრემიები და პრიზები

  • 1914 - სამკერდე ოქროს ჯვარი
  • 1904 - წმინდა ანას III ხარისხის ორდენი
  • 1898 - მუქი ბრინჯაოს მედალი

ბიბლიოგრაფია


გააზიარე: