The National Library of Georgia მთავარი - ბიბლიოთეკის შესახებ - ელ.რესურსები 
  შესვლა
ქ.შ.წ.კ.გ საზოგადოების წევრები
დასაწყისიკატეგორიები  
ძიება
პიროვნების სახელი:

საძიებელი ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი (ქშწკგ) საზოგადოების ყველა წევრს აერთიანებს, რომლებიც გაწევრიანდნენ ამ საზოგადოებაში მისი დაარსებიდან ლიკვიდაციამდე (1879–1927).

ეროვნული ბიბლიოთეკა მოგმართავთ თხოვნით, თქვენი წინაპრების ან ნათესავების ამ ბაზაში აღმოჩენის შემთხვევაში გამოგვიგზავნოთ მათი მონაცემები ბაზაში განსათავსებლად. საკონტაქტო ტელეფონი: 599548291.



გოგიტა აქვსენტის ძე ფაღავა

გოგიტა აქვსენტის ძე ფაღავა
ოფიციალური სახელი:გიორგი აქვსენტის ძე ფაღავა
სხვა სახელი:ავთანდილი  (ფსევდონიმი)
დაბადების თარიღი:დეკემბერი, 1895
გარდაცვ. თარიღი:1924  (28 წლის ასაკში)
დაკრძალვის ადგილი:უცნობია (დახვრეტილი)
კატეგორია:დამფუძნებელი წევრი, იურისტი, პოლიტიკოსი, რეპრესირებული

ბიოგრაფია

    გოგიტა ფაღავა 1895 წელს ქალაქ ქუთაისში თავადის ოჯახში დაიბადა. დაამთავრა ქუთაისის სათავადაზნაურო ქართული გიმნაზია და სწავლის პერიოდიდან ჩაბმული იყო სოციალ-დემოკრატიული წრეების მუშაობაში.

    1913 წლიდან  იყო რუსეთის სოციალ-დემოკრატიული მუშათა პარტიის „მენშევიკების ფრაქციის“ წევრი. 1913 წელს სწავლა განაგრძო მოსკოვის უნივერსიტეტის იურიდიულ ფაკულტეტზე. გიორგი ფაღავა 1914 წელს პოლიტიკური საბაბით ქუთაისში დააპატიმრეს, მაგრამ პატიმრობიდან გათავისუფლების შემდეგ სწავლა განაგრძო.

    1917 წლისათვის გოგიტა ფაღავა  მოსკოვის სამხედრო-სამრეწველო კომიტეტში მუშაობდა და ჩაბმული იყო ადგილობრივი სოციალ-დემოკრატიული ორგანიზაციების საქმიანობაში. 1917 წლის მარტში მან  ვიქტორ ნოზაძესთან ერთად მოსკოვიდან დაშიფრული დეპეშით თბილისელ თანამოაზრეებს ნიკოლოზ მეორის ტახტიდან გადადგომისა და რევოლუციის დაწყების შესახებ შეატყობინა.

    რევოლუციის შემდეგ გოგიტა ფაღავა მალევე დაბრუნდა საქართველოში და მცირე ხნით ამიერკავკასიის განსაკუთრებულ კომიტეტში („ოზაკომში“) აკაკი ჩხენკელის მდივნად მუშაობდა. შემდეგ ქუთაისში გადავიდა და ადგილობრივი პარტიული ორგანიზაციების ერთ-ერთ ხელმძღვანელი გახდა. იგი აქტიურად მონაწილეობდა დასავლეთ საქართველოში სახალხო გვარდიის სისტემის ფორმირებაში და  შემდგომ წლებში არჩეული იქნა სახალხო გვარდიის მთავარი შტაბის წევრად.

    1919 წლის 12 მარტს საქართველოს სოციალ-დემოკრატიული მუშათა პარტიის სიით აირჩიეს საქართველოს რესპუბლიკის დამფუძნებელი კრების წევრად და მუშაობდა საკონსტიტუციო კომისიაში.

   1921 წელს საბჭოთა რუსეთის მიერ საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკის ოკუპირებისას მონაწილეობდა წითელი არმიის წინააღმდეგ ბრძოლებში. ოკუპაციის შემდეგ  საქართველოში დარჩა და  წინააღმდეგობის მოძრაობაში ჩაება.

   1921 წლის 29 აპრილს საბჭოთა რეჟიმის მიერ პოლიტიკური მოწინააღმდეგების მასობრივი დაპატიმრების პირველი ტალღისას საქართველოს სოციალ-დემოკრატიული პარტიის სხვა ლიდერებთან გიორგი ფაღავა  ქუთაისში დააპატიმრეს და თბილისში გადააგზავნეს, მაგრამ ავადმყოფობის გამო მალევე გაანთავისუფლეს. ამის შემდეგ არალეგალურ  მდგომარეობაში გადავიდა და იატაკქვეშა ორგანიზაციებში მუშაობდა. ამ პერიოდში იგი არჩეული იქნა  საქართველოს სოციალ-დემოკრატიული მუშათა პარტიის არალეგალურ ცენტრალურ კომიტეტის წევრად.

   1922 წლის გაზაფხულზე აპრილში გოგიტა ფაღავა  საქართველოს დამოუკიდებლობის კომიტეტის ერთ-ერთი დამაარსებელი და წევრი იყო.

    1922 წლის ნოემბერში, საზღვარგარეთიდან ნოე ხომერიკის არალეგალურად დაბრუნების შემდეგ გოგიტა ფაღავა საქართველოს სოციალ-დემოკრატიული მუშათა პარტიის არალეგალურ ცენტრალურ კომიტეტთან დაარსებული სამხედრო კომისიის წევრი გახდა და იგი იატაკქვეშა საქმიანობის ერთ-ერთ საკვანძო ფიგურად იქცა, ხოლო 1923 წლის ნოემბერში,  ხომერიკის დაპატიმრების შემდეგ, წინააღმდეგობის მოძრაობის მთავარი ორგანიზატორი გახდა.

    1924 წლის 15 თებერვალს თბილისში გოგიტა ფაღავა კვლავ დააპატიმრეს აზერბაიჯანის ანტისაბჭოთა მოძრაობასთან დაკავშირების მცდელობისთვის. საქართველოს სსრ საგანგებო კომისიამ გოგიტა ფაღავასაგან სასურველი ინფორმაციის მიღება ვერ შეძლო, თუმცა 1924 წლის 23 მარტს, საგანგებო კომისიის საიდუმლო-ოპერატიული განყოფილების უფროსმა ლავრენტი ბერიამ გაზეთ „კომუნისტთან“ ინტერვიუში მოიყვანა გოგიტა ფაღავას წერილის ფრაგმენტი, სადაც თითქოს იგი საკუთარ წარსულ საქმიანობას შეცდომას უწოდებდა, მაგრამ დოკუმენტის რეალურობა არ დასტურდება.

    1924 წლის ივლისში გოგიტა ფაღავა ბენია ჩხიკვიშვილთან, ნოე ხომერიკთან და ვასილ ნოდიასთან ერთად  მოსკოვში გადაგზავნეს სსრკ გაერთიანებული პოლიტიკური სამმართველოს განკარგულებაში, იქიდან კი - სუზდალის პოლიტიზოლატორში.

    1924 წლის 28 აგვისტოს ანტისაბჭოთა შეიარაღებული აჯანყების დაწყების შემდეგ, 30 აგვისტოს ამიერკავკასიის სფსრ-ს მთავრობის მოთხოვნით სსრკ გაერთიანებული სახელმწიფო პოლიტიკური სამმართველოს თავმჯდომარემ ფელიქს ძერჟინსკიმ გადასახლებაში მყოფი საქართველოს წინააღმდეგობის მოძრაობის ლიდერების - ბენია ჩხიკვიშვილის, ნოე ხომერიკის, გოგიტა ფაღავას, ვასილ ნოდიას და გიორგი წინამძღვრიშვილის დახვრეტის სანქცია გასცა. ისინი სუზდალის პოლიტიზოლატორიდან ეტაპით გადაყვანისას გაურკვეველ სადგურზე დახვრიტეს.

 დასაფლავების ადგილი უცნობია.

ორგანიზაციის, ასოციაციის ან ჯგუფის წევრი

  • რუსეთის სოციალ-დემოკრატიული მუშათა პარტიის "მენშევიკების ფრაქცია", წევრი (1913-)
  • საქართველოს დამოუკიდებელი რესპუბლიკის დამფუძნებელი კრება, წევრი (1919-)
  • საქართველოს დამოუკიდებლობის კომიტეტი, ერთ-ერთი დამაარსებელი და წევრი (1922-)
  • საქართველოს სოციალ-დემოკრატიული მუშათა პარტია, წევრი
  • საქართველოს სოციალ-დემოკრატიული მუშათა პარტიის არალეგალურ ცენტრალურ კომიტეტი, წევრი (1921-)
  • ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოება, საზოგადოების თბილისის განყოფილების მუდმივი წევრი (1921-)
  • ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოება, საზოგადოების თბილისის განყოფილების წევრი (1918-)
  • ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოება, საზოგადოების ნამდვილი წევრი (1915-)

გააზიარე: