The National Library of Georgia მთავარი - ბიბლიოთეკის შესახებ - ელ.რესურსები 
  შესვლა
ქ.შ.წ.კ.გ საზოგადოების წევრები
დასაწყისიკატეგორიები  
ძიება
პიროვნების სახელი:

საძიებელი ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი (ქშწკგ) საზოგადოების ყველა წევრს აერთიანებს, რომლებიც გაწევრიანდნენ ამ საზოგადოებაში მისი დაარსებიდან ლიკვიდაციამდე (1879–1927).

ეროვნული ბიბლიოთეკა მოგმართავთ თხოვნით, თქვენი წინაპრების ან ნათესავების ამ ბაზაში აღმოჩენის შემთხვევაში გამოგვიგზავნოთ მათი მონაცემები ბაზაში განსათავსებლად. საკონტაქტო ტელეფონი: 599548291.



სვიმონ (სიკო) ილიას ძე ფაშალიშვილი

სვიმონ (სიკო) ილიას ძე ფაშალიშვილი
სხვა სახელი:ფარსადანი  (ფსევდონიმი)
დაბადების თარიღი:11 დეკემბერი, 1894
გარდაცვ. თარიღი:18 მარტი, 1970  (75 წლის ასაკში)
დაკრძალვის ადგილი:თბილისი, მწერალთა და საზოგადო მოღვაწეთა დიდუბის პანთეონი
კატეგორია:მთარგმნელი, მწერალი, ჟურნალისტი

ბიოგრაფია

    სიკო ფაშალიშვილი დაიბადა 1894 წლის 11 დეკემბერს სოფელ მაჩხაანში ღარიბი გლეხის ოჯახში. მიაბარეს სოფლის სკოლაში, რომელსაც უსახსრობის გამო მალევე დაანება თავი.

    სიკო ფაშალიშვილი ლიტერატურით ახალგაზრდობიდანვე დაინტერესდა და 1909 წელს პირველი ლექსი დაბეჭდა გაზეთ „ივერიაში“. 1910 წლიდან საცხოვრებლად თბილისში გადავიდა. მუშაობდა გაზეთების დამტარებლად. სკოლისგარეშე განათლების წესით საშუალო სასწავლებლის კურსი გაიარა, რაშიც ძალიან დაეხმარნენ აკაკი წერეთელი და კიტა აბაშიძე. აკაკი შუამდგომლობით, როგორც ნიჭიერ ახალგაზრდას სტიპენდიაც დაუნიშნეს.

    1917 წელს სიკო ფაშალიშვილის ლექსების პირველი კრებული „ჩანგი“ გამოვიდა.

    1918 წელს ახლადგახსნილი თბილისის უნივერსიტეტის სიბრძნისმეტყველების ფაკულტეტზე ჩააბარა და პარალელურად ლექსებს აქვეყნებდა ჟურნალებში „ლეილა“ და „ სახალხო საქმეში“.

    საქართველოს დამოუკიდებლობის პერიოდში გამოქვეყნდა მისი ლექსები: „ტფილისი ნოემბერში“, გაუმხელელი ექსპრომტი“, "გრძნობათა მწუხრზე“, „გრიშაშვილს“, „როიალთან“ და სხვა.

    1919 წელს საჩაიე „ძმურ ნუგეშში“ საქართველოს სოციალ-ფედერალისტთა ტფილისის კომიტეტის გამართულ საღამოში მიიღო მონაწილეობა.

    1919 წელს გაზეთ ‘სახალხო საქმეში“ გამოაქვეყნა სტატია „ნინო ჩხეიძის სახე“, რომელშიც საუბრობს ნინო ჩხეიძის როლზე ქართული თეატრის განვითარების საქმეში.

    1920 წელს, ქართულ კლუბში გამართულ კონსტანტინე ჭიჭინაძის საღამოზე წარმოადგინეს კომედია „ციმბირელი“, სადაც სხვა მწერლებთან ერთად თამაშობდა. იგი ხშირად იღებდა მონაწილეობას ქართულ კლუბებში გამართულ სალიტერატურო-საკონცერტო საღამოებში.

    სიკო ფაშალიშვილს ნათარგმნი აქვს: შექსპირის „ჭირვეულის მორჯულება“, „მეთორმეტე ღამე“, ლოპე დე ვეგას „ცეკვის მასწავლებელი“. გრიბოედოვის „ვაი-ჭკუისაგან“, პუშკინის, ნეკრასოვის, მიცკევიჩისა და სხვათა ლექსები და მოთხრობები. მისი პიესებია: „საიქიო“, „თავი სიზმარში მგონია“ და „ჩაჩანაკი კაკანათში“. იგი გახლავთ ფილმი "ქეთო და კოტეს“ სცენარის ავტორი.

   სიკო ფაშალიშვილი მოღვაწეობდა ჯურნალ „ნიანგში“, სადაც ფსევდონიმით აქვეყნებდა პუბლიკაციებს. მან დიდი წვლილი შეიტანა ქართული იუმორისტული ლიტერატურის განვითარების საქმეში.

   სიკო ფაშალიშვილი გარდაიცვალა 1970 წლის 18 მარტს და დაკრძალულია თბილისში, მწერალთა და საზოგადო მოღვაწეთა დიდუბის პანთეონში.

ორგანიზაციის, ასოციაციის ან ჯგუფის წევრი

  • ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოება, საზოგადოების თბილისის განყოფილების წევრი (1917-)
  • ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოება, საზოგადოების ნამდვილი წევრი (1914-)

გააზიარე: