The National Library of Georgia მთავარი - ბიბლიოთეკის შესახებ - ელ.რესურსები 
  შესვლა
ქ.შ.წ.კ.გ საზოგადოების წევრები
დასაწყისიკატეგორიები  
ძიება
პიროვნების სახელი:

საძიებელი ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი (ქშწკგ) საზოგადოების ყველა წევრს აერთიანებს, რომლებიც გაწევრიანდნენ ამ საზოგადოებაში მისი დაარსებიდან ლიკვიდაციამდე (1879–1927).

ეროვნული ბიბლიოთეკა მოგმართავთ თხოვნით, თქვენი წინაპრების ან ნათესავების ამ ბაზაში აღმოჩენის შემთხვევაში გამოგვიგზავნოთ მათი მონაცემები ბაზაში განსათავსებლად. საკონტაქტო ტელეფონი: 599548291.



ილია გიორგის ძე ფირცხალაიშვილი

ილია გიორგის ძე ფირცხალაიშვილი
დაბადების თარიღი:1885
გარდაცვ. თარიღი:18 სექტემბერი, 1937  (52 წლის ასაკში)
დაკრძალვის ადგილი:უცნობია (დახვრეტილი)
კატეგორია:ადვოკატი, დამფუძნებელი წევრი, იურისტი, პოლიტიკოსი

ბიოგრაფია

    ილია ფირცხალაიშვილი დაიბადა 1885 წელს, ქალაქ ოზურგეთში გლეხის ოჯახში. გიმნაზიის დამთავრების შემდეგ, 1905 წელს,  ოდესის უნივერსიტეტის სამედიცინო ფაკულტეტზე ჩააბარა.

    1908 წელს სოციალ-დემოკრატიული პარტიის წევრობისა და  „ნოვოროსიის“ უნივერსიტეტის ცენტრალური ორგანიზაციის წევრობის ბრალდებით დააპატიმრეს, მაგრამ მალევე გაამართლეს, თუმცა ოდესის უნივერსიტეტში აღარ დააბრუნეს.

    1909 წელს მოსკოვის უნვერსიტეტის იურიდულ ფაკულტეტზე ჩააბარა, რომელიც 1913 წელს დაამთავრა და შემდგომ წლებში ნაფიც ვექილად მუშაობდა.

    1917 წლის რევოლუციის შემდეგ იყო ქალაქ ქუთაისის კომისარი, ქუთაისის მუშათა და ჯარისკაცთა დეპუტატების საბჭოს აღმასრულებელი კომიტეტის წევრი, ქუთაისის საგუბერნიო აღმასრულებელი კომიტეტის წევრი, ქუთაისის ქალაქის თვითმმართველობის ხმოსანი. 1917 წლის ნოემბრიდან იყო ამიერკავკასიის მთავრობის შრომის კომისრის ამხანაგი (მოადგილე) და 1917 წლის ნოემბერშივე აირჩიეს საქართველოს ეროვნული საბჭოს წევრად.

    1918 წლის 26 მაისს ხელი მოაწერა საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკის დამოუკიდებლობის გამოცხადების აქტს. 1918 წლის განმავლობაში იყო საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკის პარლამენტის წევრი და  პარალელურად შრომის მინისტრის ამხანაგი.

    1919 წლის თებერვლიდან არჩეული იყო თბილისის ქალაქის საბჭოს ხმოსნად.

    1919 წლის 12 მარტს აირჩიეს საქართველოს რესპუბლიკის დამფუძნებელი კრების წევრად საქართველოს სოციალ-დემოკრატიული მუშათა პარტიის სიით და მუშაობდა  იურიდიულ, საპენსიო, ცენტრალურ საარჩევნო და შრომის კომისიებში.

    1921 წლის იანვარში გაემიჯნა საქართველოს სოციალ-დემოკრატიული მუშათა პარტიას  სხვა 11 წევრთან ერთად ჩამოაყალიბა ოპოზიციური ჯგუფი „სხივი“ და 1921 წლის 11 თებერვლის დამფუძნებელი კრების სხდომაზე საჯაროდ განაცხადეს საქართველოს სოციალ-დემოკრატიული მუშათა პარტიის დატოვებისა და „დამოუკიდებელი სოციალ-დემოკრატიული პარტია - სხივის“ შექმნის შესახებ, რომელმაც ცალკე ოპოზიციური ფრაქცია შეადგინა დამფუძნებელ კრებაში.

    1921 წელს, საბჭოთა რუსეთის მიერ საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკის ოკუპირების შემდეგ დარჩა საქართველოში და ჩაბმული იყო წინააღმდეგობის მოძრაობაში. რამდენჯერმე იყო დაპატიმრებული, 1925 წლიდან საერთოდ ჩამოშორდა პოლიტიკურ საქმიანობას და შემდგომ წლებში ცხოვრობდა და მუშაობდა თბილისში. იყო საქართველოს სსრ დამცველთა (შემდგომში ადვოკატთა) კოლეგიის წევრი.

   1930-იან წლებში მუშაობდა აბრეშუმის მრეწველობის სამმართველოს იურისკონსულტად.

    1937-1938 წლების დიდი საბჭოთა ტერორის დროს, 1937 წლის 14 ივნისს, ილია ფირცხალაიშვილი „მენშევიკური კონტრრევოლუციური ცენტრის“ წევრობის ბრალდებით დააპატიმრეს და ამავე წლის 17 სექტემბერს სსრკ უზენაესი სასამართლოს სამხედრო კოლეგიის გამსვლელმა სესიამ დახვრეტა მიუსაჯა. განაჩენი 18 სექტემბრის ღამით სისრულეში იქნა მოყვანილი.

    ილია ფირცხალაშვილი რეაბილიტირებულია 1957 წლის 9 ივლისს, სსრკ უზენაესი სასამართლოს სამხედრო კოლეგიის მიერ.

წყარო: SOVLAB

ორგანიზაციის, ასოციაციის ან ჯგუფის წევრი

  • დამოუკიდებელი სოციალ-დემოკრატიული პარტია - "სხივი", ერთ-ერთი დამფუძნებელი (1921-)
  • თბილისის ქალაქის საბჭო, ხმოსანი (1919-)
  • საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკის დამფუძნებელი კრება, წევრი (1919-)
  • საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკის პარლამენტი, წევრი (1918-)
  • საქართველოს ეროვნული საბჭო, წევრი (1917-)
  • საქართველოს სოციალ-დემოკრატიული მუშათა პარტია, წევრი
  • საქართველოს სსრ დამცველთა (ადვოკატთა) კოლეგია, წევრი (1925-)
  • ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოება, საზოგადოების თბილისის განყოფილების მუდმივი წევრი (1921-)
  • ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოება, საზოგადოების თბილისის განყოფილების წევრი (1918-)

გააზიარე: