The National Library of Georgia მთავარი - ბიბლიოთეკის შესახებ - ელ.რესურსები 
  შესვლა
ქ.შ.წ.კ.გ საზოგადოების წევრები
დასაწყისიკატეგორიები  
ძიება
პიროვნების სახელი:

საძიებელი ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი (ქშწკგ) საზოგადოების ყველა წევრს აერთიანებს, რომლებიც გაწევრიანდნენ ამ საზოგადოებაში მისი დაარსებიდან ლიკვიდაციამდე (1879–1927).

ეროვნული ბიბლიოთეკა მოგმართავთ თხოვნით, თქვენი წინაპრების ან ნათესავების ამ ბაზაში აღმოჩენის შემთხვევაში გამოგვიგზავნოთ მათი მონაცემები ბაზაში განსათავსებლად. საკონტაქტო ტელეფონი: 599548291.



ნიკოლოზ ზაალის ძე ფრუიძე (დეკანოზი)

ნიკოლოზ ზაალის ძე ფრუიძე
დაბადების თარიღი:1850
გარდაცვ. თარიღი:7 ოქტომბერი, 1921  (71 წლის ასაკში)
დაკრძალვის ადგილი:სოფელი ჭყვიში, სკოლის ეზო
კატეგორია:პედაგოგი, სასულიერო პირი

ბიოგრაფია

   ნიკოლოზ ფრუიძე დაიბადა 1850 წელს ქუთაისის გუბერნიის სოფელ ჭყვიშში გლეხის ოჯახში. 

   1867-1871 წლებში ქუთაისის სასულიერო სასწავლებელში სწავლობდა, რომელიც პირველი ხარისხის დიპლომით დაასრულა. გალობა და საეკლესიო ტიპიკონი ქუთაისის საკათედრო ტაძარში ისწავლა.

   1871 წელს სახალხო-სამინისტრო სკოლების დირექტორატმა სოფლის სკოლაში მასწავლებლად განამწესა. პედაგოგიური საქმიანობა სიცოცხლის ბოლომდე არ შეუწყვეტია და პედაგოგიურ დარგში ნაყოფიერი სამსახურისთვის კავკასიის სასწავლო კომიტეტისაგან მას რამდენჯერმე გამოეცხადა მადლობა და ფულადი ჯილდოებიც გადაეცა.

   1877 წელს ჭყვიშის მაცხოვრის ჯვარცმის ტაძრის უშტატო მედავითნედ დაინიშნ, ხოლო 1878 წელს შტატშიც დაამტკიცეს.

   1878 წელს იმერეთის ეპისკოპოსმა გაბრიელმა (ქიქოძე) დიაკვნად აკურთხა. 1881 წელს მღვდლად დაასხა ხელი და ჩუკულის მთავარანგელოზთა ტაძარში დანიშნა. ამავე წელს ქვიშარის მაცხოვრის აღდგომის ეკლესიაში გადაიყვანეს.

   1882 წელს ლეჩხუმის ოლქიდან 5 წლის ვადით სასულიერო დეპუტატად აირჩიეს.

   1887 წელს საგვერდულით დაჯილდოვდა, ხოლო 1888 წელს ლაილაშის ოლქის სასულიერო გამომძიებლად დაინიშნა და ამავე წელს ოლქის მთავარხუცესად დაადგინეს.

   1891 წელს სკუფია უბოძეს.

   1893 წელს ქვემო ჭყვიშის ღვთისმშობლის შობის სახელობის ტაძარში განამწესეს. მამა ნიკოლოზის მოთავეობით გამშვენდა ახლადნაკურთხი ქვემო ჭყვიშის ეკლესია და შეიმკო საეკლესიო ინვენტარით.

   1895 წელს კამილავკა ეწყალობა.

   1897 წელს თავისი ხარჯებით აღადგინა ქვემო ჭყვიშის ეკლესიის ხის ძველი სამრეკლო.

   1900 წლის 6 მაისს სამკერდე ოქროს ჯვარი მიიღო.

   1901 წელს საქართველო-იმერეთის სინოდალურმა კანტორამ მამა ნიკოლოზის თორმეტწლიანი მთავარხუცესად მოღვაწეობა კეთილსინდისიერად შეაფასა და წმინდა ანას III ხარისხის ორდენით დააჯილდოვა. ამავე პერიოდში მამა ნიკოლოზის თანადგომით ჭყვიშის ეკლესიასთან გაიხსნა სამრევლო-საეკლესიო სკოლა, საკურთხეველში დაიდგა ქვის ტრაპეზი და ტაძარს დაადგა ახალი ჯვარი.

   1906 წელს დეკანოზის წოდება მიენიჭა.

   1912 წელს წმინდა ანას II ხარისხის ორდენით დაჯილდოვდა.

   ნიკოლოზ ფრუიძეს ჰყავდა მეუღლე აღათი პეტრეს ასული დავითულიანი და შვილები: მაკარი, ვიქტორი, იაკობი, ვასილი, შალვა, აკაკი და ალექსანდრა. დეკანოზ ნიკოლოზის შვილიშვილი გახლდათ ცნობილი ქართველი მსახიობი და რეჟისორი გიული ჭოხონელიძე.

   ნიკოლოზ ფრუიძე გარდაიცვალა 1921 წლის 7 ოქტომბერს ჭყვიშში და თავისივე ანდერძის თანახმად დაკრძალულია ჭყვიშის სკოლის ეზოში.

ორგანიზაციის, ასოციაციის ან ჯგუფის წევრი

  • ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოება, საზოგადოების ნამდვილი წევრი (1886-)

ჯილდოები, პრემიები და პრიზები

  • 1912 - წმინდა ანას II ხარისხის ორდენი
  • 1901 - წმინდა ანას III ხარისხის ორდენი
  • 1900 - სამკერდე ოქროს ჯვარი

ბიბლიოგრაფია

საკონტაქტო ინფორმაცია

  • სახლი
    მისამართი:ლეჩხუმი

გააზიარე: