The National Library of Georgia მთავარი - ბიბლიოთეკის შესახებ - ელ.რესურსები 
  შესვლა
ქ.შ.წ.კ.გ საზოგადოების წევრები
დასაწყისიკატეგორიები  
ძიება
პიროვნების სახელი:

საძიებელი ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი (ქშწკგ) საზოგადოების ყველა წევრს აერთიანებს, რომლებიც გაწევრიანდნენ ამ საზოგადოებაში მისი დაარსებიდან ლიკვიდაციამდე (1879–1927).

ეროვნული ბიბლიოთეკა მოგმართავთ თხოვნით, თქვენი წინაპრების ან ნათესავების ამ ბაზაში აღმოჩენის შემთხვევაში გამოგვიგზავნოთ მათი მონაცემები ბაზაში განსათავსებლად. საკონტაქტო ტელეფონი: 599548291.



ანტონ ნიკოლოზის ძე ფურცელაძე

ანტონ ნიკოლოზის ძე ფურცელაძე
დაბადების თარიღი:6 დეკემბერი, 1839
გარდაცვ. თარიღი:3 ნოემბერი, 1913  (73 წლის ასაკში)
დაკრძალვის ადგილი:სოფელი მერეთი
კატეგორია:დრამატურგი, ისტორიკოსი, მთარგმნელი, მკვლევარი, მწერალი, პუბლიცისტი

ბიოგრაფია

     ანტონ ფურცელაძე დაიბადა 1839 წლის 6 დეკემბერს  გორის რაიონის სოფელ მერეთში აზნაურის ოჯახში. ფურცელაძეთა გვარის წარმომადგენლები ღარიბი აზნაურები ყოფილან.  მწერლის დედა ბარბალე გედევანიშვილი-ფურცელაძისა ჭკვიანი, დარბაისელი და სათნო მანდილოსანი იყო და თავისი დროის კვალობაზე  კარგად სცოდნია  როგორც სასულიერო, ისე საერო მწერლობა. ანტონის აღზრდას უშუალოდ დედა ხელმძღვანელობდა, რომელმაც მომავალ მწერალს წერა-კითხვა შეასწავლა. ბავშვობის წლები ანტონმა თავის სოფელში გაატარა. ხელმოკლეობის გამო მშობლებმა ვერ შეძლეს მისი სამოქალალო სასწავლებელში მიბარება და  მხოლოდ ის მოახერხეს, რომ 11 წლის ბავშვი ქალაქ  ორიოლის კადეტთა კორპუსში სახელმწიფო ხარჯზე მიაღებინეს, სადაც ანტონი  სამი წელი დარჩა, რადგან 1854 წელს ვარჯიშის დროს ორძელიდან ჩამოვარდა და სამუდამოდ დაკოჭლდა. ამის გამო, სამხედრო სამსახურისათვის გამოუსადეგარი, იძულებული გახდა დაეტოვებინა სასწავლებელი და სამშობლოში დაბრუნებულიყო.

     რუსეთში ცხოვრებამ გარკვეული კვალი დააჩნია ანტონ ფურცელაძის ინტელექტუალურ ცხოვრებას. მან კარგად შეისწავლა რუსული ენა და რევოლუციურად განწყობილი  მასწავლებლების რადიკალურმა განწყობილებამ მასზე დიდი გავლენა მოახდინა.

    1960-იან წლებში ანტონ ფურცელაძემ რუსულ ენაზე მთელი რიგი სტატიები გამოაქვეყნა. რუსეთიდან დაბრუნების შემდეგ იგი ერთხანს თავის სოფელში დარჩა და დიდი მონდომებით თვითგანვითარებას ეწეოდა. ახლო ნათესავის, დავით მირზაშვილის დახმარებით, ანტონმა დავრდომილთა თავშესაფარში გადამწერლის თანამდებობაზე დაიწყო მუშაობა, მაგრამ დიდხანს არც აქ დარჩენილა და მალე თბილისში გადავიდა. ანტონმა თბილისში რამდენიმე სემინარიელთან ერთად კალოუბნის ქუჩაზე ბინა იქირავა, რომელიც მაშინდელი მაშინდელი მოწინავე ახალგაზრდობის თავშეყრის ადგილად იქცა. ამ ახალგაზრდებმა შეადგინეს პატარა წრე, რომლის სული და გული თავად ანტონი იყო. ისინი  მრავალი საზოგადოებრივი საკითხით იყვნენ დაინტერესებული. წრის წევრები ამზადებდნენ და შეკრებებზე კითხულობდნენ რეფერატებს, პროგრესული მიმართულების რუსულ ჟურნალ-გაზეთებსა და საზღვარგარეთულ გამოცემებს.

    1861 წელს ანტონ ფურცელაძემ ჟურნალ "ცისკარში" დაიწყო თანამშრომლობა, სადაც,  პირველ ხანებში, მთარგმნელობით მუშაობას ეწეოდა. იგი გულგრილი არ დარჩენილა მამათა და შვილთა ლიტერატურული პაექრობისა, რომელიც 1861 წელს "ცისკარში" დაიწყო. ახალგაზრდა პუბლიცისტი გვერდში ამოუდგა "შვილებს" და მთელი თავისი შეგნებით ძველი თაობის წინააღმდეგ ბრძოლაში ჩაება. "ცისკარში" თანამშრომლობის შეწყვეტის შემდეგ ანტონი "დროებაში" გადავიდა და მისი ერთ-ერთი აქტიური თანამშრომელი გახდა.

    1867 წელს ანტონ ფურცელაძემ თბილისი დატოვა და ზუგდიდში სასამართლოს გამომძიებლად დაიწყო მუშაობა, მაგრამ "დროებაში" თანამშრომლობა ამის შემდეგაც არ შეუწყვეტია და სამეგრელოს მკვიდრთა საჭირბოროტო საკითხებზე პუბლიკაციებს აქვეყნებდა.

    1869 წელს ანტონი კვლავ თბილისში დაბრუნდა. სწორედ ამ პერიოდში დაწერა მან რომანი "მაცი ხვიტია" და ტრაგედია "დიდი მოურავი".

    1869 წელს ანტონ ფურცელაძისა და მისი  თანამოაზრეების  თაოსნობით გამოვიდა ყოველთვიური სამეცნიერო და სალიტერატურო ჟურნალი "მნათობი",  რომელიც  1872 წელს დაიხურა, ხოლო 1873 წლიდან  ანტონის რედაქტორობით ქართულ ენაზე გამოვიდა პირველი  აგრონომიულ ჟურნალი "გუთნის დედას".

    1905 წელს ანტონ ფურცელაძე სათავადაზნაურო ბანკის თავმჯდომარედ იქნა არჩეული. 1911 წელს მან  ბანკში სამსახურს თავი დაანება და მუდმივ საცხოვრებლად გადასახლდა სოფელ არბოში, სადაც სიცოცხლის ბოლო წლები გაატარა.

    ანტონ ფურცელაძე გარდაიცვალა 1913 წლის 3 ნოემბერს და  თანახმად მისი ანდერძისა, დაასაფლავეს სოფელ მერეთში.

ორგანიზაციის, ასოციაციის ან ჯგუფის წევრი

  • ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოება, საზოგადოების ნამდვილი წევრი (1879-)

გააზიარე: