The National Library of Georgia მთავარი - ბიბლიოთეკის შესახებ - ელ.რესურსები 
  შესვლა
ქ.შ.წ.კ.გ საზოგადოების წევრები
დასაწყისიკატეგორიები  
ძიება
პიროვნების სახელი:

საძიებელი ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი (ქშწკგ) საზოგადოების ყველა წევრს აერთიანებს, რომლებიც გაწევრიანდნენ ამ საზოგადოებაში მისი დაარსებიდან ლიკვიდაციამდე (1879–1927).

ეროვნული ბიბლიოთეკა მოგმართავთ თხოვნით, თქვენი წინაპრების ან ნათესავების ამ ბაზაში აღმოჩენის შემთხვევაში გამოგვიგზავნოთ მათი მონაცემები ბაზაში განსათავსებლად. საკონტაქტო ტელეფონი: 599548291.



დავით გიორგის ძე კარიჭაშვილი

დავით გიორგის ძე კარიჭაშვილი
დაბადების თარიღი:1862
გარდაცვ. თარიღი:26 ივლისი, 1927  (65 წლის ასაკში)
დაკრძალვის ადგილი:დიდუბის საზოგადო მოღვაწეთა პანთეონი
კატეგორია:ისტორიკოსი, ენათმეცნიერი, პუბლიცისტი, მწერალი

ბიოგრაფია

    დავით კარიჭაშვილი დაიბადა 1862 წელს სოფ. ხიდისთავში (გორის რაიონი) სასულიერო პირის ოჯახში.

    XIX-XX საუკუნეების მიჯნის ქართულ საზოგადოებრივ ცხოვრებაში კარგად არის ცნობილი დავით კარიჭაშვილის სახელი. იგი მრავალმხრივი მოღვაწე იყო. მისი ინტერესები მეცნიერებათა ფართო სფეროს მოიცავდა. დავით კარიჭაშვილი ცნობილია როგორც ლიტერატორი, ენათმეცნიერი, ისტორიკოსი, ლექსიკოგრაფი, რედაქტორ-გამომცემელი და პუბლიცისტი. თანამშრომლობდა გაზეთებში – "დროება" და "ივერია".

    1869 წელს იგი შეიყვანეს გორის სასულიერო სასწავლებელში, შემდეგ 1876 წელს ჩაირიცხა თბილისის სასულიერო სემინარიაში, ხოლო 1880 წლიდან სწავლას აგრძელებს პეტერბურგის უნივერსიტეტის ისტორია-ფილოლოგიის ფაკულტეტზე. 1883 წელს მიემგზავრება ჯერ ჟენევაში, შემდეგ პარიზში და იქაურ უნივერსიტეტებში ისმენს ლექციებს ლიტერატურაში, ისტორიაში, ენათმეცნიერებასა და ბუნებისმეტყველებაში. 1885 წელს "ივერიასა" და "დროებაში" დაიბეჭდა პარიზიდან გამოგზავნილი მისი რამდენიმე წერილი. იმავე წელს იგი საქართველოში დაბრუნდა.

    1885 წლიდან კარიჭაშვილი დაუკავშირდა "ქართველთა შორის წერა–კითხვის გამავრცელებელ საზოგადოებას", სხვადასხვა წლებში იყო გამგეობის წევრი, მდივანი, საზოგადოების გამგეობის თავმჯდომარის მოადგილე, გამგეობის თავმჯდომარე, საზოგადოების საპატიო წევრი და 1922–1927 წლებში საზოგადოების საპატიო თავმჯდომარე. იგი მუშაობდა ქუთაისში საზოგადოების მიერ გახსნილ სკოლაში მასწავლებლად. 1891 წლიდან ბრუნდება თბილისში.

    1920 წლიდან კარიჭაშვილი იყო საზოგადოების ბიბლიოთეკა–მუზეუმის გამგე და იგი უსასყიდლოდ ასრულებდა ამ მოვალეობას. მისი წყალობით გადარჩა საზოგადოების ფონდი. საზოგადოების ხელნაწერების თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტისთვის გადაცემის შემდეგ დავით კარიჭაშვილი უნივერსიტეტის შტატში გადავიდა და იგი ასისტენტად დანიშნეს.

   კარიჭაშვილის მდივნობის დროს  მოწესრიგდა საზოგადოების საქმეთა წარმოება, შემოსავალ–გასავლის წესი, გაფართოვდა წიგნით ვაჭრობა, რაც საზოგადოებისთვის შემოსავლის ძირითადი წყარო იყო, დასრულდა წიგნსაცავისა და არქეოლოგიური ნივთების სისტემატური აღნუსხვა – კატალოგიზაცია. იგი უდიდეს მნიშვნელობას ანიჭებდა ქართული ხელნაწერების დაცვასა და მოწესრიგებას.

   1905 წელს დაიბეჭდა დავითის მიერ შედგენილი, ქშწკგ საზოგადოების წიგნსაცავის კატალოგი, რომელიც თავის დროზე ფონდის ყველაზე სრულ და სანდო აღწერილობად ითვლებოდა.

   1911 წელს გამოაქვეყნა კატალოგის დამატება.

   დავით კარიჭაშვილი მეთვალყურეობას უწევდა ქშწკგ საზოგადოების თაოსნობით დაარსებულ სკოლებს. მას განსაკუთრებით აწუხებდა სახელმძღვანელოების სიმცირე.

    კარიჭაშვილი ცნობილია როგორც ღვაწლმოსილი რუსთველოლოგი. "ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელმა საზოგადოებამ" 1903 და 1920 წლებში ორჯერ გამოსცა "ვეფხისტყაოსანი", რომლის რედაქტორობა დავითს დაევალა. პოემას ერთვის წინასიტყვაობა, ლექსიკონი და შენიშვნები. როგორც ამ გამოცემათა წინასიტყვაობაში, ისე პრესის ფურცლებზე მკაფიოდ გამოიკვეთა მკვლევარის პოზიცია ამა თუ იმ საკითხისადმი.

   სიმონ ჯანაშია დავითის შესახებ წერდა: "მთელი თავისი ზნეობრივი და ფიზიკური ენერგია მან ამ საქმეს შესწირა და უთუოდ ელოდა, რომ ქშწკგ საზოგადოება იტყოდა მის საფლავზე პირველ სიტყვას, მაგრამ ბედისწერამ მასვე დააკისრა საზოგადოების საბოლოო ლიკვიდაცია, გარდაცვალებამდე სულ რამდენიმე თვით ადრე".

   კარიჭაშვილი იყო ძველი ქართული ლიტერატურის მკვლევარი, იკვლევდა ქართული წიგნისა და წიგნის ბეჭდვის ისტორიას, თანამშრომლობდა იმდროინდელ თითქმის ყველა ჟურნალ–გაზეთებთან. მასვე ეკუთვნის ქართული პერიოდული გამოცემების ბიბლიოგრაფიული მიმოხილვა. დავით კარიჭაშვილი ეხმაურებოდა ყველა სიახლეს, რომელიც ძველი ქართული ლიტერატურის ისტორიის კვლევაში იჩენდა თავს. იგი პატივისცემით იმსჭვალებოდა იმ მეცნიერთა მიმართ, რომელთათვის ქართული ლიტერატურა და ისტორია სერიოზული ძიებისა და ზრუნვის საგანი იყო. დავითმა საგანგებო წერილები უძღვნა ნიკო მარისა და მარი ბროსეს მოღვაწეობას, სამაგალითოდ დასახა მათი ფართო განათლება, შრომისმოყვარეობა და დაუშრეტელი ენერგია.

    დავით კარიჭაშვილის გამოქვეყნებულ შრომებსა და თხზულებებიდან აღსანიშნავია:  "ქართული წიგნის ბეჭდვის ისტორია", "ვინ უნდა იყოს «სომბატის ქრონიკის» ავტორი", "საქებართა ქებანი", "სამი მსხვერპლი" – მოთხრობა, "თამარ მეფე", "როსტომ მეფე", "სვიმონ მეფე", "საქართველო მეთორმეტე საუკუნეში", "საქართველოს მოკლე ისტორია", "ხუცური ანბანი" – წამება ცხრათა ყრმათა კოლაელთა და ქართული ქორონიკონი, "ვეფხისტყაოსნის შედგენილობა", "ქართული ენის გრამატიკა : ეტიმოლოგია" და სხვა.

    კარიჭაშვილის გამოუქვეყნებელ ნაშრომთა შორის აღსანიშნავია "წმინდა შუშანიკის წამება". როგორც ჩანს, მკვლევარს მიზნად ჰქონდა გამოექვეყნებინა XII-XVIII საუკუნეების მწერლობის მოკლე მიმოხილვა, რასაც ადასტურებს მის პირად არქივში შემონახული ხელნაწერი. აქ განხილულ თხზულებებს მეტ-ნაკლებად ახლავს ავტორთა ბიოგრაფიები და წინ უძღვის ანალიზი იმ ისტორიული ვითარებისა, რომელშიც ესა თუ ის თხზულება შეიქმნა.

   აღსანიშნავია, რომ თითქმის ყველა წერილსა თუ ნეკროლოგში, რომლებიც დავით კარიჭაშვილის ცხოვრება-მოღვაწეობას მიეძღვნა, ხაზგასმულია კეთილსინდისიერება და პასუხისმგებლობა, რომლითაც იგი საზოგადოებრივ საქმეს უდგებოდა. სწორედ აქტიურმა საზოგადოებრივმა ცხოვრებამ მეცნიერულ მოღვაწეობასთან ერთად დავით კარიჭაშვილს ვალმოხდილ მამულიშვილთა გვერდით დამსახურებული ადგილი დაუმკვიდრა.

   დავით კარიჭაშვილი იყო ალექსანდრე ყაზბეგის პირველი ბიოგრაფი. შედიოდა კირიონ II მიერ შექმნილ სპეციალურ კომისიაში წევრად (გრიგოლ დიასამიძესთან და გრიგოლ ყიფშიძესთან ერთად), რომელსაც დავალებული ჰქონდა საქართველოს სხვადასხვა კუთხეში ზეპირსიტყვიერების ნიმუშების ჩაწერა.

   დავით კარიჭაშვილის პირადი არქივი დაცულია საქართველოს გ. ლეონიძის სახელობის ქართული ლიტერატურის სახელმწიფო მუზეუმში.

   თავდაუზოგავმა შრომამ, თანაც არცთუ ისე სახარბიელო პირობებში, მისი ჯანმრთელობა ადრევე შეარყია და 1927 წელს 65 წლის ასაკში სახადით გარდაიცვალა. დაკრძალულია თბილისში, დიდუბის პანთეონში.

    

 

ორგანიზაციის, ასოციაციის ან ჯგუფის წევრი

  • ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოება, საზოგადოების გამგეობის მდივანი (1892-1899)
  • ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოება, საზოგადოების გამგეობის თავმჯდომარის მოადგილე (1914-1918)
  • ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოება, საზოგადოების თბილისის განყოფილების დამფუძნებელი წევრი (1916-)
  • ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოება, საზოგადოების გამგეობის თავმჯდომარე (1918-1922)
  • ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოება, საზოგადოების საპატიო თავმჯდომარე (1922-1927)
  • ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოება, საზოგადოების გამგეობის წევრი (1892-1927)
  • ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოება, საზოგადოების ნამდვილი წევრი (1887-)
  • ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოება, საზოგადოების ბიბლიოთეკა–მუზეუმის გამგე (1920-)
  • ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოება, საზოგადოების საპატიო წევრი (1922-)

ბიბლიოგრაფია


გააზიარე: