The National Library of Georgia მთავარი - ბიბლიოთეკის შესახებ - ელ.რესურსები 
  შესვლა
ქ.შ.წ.კ.გ საზოგადოების წევრები
დასაწყისიკატეგორიები  
ძიება
პიროვნების სახელი:

საძიებელი ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი (ქშწკგ) საზოგადოების ყველა წევრს აერთიანებს, რომლებიც გაწევრიანდნენ ამ საზოგადოებაში მისი დაარსებიდან ლიკვიდაციამდე (1879–1927).

ეროვნული ბიბლიოთეკა მოგმართავთ თხოვნით, თქვენი წინაპრების ან ნათესავების ამ ბაზაში აღმოჩენის შემთხვევაში გამოგვიგზავნოთ მათი მონაცემები ბაზაში განსათავსებლად. საკონტაქტო ტელეფონი: 599548291.



კორნელი სამსონის ძე კეკელიძე

კორნელი სამსონის ძე კეკელიძე
დაბადების თარიღი:30 აპრილი, 1879
გარდაცვ. თარიღი:7 ივნისი, 1962  (83 წლის ასაკში)
დაკრძალვის ადგილი:თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ბაღი
კატეგორია:თეოლოგი, მეცნიერი, მკვლევარი, პედაგოგი, სასულიერო პირი

ბიოგრაფია

     კორნელი კეკელიძე დაიბადა 1879 წლის 30 აპრილს (ძვ.სტ. 18 აპრილი) ქუთაისის მაზრის სოფელ ტობანიერში სამსონ კეკელიძისა და თებრონე ურუშაძის ოჯახში. მამა სოფლის ეკლესიაში მედავითნე იყო, წერა-კითხვა კარგად იცოდა და კორნელისაც ადრევე სახლში შეასწავლა.

    1886 წელს ქუთაისის ოთხკლასიან სასულიერო სასწავლებელში შეიყვანეს, რომლის დამთავრების შემდეგ სწავლა თბილისის სასულიერო სემინარიაში გააგრძელა. ხელმოკლე ოჯახს სემინარიაში მისი შენახვა უჭირდა, მაგრამ სემინარიის ინსპექტორის დახმარებით იგი უფასოდ მოეწყო პანსიონში. მასთან ერთად სემინარიაში სწავლობდა იოსებ ჯუღაშვილი.

    კორნელი კეკელიძე, როგორც წარჩინებული კურსდამთავრებული, კიევის სასულიერო აკადემიაში სახელმწიფოს ხარჯზე ჩაირიცხა და სიტყვიერების ფაკულტეტზე მოეწყო. 1904 წელს, სწავლის დამთავრების შემდეგ, სამშობლოში დაბრუნდა და სასულიერო მოღვაწეობას ეწეოდა, იყო დეკანოზი.

     1905-1906 წლებში მასწავლებლობდა ქუთაისსა და თბილისში. 1906 წელს ქუთაისის მთავარანგელოზის ეკლესიიდან კორნელი კეკელიძე თბილისში, დედათა ეპარქიალური სასწავლებლის ინსპექტორად გადაიყვანეს. ამავე პერიოდში იგი კიევის სასულიერო აკადემისთან თანამშრომლობდა. მისი პირველი სამეცნიერო ნაშრომი „ახალი საგალობლები აბო თბილელისა“ 1905 წელს ჟურნალ „მწყემსში“  დაიბეჭდა, ხოლო 1907 წელს, გადამუშავებული საკანდიდატო ნაშრომისათვის - „ლიტურგიკული ქართული ძეგლები სამამულო წიგნსაცავებში და მათი მეცნიერული მნიშვნელობა“ (რუსულ ენაზე), რომელიც 1908 წელს თბილისში ცალკე წიგნად გამოიცა, მაგისტრის სამეცნიერო ხარისხი მიენიჭა.

    კორნელი კეკელიძე, სამეცნიერო ასპარეზზე გამოსვლისთანავე, მძიმე და შავი სამუშაოს შესრულება მოუხდა არქივებსა და სიძველეთსაცავებში, კერძო მეპატრონეთა კოლექციებში. მან დიდი ამაგი დასდო ქართული ხელნაწერების გამოვლენის, შეგროვებისა და აღწერილობის საქმეს. ძველი ქართული ლიტერატურის მემკვიდრეობის დიდი ნაწილი ჯერ სრულიად ხელუხლებელი იყო. კეკელიძემ მეცნიერულად აღწერა გელათში და სვანეთში დაცული ქართული ხელნაწერები. ბევრ რუს და უცხოელ მეცნიერს აღუძრა ინტერესი ქართული მწიგნობრობისადმი.

     1912-1917 წლებში მუშაობდა რუსეთის მეცნიერებათა აკადემიის ორგანოში — „ქრისტიანული აღმოსავლეთი“. 1916 წელს კორნელი კეკელიძე თბილისის სასულიერო სემინარიის რექტორად დაინიშნა. გახლდათ საქართველოს საკათალიკოსო საბჭოს წევრი. 1921 წელს  ანაფორა გაიხადა.

    1918 წელს კორნელი კეკელიძე გახლდათ თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ერთ-ერთი დამაარსებელი და სიცოცხლის ბოლომდე ძველი ქართული ლიტერატურის კათედრას ხელმძღვანელობდა.

    1919 წელს საქართველოს დამფუძნებელი კრების არჩევნებში კენჭს იყრიდა ეროვნულ-დემოკრატიული პარტიის სიით, თუმცა დამფუძნებელი კრების წევრის მანდატი ვერ მოიპოვა.

    1919-1925 წლებში კორნელი კეკელიძე სიბრძნისმეტყველების ფაკულტეტის დეკანად მოღვაწეობდა, 1926-1930 წლებში სასწავლო-სამეცნიერო ნაწილის პრორექტორი იყო, ხოლო 1921-1930 წლებში თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტთან არსებულ სიძველეთსაცავს ხელმძღვანელობდა.

    1924 წელს, კორნელი კეკელიძემ მონაწილეობა მიიღო კათოლიკოს-პატრიარქ ამბროსის და საკათალიკოსო საბჭოს წევრების სასამართლო პროცესში მოწმის სტატუსით.

    1933-1936 წლებში ქუთაისის პედაგოგიური ინსტიტუტის ქართული ლიტერატურის ისტორიის კათედრას ხელმძღვანელობდა, ხოლო 1942-1949 წლებში რუსთაველის სახელობის ქართული ლიტერატურის ისტორიის ინსტიტუტს განაგებდა. მონაწილეობდა საეკლესიო მუზეუმის კომიტეტის, „ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოებისა“ და „საისტორიო-საეთნოგრაფიო საზოგადოების“ მუშაობაში. სხვადასხვა დროს გახლდათ განათლების სახალხო კომისარიატის კოლეგიის წევრი და სახელმწიფო სამეცნიერო საბჭოს თავმჯდომარის მოადგილე.

   1948-1954 წლებში, კორნელი კეკელიძის რედაქციით,  გამოქვეყნდა საქართველოს სახელმწიფო მუზეუმის ხელნაწერების აღწერილობათა რამდენიმე ტომი. განუზომელია კეკელიძის ღვაწლი ძველი ქართული ლიტერატურის ისტორიის ფუნდამენტურ შესწავლასა და ტექსტოლოგიაში. მან თავიდანვე განსაზღვრა ძველი ქართული ლიტერატურის შესწავლის დიდი მნიშვნელობა, როგორც საკუთრივ ქართული კულტურის ისტორიაში, ისე მსოფლიო საქრისტიანო კულტურის ისტორიის თვალსაზრისით. იგი იკვლევდა ქართულ-ბიზანტიურ, ქართულ-სპარსული ლიტერატურის ურთიერთობებს, ძველი ქართული ლიტერატურისა და ხალხური სიტყვიერების ურთიერთმიმართების საკითხებს. კეკელიძემ დიდი ამაგი დასდო ქართულ ისტორიოგრაფიასაც, აქვს საგანგებო გამოკვლევები ძველი ქართული დამწერლობის, ქართული წელთაღრიცხვისა და კალენდრის, ძველი ქართული სტამბისა და ქართული წიგნის ბეჭდვის ისტორიის, ძველ ქართულ ლიტერატურაში მთარგმნელობითი მეთოდისა და სხვა დიდმნიშვნელოვანი საკითხების შესახებ. მისმა ნაშრომებმა განამტკიცა ქართული ფილოლოგიური მეცნიერების პრესტიჟი მთელ მსოფლიოში. მან ფასდაუდებელი წვლილი შეიტანა ქართველ მეცნიერთა კადრების აღზრდაში.

     კორნელი კეკელიძე გარდაიცვალა 1962 წლის 7 ივნისს და  დაკრძალულია თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ეზოში.

ორგანიზაციის, ასოციაციის ან ჯგუფის წევრი

  • საეკლესიო მუზეუმის კომიტეტი, წევრი
  • საისტორიო-საეთნოგრაფიო საზოგადოება, წევრი
  • საქართველოს მეცნიერებათა აკადემია, თანადამფუძნებელი და აკადემიკოსი (1941-)
  • ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოება, საზოგადოების ნამდვილი წევრი (1913-)

ჯილდოები, პრემიები და პრიზები

  • 1943 - საქართველოს მეცნიერების დამსახურებული მოღვაწე
  • 1907 - მაგისტრის სამეცნიერო ხარისხი
  • შრომის წითელი დროშის ორდენი
  • ლენინის ორდენი

გააზიარე: