The National Library of Georgia მთავარი - ბიბლიოთეკის შესახებ - ელ.რესურსები 
  შესვლა
ქ.შ.წ.კ.გ საზოგადოების წევრები
დასაწყისიკატეგორიები  
ძიება
პიროვნების სახელი:

საძიებელი ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი (ქშწკგ) საზოგადოების ყველა წევრს აერთიანებს, რომლებიც გაწევრიანდნენ ამ საზოგადოებაში მისი დაარსებიდან ლიკვიდაციამდე (1879–1927).

ეროვნული ბიბლიოთეკა მოგმართავთ თხოვნით, თქვენი წინაპრების ან ნათესავების ამ ბაზაში აღმოჩენის შემთხვევაში გამოგვიგზავნოთ მათი მონაცემები ბაზაში განსათავსებლად. საკონტაქტო ტელეფონი: 599548291.



მელიტონ სპირიდონის ძე კელენჯერიძე

მელიტონ სპირიდონის ძე კელენჯერიძე
სხვა სახელი:მ კე-ძე  (ფსევდონიმი)
ტონკმელი  (ფსევდონიმი)
დაბადების თარიღი:5 თებერვალი, 1864
გარდაცვ. თარიღი:13 აგვისტო, 1942  (78 წლის ასაკში)
დაკრძალვის ადგილი:თბილისი, ვაკის სასაფლაო
კატეგორია:მთარგმნელი, მწერალი, პედაგოგი, სასულიერო პირი

ბიოგრაფია

   მელიტონ კელენჯერიძე დაიბადა 1864 წლის 5 თებერვალს სოფელ ტაბაკინში (ზესტაფონის რაიონი) დიაკვნის ოჯახში. წერა–კითხვა ოჯახში შეასწავლეს, ხოლო შემდეგ ქუთაისში ვ. პეტრიაშვილის სკოლაში შეიყვანეს, რომელიც შემდეგ სასულიერო სასწავლებელს შეუერთეს. 

   1884 წელს მელიტონმა განცხადება შეიტანა თბილისის სასულიერო სემინარიის რექტორის სახელზე და ჩაირიცხა კიდეც პირველ კლასში. იგი საუკეთესო მოწაფედ ითვლებოდა და პირველი ხარისხით დაამთავრა სემინარია.

   1890 წლიდან მელიტონმა კიევის სასულიერო აკადემიაში გააგრძელა სწავლა. მან სადისერტაციო თემად აირჩია "საქართველოს ეკლესია მე–18  საუკუნეში". მისმა შრომამ დადებითი შეფასება მიიღო და ავტორს ღვთისმეტყველების კანდიდატის ხარისხი მიენიჭა.

   1894 წელს მელიტონ კელენჯერიძე სამშობლოში დაბრუნდა. ამავე წელს, იმერეთის ეპისკოპოსის გაბრიელ (გერასიმე) ქიქოძის თაოსნობით გაიხსნა ქუთაისის სასულიერო სემინარია. თავდაპირველად იყო მხოლოდ ერთი კლასი და მასწავლებლად კელენჯერიძე დაინიშნა, რომელსაც ქართულის, ისტორიის, მათემატიკისა და საღმრთო წერილის სწავლება დააკისრეს. ამავე დროს იგი სემინარიის საბჭოს მდივნად აირჩიეს. 1898 წელს საჭირო გახდა სემინარიასთან გახსნილიყო სანიმუშო სკოლა და აღიძრა შუამდგომლობა სინოდის წინაშე. სინოდმა ეს შუამდგომლობა დააკმაყოფილა. ამ სკოლის მოწყობა–გამართვაში დიდი ღვაწლი მიუძღვის მელიტონ კელენჯერიძეს.

   1903 წელს მელიტონი იმერეთის ეპარქიალური სასწავლო საბჭოს წევრად აირჩიეს და მოგვიანებით, ქუთაისის წმ. ნინოს სახელობის სასწავლებელში საღვთო სჯულის მასწავლებლად დანიშნეს. მთელი ამ პერიოდის განმავლობაში მელიტონი იბრძოდა ქართული ენის უფლებისა და სასწავლებლებში სწავლა–აღზრდის წარმატებისთვის, ეროვნული კულტურის დაცვისა და აყვავების საქმისთვის.

  1905 წლის 23 თებერვალს სინოდმა მელიტონი ქუთაისის სასულიერო სასწავლებლის ზედამხედველის თანამდებობიდან გაანთავისუფლა.

   1906 წლიდან მელიტონ კელენჯერიძე იყო "ქართველთა შორის წერა–კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების" წევრი.

   1907 წლიდან 1917 წლამდე მელიტონი ფოთის ვაჟთა გიმნაზიაში მასწავლებლობდა. 1917 წლის 10 აგვისტოს ქუთაისის რეალური სასწავლებლის პედაგოგიური საბჭოს სხდომამ იგი ერთხმად აირჩია ქართული ენის მასწავლებლად.

   1918 წლიდან მელიტონ კელენჯერიძე ქუთაისის მწერალთა ორგანიზაციის წევრია, შემდეგ კი საქართველოს მწერალთა კავშირისა. საქართველოში საბჭოთა ხელისუფლების დამყარების შემდეგ კელენჯერიძე მუშაობდა სხვადასხვა ტიპის სკოლებში: ქუთაისის ყოფილი რეალური სასწავლებელი, პირველი ჰუმანური ტექნიკუმი,მეორე შვიდწლედი, რკინიგზის ათწლედი, მე–12 შვიდწლედი, რკინიგზის ტექნიკუმი და სამშენებლო სასწავლებელი.

   1932 წელს მელიტონ კელენჯერიძე საცხოვრებლად თბილისში გადმოვიდა. მცირე ხნის განმავლობაში მთარგმნელად მუშაობდა საქართველოს სსრ განათლების კომისარიატში მეთოდ–სექტორში. ავადმყოფობის გამო ამის შემდეგ მას აღარ უმსახურია, იღებდა პერსონალურ პენსიას.

   განსაკუთრებული ადგილი ეჭირა მის ცხოვრებაში ქართულ ფოლკლორს. მას ბავშვობიდანვე იზიდავდა ხალხური შემოქმედება და თავიდანვე დიდი ყურადღება მიაქცია ზეპირსიტყვიერების ნიმუშების შეგროვებას. გარდა ამისა მას ამ სფეროში ჰქონდა მეცნიერული ნაშრომებიც: "სიტყვიერების თეორია" და " ქართული ქრესტომათია ანუ კრებული ქართული სიტყვიერების საუკეთესო ნიმუშებისა". 

   განსაკუთრებულ ინტერესს იჩენდა მელიტონ კელენჯერიძე "ვეფხისტყაოსნის" მიმართ. ამ მხრივ საინტერესოა მისი საკმაოდ დიდი შრომა – "ვეფხისტყაოსნის ტიპები", რომელიც 1921 წელს ქუთაისში სალიტერატურო ჟურნალ "კრებულში" დაიბეჭდა. საინტერესო ისტორიული ნაშრომია "დამოკიდებულება რუსთა და ქართველთა შორის". სასკოლო სახელმძღვანელოებიდან აღსანიშნავია "ქართული პრაქტიკული გრამატიკა", რომელიც ორჯერ გამოიცა.

   მელიტონ კელენჯერიძემ დიდი შრომა გასწია გერასიმე ქიქოძის (გაბრიელ ეპისკოპოსი) ცხოვრებისა და მოღვაწეობის ამსახველი მასალების შეგროვებისა და სისტემაში მოყვანისათვის. ამის შედეგია ნიკო ნიკოლაძის დახმარებით 1913 წელს გამოცემული მ. კელენჯერიძის წიგნი "გაბრიელი – ეპისკოპოსი იმერეთისა". ასევე საინტერესოა ამ სფეროში მისი შრომები:  „საქართველოს საკათალიკოსო ეკლესიის მოკლე ისტორია“ და „სიმართლე ქართული ეკლესიის ავტოკეფალიაზე“ (რუსულ ენაზე).

   ხანგრძლივი ავადმყოფობის შემდეგ მელიტონ კელენჯერიძე გარდაიცვალა 1942 წელს.

ორგანიზაციის, ასოციაციის ან ჯგუფის წევრი

  • საქართველოს მწერალთა კავშირი, წევრი
  • ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოება, საზოგადოების ფოთის განყოფილების გამგეობის წევრი (1910-)
  • ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოება, საზოგადოების ფოთის განყოფილების თავმჯდომარის ამხანაგი (1915-1917)
  • ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოება, საზოგადოების ნამდვილი წევრი (1904-)
  • ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოება, საზოგადოების ფოთის განყოფილების ნამდვილი წევრი (1910-1914)
  • ქუთაისის მწერალთა ორგანიზაცია, წევრი (1918-1931)

ბიბლიოგრაფია

საკონტაქტო ინფორმაცია

  • სახლი
    მისამართი:ბელინსკის ქ. N39

გააზიარე: