The National Library of Georgia Home - About Library - E-Resources 
  Login
Georgian -
HomeCategories  
Search
Person Name:



ისიდორე გრიგოლის ძე კვიცარიძე

ისიდორე გრიგოლის ძე კვიცარიძე
Other name:არიძე  (Pseudonym)
ის-არიძე  (Pseudonym)
ისო  (Pseudonym)
ქუთათური მწიგნობარი  (Pseudonym)
Date of birth:11 August, 1870
Date of death:15 December, 1937  (at 67 years)
Burial location:უცნობია (დახვრეტილი)
Category:Publisher, Writer, Repressed, Public Figure

Biography

    ისიდორე  კვიცარიძე 1878 წელს, ქუთაისის გუბერნიის სოფელ ოფურჩხეთში, მღვდლის ოჯახში დაიბადა. ძმის მონდომებით, საუკეთესო მოსწავლე, ტფილისის სასულიერო სემინარიაში გააგზავნეს, სადაც იგი მალევე ჩაება სემინარისტთა არალეგალური წრეების მუშაობაში და დაუახლოვდა ზაქარია ჭიჭინაძეს. ისიდორე მალევე გაიწაფა ბუკინისტურ საქმიანობაში და ზაქარია ჭიჭინაძის მთავარი თანაშემწე გახდა, პარალელურად კი აქტიურად მუშაობდა სოციალ-დემოკრატიულ პარტიაში. სემინარიის მესამე კურსიდან ისიდორემ საკუთარი გადაწყვეტილებით სწავლას თავი დაანება, რამაც ოჯახი დიდად გაანაწყენა და მთლიანად პარტიულ და საზოგადოებრივ საქმიანობაზე გადაერთო. რამდენიმე წელი პეტერბურგსა და მოსკოვში იცხოვრა და იმუშავა, სადაც საგამომცემლო საქმიანობის შესწავლისა და პარტიულ დავალებათა პარალელურად ადგილობრივ პრესასთან თანამშრომლობდა.

    სამშობლოში დაბრუნების შემდეგ, ისიდორემ გადაწყვიტა საკუთარი მხარის განათლებისათვის ეზრუნა. ეს ის პერიოდი იყო, როცა „ცარისტული“ რუსეთი ყოველგვარ ჟურნალ-გაზეთებს, თავისუფალ სიტყვასა და საგანმანათლებლო მუშაობას დევნიდა.  1900-იან წლებში ისიდორემ მეგობრებთან ერთად საგამომცემლო და პრესის გავრცელების კანტორა „კოლხიდა“ შექმნა, რომელიც ორიენტირებული იყო ჟურნალ-გაზეთებისა და ისეთი ლიტერატურის გავრცელებაზე, რომელიც ხალხის ინფორმირებასა და თვითგანვითარებას შეუწყობდა ხელს და ამ ლიტერატურას ქუთაისის გუბერნიის ტერიტორიაზე  ავრცელებდა.

      ხელისუფლებას რეაქციის წლებში უყურადღებოდ არ დარჩენია „კოლხიდას“ საქმიანობა და 1907 წელს  ჟურნალ-გაზეთების მაღაზია-კანტორა დახურეს, ხოლო წიგნები ტომრებში ჩაჰყარეს და ჟანდარმერიაში წაიღეს. მალე თავად ისიდორეც დააპატიმრეს. ხელისუფლება მას აკრძალული ლიტერატურის გავრცელებას ედავებოდა და ხანგრძლივი სასამართლო პროცესების შემდეგ ერთი წლით პატიმრობა მიუსაჯეს.

    მიუხედავად  ხელისუფლებისა და ცენზურის მხრიდან მუდმივი შევიწროებისა, გათავისუფლების შემდეგ ისიდორე, კვლავ ჩაუდგა სათავეში მანამდე დაწყებულ საქმეს და დაარსა ახალი გამომცემლობისა და პრესის კანტორა, რომელსაც „იმერეთი“ ეწოდა. „იმერეთი“  ქალაქ ქუთაისისა და ზოგადად, იმერეთის ერთ-ერთ მთავარ კულტურულ კერად იქცა, რომელსაც ხშირად სტუმრობდნენ ცნობილი ქართველი მწერლები და საზოგადო მოღვაწეები, მათ შორის, აკაკი წერეთელი, ზაქარია ჭიჭინაძე, ვაჟა-ფშაველა და სხვები.

    რუსეთის იმპერიის დანგრევისა და საქართველოს სახელმწიფოებრივი დამოუკიდებლობის გამოცხადების შემდეგ, ისიდორე კვიცარიძემ კიდევ უფრო გაააქტიურა საზოგადოებრივი და პოლიტიკური საქმიანობა. მას პირადი მეგობრობა აკავშირებდა საქართველოს მთავრობის თავჯდომარე ნოე ჟორდანიასთან და ნიკო ნიკოლაძესთან. ხშირად ისიდორე პირდაპირ აცნობდა ხელისუფლებას ქუთაისის პრობლემებსა თუ საჭიროებებს. იგი აქტიურად იყო ჩართული ქალაქის თვითმმართველობის საქმიანობაშიც. მან  მნიშვნელოვანი წვლილი შეიტანა  ქუთაისის სამუსიკო სკოლის გადარჩენის საქმეში, რომელსაც უსახსრობის გამო დახურვა ემუქრებოდა და შეძლო დაერწმუნებინა დამფუძნებელი კრების ხელოვნების კომისია, სკოლა სახელმწიფოს ბალანსზე მიეღოთ.

    ისიდორე კვიცარიძეს განსაკუთრებული დამსახურება მიუძღვის ქუთაისში მცხოვრები ბერძნების სკოლა „ათინა“-ს განვითარებაში, სადაც ბერძენი ეროვნების მოსწავლეები სწავლობდნენ, რომელთაც უსახსრობის გამო გიმნაზიასა და რეალურ სასწავლებელში შესვლის საშუალება არ ჰქონდათ. 1917 წელს ისიდორემ სკოლას თავისი სახლის პირველი სართული დაუთმო და ფინანსურადაც ეხმარებოდა, რამაც სკოლას საშუალება მისცა მთელი იმერეთიდან მიეღო ეთნიკურად ბერძენი მოსწავლეები.  მოსწავლეებს თავიანთი თეატრალური დასიც ჰქონდათ და აქტიურადაც იყვნენ ჩართული ქალაქის კულტურულ ცხოვრებაში. ისიდორე აქტიურად იყო ჩაბმული მშობლიური სოფლის, ოფურჩხეთის თვითმმართველობაშიც და სოფლის გამგეობის თავჯდომარედაც იქნა არჩეული.

     ისიდორეს პრესის კანტორა „იმერეთი“ უკვე ყოველგვარი შეზღუდვისა და ცენზურის გარეშე აგრძელებდა მუშაობას, ხოლო 1921 წლის  რუსული ოკუპაციის შემდეგ „იმერეთის“ საქმიანობაც, ისევე როგორც სხვა ყველა დამოუკიდებელი ორგანიზაციისა, თანდათან გართულდა და ბოლოს საოკუპაცო რეჟიმის სიმძიმის გამო შეუძლებელიც შეიქნა. 1922 წლის ბოლოსკენ, საბჭოთა მთავრობამ გადაწყვიტა გამოესყიდა საგაზეთე კანტორა „იმერეთში“ შენახული სამწერლობო განძეულობა და 30 წლის განმავლობაში ნაგროვები პერიოდულ გამოცემათა კოლექციები, ფოტომასალა და წიგნები სახელმწიფო მუზეუმის საკუთრებად იქცა, ხოლო ისიდორეს დაევალა საქართველოს მასშტაბით შეეგროვებინა XIX საუკუნის 50-იანი წლებიდან არსებული პრესის კოლექციები, შეევსო უკვე არსებული კომპლექტები და მუზეუმისთვის ჩაებარებინა.

    1934 წლის 17 ივნისს ისიდორე კვიცარიძე საქართველოს სსრ შინაგან საქმეთა სახალხო კომისარიატის ქუთაისის რაიონულმა განყოფილებამ დააპატიმრა. მას ბრალად ედებოდა ძველი, რუსეთის იმპერიის დროს მოქმედი ოქროს ფულის შენახვა. სახლის ჩხრეკისას ისიდორეს საკუთარ 2005 ოქროს მანეთს, მთელი ცხოვრების დანაზოგს, კონფისკაცია გაუკეთეს.

     1937 წელს ისიდორე კვიცარიძე კვლავ დააპატიმრეს და თბილისში გადაგზავნეს, სადაც საქართველოს სსრ შინსახკომთან არსებულმა განსაკუთრებულმა სამეულმა (ე.წ. ტროიკა), საზღვარგარეთ მყოფ თანაპარტიელებთან არალეგალური კავშირის, საქართველოს მდგომარეობის შესახებ ცნობების მიწოდებისა და საზღვარგარეთიდან არალეგალური ლიტერატურის მიღება-გავრცელების ბრალდებით ამავე წლის 14 დეკემბერს დახვრეტა მიუსაჯა. განაჩენი მომდევნო ღამეს სისრულეში იქნა მოყვანილი.

Member of Organizations

  • ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოება, საზოგადოების ქუთაისის განყოფილების წევრი (1907-)
  • ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოება, საზოგადოების ქუთაისის განყოფილების გამგეობის წევრი (1912-)

Share: