The National Library of Georgia მთავარი - ბიბლიოთეკის შესახებ - ელ.რესურსები 
  შესვლა
ქ.შ.წ.კ.გ საზოგადოების წევრები
დასაწყისიკატეგორიები  
ძიება
პიროვნების სახელი:

საძიებელი ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი (ქშწკგ) საზოგადოების ყველა წევრს აერთიანებს, რომლებიც გაწევრიანდნენ ამ საზოგადოებაში მისი დაარსებიდან ლიკვიდაციამდე (1879–1927).

ეროვნული ბიბლიოთეკა მოგმართავთ თხოვნით, თქვენი წინაპრების ან ნათესავების ამ ბაზაში აღმოჩენის შემთხვევაში გამოგვიგზავნოთ მათი მონაცემები ბაზაში განსათავსებლად. საკონტაქტო ტელეფონი: 599548291.



თევდორე გაბრიელის ძე კიკვაძე

თევდორე გაბრიელის ძე კიკვაძე
ოფიციალური სახელი:თევდორე გაბრიელის ძე კიკვიძე
სხვა სახელი:ანასინი  (ფსევდონიმი)
ბელასინი  (ფსევდონიმი)
დელიყანდი  (ფსევდონიმი)
ზღვისპირელი  (ფსევდონიმი)
კრიმანჭულაძე  (ფსევდონიმი)
კუდაბზიკა  (ფსევდონიმი)
ლიუციფერ  (ფსევდონიმი)
ჭაღარა  (ფსევდონიმი)
ჭყაფშანელი  (ფსევდონიმი)
ხლაფორთაძე  (ფსევდონიმი)
დაბადების თარიღი:აპრილი, 1868
გარდაცვ. თარიღი:15 ნოემბერი, 1934  (66 წლის ასაკში)
კატეგორია:დამფუძნებელი წევრი, მწერალი, პედაგოგი, პოლიტიკოსი, პუბლიცისტი, საზოგადო მოღვაწე

ბიოგრაფია

     თედორე (თედო) კიკვაძე დაიბადა 1868 წლის აპრილში ოზურგეთის მაზრის შემოქმედის (თემის) საზოგადოების სოფელ მაკვანეთში ღარიბი გლეხის ოჯახში.

     1884 წელს წარჩინებით დაამთავრა ოზურგეთის ოთხკლასიანი სასულიერო სასწავლებელი. იმავე წელს სწავლა განაგრძო ტფილისის სასულიერო სემინარიაში. სემინარიაში სწავლის პერიოდში მონაწილეობდა სტუდენტების მიერ დაარსებულ არალეგალურ წრეებში, სადაც კითხულობდენ აკრძალულ ლიტერატურას. რედაქტორობდა სტუდენტურ არალეგალურ ხელნაწერ ჟურნალ „ლამპარს“. ამავე ჟურნალში თანამშრომლობდნენ ნოე ჟორდანია და ფილიპე მახარაძე. მათთან  ერთად ხელმძღვანელობდა სტუდენტურ საპროტესტო გამოსვლებს სემინარიის ადმინისტრაციის წინააღმდეგ, მათ შორის სასწავლებელში ქართული ლიტერატურისა და ისტორიის სწავლების მოთხოვნით. სემინარიის ადმინისტრაცია დათმობაზე წავიდა და 1890-1891 წლებში დაარსდა ქართული ენისა და ლიტერატურის რუსულენოვანი კათედრა, მაგრამ სემინარიელთა გამოსვლების ორგანიზატორებს  სემინარიის დასრულებისას ყოფაქცევაში დაბალი ნიშნები გამოაყოლეს, რაც დიდ ბარიერს უქმნიდა უნივერსიტეტში სწავლის გაგრძელების მსურველთ.

    1890 წლის ივნისში თედო კიკვაძე გურიაში, თავის სოფელში დაბრუნდა და გადაწყვიტა  სახალხო სკოლა დაეარსებინა. სკოლის გახსნისათვის საჭირო ოფიციალური ნებართვის მიღების პროცესი გაჭიანურდა და თედომ საკუთარი ინიციატივით შეკრიბა სამოცამდე მოსწავლე და მეცადინეობა დააწყებინა მის მიერვე შემუშავებული პროგრამით. 1891 წლისათვის ადმინისტრაცია უკვე ფაქტის წინაშე დააყენა და მალევე მიიღო სკოლისათვის საჭირო შენობა და მოწყობილობა. მემკვიდრეობითი ფულადი ვალის გამო თედო კიკვაძემ მასწავლებლობა სხვას გადააბარა და ჭიათურაში შავი ქვის მრეწველ ნიკოლოზ ღოღობერიძესთან დაიწყო მუშაობა.  ცხოვრება და მუშაობა რთულ პირობებში უწევდა. 1896 წლამდე ღოღობერიძის ფირმაში სხვადასხვა პოზიციაზე მუშაობდა, აღებული ფულის ნაწილს კი სოფელში გზავნიდა მის მიერ მოწყობილი სკოლისათვის ინვენტარის შესაძენად. თედო კიკვაძის დიდი ძალისხმევის შედეგად 1894 წელს მაკვანეთის სკოლას მისცეს აკრედიტაცია - დაამტკიცეს ორკლასიან „სამინისტრო სკოლად“.

     ჭიათურაში მუშაობის დროს მისი ბინა გადაიქცა ადგილობრივი დემოკრატიული ძალების თავშეყრის და კულტურული მუშაობის სივრცედ. მონაწილეობდა ჭიათურის ბიბლიოთეკის, თეატრის, საკვირაო სკოლის დაარსებაში. აქტიურად მოღვაწეობდა პრესაში და ჭიათურის მაღაროს მუშების პრობლემების შესახებ ყურადღების მობილიზებას ცდილობდა. ასევე აქტიურად უწევდა პროპაგანდას ქალთა ემანსიპაციას.

    1896 წელს თედო კიკვაძის ინიციატივით და ფოთის ქალაქის თავის ნიკო ნიკოლაძის მხარდაჭერით ფოთში გაიხსნა პირველი ბიბლიოთეკა.

    1897 წელს აკაკი წერეთლის მიწვევით მუშაობას დაიწყო ჟურნალ „კრებულში“ რედაქციის გამგედ. რედაქტორობასთან ერთად ითავსებდა  საადმინისტრაციო-სამნეო ნაწილსაც, მდივნობასაც და სტილისტობასაც. ამ პერიოდში იგი ასევე თანამშრომლობდა ჟურნალ „კვალში“, სადაც სხვადასხვა ფსევდონიმებით ათავსებდა წერილებს. 1898 წლის ბოლოს  მასწავლებლად მუშაობდა ოზურგეთში, შემდეგ გადავიდა ბათუმში და იქ 1899 წელს ოლქის მზრუნველის ნებართვით კერძო სასწავლებელი გახსნა, რომელიც 1901 წელს ოზურგეთში გადაიტანა.

    1905 წლის რევოლუციის დროს  გურიის მოძრაობის ლიდერის ბენია ჩხიკვიშვილის თანაშემწე იყო და  მუშაობდა აგიტატორად. 1905 წლის მარტში ჟანდარმებმა კიკვაძის ბინა ალყაში მოაქციეს და   სხვა მეამბოხე ტუსაღებთან ერთად მეტეხის ციხეში ჩასვეს. მალევე თბილისში მეფისნაცვლად ახალდანიშნული ვორონცოვ-დაშკოვის ამნისტიამ მოუსწრო და გაათავისუფლეს. ამის შემდეგ  გაზეთ "სხივში“ რედაქციის მდივნის თანამდებობაზე დაიწყო მუშაობა. „სხივი“ ხელისუფლებამ მალევე დახურა, თუმცა მის ნაცვლად გამოვიდა გაზეთი „განთიადი“, რომლის ირგვლივაც „ბოლშევიკების“ და „მენშევიკების“ დროებითი გაერთიანება მოხდა. ამ გაზეთში „ბოლშევიკების“ მხრიდან რედაქტორი იყო ფილიპე მახარაძე, „მენშევიკების“ მხრიდან ნოე ჟორდანია და სევერიან ჯუღელი, ხოლო თედო კიკვაძე გაზეთის მდივანი. ცოტა ხანში გაზეთი კვლავ დაიხურა და მის ნაცვლად გაიხსნა გაზეთი „ელვა“.

   1906 წლის 15 აპრილს ავლაბრის არალეგალური ტიპოგრაფიის აღმოჩენის შემდეგ ჟანდარმერია თავს დაესხა „ელვის“ რედაქციას და  თედო კიკვაძე დააპატიმრეს, რომელსაც კატორღა ელოდა, რადგან ჩხრეკისას უპოვეს  პარტიის ვერის რაიონის ორგანიზაციის დოკუმენტი ბეჭდით, სადაც აღნიშნული იყო, რომ თედომ გენერალ გრიაზნოვის მკვლელის - არსენ ჯორჯიაშვილის მამას ფულადი დახმარება გადასცა. ციხიდან გათავისუფლების შედეგ თედო სოფელში დაბრუნდა და მასწავლებლობა განაგრძო. პარალელურად აგრძელებდა სოციალ-დემოკრატიული პარტიის იატაკქვეშა ორგანიზაციაში მუშაობას.

    1907 წელს  თედო იძულებული გახდა თავი თბილისისთვის შეეფარებინა, სადაც მუშაობა დაიწყო იუმორისტულ ჟურნალ „ეკალში“, რომელიც მწვავე სატირის გამო ადმინისტრაციამ მალევე დახურა და რედაქტორიც დააპატიმრა.

    1909 წელს თედო ისევ  ოზურგეთში დაბრუნდა, მაგრამ მალევე დაბრუნდა თბილისში, სადაც  პედაგოგიური საქმიანობა გააგრძელა სხვადასხვა სკოლებში.

    1914 წელს თედო კიკვაძე „ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების“ მთავარი გამგეობის წევრად აირჩიეს, სადაც 1918 წლიდან  თავმჯდომარის ამხანაგი (მოადგილე) გახლდათ. მიბარებული ჰქონდა  წიგნების გამოცემის ხელმძღვანელობა და იყო საგამომცემლო სექციის თავმჯდომარე.

    1917 წლიდან თედო კიკვაძე გახლდათ განათლების მუშაკთა პროფკავშირის წევრი და  სასკოლო სახელმძღვანელოების გადამამუშავებელ კომისიას ხელმძღვანელობდა. იგი იყო  „მხედრული“ შრიფტის შემსწორებელი კომისიის თავმჯდომარე, განათლების სამინისტროსთან არსებული სასკოლო კომიტეტის წევრი, საისტორიო-საეთნოგრაფიო საზოგადოების წევრი და მუშაობდა ტფილისის საგუბერნიო სასურსათო კომისიის გამგეობაში.

    1917 წლის ნოემბერში თედო კიკვაძე საქართველოს ეროვნული საბჭოს წევრად აირჩიეს. 1918 წლის 26 მაისს ხელი მოაწერა საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკის დამოუკიდებლობის გამოცხადების აქტს და 1918 წლის განმავლობაში იყო საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკის პარლამენტის წევრი. პარალელურად თბილისის ქალთა მე-4 გიმნაზიაში ქართული სიტყვიერების მასწავლებლად მუშაობდა და 1919 წელს თბილისის ქალაქის საბჭოს ხმოსნად იქნა არჩეული.

   თედო კიკვაძე 1919 წლის 12 მარტს აირჩიეს საქართველოს რესპუბლიკის დამფუძნებელი კრების წევრად საქართველოს სოციალ-დემოკრატიული მუშათა პარტიიდან და მუშაობდა სახალხო განათლებისა და სამანდატო კომისიებში. 1921 წელს, საბჭოთა რუსეთის მიერ საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკის ოკუპირების შემდეგ  ქვეყანაში დარჩა  და წინააღმდეგობის მოძრაობაში ჩაება.

   1921 წელს თედო კიკვაძე განათლების სახალხო კომისარიატში სამუშაოდ მიავლინეს და მონაწილეობას იღებდა საბჭოთა სკოლებისათვის ქართული ენის სახელმძღვანელოს შედგენაში. წერდა საბავშვო მოთხრობებს.

    1923 წელს  საქართველოს სსრ საგანგებო კომისიამ ("ჩეკა")თედო კიკვაძე  დააპატიმრა, თუმცა ბრალდების დაუსაბუთებლობის გამო გაათავისუფლეს.

   1927 წელს განათლების სახალხო კომისრის, დავით კანდელაკის განკარგულებით თედო დაინიშნა ქართული ლიტერატურის ლექტორად სამხატვრო აკადემიაში და როცა  ეს სასწავლებელი 1930 წელს  პედაგოგიურ ინსტიტუტს შეუერთდა, როგორც სახვითი ხელოვნების ფაკულტეტი,  იგი  ლექციების კითხვას დოცენტის ხარისხით განაგრძობდა. 1931 წლიდან პედაგოგიური ინსტიტუტში მუშაობდა, ხოლო  ინსტიტუტის ქუთაისში გადატანის შემდეგ  მუშაობა  თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში გააგრძელა. თბილისის სამხატვრო აკადემიის დაარსების შემდეგ გახდა სახვითი ხელოვნების ფაკულტეტის ქართული ლიტერატურის ლექტორი. 1931 წელს ფაკულტეტმა  შუამდგომლობა გაუწია პროფესორობაზე. 1931 წლიდან იყო საქართველოს სსრ მეცნიერ-მუშაკთა სექციის წევრი.

    თედო კიკვაძე გარდაიცვალა 1935 წლის იანვარში.

ორგანიზაციის, ასოციაციის ან ჯგუფის წევრი

  • საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკის დამფუძნებელი კრება, წევრი (1919-)
  • საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკის პარლამენტი, წევრი (1918-)
  • საქართველოს ეროვნული საბჭო, წევრი (1917-)
  • საქართველოს სოციალ-დემოკრატიული მუშათა პარტია, წევრი
  • ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოება, საზოგადოების თბილისის განყოფილების დამფუძნებელი წევრი (1916-)
  • ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოება, საზოგადოების თბილისის განყოფილების მუდმივი წევრი (1917-1922)

ბიბლიოგრაფია


გააზიარე: