The National Library of Georgia მთავარი - ბიბლიოთეკის შესახებ - ელ.რესურსები 
  შესვლა
ქ.შ.წ.კ.გ საზოგადოების წევრები
დასაწყისიკატეგორიები  
ძიება
პიროვნების სახელი:

საძიებელი ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი (ქშწკგ) საზოგადოების ყველა წევრს აერთიანებს, რომლებიც გაწევრიანდნენ ამ საზოგადოებაში მისი დაარსებიდან ლიკვიდაციამდე (1879–1927).

ეროვნული ბიბლიოთეკა მოგმართავთ თხოვნით, თქვენი წინაპრების ან ნათესავების ამ ბაზაში აღმოჩენის შემთხვევაში გამოგვიგზავნოთ მათი მონაცემები ბაზაში განსათავსებლად. საკონტაქტო ტელეფონი: 599548291.



გიორგი დავითის ძე ქართველიშვილი

გიორგი დავითის ძე ქართველიშვილი
დაბადების თარიღი:1827
გარდაცვ. თარიღი:1901  (74 წლის ასაკში)
დაკრძალვის ადგილი:დიდუბის ღვთისმშობლის ეკლესია
კატეგორია:მეწარმე

ბიოგრაფია

    გიორგი ქართველიშვილი დაიბადა 1827 წელს თბილისში, დავით ქართველიშვილის ოჯახში.  ჰყავდა  მეუღლე, თამარ მჭედლიძე, და 11 შვილი — ერთი მათგანი ნიკოლოზ ქართველიშვილი, შემდგომში ქართული მუსიკალური ხელოვნების თვალსაჩინო მოღვაწე გახდა. 

   გიორგი ქართველიშვილი მსხვილ სავაჭრო საქმიანობას ეწეოდა და პირველი გილდიის ვაჭრის წოდებას ატარებდა, რაც რუსეთის იმპერიაში, კომერციის დარგში უმაღლეს აღიარებად ითვლებოდა. ქართველიშვილის და მისი კომპანიონი ზეზემანის ფირმა ორთქლის ძრავებზე მომუშავე ხის გადამამუშავებელ 3 მსხვილ ქარხანას ფლობდა შიდა ქართლში, სოფელ ატენსა და ხანდისში. დამუშავებული ხე-ტყის ტრანსპორტირებისათვის, რომლის დიდი ნაწილი (განძელების სახით) სამხრეთ კავკასიის რკინიგზის მშენებლობას ხმარდებოდა, ქართველიშვილმა რკინიგზა ააგო ატენიდან გორამდე. პარალელურად მას ჰქონდა თევზის სავაჭრო.

  გიორგი ქართველიშვილი თავისი დროის ერთ-ერთი ყველაზე წარმატებული მეწარმე იყო საქართველოში, თუმცა ის უფრო ცნობილია მნიშვნელოვანი საქველმოქმედო საქმიანობით, რომელიც უკავშირდებოდა ქართულ ისტორიას და კულტურას.

   1881-1882 წლებში ქართველიშვილმა შოთა რუსთაველის „ვეფხისტყაოსნის“ გამოცემაზე დაიწყო ზრუნვა. წიგნის გასაფორმებლად მოიწვია რუსეთის საიმპერატორო კარის მხატვარი, ეროვნებით უნგრელი მიხაი ზიჩი. 

   1884 წელს მისი წინადადებით შეიქმნა კომისია, რომელსაც ვეფხისტყაოსნის ტექსტის ვარიანტების შეჯერება-დადგენაზე უნდა ემუშავა. კომისიის წევრები იყვნენ: ილია ჭავჭავაძე, ივანე მაჩაბელი, რაფიელ ერისთავი, დიმიტრი ბაქრაძე, პეტრე უმიკაშვილი და იონა მეუნარგია.. წიგნის გამოსაცემად გამოიწერა ახალი შრიფტი, სათაურის ასოები, ორნამენტები (სხვადასხვა ქართული ტაძრებიდან აღებული), გასაფორმებელი ნახატები. ზიჩის ილუსტრაციებით გაფორმებული ვეფხისტყაოსანი გამოიცა 1888 წელს და ისტორიაში შევიდა როგორც "ქართველიშვილისეული გამოცემა".  "ვეფხისტყაოსნის" გამოცემაზე დაიხარჯა 12000 მანეთი. ქართველიშვილმა გამოცემის მთელი ტირაჟი ქშწკგ საზოგადოებას გადასცა საჩუქრად და მისგან შემოსული თანხით სტამბის გამართვის საკითხი დააყენა. გაიღო შემოწირულობა ქართული გალობის ნოტების დაწყობისა და დაბეჭდვის სასარგებლოდ. მოგვიანებით ცალკე წიგნად გამოსცა რუსულ ენაზე თარგმნილი ვეფხისტყაოსანი, რომელიც პირადად გადასცა საჩუქრად საქართველოში სტუმრად მყოფ რუსეთის იმპერატორ ალექსანდრე III მეუღლეს მარია ფიოდოროვნას.

   1880-1884 წლებში ქართველიშვილის შემწეობით ხელახლა აშენდა აღა მაჰმად ხანის მიერ 1795 წელს დანგრეული დიდუბის ღვთისმშობლის ეკლესია.

   1885 წელს გამოსცა ვახუშტი ბაგრატიონის საქართველოს ისტორია (დიმიტრი ბაქრაძის რედაქტორობით). 1889 წელს მოსე ჯანაშვილის "საქართველოს ისტორია".

   1888 წელს ქართველიშვილის დავალებით და ფოტოგრაფ ერმაკოვის მონაწილეობით, შედგენილ იქნა ფოტოალბომი სათაურით "საქართველოს ისტორიული ალბომი". ქართველიშვილი წიგნებით ასაჩუქრებდა მთელ რიგ სასწავლებლებს, ეხმარებოდა შეგირდებსა და სტუდენტებს, აფინანსებდა ძველი ტაძრების სარესტავრაციო სამუშაოებს. როგორც გაზეთი „ივერია“ აღნიშნავდა: „არც ერთი საზოგადო საქმე არ დაწყებულა ჩვენში, რომ გიორგი დავითის-ძეს [ქართველიშვილს] დახმარება არ აღმოეჩინოს. იმის ცხონებული და მადლიანი მარჯვენა ყველას შემწეობას და შველას უჩენდა“.

   ქველმოქმედების გარდა, ქართველიშვილი აქტიურ საზოგადოებრივ მოღვაწეობას ეწეოდა. იგი იყო თბილისის  ობოლთა მზრუნველობის თავმჯდომარე, 1880 წლიდან „ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების“ დამფუძნებელი წევრი, 1882–1887 წლებში გამგეობის წევრი და ხაზინადარი, 1883-1885 წლებში გამოსცემდა ცნობილ ქართულ გაზეთ „დროებას“. იგი გახლდათ თბილისის საპატიო მოქალაქე.

   გიორგი ქართველიშვილი ატარებდა რუსეთის იმპერიის საპატიო მოქალაქის წოდებას - „Потомственный Почетный Гражданин Российской Империи“.

     საზოგადო მოღვაწე, მეწარმე და ქველმოქმედი გიორგი ქართველიშვილა გარდაიცვალა 1901 წელს და დაკრძალულია თბილისში, თავისივე აღდგენილ დიდუბის ღვთისმშობლის ტაძარში. 

ორგანიზაციის, ასოციაციის ან ჯგუფის წევრი

  • ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოება, საზოგადოების დამფუძნებელი წევრი (1880-)
  • ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოება, საზოგადოების გამგეობის წევრი და ხაზინადარი (1882-1887)
  • ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოება, საზოგადოების საპატიო წევრი (1894-)

საკონტაქტო ინფორმაცია

  • სახლი
    მისამართი:თბილისი, კუკია, საკუთარი სახლი

გააზიარე: