The National Library of Georgia Home - About Library - E-Resources 
  Login
Georgian -
HomeCategories  
Search
Person Name:



ნიკოლოზ გიორგის ძე ქართველიშვილი

ნიკოლოზ გიორგის ძე ქართველიშვილი
Date of birth:30 May, 1875
Date of death:29 May, 1922  (at 46 years)
Burial location:თბილისი, მწერალთა და საზოგადო მოღვაწეთა დიდუბის პანთეონი
Category:Musician, Filmmaker, Public Figure

Biography

   ნიკოლოზ ქართველიშვილი დაიბადა 1872 წლის 30 მაისს თბილისში, ცნობილი მეცენატისა და ქველმოქმედის, მიხაი ზიჩის ილუსტრაციებით „ვეფხისტყაოსნის“ გამომცემელის, გიორგი ქართველიშვილის ოჯახში.

    ნიკოლოზმა თბილისის გიმნაზია დაამთავრა და ერთხანს მოსკოვის უნივერსიტეტის იურიდიულ ფაკულტეტზე სწავლობდა, თუმცა შემდეგ მუსიკალური განათლების მისაღებად საფრანგეთში გაემგზავრა და პარიზის კონსერვატორიაში ჩააბარა. პარიზიდან დაბრუნებულმა ქართველიშვილმა მთელი თავისი საქმიანობა საზოგადოებრივ მოღვაწეობას მიუძღვნა. კერძოდ, თავისი ხარჯით შეადგინა ახალგაზრდების გუნდი, რომელიც კონცერტებს მართავდა საქართველოსა და ამიერკავკასიის სხვადასხვა ქალაქებში. ამ გუნდში მღეროდა შემდგომში ცნობილი მომღერალი სანდრო კავსაძე.

    1902 წლიდან ნიკოლოზ ქართველიშვილი გახლდათ „ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების“ ნამდვილი წევრი და საზოგადოებაში მისი გაწევრიანების თავმდებნი იყვნენ: ნიკო ცხვედაძე, ვალერიან ლორთქიფანიძე და პეტრე მირიანაშვილი.

   1910 წელს ნიკოლოზ ქართველიშვილი ქართული დრამატული საზოგადოების გამგეობის თავმჯდომარედ აირჩიეს და იმავე წელს ქართული თეატრის დირექტორად დაინიშნა.

     ნიკოლოზ ქართველიშვილი წლების მანძილზე ხელმძღვანელობდა ქართულ დრამატულ საზოგადოებას. აღსანიშნავია, რომ მისი დირიჟორობით დაიდგა კომპოზიტორ გოგნიაშვილის პირველი ქართული ოპერა „ქრისტინე“.

    1920-1921 წლებში თბილისის ოპერისა და ბალეტის სახელმწიფო თეატრის კომისარი გახლდათ. ერუდირებული ინტელიგენტი, დახვეწილი ხელოვანი და შესანიშნავი ორგანიზატორული ნიჭის მქონე  მამულიშვილი, საქმისადმი დიდი პასუხისმგებლობის გრძნობით, პატიოსნებით, მომთხოვნელობითა და ქართული საოპერო ხელოვნებისადმი განუზომელი სიყვარულით გამოირჩეოდა.

   1922 წელს, მთავარმა სახელოვნებო კომიტეტმა ნიკოლოზს მუსიკის თეორიის ტერმინოლოგიის დამუშავება დაავალა.

   ნიკოლოზის მეუღლე გახლდათ მსახიობი ალექსანდრა (საშა) კარგარეთელი-ქართველიშვილი.

    ნიკოლოზ ქართველიშვილი გარდაიცვალა 1922 წლის 30 მაისს თბილისში და დაკრძალულია მწერალთა და საზოგადო მოღვაწეთა დიდუბის პანთეონში. 

Member of Organizations

  • ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოება, საზოგადოების ნამდვილი წევრი (1902-1911)
  • ქართული დრამატული საზოგადოება, გამგეობის თავმჯდომარე (1910-)

Bibliography

  • "მამულიშვილთა სავანე" : ზაურ ბაბუნაშვილი, თეიმურაზ ნოზაძე. - თბილისი, სერვანტესის საზოგადოება, გამომცემლობა "ირმისა", 1994. - გვ. 342

Share: