The National Library of Georgia მთავარი - ბიბლიოთეკის შესახებ - ელ.რესურსები 
  შესვლა
ქ.შ.წ.კ.გ საზოგადოების წევრები
დასაწყისიკატეგორიები  
ძიება
პიროვნების სახელი:

საძიებელი ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი (ქშწკგ) საზოგადოების ყველა წევრს აერთიანებს, რომლებიც გაწევრიანდნენ ამ საზოგადოებაში მისი დაარსებიდან ლიკვიდაციამდე (1879–1927).

ეროვნული ბიბლიოთეკა მოგმართავთ თხოვნით, თქვენი წინაპრების ან ნათესავების ამ ბაზაში აღმოჩენის შემთხვევაში გამოგვიგზავნოთ მათი მონაცემები ბაზაში განსათავსებლად. საკონტაქტო ტელეფონი: 599548291.



გერონტი დიმიტრის ძე ქიქოძე

გერონტი დიმიტრის ძე ქიქოძე
ოფიციალური სახელი:გერასიმე დიმიტრის ძე ქიქოძე
სხვა სახელი:Г.К.  (ფსევდონიმი)
Горбила  (ფსევდონიმი)
გერონტი  (ფსევდონიმი)
ლელიანი  (ფსევდონიმი)
დაბადების თარიღი:4 სექტემბერი, 1886
გარდაცვ. თარიღი:1 აგვისტო, 1960  (73 წლის ასაკში)
დაკრძალვის ადგილი:მწერალთა და საზოგადო მოღვაწეთა დიდუბის პანთეონი
კატეგორია:დამფუძნებელი წევრი, კრიტიკოსი, მთარგმნელი, მწერალი, პოლიტიკოსი, ფილოლოგი

ბიოგრაფია

   გერონტი ქიქოძე დაიბადა 1886 წლის 8 სექტემბერს (ძვ.სტ.) ოზურგეთის რაიონის სოფელ ბახვში. ის იყო მწერალი, მთარგმნელი, კრიტიკოსი, ლიტერატურადმცოდნე.

   გერონტი ქიქოძემ დაწყებითი განათლება ბახვის ორკლასიან სკოლაში მიიღო, ხოლო შემდეგ სწავლა გააგრძელა ქუთაისის რეალურ სასწავლებელში, რომელიც 1903 წელს დაამთავრა, იმავე წელს სასწავლებლად ევროპაში გაემგზავრა და ლაიფციგის უნივერსიტეტის ფილოსოფიის ფაკულტეტზე ჩააბარა.

    1905 წლის დასაწყისში გერონტი ქიქოძე საქართველოში დაბრუნდა და რევოლუციურ მოძრაობაში ჩაება. იგი თანამშრომლობდა სოციალ-დემოკრატიულ ჟურნალ-გაზეთებში: „მოგზაური“, „დროება“ და „ახალი ცხოვრება".  მცირე ხნით  „Кавказский рабочий листок“-ის ფაქტობრივი რედაქტორიც გახლდათ. ქართულ ენაზე თარგმნიდა მარქსისტულ ლიტერატურას.

    1906 წელს გერონტი ქიქოძე პოლიტიკური საბაბით დააპატიმრეს, მაგრამ მალევე გაათავისუფლეს და ამის შემდეგ სწავლის გასაგრძელებლად   ლაიფციგში დაბრუნდა. 1910 წლის გაზაფხულზე ავადმყოფობის გამო კვლავ სამშობლოში დაბრუნება მოუწია. თბილისში გერონტის  „სახალხო გაზეთის“ რედაქციაში მუშაობა შესთავაზეს, რომელიც ჟანდარმერიის მიერ სოციალისტ-ფედერალისტთა პარტიის წევრების მასობრივი დაპატიმრებების გამო დასუსტებული იყო. რამდენიმე ხნის შემდეგ გერონტი ქიქოძე პარტიის წევრ სვიმონ მაჭავარიანთან ერთად ჟანდარმერიამ დააპატიმრა და მეტეხის ციხეში მოათავსა. მას ადმინისტრაციული წესით  რუსეთის შიდა გუბერნიებში გადასახლება მიუსაჯეს, თუმცა გენერალ მაყაშვილის შუამდგომლობის შემდეგ გერმანიაში დაბრუნების საშუალება მისცეს და იძულებული იყო ემიგრაციაში წასულიყო, სადაც 1910-1913 წლებში ლაიფციგის და ბერნის უნივერსიტეტების ფილოსოფიის ფაკულტეტებზე სწავლობდა.

  1910-იან წლებში გერონტი ქიქიოძე ჩამოსცილდა სოციალ-დემოკრატიულ პარტიას და დაუახლოვდა ეროვნულ-დემოკრატიული მიმართულების ჯგუფებს. ათავსებდა წერილებს გაზეთებში „სახალხო ფურცელი“ და „საქართველო“. 1914 წლის გზაფხულზე  საქართველოში დაბრუნდა.

    1917 წელს გერონტი ქიქიოძე საქართველოს ეროვნულ-დემოკრატიული პარტიის ერთ-ერთი დამფუძნებელი და მისი მთავარი კომიტეტის წევრი გახლდათ. ამავე წლის  ნოემბერში  საქართველოს ეროვნული საბჭოს წევრად აირჩიეს, ხოლო 1918 წლის 26 მაისს ხელი მოაწერა საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკის დამოუკიდებლობის გამოცხადების აქტს და 1918 წლის განმავლობაში საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკის პარლამენტის წევრი იყო. ირიცხებოდა  ეროვნულ-დემოკრატიული ფრაქციის პრეზიდიუმში.

    1918 წელს გერონტი ქიქიოძე საქართველოს ეროვნულ-დემოკრატიული პარტიის გაზეთ „საქართველოს“ რედაქტორი გახდა.

    1919 წლის 12 მარტს  საქართველოს რესპუბლიკის დამფუძნებელი კრების წევრად  აირჩიეს საქართველოს ეროვნულ-დემოკრატიული პარტიის სიით და  ხელოვნებისა და საბიუჯეტო-საფინანსო კომისიებში მუშაობდა. 1919 წლის 21 მაისს დატოვა პარტიაც და ფრაქციაც და გახდა დამოუკიდებელი დეპუტატი.

    1921 წელს, საბჭოთა რუსეთის მიერ საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკის ოკუპირების შემდეგ გერონტი ქიქოძე  თბილისში დარჩა. ამავე წლის მარტის დასაწყისში „საქართველოს სსრ რევოლუციურმა კომიტეტმა“ იგი დასავლეთ საქართველოში მყოფ საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკის მთავრობასთან პარლამენტიორად გაგზავნა მოლაპარაკებების დაწყების შეთავაზებით, თუმცა ეს მისია უშედეგოდ დასრულდა. შემდგომ წლებში ცხოვრობდა და მუშაობდა თბილისში.

    გერონტი ქიქოძე იყო საქართველოს მწერალთა კავშირის წევრი. ევროპული ენებიდან თარგმნიდა ლიტერატურულ ნაწარმოებებს. იგი გამოირჩეოდა დიდი გემოვნებით, უზადო ქართულით დაწერილი სტატიებითა და ესეებით. ის იყო საზოგადოებრივი ცხოვრების ქართული და უცხოური მწერლობის ფილოსოფიის, ესთეტიკისა და ეთიკის საკითხების საოცარი მცოდნე. 

    1927-1928 წელს იყო ლიტერატურული დაჯგუფების ''არიფიონის'' ერთ-ერთი მოთავე და მისი ალმანახის ''არიფიონის'' თანაავტორიც.

   ქართული მთარგმნელობითი ლიტერატურის კლსიკურ ნიმუშადაა მიჩნეული ფრანგულიდან მის მიერ ნათარგმნი ''ტრისტანი და იზოლდა'', ''წითელი და შავი'', ''იტალიური ქრონიკები'', ''შაგრენის ტყავი'', პროსპერ მერიმეს ნოველები და სხვა.

   გერონტი ქიქოძე ევროპული და ქართული ლიტერატურის ღრმა ცოდნით გამოირჩეოდა, რის გამოც იგი თანამედროვე კრიტიკისა და ლიტერატურადმცოდნეობის განმსაზღვრელი გახდა.

   1931-1932 წლებში თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში კითხულობდა ლექციების კურსს დასავლეთ ევროპის ლიტერატურის ისტორიის შესახებ. დაჯილდოებული იყო შრომის წითელი დროშის ორდენით და მედლებით - „კავკასიის დაცვისათვის“ და „მამაცური შრომისათვის“.

   გერონტი  ქიქოძე გარდაიცვალა 1960 წლის 1 აგვისტოს და დაკრძალულია მწერალთა და საზოგადო მოღვაწეთა დიდუბის პანთეონში.

    "დარწმუნებული ვარ, რომ არაფერი იმისაგან, რაც მე დამიწერია, არ დარჩება ჩემს შემდეგ, მაგრამ მე მიყვარდა ჩემი სამშობლო, როგორც შვილს თავისი ავადმყოფი დედა უყვარს და ვცდილობდი მისი ტკივილი შემემსუბუქებინა."

ორგანიზაციის, ასოციაციის ან ჯგუფის წევრი

  • საქართველოს დამოუკიდებელი რესპუბლიკის დამფუძნებელი კრება, წევრი (1919-)
  • საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკის პარლამენტი, წევრი (1918-)
  • საქართველოს ეროვნული საბჭო, წევრი (1917-)
  • საქართველოს ეროვნულ–დემოკრატიული პარტია, ერთ-ერთი დამფუძნებელი (1917-)
  • საქართველოს მწერალთა კავშირი, წევრი
  • ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოება, საზოგადოების თბილისის განყოფილების მუდმივი წევრი (1917-1921)
  • ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოება, საზოგადოების ნამდვილი წევრი (1904-1916)

ჯილდოები, პრემიები და პრიზები

  • მედალი „მამაცური შრომისათვის“
  • მედალი „კავკასიის დაცვისათვის“
  • შრომის წითელი დროშის ორდენი

გააზიარე: