The National Library of Georgia მთავარი - ბიბლიოთეკის შესახებ - ელ.რესურსები 
  შესვლა
ქ.შ.წ.კ.გ საზოგადოების წევრები
დასაწყისიკატეგორიები  
ძიება
პიროვნების სახელი:

საძიებელი ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი (ქშწკგ) საზოგადოების ყველა წევრს აერთიანებს, რომლებიც გაწევრიანდნენ ამ საზოგადოებაში მისი დაარსებიდან ლიკვიდაციამდე (1879–1927).

ეროვნული ბიბლიოთეკა მოგმართავთ თხოვნით, თქვენი წინაპრების ან ნათესავების ამ ბაზაში აღმოჩენის შემთხვევაში გამოგვიგზავნოთ მათი მონაცემები ბაზაში განსათავსებლად. საკონტაქტო ტელეფონი: 599548291.



შიო მღვიმელი

შიო მღვიმელი
ოფიციალური სახელი:შიო ილარიონის ძე ქუჩუკაშვილი
დაბადების თარიღი:12 თებერვალი, 1866
გარდაცვ. თარიღი:28 დეკემბერი, 1933  (67 წლის ასაკში)
დაკრძალვის ადგილი:დიდუბის მწერალთა და საზოგადო მოღვაწეთა პანთეონი, თბილისი
კატეგორია:მწერალი

ბიოგრაფია

   შიო მღვიმელი დაიბადა 1866 წლის 12 თებერვალს სოფელ ბრეთში (ქარელის რაიონი), ღარიბი მღვდლის მრავალშვილიან ოჯახში. მამა ადრე გარდაეცვალა და პატარა შიო უფროსმა ძმამ გიორგიმ, რომელიც კახეთში მასწავლებლად მუშაობდა თავისთან წაიყვანა. წერა–კითხვაც ძმამ შეასწავლა. სამწუხაროდ გიორგი შორს გადაიყვანეს სამუშაოდ და შიო იძულებული გახდა ოჯახში მობრუნებულიყო, სადაც უკიდურესი სიღატაკე სუფევდა. ამის შემდეგ მისი პატრონობა მეორე ძმამ– სანდრომ გადაიბარა და გადაწყვიტა შუამთის მონასტერში ბერებისთვის მიებარებინა. მაგრამ მოხდა ისე, რომ ცნობილი ხალხოსანის შიო დავითაშვილის დაჟინებული თხოვნით იგი გორის საოსტატო სემინარიასთან არსებულ ოთხკლასიან სასწავლებელში ჩაირიცხა.

    გორში გატარებული წლები მრავალმხრივ სამახსოვრო აღმოჩნდა შიოსთვის. აქ მიიღო მან პირველი პოეტური ნათლობა და აქვე შეარქვა მას ნიკო ლომოურმა შიო მღვიმელი. გორში იგი დაუმეგობრდა ძმებ რაზიკაშვილებს: ვაჟას, ბაჩანას და თედოს, რომლებთანაც საოცრად გულთბილი მეგობრობა აკავშირებდა, განსაკუთრებით ვაჟასთან.

    1887 წელს შიომ სასწავლებელი დაამთავრა და მეოცნებე ჭაბუკმა დიდი იმედებით თბილისს მიაშურა. ხელმოკლე ჭაბუკს „ქართველთა შორის წერა–კითხვის გამავრცელებელი საზოგადოებაში“ მოუძებნეს მცირეხელფასიანი სამსახური. ამავე დროს საზოგადოების წიგნის მაღაზიაშიც მუშაობდა გამყიდველად. იგი 1906 წლიდან ამ საზოგადოების წევრიც იყო. მისი მაღაზია ქართველ მწერალთა თავშეყრის საყვარელი ადგილი ყოფილა. ამ ადგილზე შიომ 1909 წლამდე იმუშავა. თავმდაბალ და უპრეტენზიო ადამიანს დიდი სამსახურებრივი კარიერა არც უძებნია. 1923 წლამდე, ვიდრე პენსიაზე გავიდოდა, იგი სხვადასხვა დროს ჟურნალ–გაზეთებში კორექტორად მუშაობდა.

    შიო მღვიმელის პირველი ლექსი დაიბეჭდა 1885 წელს გაზეთ „დროებაში“. გორიდან მან გამოსაცემად მომზადებული საბავშვო ლექსების კრებული ჩამოიტანა, რომელიც მოგვიანებით 1891 წელს ცალკე წიგნად დაიბეჭდა.

    ჟურნალ „ჯეჯილის“, ხოლო შემდეგ „ნაკადულის“ დაარსებამ დიდი ბიძგი მისცა ჩვენში საბავშვო მწერლობის განვითარებას. არ გამოსულა თითქმის არცერთი ნომერი, რომელშიც შიო მღვიმელის ლექსი არ დაბეჭდილიყო.

    შიო მღვიმელმა დაამტკიცა, რომ საბავშვო პოეზია დიდი მწერლობის განუყოფელი ნაწილია და იქ მოღვაწეობა არანაკლებ საპატიოა. იგი უდიდეს სიყვარულს ღებულობდა თავისი ნორჩი მკითხველებისგან. სიცოცხლის ბოლომდე მას ყველა, დიდი თუ პატარა ძია შიოს ეძახდა.

    1916 წელს მადლიერმა ერმა მწერალს მოღვაწეობის 25 წლის იუბილე გადაუხადა. სწორედ ამ იუბილეზე უწოდა მას  ცნობილმა საზოგადო მოღვაწემ და ლიტერატორმა ივანე გომართელმა ბავშვების აკაკი.

    1923 წელს ღვაწლმოსილ პოეტს დამსახურებული მწერლის წოდება მიანიჭეს და პენსიაც დაუნიშნეს.

    1933 წლის 28 დეკემბერს შიო მღვიმელი გარდაიცვალა. დაკრძალულია ქართველ მწერალთა და მოღვაწეთა დიდუბის პანთეონში.

    1866 წელს ქართველმა ხალხმა ფართოდ აღნიშნა შიო მღვიმელის დაბადების 100 წლისთავი.

ორგანიზაციის, ასოციაციის ან ჯგუფის წევრი

  • ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოება, საზოგადოების ნამდვილი წევრი (1904-)

ჯილდოები, პრემიები და პრიზები

  • 1923 - საქართველოს დამსახურებული მწერალი

გააზიარე: