The National Library of Georgia მთავარი - ბიბლიოთეკის შესახებ - ელ.რესურსები 
  შესვლა
ქ.შ.წ.კ.გ საზოგადოების წევრები
დასაწყისიკატეგორიები  
ძიება
პიროვნების სახელი:

საძიებელი ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი (ქშწკგ) საზოგადოების ყველა წევრს აერთიანებს, რომლებიც გაწევრიანდნენ ამ საზოგადოებაში მისი დაარსებიდან ლიკვიდაციამდე (1879–1927).

ეროვნული ბიბლიოთეკა მოგმართავთ თხოვნით, თქვენი წინაპრების ან ნათესავების ამ ბაზაში აღმოჩენის შემთხვევაში გამოგვიგზავნოთ მათი მონაცემები ბაზაში განსათავსებლად. საკონტაქტო ტელეფონი: 599548291.



გაბრიელ გრიგოლის ძე ღამბარაშვილი

გაბრიელ გრიგოლის ძე ღამბარაშვილი
დაბადების თარიღი:24 ივლისი, 1878
გარდაცვ. თარიღი:18 ივლისი, 1954  (75 წლის ასაკში)
კატეგორია:ექიმი, საზოგადო მოღვაწე

ბიოგრაფია

    გაბრიელ ღამბარაშვილი დაიბადა 1878 წლის 24 ივლისს თბილისის გუბერნიის ქალაქ გორში.

    1907 წელს დაამთავრა ბერლინის უნივერსიტეტის სამედიცინო ფაკულტეტი. გახლდათ პროფესორ ა. გუბარევისა და ვ. სნეგირევის მოწაფე.  სტუდენტობის პერიოდში გერმანულ ენაზე გამოაქვეყნა ორი მეცნიერული გამოკვლევა აორტის ანევრიზმისა და ღვიძლის სიდეროზის შესახებ.

    1912 წელს დაიცვა სადოქტორო დისერტაცია თემაზე: „К вопросу о влиянии  экстракта яйчников на сосудистую систему и его отношение к gl. thyreoidea“

    1912-1917 წლებში მოსკოვის უნივერსიტეტში მუშაობდა მეან-გინეკოლოგიის კათედრაზე. გახლდათ ამ კათედრის პრივატ-დოცენტი, 1917-20 წლებში კი ამავე კათედრის პროფესორი. ერთდოულად მუშაობდა მოროზოვის სახელობის სიმსივნეების ინსტიტუტში. მოსკოვში მუშაობის პერიოდში მისი თაოსნობით ქართულ ენაზე იბეჭდებოდა სამედიცინო-საგანმანათლებლო ლიტერატურა.

    1920 წელს თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის პროფესორთა საბჭომ ქართული უნივერსიტეტის პროფესორად მოიწვია სამკურნალო ფაკულტეტზე.

    1920-1930 წლებში ხელმძღვანელობდა თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის მეანობა-გინეკოლოგიის კათედრას, ხოლო 1930-1954 წლებში, სიცოცხლის ბოლომდე, თბილისის სახელმწიფო სამედიცინო ინსტიტუტის გინეკოლოგიის კათედრას.

    გაბრიელ ღამბარაშვილი გახლდათ თეორიული და პრაქტიკული გინეკოლოგიის სკოლის ერთ-ერთი ფუძემდებელი საქართველოში და მეან-გინეკოლოგთა სამეცნიერო საზოგადოების თავმჯდომარე. საქართველოში დანერგა მრავალი გინეკოლოგიური ოპერაცია და მის მიერ არის შემუშავებული ხელოვნური საშოს შექმნის მეთოდი.

    გაბრიელ ღამბარაშვილმა შეისწავლა რენტგენო და რადიოთერაპია, ონკოლოგია, ჰორმონო-თერაპია და სხვა საკითხები.

     1941 წელს ქართულ ენაზე შეადგინა გინეკოლოგიური სახელმძღვანელო.

    გაბრიელ ღამბარაშვილი, გარდა თავისი პროფესიული საქმიანობისა, ფართოდ იყო ჩართული ქვეყნის საზოგადოებრივ საქმიანობაშიც.  1911 წლიდან გახლდათ „ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების“ ნამდვილი წევრი და აქტიურად მონაწილეობდა საზოგადოების საქმიანობაში.

    გაბრიელ ღამბარაშვილი გარდაიცვალა 1954 წლის 18 ივლისს თბილისში.

ორგანიზაციის, ასოციაციის ან ჯგუფის წევრი

  • საქართველოს მეან-გინეკოლოგთა საზოგადოება, თავმჯდომარე
  • ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოება, საზოგადოების ნამდვილი წევრი (1911-)

ჯილდოები, პრემიები და პრიზები

  • 1941 - საქართველოს მეცნიერების დამსახურებული მოღვაწე
  • 1912 - მედიცინის მეცნიერებათა დოქტორი
  • შრომის წითელი დროშის ორდენი
  • ლენინის ორდენი

ბიბლიოგრაფია


გააზიარე: