The National Library of Georgia მთავარი - ბიბლიოთეკის შესახებ - ელ.რესურსები 
  შესვლა
ქ.შ.წ.კ.გ საზოგადოების წევრები
დასაწყისიკატეგორიები  
ძიება
პიროვნების სახელი:

საძიებელი ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი (ქშწკგ) საზოგადოების ყველა წევრს აერთიანებს, რომლებიც გაწევრიანდნენ ამ საზოგადოებაში მისი დაარსებიდან ლიკვიდაციამდე (1879–1927).

ეროვნული ბიბლიოთეკა მოგმართავთ თხოვნით, თქვენი წინაპრების ან ნათესავების ამ ბაზაში აღმოჩენის შემთხვევაში გამოგვიგზავნოთ მათი მონაცემები ბაზაში განსათავსებლად. საკონტაქტო ტელეფონი: 599548291.



ვახტანგ დავითის ძე ღამბაშიძე

ვახტანგ დავითის ძე ღამბაშიძე
დაბადების თარიღი:28 აპრილი, 1872
გარდაცვ. თარიღი:10 ივლისი, 1951  (79 წლის ასაკში)
დაკრძალვის ადგილი:შოტლანდია, კინლოხმოიდარტში
კატეგორია:ექიმი, პუბლიცისტი, საზოგადო მოღვაწე, ფოტოგრაფი

ბიოგრაფია

    ვახტანგ ღამბაშიძე დაიბადა 1872 წლის 28 აპრილს ზესტაფონში, დეკანოზ დავით ღამბაშიძისა და ოლღა ჩოფიკაშვილის ოჯახში. მისი პირველი მასწავლებელი მამა იყო. მან შეასწავლა ქართული და რუსული ანბანი, საღრმთო სჯული და ანგარიში. სწავლობდა ქუთაისის პროგიმნაზიაში, რომლის წარჩინებით დამთავრების შემდეგ სწავლა გააგრძელა თბილისის გიმნაზიაში და  უმაღლესი განათლების მისაღებად მოსკოვს გაემგზავრა, სადაც უნივერსიტეტის სამედიცინო ფაკულტეტზე ჩააბარა.

   ვახტანგის მამა დავით ღამბაშიძე, „დიდი დეკანოზი“, როგორც მას თანამედროვეები ეძახდნენ,  ჟურნალ „მწყემსის" გამომცემელ-რედაქტორი გახლდათ, რომელსაც იგი 27 წლის განმავლობაში უწყვეტად გამოსცემდა დაბა ყვირილაში. სწავლის პერიოდში ვახტანგი ჟურნალ „მწყემსის“ დაარსებიდანვე მამას საგამომცემლო საქმეში ეხმარებოდა. იცოდა ასოების აწყობა და ბეჭდვა.  

    1896 წელს ვახტანგმა დაამთავრა მოსკოვის უნივერსიტეტის სამედიცინო ფაკულტეტი, შემდეგ კი, მამის რჩევით, ორი წლის განმავლობაში პარიზში სწავლობდა. აქვე დაქორწინდა წარმოშობით ამერიკელ ვანდა ჰოპეზე, რომელიც 19 წლის ასაკში ჩავიდა საფრანგეთში და ფრანგული ენის პროფესორი გახდა. 

    1898 წელს ვახტანგი მეუღლესთან ერთად სამშობლოში დაბრუნდა და ზესტაფონში დასახლდნენ. მათი ოჯახი მალე მრავალშვილიანი გახდა. შეეძინათ ოთხი შვილი: მედეა, სუნანა, გივი და ჟორჟეტა. ვახტანგმა შორაპნის მაზრაში საექიმო პრაქტიკას მიჰყო ხელი და პარალელურად, თავისი მომავალი სანატორიუმისთვის ადგილს ეძებდა.

    1904 წელს, ვახტანგ ღამბაშიძემ მამასთან ერთად ბორჯომის ხეობაში სანატორიუმი „პატარა ცემი" დააარსა, სადაც 8–16 წლამდე ტუბერკულოზით დაავადებულ ბავშვებს მკურნალობდა. ამ საქმეში მას მხარს უჭერდნენ: აკაკი წერეთელი, ექიმი სამსონ თოფურია, გივი და ალექსანდრე  დიასამიძეები და სხვები. ამავე დროს იგი პრესის ფურცლებიდან ცდილობდა ხალხში სამედიცინო განათლების გავრცელებას, მოსახლეობას განუმარტავდა ჯანმრთელობის რაობასა და ავადმყოფობის ნაირგვარობას. საქართველოს პირველი რესპუბლიკის ხანაში ვახტანგ ღამბაშიძე თბილისის უნივერსიტეტის ჰიგიენის კათედრას ხელმძღვანელობდა, ხოლო მისი მეუღლე ივანე ჯავახიშვილმა ინგლისური ენის პროფესორად მიიწვია და იგი გახლდათ თბილისის უნივერსიტეტის ერთ–ერთი პირველი პედაგოგი.

    საქართველოს ოკუპაციის შემდეგ ოჯახი ემიგრაციაში წავიდა. ვახტანგი იმხანად კავკასიაში ყველა საკურორტო ზონას განაგებდა. მისთვის ნებართვა მიუციათ ბრიტანეთსა და საფრანგეთში სამედიცინო აღჭურვილობა შეეძინა. მრავალი ქართველის მსგავსად ღამბაშიძეებსაც ეგონათ, რომ სამშობლოს დროებით ტოვებდნენ.

    1921 წლის ნოემბრიდან ვახტანგ ღამბაშიძე კონსტანტინოპოლში მეუღლესთან ერთად „წითელ ჯვარში“ მსახურობდა, ეხმარებოდა ქართველ ლტოლვილებს. 1924 წლიდან კი უკვე პარიზშია, სადაც ახლობლების ფინანსური დახმარებით კლინიკა გახსნა, მაგრამ ვალების გამო იძულებული გახდა დაეხურა. ვახტანგი წლების მანძილზე მრავალ ქართველს მკურნალობდა უსასყიდლოდ. იგი გახლდათ ქაქუცა ჩოლოყაშვილის პირადი ექიმი და მისი დაკრძალვის მთავარი ორგანიზატორი.

    ვახტანგ ღამბაშიძე, გარდა საექიმო პრაქტიკისა, აქვეყნებდა სამეცნიერო–პოპულარული და საგანმანათლებლო ხასიათის სტატიებს ჯანმრთელობის თემაზე. მისი წერილები და მოგონებები ცნობილ ქართველ მოღვაწეებზე იბეჭდებოდა ქართულ ემიგრანტულ პრესაში: „ბედი ქართლისა“, „კავკასიონი“ და „მერანი“. იგი საფრანგეთის ქართული სათვისტომოს რიგით მეორე თავმჯდომარე იყო და 19 წლის მანძილზე ზედიზედ სამჯერ იქნა ამ პოსტზე არჩეული. მეორე მსოფლიო ომის დროს მისი ინიციატივით ქართველი სამხედრო ტყვეებისა და ემიგრაციის დასაცავად შეიქმნა ორგანიზაცია – „ქართული ეროვნული კომიტეტი საფრანგეთში", რომელსაც სიცოცხლის ბოლომდე ხელმძღვანელობდა.  ვახტანგ ღამბაშიძე ქართული კულტურისა და ენის მოამაგე გახლდათ. მის ბინაში იკრიბებოდნენ სხვადასხვა თაობის ქართველი ემიგრანტები და იმართებოდა საუბრები ქართული კულტურის, ლიტერატურისა და ისტორიის შესახებ, იკითხებოდა მოხსენებები და მოგონებები.

    1950 წლის 19 ნოემბერს ბატონი ვახტანგი აირჩიეს „ქართული ეროვნული პოლიტიკური ცენტრის“ საპატიო წევრად. იგი ხელმძღვანელობდა საფრანგეთში არსებულ „ქართველთა პლურალისტურ ასოციაციას“ და მისი ინიციატივით ყოველი წლის 26 მაისს ქართველები დამოუკიდებლობის დღის აღსანიშნავად იკრიბებოდნენ. მან დააარსა ქართული ბიბლიოთეკა და მონაწილეობდა კრებულ „მერანის“ გამოცემაში. ეხმარებოდა სიძეს, გიორგი ნიკოლაძეს, სპორტული ასოციაცია – „შევარდენის“ და ქართული სასწავლებელის – „კერას“ შექმნაში, სადაც ემიგრანტთა ბავშვები კვირაში ორჯერ დადიოდნენ და სწავლობდნენ ქართულ წერა-კითხვას, ცეკვას, სიმღერასა და ისტორიას.

    ვახტანგ ღამბაშიძე გატაცებული იყო ფოტოგრაფიით. მას ეს საქმე იმდენად მნიშვნელოვნად მიაჩნდა, რომ მის მიერ დაარსებულ სანატორიუმ „პატარა ცემში“, სანატორიუმის ბინადართა ყოველდღიური ცხოვრების ნაწილად ფოტოგრაფიის შესწავლა აქცია. ამისათვის სპეციალური ფოტოგრაფიული ოთახიც კი მოაწყო. მისი ფოტოების უმრავლესობა მე-20 საუკუნის დასაწყისშია გადაღებული, სადაც ასახულია ქვეყნის მნიშვნელოვანი საზოგადოებრივი, პოლიტიკური თუ კულტურული მოვლენების ამსახველ ფოტოები. ფოტოგრაფიით გატაცებული იყო ვახტანგ ღამბაშიძის უმცროსი ქალიშვილი ჟორჟეტაც, რომელიც 1920–იანი წლების ბოლოს პარიზში ცოლად გაჰყვა ნიკო ნიკოლაძის ვაჟს გიორგი ნიკოლაძეს. ახალგაზრდები საქართველოში დაბრუნდნენ. მაშინ მიმოწერა ჯერ კიდევ შესაძლებელი იყო და ისინიც ხშირად აგზავნიდნენ წერილებსა და საქართველოში გადაღებულ ფოტოებს საფრანგეთში. გიორგის უდროო გარდაცვალების შემდეგ ჟორჟეტა პარიზში დაბრუნდა. ნიკოლაძე-ღამბაშიძეების მდიდარი ფოტოკოლექცია საქართველოს ეროვნულ არქივშია დაცული.

   ვახტანგ ღამბაშიძე გარდაიცვალა 1951 წლის 10 ივლისს  კინლოხში, შოტლანდიაში, სადაც სტუმრად იყო ჩასული თავის ქალიშვილ ჟორჟეტასთან. იგი ჟორჟეტასა და მისი მეუღლის ნილ სტუარტის მამულში დაკრძალეს.

ორგანიზაციის, ასოციაციის ან ჯგუფის წევრი

  • ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოება, საზოგადოების ნამდვილი წევრი (1898-)
  • „ქართული ეროვნული პოლიტიკური ცენტრის“, საპატიო წევრი (1950-)

გააზიარე: