The National Library of Georgia მთავარი - ბიბლიოთეკის შესახებ - ელ.რესურსები 
  შესვლა
ქ.შ.წ.კ.გ საზოგადოების წევრები
დასაწყისიკატეგორიები  
ძიება
პიროვნების სახელი:

საძიებელი ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი (ქშწკგ) საზოგადოების ყველა წევრს აერთიანებს, რომლებიც გაწევრიანდნენ ამ საზოგადოებაში მისი დაარსებიდან ლიკვიდაციამდე (1879–1927).

ეროვნული ბიბლიოთეკა მოგმართავთ თხოვნით, თქვენი წინაპრების ან ნათესავების ამ ბაზაში აღმოჩენის შემთხვევაში გამოგვიგზავნოთ მათი მონაცემები ბაზაში განსათავსებლად. საკონტაქტო ტელეფონი: 599548291.



კირილე სვიმონის ძე ღვთისავრიშვილი

კირილე სვიმონის ძე ღვთისავრიშვილი
დაბადების თარიღი:1866
გარდაცვ. თარიღი:სექტემბერი, 1931  (65 წლის ასაკში)
დაკრძალვის ადგილი:ზემო ბოდბის საერო სასაფლაო
კატეგორია:სასულიერო პირი

ბიოგრაფია

   კირილე ღვთისავარიშვილი დაიბადა 1866 წელს სიღნაღის მაზრის სოფელ მაჩხაანში მედავითნე სვიმონ და ეფემია იაკობის ასულ ღვთისავარიშვილების ოჯახში. სწავლობდა თელავის სასულიერო სასწავლებელი.

   1882 წელს სწავლა გააგრძელა თბილისის სასულიერო სემინარიაში, რომელიც 1888 წელს დაამთავრა.

   1889 წელს საქართველოს ეგზარქოსმა პალადიმ (რაევი) დიაკვნად აკურთხა, მალევე მღვდლად დაასხა ხელი და მანავის ღვთისმშობლის შობის სახელობის ეკლესიაში განამწესა. 1889-1890 წლებში მანავის სამინისტრო სკოლაში  საღვთო სჯულის მასწავლებლად მუშაობდა.

   1890 წელს ზაქათალის ოლქის მისიონერად და ყორაგანის ღვთისმშობლის მიძინების სახელობის ტაძრის წინამძღვრად დაინიშნა. მასვე დაევალა ყორაგანის სამრევლო სკოლის გამგეობა და საღვთო სჯულის სწავლება.

   1893 წელს ზემო მაჩხაანის წმინდა გიორგის სახელობის ტაძარში დაადგინეს და იმავე წელს I ოლქის სამღვდელოებამ სიღნაღი-თელავის სასწავლო საბჭოს შეკრებაზე სიღნაღის მაზრიდან დამსწრე დეპუტადად გამოარჩიეს.

   1894 წელს სიღნაღის მაზრის I ოლქის მთავარხუცესად აირჩიეს. და იმავე წელს საგვერდულით დაჯილდოვდა.

   1894 წლიდან კირილე ღვთისავარიშვილი თბილისის ეპარქიალური სასწავლო საბჭოს, სიღნაღის მაზრის განყოფილების წევრია.

   1897 წელს მირზაანის ქალთა სამრევლო-საეკლესიო სკოლის საღვთო სჯულის მასწავლებლად დაინიშნა, სადაც 1899 წლამდე ასწავლიდა. 1897 წელს მონაწილეობა მიიღო რუსეთის იმპერიის მოსახლეობის საყოველთაო აღწერაში, რის გამოც ბრინჯაოს მედლითა და ფულადი ჯილდოთი დაჯილდოვდა.

   1897 წელს სკუფია უბოძეს. 1898 წელს მწყემსმთავრული მადლობა გამოეცხადა ზემო მაჩხაანის ეკლესიის გარემონტებისათვის, რომელიც მან თავისი ხარჯებით შეაკეთა, ტაძარს სახარება, კანდელი და ორი სასანთლე შესწირა. მამა კირილე აქტიურად და ნაყოფიერად მოღვაწეობდა საეკლესიო ცხოვრებაში. იმ პერიოდში ქიზიყში არ მომხდარა არც ერთი სასიკეთო საქმე, მას რომ მონაწილეობა არ მიეღო.

   1899 წელს ბოდბის წმინდა ნინოსა და ხირსის წმინდა სტეფანეს სახელობის მონასტრების რევიზია დაევალა.

   1899 წელს სოფელ ქვემო მაჩხაანში ქსენონი დაარსდა, რომლის კურთხევაც მამა კირილემ შეასრულა და შესაბამისი ქადაგებაც წარმოთქვა.

    1900 წლიდან მირზაანის ვაჟთა დაწყებით სასწავლებელში საღვთო სჯულს ასწავლიდა. იმავე წელს, მამა კირილეს დიდი მონდომებითა და მეცადინეობით, ზემო მაჩხაანში ქალთა სამრევლო სკოლა გაიხსნა, სადაც თავადვე იყო გამგე და 1904 წლამდე ასწავლიდა. ამ სკოლის გახსნისთვის მას მღვდელმთავრული მადლობა გამოეცხადა.

    1889-1905 წლებში საეკლესიო-სამრევლო სამზრუნველოს თავჯდომარე იყო, რომელიც 1905 წელს უწესრიგობის გამო დაიხურა.

   1901 წელს მამა კირილე კამილავკით დაჯილდოვდა.

   1907 წელს მამა კირილე, თბილისში გამართულ აღმოსავლეთ საქართველოს სამღვდელოების საეპარქიო სხდომაზე, როგორც ქიზიყის ოლქის ერთ-ერთი მთავარხუცესი მონაწილეობდა. მის მიერ წარმოთქმული სიტყვა სოციალისტური მიმართულების გაზეთმა "ისარმა" დაბეჭდა, სადაც ცილისმწამებლურად დასდო მას ბრალი, თითქოს მამა კირილე მომხრე გახლდათ სამრევლოებზე გადასახადების მომატებისა და პოლიციის ძალით მის აკრეფაზე. შემდეგ ნომერში მან პასუხი გასცა ამ ბრალდებას, სადაც ჩამოყალიბებული გახლდათ მისი შეხედულება ამ საკითხთან დაკავშირებით: "სახელმწიფო ხაზინა, სადაც ჩვენი ეკლესიის აუარებელი ქონება-მამული გადავიდა, მოვალეა დაუნიშნოს ქართველ სამღვდელოებას გადაწყვეტილი ჯამაგირი და თუ ეს, სამწუხაროდ, ყოვლად შეუძლებელია, მაშინ უზრუნველ ყოფილ უნდა ვიქმნეთ შეძლებისა და გვარად მრევლებიდგან, თუ ჩვენ მაათთვის საჭირონი ვართ, რის განსახორციელებლად მშვიდობიანის გზით, ყველა მაზრაში უნდა შესდგეს კომოსიები, მღვდლებისა, გლეხებისა და სამოქალაქო უწყების მოხელეთაგან. მე წინააღმდეგი ვიყავი და დღესაც ვარ ყოველნაირი რეპრესიულ ზომების ხმარებისა, მე გახლავართ კომისიის წევრი, რომელსაც მინდობილი აქვს გამოკვლევა და პროექტის შედგენა მღვდლების დაკმაყოფილების შესახებ, საიდანაც და აგრეთვე კრების დადგენილობებიდან ცხადად სჩანს, თუ რა მიმართულებისა ვარ და რა სიტყვა ვთქვი". მამა კირილეს ამ წერილს ხელის მოწერით ადასტურებდა კრების მონაწილე 20 მღვდელი და ერისკაცი.

   1911 წელს სამკერდე ოქროს ჯვარი უბოძეს.

   1916 წელს დეკანოზის ხარისხში აიყვანეს. 

    1917 წელს, სოციალისტი აგიტატორების წაქეზებით, ათეისტურად განწყობილმა რამდენიმე გლეხმა მამა კირილე რევოლუციის მტრად გამოაცხადა და იმპერატორისა და მისი მოხელეების ერთგულებაში დასდო ბრალი. მათ საქართველოს ეკლესიის დროებით მმართველს, გურია-სამეგრელოს ეპისკოპოს ლეონიდეს (ოქროპირიძე) ცილისმწამებლური წერილი გაუგზავნეს და მისი წინამძღვრობიდან გადაყენება მოსთხოვეს. ამასთან დაკავშირებით გაზეთი "ერთობა" წერდა: "რევოლუციის დაწყებისთანავე გაძევებულ იქნა მეორე "სულიერი" მამა, ყოვლად საძაგელი ადამიანი მღვდ. კირილე ღვთისავაროვი. მრევლმა ერთხმად აირჩია და მოითხოვა სხვა მღვდელი. შესაფერი თხოვნა და "პრიგოვორი" გამოუგზავნა ეპ. ლეონიდეს. გავიდა ხანი. ხალხს პასუხი არ ეღირსა. ახლა ხალხმა დეპეშით სთხოვა ეპისკ. ლეონიდეს, დაგვინიშნეთ და დაგვიმტკიცეთ ჩვენ მიერ არჩეული მღვდელი და თუ ჩვენ სამართლიანობაში ეჭვი გებადებათ, თუ ღვთისავაროვი რიგიან ადამიანად გეგულებათ, გთხოვთ, გამოგზავნოთ თქვენი რევიზორი და ადგილობრივ გამოიკვლიეთ ყველაფერიო. ხალხს არც ამ დეპეშაზე უპასუხეს. მესამედ ხალხმა ეპ. ლეონიდს კაცი გამოუგზავნია და მისი პირით სთხოვა, დაგვიმტკიცეთ მღვდლის ალაგზე ჩვენი მოწონებული კაციო. ეპ. ლეონიდე დაპირებია თხოვნის ასრულებას, მაგრამ ეს დაპირება დღემდე დაპირებად არის დარჩენილი, ხალხი კი უმღვდლოთ შეწუხებულია".  დეკანოზი კირილე მოერიდა სიტუაციის გამწვავებას და მეუფე ლეონიდეს ლოცვა-კურთხევით გურჯაანის სამრევლოში გადავიდა, თუმცა შემდგომ წლებში მრევლმა აქაც უჩივლა მას. 1922 წლიდან იგი დროებით მაინც დატოვეს გურჯაანის სამრევლოში.

   1925 წელს ალავერდელმა მიტროპოლიტმა იოანემ (მარღიშვილი) მამა კირილე კელმეჩურის ღვთისმშობლის მიძინების სახელობის ტაძრის წინამძღვრად დანიშნა. მასვე დაევალა ამავე ეკლესიაზე მიწერილი ბოდბის კალოების ღვთისმშობლის მიძინებისა და წმინდა გიორგის ეკლესიების წინამძღვრობაც.

   1925 წელს საკათოლიკოსო საბჭოს გადაწყვეტილებით ალავერდის ეპარქია ორ ნაწილად გაიყო, ალავერდისა და ბოდბის ეპარქიებად. ბოდბის ეპარქიის მღვდელმთავრად დაინიშნა დეკანოზი ვასილ კარბელაშვილი, ბერად აღკვეცის შემდეგ ეპისკოპოსი სტეფანე. მამა კირილემ მიულოცა ეპისკოპოსს მას დაწინაურებას და ეკლესიის საკეთილდღეოს ნაყოფიერი მოღვაწეობა უსურვა, თუმცა 1926 წელს მეუფე სტეფანე წერილს სწერს მღვდელ მელიტონ ბეგიაშვილს: "დეკანოზ კირილეს აეკრძალა ორი კვირით მღვდელმოქმედება ურჩობისათვის, მოციქულთა 55 კანონის თანახმად. თუ კიდევ იგივეს გააგრძელებს, დააყენებულ იქნება სამი თვით, ხოლო თუ კიდევ არ დაემორჩილება ბრძანებას, საერთოდ განიკვეთება სამღვდელო ხარისხიდან. საეკლესიო წესების შესრულებას ვავალებ მღვდელ ვასილ მესტიაშვილს. შემოსავლის ნახევარი მისცეს მამა კირილეს, ნახევარი თვითონ დაიტოვოს". მამა კირილე დამორჩილდა მღვდელმთავრის ლოცვა-კურთხევას, ერთი თვით შეწყვიტა მღვდელმოქმედება და სასჯელის დასრულების შემდეგ კვლავ განაგრძო ეკლესიაში სამსახური.

   დეკანოზი კირილე მონაწილეობას იღებდა 1920 წლის მე-2, 1921 წლის მე-3 და 1927 წლის მე-4 საეკლესიო კრებებზე.

   1930 წელს ბოდბის ეპარქიის, ხირსის ოლქის მთავარხუცესად დაინიშნა და დროებით მასვე დაევალა სხვა ოლქების მეთვალყურეობა. მიუხედავად ხელისუფლების მხრიდან მრავალი დევნა-შევიწროებისა და ზეწოლისა ანაფორა არ გაუხდია და ღვთისმსახურება არ მიუტოვებია.

   დეკანოზ კირილეს ჰყავდა მეუღლე ელისაბედ (ოლღა) სპირიდონის ასული და შვილები: ვლადიმერი, თამარი, არჩილი, პლატონი და ილია.

    დეკანოზი კირილე ღვთისავრიშვილი გარდაიცვალა 1931 წლის სექტემბერში და დაკრძალულია სოფელ ზემო ბოდბის საერო სასაფლაოზე. 

ორგანიზაციის, ასოციაციის ან ჯგუფის წევრი

  • ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოება, საზოგადოების თბილისის განყოფილების წევრი (1917-)
  • ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოება, საზოგადოების მაჩხაანის განყოფილების წევრი (1914-)

ჯილდოები, პრემიები და პრიზები

  • 1911 - სამკერდე ოქროს ჯვარი

ბიბლიოგრაფია


გააზიარე: