The National Library of Georgia მთავარი - ბიბლიოთეკის შესახებ - ელ.რესურსები 
  შესვლა
ქ.შ.წ.კ.გ საზოგადოების წევრები
დასაწყისიკატეგორიები  
ძიება
პიროვნების სახელი:

საძიებელი ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი (ქშწკგ) საზოგადოების ყველა წევრს აერთიანებს, რომლებიც გაწევრიანდნენ ამ საზოგადოებაში მისი დაარსებიდან ლიკვიდაციამდე (1879–1927).

ეროვნული ბიბლიოთეკა მოგმართავთ თხოვნით, თქვენი წინაპრების ან ნათესავების ამ ბაზაში აღმოჩენის შემთხვევაში გამოგვიგზავნოთ მათი მონაცემები ბაზაში განსათავსებლად. საკონტაქტო ტელეფონი: 599548291.



ბართლომე ღუდუშაური

ბართლომე ღუდუშაური
დაბადების თარიღი:187?
გარდაცვ. თარიღი:18 თებერვალი, 1924
დაკრძალვის ადგილი:ვერის წმინდა ნიკოლოზის სახელობის ეკლესიის სასაფლაო
კატეგორია:რეპრესირებული, სასულიერო პირი

ბიოგრაფია

   ბართლომე ღუდუშაური დაიბადა ხევში გლეხის ოჯახში.

   1896 წელს სტეფანწმინდის მიქაელ მთავარანგელოზის სახელობის ტაძრის მედავითნედ დაინიშნა, ხოლო 1898 წელს ვლადიკავკაზის ეპარქიაში გადაიყვანეს და ვლადიკავკაზის ქართული სასწავლებლის კარის ეკლესიაში დაინიშნა.

   1900 წელს ვლადიკავკაზის ეპისკოპოსმა ვლადიმერმა (სენკოვსკი) ბართლომე დიაკვნად აკურთხა, 1905 წელს მღვდლად დაასხეს ხელი და სტეფანწმინდის ტაძრის წინამძღვრად დაინიშნა.

   1911 წელს საგვერდულით დაჯილდოვდა. 1912 წელს საეკლესიო წესების დარღვევისათვის სამი თვით მღვდელმსახურება აეკრძალა და საფარის მონასტერში გაამწესე.

   1915 წელს სკუფია უბოძეს. 1917 წელს, როგორც დუშეთის მაზრის დელეგატი და მე-3 ოლქის მთავარხუცესი, საქართველოს სამოციქულო მართლმადიდებელი ეკლესიის პირველ საეკლესიო კრებას ესწრებოდა.

   1918 წელს გაზეთი "ერთობა" წერდა: "მართალია ყაზბეგში არის ფრიად გავლენიანი მღვდელი ბართლომე ღუდუშაური, მაგრამ ეს გავლენა იმით კი არ აიხსნება, რომ იგი თანაუგრძნობს ეროვნულ-დემოკრატებს, არამედ იმიტომ, რომ იგი თავდადებულია ხევისათვის და ამიტომ ყველა სიყვარულითა და პატივისცემით ეპყრობა. მის შესახებ წინედაც ბევრი კარგი მსმენია და ეხლა პირადად გავეცანი და დავრწმუნდი გადმონაცემის სიმართლეში. იგი მოხევეების ერთგული მწყემსია და უბადლო გუშაგი, მას თამამად შეუძლიან სთქვას: "მე ვარ მწყემსი კეთილი, მწყემსმან კეთილმან თავი თვისი დასდოს ცხოვართათვის". მას ხელში იარაღი სჭერია და ყაზბეგელებთან ერთად მედგრად და უშიშრად დაუცავს საქართველოს რესპუბლიკა შემოსეულ ბოლშევიკებისგან, მას არა თუ გაუწირაავს თავისი თავი, ახალგაზრდა შვილიც გაუყვანია ბრძოლის ველზე და ერთად გამკლავებიან დუშმან დაა მუხანათ მტერს. იგი ერთხელ კიდეც ჩავარდნია ხელში მეამბოხეებს, ბევრი უგვემიათ, მაგრამ მოყვარულ მოხევეებს მაინც გაუნთავისუფლებიათ".

   1918 წელს ყაზბეგის სათეატრო დარბაზში კომისარმა ალექსანდრე ფიცხელაუმა მოიწვია ქვემო ხევის საზოგადოების კრება. კრების მიზეზი იყო სამხედრო ბეგარის გადახდა იმ პირთა, რომელნიც დაბადებულნი იყვნენ 1892-1896 წლებში და აგრეთვე ცხენ-ურმების გაწვევა სამხედრო საჭიროებისათვის. ლარსის სამხედრო გზის რაზმის უფროსმა, პოლკოვნიკმა წერეთელმა ხალხს აუხსნა, რამ გამოიწვია ქართველ-სომეხთა ომი. კრებას თავჯდომარეობდა მღვდელი ბართლომე ღუდუშაური, რომელმაც დალოცა იქ მოსულნი და გაამხნევა მებრძოლნი.

   1920 წელს ბართლომე ღუდუშაური დაესწრო მეორე საეკლესიო კრებას.

   1923 წელს მამა ბართლომე კომუნისტებმა დააპატიმრეს და მეტეხის ციხეში გამოამწყვდიეს. შთამომავლების გადმოცემით, იგი სასტიკად აწამეს. დასნეულებული მოძღვარი თბილისის რესპუბლიკის ფსიქიატრიულ საავადმყოფოში მოხვდა, სადაც 1924 წლის 18 თებერვალს აღესრულა. საავადმყოფოდან იგი ვერის წმინდა ნიკოლოზის სახელობის ტაძარში გადაასვენეს და წირვისა და წესის აგების შემდეგ იმავე ეკლესიის სასაფლაოზე დაკრძალეს. 

ორგანიზაციის, ასოციაციის ან ჯგუფის წევრი

  • ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოება, საზოგადოების კავკავის განყოფილების ნამდვილი წევრი (1910-)
  • ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოება, საზოგადოების წევრი (1907-)

ბიბლიოგრაფია


გააზიარე: