The National Library of Georgia მთავარი - ბიბლიოთეკის შესახებ - ელ.რესურსები 
  შესვლა
ქ.შ.წ.კ.გ საზოგადოების წევრები
დასაწყისიკატეგორიები  
ძიება
პიროვნების სახელი:

საძიებელი ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი (ქშწკგ) საზოგადოების ყველა წევრს აერთიანებს, რომლებიც გაწევრიანდნენ ამ საზოგადოებაში მისი დაარსებიდან ლიკვიდაციამდე (1879–1927).

ეროვნული ბიბლიოთეკა მოგმართავთ თხოვნით, თქვენი წინაპრების ან ნათესავების ამ ბაზაში აღმოჩენის შემთხვევაში გამოგვიგზავნოთ მათი მონაცემები ბაზაში განსათავსებლად. საკონტაქტო ტელეფონი: 599548291.



ანდრია სოლომონის ძე ღულაძე

ანდრია სოლომონის ძე ღულაძე
დაბადების თარიღი:11 მარტი, 1857
გარდაცვ. თარიღი:16 ივნისი, 1920  (63 წლის ასაკში)
კატეგორია:გამომცემელი, პედაგოგი, ჟურნალისტი, საზოგადო მოღვაწე

ბიოგრაფია

   ანდრია ღულაძე დაიბადა 1857 წლის 11 მარტს.

   1881 წლიდან ანდრია ღულაძე გახლდათ „ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების“ ნამდვილი წევრი.

   1883-1885 წლებში პირველი ქართული საბავშვო ჟურნალის „ნობათის" რედაქტორ-გამომცემელი იყო, რომელიც იაკობ გოგებაშვილთან და ეკატერინე გაბაშვილთან ერთად დააარსა. ამ ჟურნალის არსებობა იმ დროის პრესამ საჭიროდ სცნო, როგორც სასარგებლო და თავისი დანიშნულების პირნათლად აღმასრულებელი, მაგრამ მეშურნეობითა და საზოგადოების გულგრილობით დაიხურა, თუმცა ღულაძე ყოველ ღონეს ხმარობდა ჟურნალის ფეხზე დასაყენებლად.

   1911 წლიდან გაზეთ „დილას“ რედაქტორ-გამომცემელი იყო.

   ღულაძე ცნობილი იყო, როგორც ცოცხალი, მოძრავი, საზოგადოებრივი გრძნობით აღჭურვილი, დაუზარელი მუშაკი, მოურიდებელი და პირში მთქმელი, უკუღმართობის აშკარად მამხილებელი. ექვთიმე თაყაიშვილი თავის მოგონებებში ანდრია ღულაძეს მოიხსენიებს, როგორც ნაკლებ განათლებულ, მაგრამ „ფართი-ფურთის და პრეტენზიის“ კაცად, რომელსაც თავის გამოჩენა უყვარდა, რის გამოც ხშირად აკაკისა და ილიას ქილიკის საგანი ხდებოდა.

    ანდრია ღულაძე თანამშრომლობდა ადგილობრივ პრესასთან, უფრო ხშირად „ივერიასთან“, სადაც მისი წერილები იბეჭდებოდა სხვადასხვა საკითხებთან დაკავშირებით.

   ანდრია ღულაძე მთარგმნელობით საქმიანობასაც ეწეოდა. მან თარგმნა კომედია „კრეჩინსკის ქორწინება“, რომელიც ხშირად იდგმებოდა ლადო მესხიშვილის მონაწილეობით.

   გარკვეული პერიოდი თბილისის ქალაქის ხმოსანიც იყო და სასკოლო ნაწილში მუშაობდა. მისი დახმარებით საქალაქო სკოლებში ბევრ ღარიბ მოწაფეს მიუღია დახმარება ანუ სტიპენდია და საერთოდ, იგი ხელს უწყობდა ღარიბ-ღატაკი ხალხის შვილებს სწავლა-განათლების მიღების საქმეში. ხშირად ცერემონმეისტერიც ყოფილა. იგი ვალერიან გუნიასთან ერთად დავით ყიფიანის დაკრძალვის ცერემონიასაც უძღვებოდა.

   1917 წლიდან ანდრია ღულაძე „ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების“ თბილისის საზოგადოების წევრი გახდა, თუმცა, გაურკვეველი მიზეზის გამო, ამავე წლის 17 დეკემბერს, რამდენიმე პიროვნებასთან ერთად, იგი თბილისის განყოფილების წევრობიდან გარიცხეს.

   1917 წ. რევოლუციის წინა ხანაში ქართული ენის ცენზორად მუშაობდა.

   ანდრია ღულაძე ბოლო ხანებში თითქმის სრულიად მივიწყებული და ნივთიერად შევიწროვებული1920 წლის 16 ივნისს გარდაიცვალა.

ორგანიზაციის, ასოციაციის ან ჯგუფის წევრი

  • ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოება, საზოგადოების თბილისის განყოფილების სარევიზიო კომისიის წევრი (1917-)
  • ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოება, საზოგადოების სარევიზიო კომისიის წევრი (1904-)
  • ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოება, საზოგადოების თბილისის განყოფილების წევრი (1917-)
  • ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოება, საზოგადოების ნამდვილი წევრი (1881-1911)

ბიბლიოგრაფია

საკონტაქტო ინფორმაცია

  • სამსახური
    მისამართი:თბილისი, საოსტატო სკოლა

გააზიარე: