The National Library of Georgia Home - About Library - E-Resources 
  Login
Georgian -
HomeCategories  
Search
Person Name:



მარიამ (მაშო) ვახტანგის ასული ჯამბაკურ-ორბელიანი

მარიამ (მაშო) ვახტანგის ასული ჯამბაკურ-ორბელიანი
Legal name:მარიამ ვახტანგის ასული ორბელიანი
Date of birth:11 July, 1852
Date of death:23 August, 1941  (at 89 years)
Burial location:თბილისი
Category:Writer, Public Figure, Royalty, Philanthropist

Biography

     მარიამ ჯამბაკურ-ორბელიანი დაიბადა ცნობილი რომანტიკოსი პოეტის, ვახტანგ ორბელიანისა და ეკატერინე ილინსკაია ოჯახში. იგი გახლდათ ერეკლე მეფის უსაყვარლესი ქალიშვილი - თეკლას შვილიშვილი. მარიამმა ოჯახშივე  მიიღო კარგი განათლება, ფლობდა რუსულ, ფრანგულ, იტალიურ და გერმანულ ენებს. თექვსმეტი წლის ასაკში მან დაასრულა თბილისის ქალთა კურსები და მიიღო სიმწიფის ატესტატი. 1872 წელს მარიამი ცოლად გაჰყვა ლამისყანელ მემამულე ალექსანდრე (საშიკო) ჯამბაკურ-ორბელიანს.

     1879 წელს „ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების“ დაარსებისთანავე მარიამ ჯამბაკურ-ორბელიანი ხდება მისი ნამდვილი წევრი. ამავე წელს „ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოება“ თბილისში ხსნის ქართულ სათავადაზნაურო სკოლას, რომლის სამზრუნველო კომიტეტის წევრადაც ირჩევენ მარიამს. ოცდათხუთმეტი წლის მანძილზე იგი ამ კომიტეტის თავმჯდომარის უცვლელი მოადგილეა. პარალელურად მარიამ ჯამბაკურ-ორბელიანი აქტიურად საქმიანობს სამუსიკო სასწავლებლის, შემდგომში თბილისის სახელმწიფო კონსერვატორიის, კომიტეტშიც.

    1886 წელს ჩამოყალიბდა მასწავლებელ ქალთა საზოგადოება, რომელიც მიზნად ისახავდა იმ პერიოდში საქართველოში არსებულ საგანმანათლებლო ინსტიტუციებში - სკოლებსა თუ სასწავლებლებში ქალთა დასაქმებისათვის ხელშეწყობასა და მასწავლებელ ქალთა უფლებების დაცვას შრომით ბაზარზე. ქალთა დასაქმება და ამ გზით მათ მიერ ეკონომიკური დამოუკიდებლობის მოპოვება, იყო ერთ-ერთი უმთავრესი წინაპირობა, რომელსაც ამ პერიოდის საზოგადო საქმიანობაში ჩართული ქალები ქალთა თვითგამორკვევისა და ემანსიპაციის აუცილებელ გზად განიხილავდნენ.

    მარიამი ოცდაცამეტი წლის მანძილზე ზრუნავდა მასწავლებელ ქალთა საზოგადოების სკოლაზე, რომელიც ქართულ, რუსულ და სომხურ სექტორებს მოიცავდა.

    მარიამ ჯამბაკურ-ორბელიანის მიერ შეკრებილი ფულით 1906 წელს გაიხსნა ქალთა პირველი ქართული სკოლა საქართველოში. ამ სკოლის გახსნისთვის ზრუნვა მან ჯერ კიდევ 1888 წლიდან დაიწყო. ქართველ ღარიბ მოწაფეთა დამხმარე საზოგადოების „გამგე კომიტეტის“ დადგენილების მეოთხე ოქმის მიხედვით, მარიამმა კომიტეტს მოახსენა, რომ მიზნად ისახავს გახსნას ქართველი ქალებისთვის ჯერ ოთხკლასიანი პირველდაწყებითი სკოლა, ხოლო შემდეგ მოიპოვოს უფლება მისი პროგიმნაზიად გარდაქმნისათვის. კომიტეტი დადებითად შეხვდა მარიამ ჯამბაკურ-ორბელიანის ინიციატივას და სთხოვა, თავისი შეხედულებით შეედგინა ქალთა კომისია, რომელიც იზრუნებდა სათანადო ფონდის შექმნასა და სკოლის გახსნაზე. „გამგე კომიტეტის“ 1894 წლის ნომერ ორას ორმოცდამეოთხე ოქმში კი უკვე აღნიშნულია, რომ მარიამ ჯამბაკურ-ორბელიანმა ექვსი წლის მანძილზე შესძლო, რომ ქალთა სკოლის გახნის მიზნით ათი ათასი მანეთი შეეგროვებინა. ამის შემდეგ სკოლის გასახსნელად ნებართვის მიღებასა და  ფორმალური მხარეების მოგვარებას ფაქტობრივად კიდევ ათი წელი დასჭირდა. ქართველ ღარიბ მოწაფეთა დამხმარე საზოგადოებამ დიდი წინააღმდეგობების შემდეგ აღნიშნული ნებართვა მხოლოდ 1906 წელს მიიღო. 1906 წლიდან მოყოლებული 1917 წლამდე მარიამ ჯამბაკურ-ორბელიანი იყო ქართველ ქალთა სკოლის სამზრუნველო კომიტეტის თავმჯდომარე. მან და თამარ ჭავჭავაძე-ბაგრატიონმა დაარსეს დაზარალებულ ხალხთა დამხმარე კომიტეტი - „დამწვართა კომიტეტი“, რომელიც მიზნად ისახავდა ალიხანოვ-ავარსკის მიერ აოხრებულ გურულ გლეხთა ფინანსურ დახმარებას. კომიტეტის თავმჯდომარე იყო თამარ ჭავჭავაძე-ბაგრატიონი, რომელიც მარიამის მეგობარი და თანამოაზრე გახლდათ.

    მარიამ ჯამბაკურ-ორბელიანი მნიშვნელოვნად დაეხმარა ილია წინამძღვრიშვილს საგურამოში სასოფლო-სამეურნეო სკოლის ჩამოყალიბებაში. ასევე მან მოაწყო დაწყებითი სასწავლებელი ლამისყანაში. მანვე სოფელ ატენში გაახსნევინა სკოლა, რომლის ხარჯების ნახევარიც თავად დაფარა, ნახევარი კი „ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელმა საზოგადოებამ“. მარიამი იყო ასევე „ტფილისის ბავშვებზე ზრუნვის საზოგადოების“ დამფუძნებელი წევრი.

    1917-1918 წლებში მარაიმ ჯამბაკურ-ორბელიანი აქტიურად იყო ჩართული თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის დაარსების საქმეში, რომლის ერთ-ერთი მთავარი ინიციატორი იყო მარიამის სიძე (ძმისშვილის, ანასტასია ორბელიანის მეუღლე) ივანე ჯავახიშვილი. მარიამის მეორე ძმისშვილი თეკლა კიტა აბაშიძის მეუღლე გახლდათ. საქართველოს გასაბჭოების შემდეგ მარიამ ჯამბაკურ-ორბელიანი, ისევე როგორც იმ პერიოდის საქართველოში ქალთა თვითგამორკვევისთვის მებრძოლი მრავალი ქალი, მარგინალიზებული იქნა საზოგადოებრივი აქტივობის სფეროდან. თავის დროზე, მეუღლესთან ერთად, ლამისყანის მოსახლეობის დიდი მოამაგე იძულებული გახდა ლამისყანის სასახლე დაეტოვებინა და თბილისში გადასულიყო, სადაც მას ერთადერთი საცხოვრებელი ბინა ჰქონდა შერჩენილი. მარიამი სიცოცხლის უკანასკნელი ოცი წლის განმავლობაში მთარგმნელობით მუშაობას ეწეოდა, იყო ფრანგული ენის მასწავლებელი. მას არაერთხელ უთქვამს, მას შემდეგ, რაც ყველაფერი ჩამომერთვა, ჩემი შეუდარებელი სიძის - ივანე ჯავახიშვილის კმაყოფაზე ვიმყოფებიო.

  მარიამ ჯამბაკურ-ორბელიანი 1941 წლის 23 აგვისტოს 89 წლის ასაკში თბილისში გარდაიცვალა.

Member of Organizations

  • ტფილისის ბავშვებზე ზრუნვის საზოგადოება, საზოგადოების დამფუძნებელი წევრი
  • ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოება, საზოგადოების თბილისის განყოფილების მუდმივი წევრი (1918-)
  • ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოება, საზოგადოების ნამდვილი წევრი (1879-)

Bibliography


Share: