The National Library of Georgia Home - About Library - E-Resources 
  Login
Georgian -
HomeCategories  
Search
Person Name:



დესპინე დავითის ასული გელოვანი (ბანოვანი)

დესპინე დავითის ასული გელოვანი
Other name:ბანოვანი  (Pseudonym)
Date of birth:December, 1888
Date of death:3 December, 1934  (at 46 years)
Burial location:თბილისი, ვერის სასაფლაო
Category:Writer, Publicist

Biography

      დესპინე გელოვანი დაიბადა 1880 წლის 6 დეკემბერს, ლეჩხუმის მაზრის სოფელ ლაჯანში, საშუალო შეძლების მქონე თავადის ოჯახში, სადაც მწერალი ქალის მშობლები  ახლად გადმოსახლებულები იყვნენ სვანეთიდან. ფეოდალურ წრეებში ღრმად ფეხმოკიდებულმა ტრადიციამ პატარა დესპინე ოჯახში ჩაკეტა და აიძულა მხოლოდ შინაური განათლებით დაკმაყოფილებულიყო. მის სწავლა-აღზრდას შინაური მასწავლებელი ხელმძღვანელობდა. 18 წლის დესპინე უკვე საკმაოდ გათვითცნობიერებული, დამოუკიდებლად მოქმედი და თავისუფლად მოაზროვნე იყო.  მან გადაწყვიტა გაზეთ "ივერიის" კორესპონდანტობა.

        დესპინემ წერა პატარ-პატარა კორესპონდენციებით დაიწყო. იგი ამხელდა ლეჩხუმ-სვანეთის მაზრაში მეფის ბიუროკრატი ჩინოვნიკების თავგასულობასა და ბოროტმოქმედებას, როს გამოც არაერთხელ გააფრთხილეს. არავინ იცის, როგორ ახერხებდა თავისი მამხილებელი წერილების ბეჭდვას, მის წერილებს კი სად არ შეხვდებოდით“ივერიაში“, „ ცნობის ფურცელში“, „ თემსა” და „ სახალხო ფურცელში“. მწერალი თავის ავტობიოგრაფიულ წერილში მოგვითხრობს: "იმ დროს იმდენად ჩამორჩენილი იყო ლეჩხუმ-სვანეთის მხარე, რაც უნდა უსამართლობა და თავგასულობა ჩაედინათ მეფის ადგილობრივ მოხელეებს თუ ზოგ თვითნება ფეოდალს - პრესამდე ვერ აღწევდა. ისე კი ასეთ მიყრუებულ კუთხეში მრავალი ამაღელვებელი ძალმომრეობა ხდებოდა, რასაც მთელი ჩემი შეგნება და აზროვნება ეწინააღმდეგებოდა და სულიერად ვიტანჯებოდი. სწორედ ასეთმა განცდებმა მაიძულეს გამაბედინა გაზეთის თანამშრომლობა... და კიდევ დავიწყე ამ ბნელი ძალების წინააღმდეგ ულმობელი წერილების წერა". მისი მამხილებელი წერილები იბეჭდებოდა გაზეთ "ივერიის", "ცნობის ფურცელის", "შრომის", "ისარის" და სხვათა ფურცლებზე.

      ბევრი მტერი გაუჩნდა ახალგზარდა ქალს, თვით მამაც კი განუდგა. მას სამარცხვინოდ მიაჩნდა თავისი გასათხოვარი ქალიშვილის „ვაჟკაცური“ საქმიანობა. რაც მეტი წინაღმდეგობა ხვდებოდა მამისგან, მით უფრო აძლიერებდა დესპინე  თავის მუშაობას.

          ამ პერიოდში დესპინე გელოვანმა გამოიცვალა ფსევდონიმი და გააძლიერა მტრის მხილება, რასაც მოჰყვა მისი ჩაბმა არალეგალურ მუშაობაში. 1905 წლის რევოლუციაში მონაწილეობისათვის, მაზრის უფროსის დაბეზღებით, გადაწყვეტილი იყო მწერალი ქალის მშობლების სახლ-კარი გადაეწვათ, მაგრამ საბედნიეროდ, საქმეში ჩაერია მათი ოჯახის ნათესავი, ქალსუ დადეშქელიანი და გელოვანების სახლ-კარი გადარჩა,

     რევოლუციის შემდეგ, მშრომელი მასების  გათვითცნობიერების მიზნით, დესპინე გელოვანი ხალხში გავიდა და თეატრალური მოღვაწეობა დაიწყო. რევოლუციის დამარცხების შემდეგ, დესპინე ჩაება კულტურულ საქმიანობაში. 1901 წელს მისი ინიციატივით ნახა ლეჩხუმმა პირველად სცენა და სპექტაკლი. დესპინე ცაგერში, ლაილაშასა და ლაჯანურში დგამდა რევოლუციური ხასიათის სპექტაკლებს, აღვივებდა ხალხში ბრძოლის სურვილსა და მომავლის რწმენას.  დადგმებით შემოსული  თანხა ეგზავნებოდა ქუთაისის ციხის პოლიტიკურ პატიმრებს გვირაბის გასაყვანად. აქედან გამოქცეულ  რევოლუციონერებს თავშესაფარს აძლევდა და მატერიალურ დახმარებასაც უწევდა.

      ოჯახში საკუთარი დაწყებითი სკოლა ჰქონდა, სადაც უსასყიდლოდ ასწავლიდა წერა-კითხვას სოფლის გოგო-ბიჭებს. "თუ ვინმე ძველი თაობიდან წერა-კითხვის მცოდნენი ვართ, დესპინემ შეგვასწავლაო" ამბობდნენ ორბელისა და ლაჯანის მცხოვრებლები. დიდი წვლილი აქვს გაღებული ამ კუთხეში მეაბრეშუმეობის გავრცელებაში. მიუხედავად იმისა, რომ ხალხი იძახდა: ”ხატები გაგვირისხდება და ვენახებს დაგვისეტყვავსო", თბილისიდან გამოგზავნილმა ინსტრუქტორმა და დესპინეს მცდელობამ ხალხში დანერგა მეურნეობის ეს დარგი. 1920 წელს დესპინე თბილისში გადავიდა საცხოვრებლად და შეუდგა სამწერლო მოღვაწეობას. გარდა უამრავი კორესპონდენციისა, მის კალამს ეკუთვნის ეთნოგრაფიული წერილები, მხატვრული ესკიზები, ნოველები, მოთხრობები ("ქალი", "ვეღარ ეგუა სული ჩემი", "ისრაელის ასულმა გაიმარჯვა") და რომანები ("სამართალს სისხლით მოვძებნი'', ''შორეული ლანდები'').

      დესპინე გელოვანი თავდადებული მამიდა იყო ძმისწულებისთვის. ის არა მარტო წერა-კითხვას ასწავლიდა, არამედ ხელმძღვანელობდა მათ საერთო განათლებასა და  ზნეობრივ აღზრდას. უმცროს ძმისწულს, ანდრო გელოვანს, ფართო განათლებისა და დახვეწილი კულტურის იურისტს, დიდი ღვაწლი მიუძღვის ჩვენი ქვეყნის მოსახლეობაში თავისი პრაქტიკული და თეორიული მოღვაწეობით. მან დიდი ამაგი დასდო მამიდის ხსოვნას, ფურცელ-ფურცელ აგროვებდა მწერალი ქალის ავტობიოგრაფიებს. ეს არც ისე ადვილი აღმოჩნდა. წლები დასჭირდა იმ  მემკვიდრეობის მიკვლევას, რომელიც დღეს ჩვენთვის არის ცნობილი. 

       დესპინე გელოვანი 1934 წლის 6 დეკემბერს თბილისში გარდაიცვალა და დაკრძალულია ვერის სასაფლაოზე.

Member of Organizations

  • ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოება, საზოგადოების ნამდვილი წევრი (1909-1910)

Bibliography

Contacts Information

  • Home
    Address:ლეჩხუმი

Share: