The National Library of Georgia მთავარი - ბიბლიოთეკის შესახებ - ელ.რესურსები 
  შესვლა
ქ.შ.წ.კ.გ საზოგადოების წევრები
დასაწყისიკატეგორიები  
ძიება
პიროვნების სახელი:

საძიებელი ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი (ქშწკგ) საზოგადოების ყველა წევრს აერთიანებს, რომლებიც გაწევრიანდნენ ამ საზოგადოებაში მისი დაარსებიდან ლიკვიდაციამდე (1879–1927).

ეროვნული ბიბლიოთეკა მოგმართავთ თხოვნით, თქვენი წინაპრების ან ნათესავების ამ ბაზაში აღმოჩენის შემთხვევაში გამოგვიგზავნოთ მათი მონაცემები ბაზაში განსათავსებლად. საკონტაქტო ტელეფონი: 599548291.



ეფემია (ეფროსინე) ქაიხოსროს ასული კლდიაშვილი

ეფემია (ეფროსინე) ქაიხოსროს ასული კლდიაშვილი
ოფიციალური სახელი:ეფროსინე (ეფემია) ქაიხოსროს ასული ყიფიანი
დაბადების თარიღი:1836
გარდაცვ. თარიღი:1913  (77 წლის ასაკში)
დაკრძალვის ადგილი:თბილისი, ვერის წმინდა ნიკოლოზის ეკლესიის გალავანი
კატეგორია:მთარგმნელი, მსახიობი, მწერალი, საზოგადო მოღვაწე

ბიოგრაფია

   ეფემია (ეფრო)  ყიფიანი დაიბადა 1839 წელს გორის მაზრის სოფელ ქვიშხეთში,  დიამბეგ  ქაიხოსრო ივანეს ძე ყიფიანის ოჯახში. ყიფიანების ოჯახი ქართული ლიტერატურის და ზოგადად, მწიგნობრობის დიდი მოყვარული ყოფილა. ეფრომ პირველადი განათლება შინ მიიღო. შემდეგ, მამამ ცოდნის გასაღრმავებლად ხაშურში წაიყვანა, სადაც ერთ მასწავლებელ ქალს მიაბარა. ეფრო კარგად  დაუფლებია რუსულ და ფრანგულ ენებს, თავისუფლად კითხულობდა და თარგმნიდა კიდეც. "ამ დროს ნასწავლი ფრანგული ლექსები მოხუცებულობაშიც კარგად ახსოვდაო“ – იგონებს მისი ქალიშვილი ანასტასია. 

   ეფრო ყიფიანის აღზრდაზე დიდი იყო ბიძის, დიმიტრი ყიფიანის გავლენა. დიმიტრიმ  თეატრისადმი სიყვარული, შვილებთან ერთად, თავის ძმისშვილსაც  ჩაუნერგა. მანვე გამოიყვანა იგი პირველად სოფლად გამართულ შინაურულ წარმოდგენებში, შემდეგ კი თბილისში წაიყვანა და სცენისმოყვარეთა დასის ქართულ დადგმებში მიაღებინა მონაწილეობა. იმდროინდელ საქართველოში ქალის სცენაზე გამოსვლა გარკვეულ გამბედაობას მოითხოვდა და საზოგადოებაში დამკვიდრებულ წარმოდგენებთან  დაპირისპირებას ნიშნავდა, მაგრამ ამას ეფროსთვის ხელი არ შეუშლია, რომ მთელი შეგნებული ცხოვრება ქართული თეატრისთვის მიეძღვნა. ილია ჭავჭავქაძის, დიმიტრი ყიფიანის და აკაკი წერეთლის თანამოაზრეს, კარგად ესმოდა, თუ რა დიდი მნიშვნელობა ჰქონდა თეატრს საზოგადოებრივი ცხოვრებისთვის და ქართული ენის გადარჩენისათვის.

   1861 წელს ეფროსინე ყიფიანი ცოლად გაჰყვა გრიგოლ კლდიაშვილს, რომელიც  ქუთაისის საგუბერნიო 68-ე ბატალიონის პოდპორუჩიკი იყო. გრიგოლი სვანეთში მუშაობდა სამოქალაქო სამსახურში, თუმცა, იქ ორ  წელზე მეტი ვერ გასძლო და 1879 წლის დამლევს, მძიმე ავადმყოფი, ქუთაისში ჩამოიყვანეს. ეფროს ძალიან უნდოდა  სვანეთის ნახვა, საქართველოს მეტად საინტერესო და იმ დროს უყურადღებოდ მიტოვებული მხარისა და მეუღლის სვანეთიდან წამოსვლის შემდეგ, 1880 წლის 10 ივლისს,  გაემგზავრა ,,იმ ქვეყნის სანახავად, რომელსაც საშიშრად უხატავდნენ".  ამ მოგზაურობის შესახებ ეფრომ წერილები დაბეჭდა  გაზეთ "დროებაში". იმ დროს,  საქართველოში, ქალები იშვიათად მოგზაურობდნენ. ეფროს მიზანი, როგორც იმდროინდელ პრესაში გამოქვეყნებული ჩანაწერებიდან ირკვევა, სვანეთის მონახულება და იქაურების ყოფის გაცნობა იყო. მან  თავის სტატიაში რამდენიმე სერიოზული საკითხი წამოჭრა, მათ შორის – სვანეთში განათლების შეტანის, კარგი გზის გაყვანის, სავაჭრო წერტილების გახსნის აუცილებლობის, საპოლიციო და სასამართლო უწყებების სოფელ მესტიაში გადატანის შესახებ. ის ცდილობდა, რომ ხალხში გავრცელებული მოძველებული წეს-ჩვეულებებიც შეცვლილიყო.

   ეფროს და გრიგოლის ოჯახში ხშირად სტუმრობდნენ აკაკი წერეთელი, ანტონ ლორთქიფანიძე, ალექსი ჭიჭინაძე, ივანე აბაშიძე, ივანე მესხი, ვასო აბაშიძე, კოტე და ანა მესხები, ვარლამ გაბიჩვაძე და სხვები.  მარჯორი და ოლივერ უორდროპები, ქუთაისში ჩამოსვლისას, გრიგოლ კლდიაშვილის ოჯახში ჩერდებოდნენ. ამ დროს უფროსი ვაჟი ლუარსაბი თარჯიმანის როლს ასრულებდა.

    მე-19 საუკუნის მეორე ნახევარში ქუთაისში განსაკუთრებით გამოცოცხლდა  თეატრალური ცხოვრება. შეიქმნა სცენისმოყვარეთა წრე და ინტენსიურად იმართებოდა თეატრალური წარმოდგენები.  გიორგი ერისთავის "ქართული თეატრის“ დაშლიდან ხუთი  წლის შემდეგ, ქუთაისიდან დაიწყო ახალი თეატრალური მოძრაობა, რომელიც 1861 წლის 3 მარტს, ქალაქის საკრებულოს შენობაში, ერისთავის ისტორიული პიესის "გაყრა“-ს დადგმით აღინიშნა.  

   სცენისმოყვარეების წარმოდგენებმა თეატრი ყველასთვის მისაწვდომ და საყვარელ ადგილად აქცია.  ქუთაისის სცენისმოყვარეთა მუდმივი წრის წარმოდგენებს ხელმძღვანელობდნენ თავდაპირველად დიმიტრი ბაქრაძე და გიორგი ღოღობერიძე, შემდეგ მათ შეუერთდნენ აკაკი წერეთელი და რაფიელ ერისთავი,  ხოლო 1871 წლიდან – ეფროსინე კლდიაშვილი და ანტონ ლორთქიფანიძე. ანასტასია კლდიაშვილი იგონებს: ,,როდესაც დედა გათხოვდა და ქუთაისში გადასახლდა, სხვებთან ერთად დააარსა თეატრის მოყვარულთა წრე. რეპეტიციები, როლების განაწილება, ტანისამოსის შოვნა, ნებართვის აღება, აფიშები და სხვა მრავალი წვრლიმანი საქმეების მოწესრიგებაში ეფროს პირველი ადგილი ეჭირა. ეს ყველაფერი მის ბინაზე იმართებოდა.“

   სცენისმოყვარეთა დასში საკმაოდ მრავალრიცხოვანი წარმოდგენების მთავარი ორგანიზატორობა დაკისრებული ჰქონდა ეფრო კლდიაშვილს, რეჟისორობა და იდეური ხელმძღვანელობა აკაკი წერეთელს, სუფლიორის მოვალეობა რაფიელ ერისთავს, ორგანიზაციულ-ტექნიკური საქმეების მოგვარება კი  ანტონ   ლორთქიფანიძეს. 70-იან წლებში, გაზეთ „დროების“ ცნობებით, სცენისმოყვარეთა რეპერტუარი  ძირითადათ კომედია-ვოდევილებს მოიცავდა. დრამებისა და ტრაგედიებისათვის წრეს სათანადო ძალები არ ჰყოფნიდა, მაგრამ მაინც  დადგეს  ი. კერესელიძის ტრაგედია "მედეა“, რომელსაც დიდი პოლემიკა მოჰყვა. "მედეამ" იმდენად დააინტერესა და მიიზიდა ქუთაისელი მაყურებელი, რომ სპექტაკლის შემოსავლით ქუთაისის დასმა მრავალი ხარვეზი შეივსო: "სცენისათვის იყიდეს სკამები, შეაკერინეს შვიდი ხელი ტანისამოსი და 30 მანეთის მოგება კი სალაროში დარჩა." კლდიაშვილს კარგად ესმოდა, რომ მაყურებელს მარტო კლასიკური პიესები  არ დააკმაყოფილებდა. საჭირო იყო თანამედროვე ავტორთა ნაწარმოებებიც. ყოველი დრამის თუ კომედიის შემდეგ, მაყურებელს გასართობად სთავაზობდნენ  მსუბუქ  ვოდევილებს, რათა ის თეატრიდან ცუდი განწყობით არ წასულიყო და თეატრში კვლავ დაბრუნების სურვილი გასჩენოდა. წრე ყველა საშუალებას მიმართავდა, რომ წარმოდგენები მრავალფეროვანი ყოფილიყო. წარმოდგენებით მიღებული შემოსავალი საქველმოქმედო მიზნებისთვის ყოფილა  განკუთვნილი. საზოგადოებაც კმაყოფილი იყო დრამატული წრის საქმიანობით და მსახიობების მუშაობით. აკაკი წერეთელი წერდა: „პირველად რომ თეატრმა ქუთაისში ბიჯგი გადადგა, ეფროც თან დაჰყვა და თანასწორმომხიბლავად თამაშობდა. როგორც დრამატულს, ისე კომიკურ როლებსაც. მუდმივი მოთამაშენი თეატრისა იყვნენ: რაფიელ ერისთავი (პიესებსაც წერდა და სუფლიორიც იყო), ეფროსინე კლდიაშვილისა, ზაქარია ჭეიშვილი და მე. ბოლოს და ბოლოს სცენისმოყვარეებიც მოგვეშველნენ..... და ახლა კი, როცა თეატრზე რამეს სწერენ, ეფროს ხსენებაც არ არის და მე კი უნდა აღვიარო, რომ ჯერ ქართულ სცენაზე უკეთესი მოთამაშე არ გამოსულა...  არა თუ უსასყიდლოდ შრომობდა, პირიქით, ღარიბი ქონებიდანაც ბევრი დაუხარჯავს თეატრის გულისათვის."

   აკაკი წერეთელი იგონებს ქუთაისის დასის ფურგონებით ჩასვლას თბილისში (რკინიგზა ჯერ არ არსებობდა) და ეფროს მიერ საზოგადოების აღტაცებაში მოყვანას. ეფროსა და მთელი დასის მიერ სპექტაკლების მაღალმხატვრულ შესრულებას ისეთი ზეგავლენა მოუხდენია თბილისის ახალგაზრდობაზე, რომ სემინარიელებს, ნიკო  ავალიშვილის მეთაურობით, რამდენჯერმე გაუმართავთ წარმოდგენა გერმანელთა კლუბში. „ასე, ძალდაუტანებლად,  თავისთავად პირველად ქუთაისში დაარსდა ქართული თეატრი და ფეხადგმული გადავიდა თბილისში, სადაც საქმე უფრო მოსახერხებელი იყო" – აღნიშნავდა აკაკი.

   1877 წელს, რუსეთ-ოსმალეთის ომთან დაკავშირებით, ქუთაისის ე.წ. ,,სამეფო სახლი", სადაც სცენისმოყვარეთა სპექტაკლები იმართებოდა, ლაზარეთად გადაკეთდა, რამაც  ქუთაისში წარმოდგენების გამართვის საქმე შეაფერხა. დრამატული წრე უბინაოდ დარჩა, მაგრამ მსახიობებს ფარ-ხმალი არ დაუყრიათ და სპექტაკლებს კერძო სახლებში მართავდნენ. 

   1878-1879 წლის სეზონის დასაწყისში, გუბერნატორმა ლევაშოვმა, დიდი მუდარის შემდეგ, ქართულ დრამწრეს ნებართვა მისცა "გუბერნატორის სახლში" გაემართათ  წარმოდგენები. დრამატული წრის ხელმძღვანელი ეფრო იყო. მას გვერდში ედგნენ ალექსანდრე  გამრეკელი და კოტე მესხი, რომელსაც რეჟისორობა დაევალა. თავდადების მიუხედავად, თეატრის შენობის უქონლობა სერიოზულად აბრკოლებდა სცენისმოყვარეთა საქმიანობას. ამ პრობლემის მოგვარება საკუთარი სახსრებით იკისრეს კომერსანტმა ძმებმა ხარაზიშვილებმა და 1880 წლიდან დრამატული წრის მუშაობა, ჯერ კიდევ დაუმთავრებელ, გადაუხურავ შენობაში გაგრძელდა.

   ეფრო კლდიაშვილი სცენაზე 1888 წლამდე გამოდიოდა. მის მიერ განსახიერებულ სახეთა შორის გამორჩეულია: მართა (გ. ერისთავის "ყვარყვარე ათაბაგი"), მაკრინე (გ. ერისთავის "გაყრა"), კუკუშკინა (ა. ოსტროვსკის "შემოსავლიანი ადგილი"), მედეა (ი. კერესელიძის "მედეა"), ლიზეტა (მოლიერის "სიყვარული მკურნალობს"), თვალმაისა (მეიფარიანის ,,ქმრები გავაბათ მახეში“), ქეთევანი (დ. ერისთავის ,,სამშობლო“). მაჭანკალ ხლეპუზაანთ სალომე და კნეინა თეკლე ( რ. ერისთავის "ადვოკატები") და სხვა. ჟურნალი "ივერია" ეხმიანება სცენისმოყვარეთა გააქტიურებას და გადმოგვცემს, რომ სპექტაკლების შემოსავალი ხან ღარიბ სტუდენტებს ხმარდებოდა, ხან მთლიანად ქართული სცენის სასარგებლოდ გამოიყენებოდა. სცენისმოყვარეთა ოცწლიანმა მოღვაწეობამ  მყარი ნიადაგი მოუმზადა ქუთაისში 1885 წელს პროფესიული ქართული თეატრის დაარსებას.

    ეფრო კლდიაშვილი სიცოცხლის ბოლო წლებში  მთარგმნელობითი საქმიანობით იყო დაკავებული. 1891 წელს ჟურნალ "ცდა"-ში  დაიბეჭდა მის  მიერ თარგმნილი ისტორიული მოთხრობა, შპილმანის "დონ პედრო კასტილიელი", ხოლო 1898 წელს "მოამბეში" რუსულიდან თარგმნილი პოტაპენკოს "ნამდვილი სამსახური", რომელიც 1899 წელს ოდესის ქართველმა სტუდენტებმა წიგნად გამოსცეს.

   ეფრო კლდიაშვილს კარგად ესმოდა განათლების მნიშვნელობა და ცდილობდა, რაც შეიძლება ბევრ ახალგაზრდას დახმარებოდა.  მართავდა წარმოდგენებს, ქალაქში და სოფლად, აგროვებდა ფულს და ყოველთვე უგზავნიდა სტუდენტებს. ეფროს უნდოდა სოფელ სიმონეთში ურთიერთდამხმარე  ბანკი დაეარსებინა. აიღო სათანადო ნებართვა, გამოიწერა თბილისიდან საჭირო ქაღალდები, მიიღო ბეჭედი, მაგრამ ადგილზე საქმე  გაუჭიანურეს და გეგმა ჩაეშალა. სიმონეთშივე დააარსა, ოდესაში 1905 წელს, შავრაზმელთა მიერ, ებრაელთა ქომაგობისთვის მოკლული შვილის, ცნობილი ქიმიკოსის, საბა კლდიაშვილის სახელობის  სამკითხველო-ბიბლიოთეკა, რომლის შესანახ თანხას თვითონ იხდიდა. ეფრო კლდიაშვილის  სახელთანაა დაკავშირებული სოფელ სიმონეთში პირველი  ოთხწლიანი სასწავლებლის გახსნაც.

   ეფრო კლდიაშვილი ზაფხულობით ხშირად  ჩადიოდა მშობლიურ ქვიშხეთში, განსაკუთრებით ხანდაზმულობის წლებში, სადაც  ყოველთვის დიდი პატივისცემითა და სიყვარულით იყო გარემოცული. მძიმე ავადმყოფმა სიკვდილის წინ დაწერა ავტობიოგრაფია, სადაც აღწერა, თუ როგორ გათხოვდა, როგორ გადავიდა სიმონეთიდან ქუთაისში, როგორ წაართვა სიკვდილმა შვილები. ორფურცლიან ავტობიოგრაფიაში არაფერს წერს თავისი საზოგადოებრივი მოღვაწეობის შესახებ. ავტობიოგრაფიის დაწერის შემდეგ რამდენიმე დღეში გარდაიცვალა.

   ეფროსინე კლდიაშვილი გარდაიცვალა 1913 წელს და დაკრძალულია თბილისში, ვერის წმინდა ნიკოლოზის ეკლესიის გალავანში.

    ეფრო კლდიაშვილს თანამედროვენი "ქუთაისის თეატრის დედად“ მოიხსენიებდნენ და დარჩა კიდეც ისტორიაში,  როგორც მე-19 საუკუნის 1960-1980-იანი წლების ქართული თეატრის მესვეური და დიდი მოამაგე.

ორგანიზაციის, ასოციაციის ან ჯგუფის წევრი

  • ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოება, საზოგადოების ნამდვილი წევრი (1908-)

ბიბლიოგრაფია


გააზიარე: