The National Library of Georgia მთავარი - ბიბლიოთეკის შესახებ - ელ.რესურსები 
  შესვლა
ქ.შ.წ.კ.გ საზოგადოების წევრები
დასაწყისიკატეგორიები  
ძიება
პიროვნების სახელი:

საძიებელი ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი (ქშწკგ) საზოგადოების ყველა წევრს აერთიანებს, რომლებიც გაწევრიანდნენ ამ საზოგადოებაში მისი დაარსებიდან ლიკვიდაციამდე (1879–1927).

ეროვნული ბიბლიოთეკა მოგმართავთ თხოვნით, თქვენი წინაპრების ან ნათესავების ამ ბაზაში აღმოჩენის შემთხვევაში გამოგვიგზავნოთ მათი მონაცემები ბაზაში განსათავსებლად. საკონტაქტო ტელეფონი: 599548291.



სვიმონ გრიგოლის ძე კლდიაშვილი

სვიმონ გრიგოლის ძე კლდიაშვილი
დაბადების თარიღი:2 თებერვალი, 1865
გარდაცვ. თარიღი:26 მაისი, 1920  (55 წლის ასაკში)
დაკრძალვის ადგილი:მწერალთა და საზოგადო მოღვაწეთა დიდუბის პანთეონი
კატეგორია:არქიტექტორი, საზოგადო მოღვაწე

ბიოგრაფია

     სიმონ კლდიაშვილი დაიბადა 1865 წელს ქალაქ ქუთაისში, რუსეთის არმიის პოლკოვნიკ გრიგოლ კლდიაშვილისა და მსახიობ ეფროსინე ყიფიანის (დიმიტრი ყიფიანის ძმისშვილი) ოჯახში.

     1895 წელს დაამთავრა ფერწერის, ქანდაკებისა და ხუროთმოძღვრების სასწავლებელი მოსკოვში.

     1896–99 წლებში მუშაობდა ქალაქ სოხუმის არქიტექტორად.

     1899 წელს შეადგინა თბილისის სათავადაზნაურო სკოლის (ქართული გიმნაზიის – ახლანდელი თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის პირველი კორპუსი) შენობის პროექტი და 1906 წლამდე ხელმძღვანელობდა მის მშენებლობას.

     1902 წელს კაპიტალურად გადააკეთა და ახლანდელი ფასადით შეამკო ქობულაშვილების სახლი გრიბოედოვის ქუჩაზე (თბილისის სამხატვრო აკადემია). ააშენა მრავალი საცხოვრებელი სახლი. მისი ნამუშვრები ეკლექტიზმის სტილის ტიპიური ნიმუშია. გვხვდება რენესანსულ–ბაროკოული ფასადებიც. იგი აქტიურად მონაწილეობდა ქართულ კულტურულ და საზოგადოებრივ ცხოვრებაში.

    1902 წლიდან სიმონ კლდიაშვილი იყო "ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების" ნამდვილი წევრი.
    1902 წელს ექვთიმე თაყაიშვილთან ერთად იმოგზაურა ისტორიული საქართველოს სამხრეთ რეგიონებში. აზომა 20–მდე არქიტექტურული ძეგლი, მათ შორის ადრინდელი შუა საუკუნეების ქართული ხუროთმოძღვრების ერთ–ერთი უმთავრესი ნიმუში ბანა და მისი რეკონსტრუქციის პროექტიც შეადგინა.
   1910 წელს ექვთიმე თაყაიშვილთან ერთად იმოგზაურა რაჭა–ლეჩხუმში.

   სიმონ კლდიაშვილი გარდაიცვალა 1920 წელს და დაკრძალულია მწერალთა და საზოგადო მოღვაწეთა დიდუბის პანთეონში.

    2015 წლის 3 ივნისს ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ეზოში გაიხსნა სვიმონ კლდიაშვილის ბიუსტი.

ორგანიზაციის, ასოციაციის ან ჯგუფის წევრი

  • ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოება, საზოგადოების ნამდვილი წევრი (1902-1911)

გააზიარე: