The National Library of Georgia Home - About Library - E-Resources 
  Login
Georgian -
HomeCategories  
Search
Person Name:



მარიამ იოსების ასული ყაუხჩიშვილი

მარიამ იოსების ასული ყაუხჩიშვილი
Date of birth:1866
Date of death:1939  (at 73 years)
Burial location:ქუთაისი, საფიჩხიას სასაფლაო
Category:Educator

Biography

   მარიამ ყაუხჩიშვილი დაიბადა1866 წელს ქუთაისში ხელმოკლე მოქალაქის ოჯახში.

   1885 წელს მარიამმა დაასრულა ქუთაისის წმ. ნინოს სახელობის სასწავლებლის რვა კლასი პედაგოგიური განხრით და კათოლიკეთა პირველდაწყებით სკოლაში ყველა საგნის მასწავლებლად დაიწყო მუშაობა. 1892 წელს იოსებ ოცხელმა ქუთაისში გახსნა საბავშვო ბაღი მოსამზადებელი კლასით და მარიამი ამ ბაღში მასწავლებლად მიიწვია. 1895 წელს იგი 3 თვით პეტერბურგში გაემგზავრა, რათა გაცნობოდა ფრებელის სისტემით მომუშავე საბავშვო ბაღების მუშაობას. ერთი წლის შემდეგ ყაუხჩიშვილი ცოდნის გასაღრმავებლად ჟენევის პედაგოგიურ კურსებზე შევიდა და საფუძვლიანად დაეუფლა საბავშვო ბაღებისა და საშუალო სკოლების მუშაობის შინაარსსა და მეთოდებს.

   სამშობლოში დაბრუნებულმა მარიამმა პედაგოგიურ მოღვაწეობას მიჰყო ხელი და მუშაობა დაიწყო ლიდია ანჯაფარიძის კერძო სასწავლებელში. მე–20 საუკუნის დასაწყისისთვის ქუთაისში მრავლად იყო ოფიციალური სასწავლებლები, მაგრამ ისინი მოსახლეობის ღარიბ ფენას ვერ აკმაყოფილებდნენ. მარიამ ყაუხჩიშვილმა გადაწყვიტა გაეხსნა კერძო სასწავლებელი და ამით ღარიბი ხალხის ფენებიდან გამოსულ ახალგაზრდებს დახმარებოდა. მართლაც 1903 წელს გახსნა კერძო ოთხკლასიანი პროგიმნაზია პროფესიონალური განყოფილებით, რომელიც უუფლებო სასწავლებლად ითვლებოდა და წლების მანძილზე მარიამის საზრუნავ საგნად სწორედ მისი გიმნაზიად გადაკეთება იქცა.

   მარიამ ყაუხჩიშვილის პროგიმნაზიაში სწავლა–აღზრდის საქმე სანიმუშოდ იყო დაყენებული, ამიტომაც იგი მრავლად იზიდავდა ღარიბი მოსახლეობის შვილებს. მარიამმა მოახერხა სასწავლებლისთვის ჯერ მე–5 კლასი დაემატებინა, ხოლო შემდეგ თანდათანობით თითო კლასს ამატებდა და როდესაც სრული გიმნაზიის კლასები დაკომპლექტდა მან შუამდგომლობით მიმართა მთავრობას გიმნაზიის გახსნის ნებართვის მისაღებად. ჩატარდა შემოწმება, სანიმუშოდ დაყენებულმა სასწავლო–აღმზრდელობითმა მუშაობამ შედეგი გამოიღო და მთავრობის ნებართვით სასწავლებელი გიმნაზიად გადაკეთდა. მარიამმა მოახერხა და 1909 წელს ქუთაისის საადგილმამულო ბანკისგან აღებული სესხით  სასწავლებლისთვის შენობა შეიძინა. "ყაუხჩიშვილის გიმნაზიაში" საგანგებოდ შერჩეული ღირსეული პედაგოგები მოღვაწეობდნენ. იმ დროს, როდესაც ოფიციალურ სასწავლებლებში ქართული ენა და ლიტერატურა იდევნებოდა, მარიამთან ამ საგანს წამყვანი როლი ენიჭებოდა. მან გერმანიიდან გამოიწერა ფიზიკისა და ბიოლოგიის სრული კაბინეტი, შეუქმნა სასწავლებელს ქართული და რუსული გამოცემებით მდიდარი ბიბლიოთეკა. დიდი ყურადღება ექცეოდა მოსწავლეთა შრომით აღზრდას.

    მარიამ ყაუხჩიშვილს არცერთი სამეცნიერო შრომა არ დაუწერია ბავშვთა სწავლა–აღზრდის საკითხებზე, მაგრამ მას სკოლაში დანერგილი ჰქონდა განათლების შესანიშნავი სისტემა. იგი ნახევარი საუკუნე ემსახურა ახალგაზრდობის აღზრდის საქმეს. დაუღალავი პედაგოგი წლების მანძილზე უფასოდ ასწავლიდა საკვირაო სკოლებში. 

   მარიამი აქტიური წევრი იყო "ქართველთა შორის წერა–კითხვის გამავრცელებელი საზოგადოებისა" და ქუთაისის ქალთა საზოგადოებისა.

   მარიამ ყაუხჩიშვილი 1939 წლის მარტში საკუთარი სკოლის კედლებში გარდაიცვალა.

Member of Organizations

  • ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოება, საზოგადოების ქუთაისის განყოფილების წევრი (1915-)

Bibliography


Share: