შესვლა |
![]() |
![]() |
![]() ![]() |
დასაწყისიკატეგორიები |
ძიება საძიებელი ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი (ქშწკგ) საზოგადოების ყველა წევრს აერთიანებს, რომლებიც გაწევრიანდნენ ამ საზოგადოებაში მისი დაარსებიდან ლიკვიდაციამდე (1879–1927). ეროვნული ბიბლიოთეკა მოგმართავთ თხოვნით, თქვენი წინაპრების ან ნათესავების ამ ბაზაში აღმოჩენის შემთხვევაში გამოგვიგზავნოთ მათი მონაცემები ბაზაში განსათავსებლად. საკონტაქტო ტელეფონი: 599548291. |
კონსტანტინე დიმიტრის ძე ყიფიანი![]()
ბიოგრაფიაკონსტანტინე ყიფიანი დაიბადა 1849 წელს თბილისში, ცნობილი მამულიშვილისა და საზოგადო მოღვაწის დიმიტრი ყიფიანის ოჯახში. კონსტანტინე სწავლობდა თბილისის გიმნაზიაში, შემდეგ პეტერბურგისა და მოსკოვის სამხატვრო აკადემიებში, რომელიც დაამთავრა 1873 წელს. იმავე წელს სამშობლოში დაბრუნდა და სახელმწიფო სამსახურში დაიწყო მუშაობა. 1875 წელს მეფისნაცვლის მიწვევით ბორჯომის მამულების უფროსი გამგის თანაშემწედ იწყებს მუშაობს. ამ თანამდებობაზე მისი მიწვევის მიზეზი იყო ის, რომ იმ დროს საქართველოში კოტე ყიფიანი იყო ერთადერთი ქართველი, რომელსაც მიღებული ჰქონდა უმაღლესი სამეურნეო განათლება. ამ პერიოდში იგი მეცნიერული ხასიათის დაკვირვებებს აწარმოებდა, რომელთა საფუძველზეც მომავალში დაწერა მეცნიერული შრომები: "ქვეყანა, ბუნება და ადამიანი", "მცენარე და ადამიანი", "საუბარი ბუნების შესახებ", "ზოგიერთი ცნობა ბორჯომის ისტორიიდან" და სხვა. შეადგინა ქართულ-რუსულ-ლათინური ბოტანიკური ლექსიკონი. კონსტანტინე ყიფიანს ცხოვრების ფართო ასპარეზი ჰქონდა გადაშლილი, მაგრამ მსახიობისა და საზოგადო მოღვაწის მძიმე ბედი აირჩია. სიყმაწვილიდან სცენამ გაიტაცა და ნახევარ საუკუნეზე მეტი ხნის განმავლობაში თავდაუზოგავად ემსახურა ქართულ თეატრს. როდესაც დიმიტრი ყიფიანის ინიციატივით 1871 წელს სცენისმოყვარულთა წრე დაარსდა, კოტე ამ წრის მუდმივი წევრი გახდა. 1877 წლის 7 აპრილის გაზეთი „ივერია“ წერდა, რომ საზაფხულო თეატრში გაიმართა გაბრიელ სუნდუკიანცის შესანიშნავი და დასამახსოვრებელი კომედია „ხათაბალა“, რომელშიც ელენე ყიფიანთან და ვასო აბაშიძესთან ერთად მონაწილეობდა კონსტანტინე ყიფიანი. 1883 წელს ქართულ სცენაზე მან პირველად განასახიერა ლირის როლი სპექტაკლში "მეფე ლირი". კოტე ყიფიანი ეკუთვნოდა იმ მსახიობთა ჯგუფს, რომელიც რეპერტუარის შერჩევისას მშობლიურ დრამატურგიას ანიჭებდა უპირატესობას. იგი ერთნაირი სიძლიერით ასრულებდა როგორც დრამატულ, ასევე კომიკურ როლებს. იყო სახალხო თეატრის პირველი რეჟისორი და მსახიობი. კოტე ყიფიანი 1879 წლიდან გახლდათ „ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების“ ნამდვილი წევრი და აქტიურად მონაწილეობდა საზოგადოების ცხოვრებაში. 1901 წელს მან საზოგადოებას „კულტურის ისტორია“ და 800 ცალი ლექსიკონი გადასცა, ხოლო 1914 წლის 30 ნოემბერს, როგორც საზოგადოების კრების ოქმიდან არის ცნობილი, წერა-კითხვის წიგნსაცავს განსვენებული დიმიტრი ყიფიანის „10 შეკვრა ქაღალდი“ შესწირა, რომელსაც დიდი მნიშვნელობა ჰქონდა XIX საუკუნის შესწავლის საქმეში. 1914 წლის 15 იანვარს „ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების“ გამგეობის სხდომაზე განიხილეს საკითხი კონსტანტინე დიმიტრის ძე ყიფიანის იუბილეს აღნიშვნის შესახებ, ხოლო 1919 წლის დეკემბერში განათლების სამინისტრომ, მთავრობის წინაშე, აღძრა შუამდგომლობა კოტე ყიფიანისთვის პენსიის დანიშვნაზე. კოტე ყიფიანს ორასზე მეტ სპექტაკლში აქვს მიღებული მონაწილეობა. მას ეკუთვნის თეორიული ხასიათის ნაშრომები თეატრსა და მსახიობის ოსტატობაზე. დაწერილი აქვს პიესები: "ბედი ქართლისა", "ორი მამა", "ცოტნე დადიანი", "ბრძოლა", "დატრიალდა ჯარა", ასევე ისტორიული ხასიათის ნარკვევები და ეწეოდა მთარგმნელობით მოღვაწეობას. კონსტანტინე ყიფიანი გარდაიცვალა 1921 წლის 17 აპრილს და დაკრძალულია თბილისში, მწერალთა და საზოგადო მოღვაწეთა დიდუბის პანთეონში. ორგანიზაციის, ასოციაციის ან ჯგუფის წევრი
ბიბლიოგრაფია
საკონტაქტო ინფორმაცია
|
Biographical Dictionary. version 1.2.2.R1 Copyright © 2010-2012 by David A. Mchedlishvili |