The National Library of Georgia მთავარი - ბიბლიოთეკის შესახებ - ელ.რესურსები 
  შესვლა
ქ.შ.წ.კ.გ საზოგადოების წევრები
დასაწყისიკატეგორიები  
ძიება
პიროვნების სახელი:

საძიებელი ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი (ქშწკგ) საზოგადოების ყველა წევრს აერთიანებს, რომლებიც გაწევრიანდნენ ამ საზოგადოებაში მისი დაარსებიდან ლიკვიდაციამდე (1879–1927).

ეროვნული ბიბლიოთეკა მოგმართავთ თხოვნით, თქვენი წინაპრების ან ნათესავების ამ ბაზაში აღმოჩენის შემთხვევაში გამოგვიგზავნოთ მათი მონაცემები ბაზაში განსათავსებლად. საკონტაქტო ტელეფონი: 599548291.



ნიკოლოზ (კოლა) დიმიტრის ძე ყიფიანი

ნიკოლოზ (კოლა) დიმიტრის ძე ყიფიანი
სხვა სახელი:გლეხი  (ფსევდონიმი)
ივან ივანოვიჩ ივანოვი  (ფსევდონიმი)
ივან მარტინოვი  (ფსევდონიმი)
ნ. დიმიტრიძე  (ფსევდონიმი)
ჟან მარტენი   (ფსევდონიმი)
დაბადების თარიღი:1846
გარდაცვ. თარიღი:1 მაისი, 1905  (59 წლის ასაკში)
დაკრძალვის ადგილი:ბელგია, ბრიუსელი
კატეგორია:კრიტიკოსი, მეცნიერი, პუბლიცისტი, საზოგადო მოღვაწე

ბიოგრაფია

     ნიკოლოზ ყიფიანი, ეროვნულ-განმათავისუფლებელი მოძრაობის ერთ-ერთი ლიდერის, დიმიტრი ყიფიანის უფროსი ვაჟი, 1846 წელს ქვიშხეთში დაიბადა. იგი პატარაობიდანვე სწავლობდა უცხო ენებს, ხატვას, ცეკვას, ფორტეპიანოზე დაკვრას და ბრწყინვალედ შეისწავლა მშობლიური ენაც.

     1862 წელს ნიკო ძმასთან, კოტე ყიფიანთან ერთად, დავით ყიფიანის პანსიონში მიაბარეს. აქ იგი გაეცნო ჩერნიშევსკისა და დობროლუბოვის იდეოლოგიას, შილერის, ჰიუგოს ნაწარმოებებს, გაიტაცა ტურგენევმა, ჩაუღრმავდა ქართველ მწერალთა შემოქმედებას. იგი 16 წლის ასაკში „საქართველოს მოამბის“ დამფუძნებელთა შორის იყო და მამის ნაწერებს კორექტირებასაც კი უკეთებდა.

      1864 წლის ზაფხულში ნიკო ყიფიანი სწავლის გასაგრძელებლად პეტერბურგში გაემგზავრა, მაგრამ დავით ყიფიანის პანსიონში სწავლა მას სათანადო ცენზად არ ჩაუთვალეს და ამიტომ სამშობლოში დაბრუნდა და ერთდროულად დაიწყო მომზადება გიმნაზიის ატესტატის ასაღებად და უნივერსიტეტში შესასვლელად.

    1865 წელს თბილისის გიმნაზია დაამთავრა. 1865-1869 წლებში სწავლობდა პეტერბურგის უნივერსიტეტის იურიდიულ ფაკულტეტზე და იქაურ ქართველ სტუდენტთა კულტურული თუ არალეგალური პოლიტიკური საქმიანობის ერთ–ერთი ორგანიზატორი გახლდათ.

    1866 წელს პირველმა თარგმნა ფრანგულიდან „მარსელიოზა“. 1868 წელს სტუდენტთა მოძრაობაში მონაწილეობისათვის დააპატიმრეს და მეფის მთვარობის საწინააღმდეგო პროპაგანდისთვის უნივერსიტეტიდან გარიცხეს, ჩამოართვეს სწავლის გაგრძელების უფლება, პოლიციის ზედამხედველობას დაუქვემდებარეს და ადმინისტრაციული წესით სამშობლოში დააბრუნეს.

     1869-1871 წლებში ნიკოლოზი  ძირითადად ქვიშხეთში ცხოვრობდა, აქ ყოფნის პერიოდში უფასო სახალხო სასწავლებელი გახსნა და გლეხის შვილებს წერა–კითხვასა და არითმეტიკას ასწავლიდა. მამის დაჟინებული თხოვნით რევოლუციურ მოძრაობას ჩამოშორდა.

    1871 წელს კერძო ადვოკატობის ნება დართეს და ქუთაისში სავექილო საქმიანობას ეწეოდა. 1883-1890 წლებში სასამართლო უწყებაში მსახურობდა: „Поверенный по судебным делам Кутаисского судебного округа в г. Батуме“.

     ნიკოლოზ ყიფიანი მრავალმხრივი მოღვაწე იყო. მონაწილეობდა თეატრალურ წარმოდგენებში, აქტიურად თანამშრომლობდა ქართულ პრესაში და „დროებაში“, „ივერიასა“ და „კვალში“ თეატრალურ რეცენზიებს, კრიტიკულ ლიტერატურულ და პუბლიცისტურ წერილებს აქვეყნებდა.

     1875 წელს ნიკოლოზმა ცოლად შეირთო ანასტასია მიხეილის ასულ ერისთავი, მაგრამ 1883 წელს მათი ოჯახი დაინგრა. ამ დროისთვის მათ უკვე ოთხი შვილი ჰყავდათ, რომელთაგან ვაჟი დედასთან დარჩა, ხოლო ქალიშვილები მამასთან იზრდებოდნენ.

     1887 წელს ყიფიანების ოჯახს თავს დატეხილმა უბედურებამ, დიმიტრი ყიფიანის მკვლელობამ, ნიკო ნევროგენული დიაბეტით დააავადა. 1890 წლის ივნისში იგი სამკურნალოდ ევროპაში გაემგზავრა და სამშობლოში აღარ დაბრუნებულა. ცხოვრობდა საფრანგეთში, ნიდერლანდებში, იტალიასა და შვეიცარიაში.

     1895 წლიდან ნიკოლოზ ყიფიანი ბელგიაში დამკვიდრდა. მოღვაწეობდა ჟან მარტენის, ზოგჯერ ივან მარტინოვის სახელით, იყო ბრიუსელისა და მოსოს უნივერსიტეტების პროფესორი, ბრიუსელის უნივერსიტეტში განაგებდა რუსული სიტყვიერების კათედრას, მოგვიანებით კი იქვე პოლიგლოტთა კათედრაც დააარსა. კითხულობდა ლექციებს რუსულ ლიტერატურაში, ითვლება ლევ ტოლსტოის ნაწარმოებების ერთ–ერთ პირველ პოპულარიზატორად საზღვარგარეთ. ნიკოლოზ ყიფიანმა ბელგიაში დააარსა ფემინისტური საზოგადოებები, რომელთაც თვითონ ხელმძღვანელობდა.

     ნიკოს ბელგიაში დამკვიდრების შემდეგ შვილები მასთან გადავიდნენ სწავლის გასაგრძელებლად. უფროსი ქალიშვილი ელისაბედი (ვეტა) უცხოეთში არ წასულა, საქართველოში დარჩა და რუსულ ენას ასწავლიდა. შუათანა ასული ნინო ყიფიანი, პირველი იურისტი ქალი იყო რუსეთის იმპერიაში და წარმატებით მოღვაწეობდა ამ სფეროში. ცნობილი მეცნიერი გახდა ნიკოს უმცროსი ასული ბარბარე ყიფიანი, პირველი ქართველი ფსიქოფიზიოლოგი ქალი.

    ნიკოლოზ ყიფიანი 1905 წლის 1 მაისს ბრიუსელში გარდაიცვალა. იქაურმა საზოგადოებამ დიდი პატივით მიაბარა უცხო მიწას. მხოლოდ მისი სიკვდილის შემდეგ გაირკვა, რომ ივან მარტინოვის გვარით მოღვაწე პროფესორი, დიდი დიმიტრი ყიფიანის ვაჟი - ნიკოლოზ ყიფიანი იყო.

ორგანიზაციის, ასოციაციის ან ჯგუფის წევრი

  • ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოება, საზოგადოების ნამდვილი წევრი (1879-1899)

გააზიარე: