The National Library of Georgia მთავარი - ბიბლიოთეკის შესახებ - ელ.რესურსები 
  შესვლა
ქ.შ.წ.კ.გ საზოგადოების წევრები
დასაწყისიკატეგორიები  
ძიება
პიროვნების სახელი:

საძიებელი ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი (ქშწკგ) საზოგადოების ყველა წევრს აერთიანებს, რომლებიც გაწევრიანდნენ ამ საზოგადოებაში მისი დაარსებიდან ლიკვიდაციამდე (1879–1927).

ეროვნული ბიბლიოთეკა მოგმართავთ თხოვნით, თქვენი წინაპრების ან ნათესავების ამ ბაზაში აღმოჩენის შემთხვევაში გამოგვიგზავნოთ მათი მონაცემები ბაზაში განსათავსებლად. საკონტაქტო ტელეფონი: 599548291.



რუბენ ლუარსაბის ძე ყიფიანი

რუბენ ლუარსაბის ძე ყიფიანი
სხვა სახელი:Р. Кинвари  (ფსევდონიმი)
ასკრიონელი  (ფსევდონიმი)
მოწაფე  (ფსევდონიმი)
რ.ლეჩხუმელი  (ფსევდონიმი)
რალფი  (ფსევდონიმი)
დაბადების თარიღი:16 დეკემბერი, 1883
გარდაცვ. თარიღი:16 თებერვალი, 1965  (81 წლის ასაკში)
დაკრძალვის ადგილი:საფრანგეთი, ლევილის ქართული სასაფლაო
კატეგორია:დამფუძნებელი წევრი, პოეტი, პოლიტიკოსი, პუბლიცისტი

ბიოგრაფია

    რუბენ  ყიფიანი დაიბადა 1883 წლის 16 დეკემბერს (ძვ. სტ.) ლეჩხუმის მაზრის სოფელ ჟოშხაში, აზნაურის ოჯახში. წერა–კითხვა დედისგან უსწავლია, ხოლო დაწყებითი განათლება  დაბა ლაილაშის ორკლასიან სასწავლებელში მიიღო. ლაილაშის სასწავლებლის დამთავრების შემდეგ რუბენ ყიფიანმა თვითგანვითარებას მიჰყო ხელი. მონდომებით შეუდგა სწავლას და 16 წლისამ უკვე ზეპირად იცოდა რუსთაველი, ილია, აკაკი, ნ. ბარათაშვილი. შემდგომ წლებში საშინაო განათლებას იღებდა ლეჩხუმის თავადაზნაურთა წინამძღოლის იასონ გელოვანის ოჯახში. თავად რუბენი ასე იხსენებს ამ წლებს:  „მქონდა საუცხოო ხსოვნა, წვალებით ვშოულობდი წიგნებსა და ბევრს ვკითხულობდი. ეს კითხვა იყო და აქამდე დარჩა მთელი ჩემი ავლადიდება. მალე შევიძელი გაზეთებში პატარა წერილების წერა“.

   1909 წლიდან რუბენ ყიფიანი აქვეყნებდა ლექსებსა და მოთხრობებს ჟურნალ–გაზეთებში: „მომავალი“, ჩვენი აზრი“, „მოგზაური“, „სხივი“, „ჩვენი წყარო“, ეშმაკის მათრახი“, „თეატრი და ცხოვრება“, „ახალი დროება“, „მათრახი და სალამური“ და სხვა. 23 წლისა უკვე საკმაოდ განსწავლული იყო. თავისუფლად კითხულობდა დედანში რუს კლასიკოსთა ნაწარმოებებს. იასონ გელოვანის ვაჟთან - შამშე გელოვანთან დამეგობრების შემდეგ გაეცნო სოციალ-დემოკრატთა იდეებს, ჩაერთო არალეგალური წრის მუშაობაში და თანამოაზრეებთან ერთად ხელმძღვანელობდა რევოლუციურ მოძრაობას რაჭა-ლეჩხუმში, სადაც აჯანყებულებმა მოახერხეს ადმინისტრაციის განდევნდა და ძალაუფლების ხელში აღება. რევოლუციის დამარცხებისა და 1906 წელს მეფის ხელისუფლების მიერ აქტიური სადამსჯელო ღონისძიებების (ე.წ. „რეაქციის“) დაწყების შემდეგ მათ შეიარაღებული რაზმები დაშალეს და ტყეს შეაფარეს თავი. შემდგომ წლებში რუბენ ყიფიანი თბილისში გადავიდა და განაგრძო სოციალ-დემოკრატიულ პარტიაში მუშაობა, პარალელურად თანამშრომლობდა პრესასთან.

   1907 წლიდან დაინტერესებული იყო ილია ჭავჭავაძის მკვლელობის საქმით და ცდილობდა დამოუკიდებელი გამოძიების ჩატარებას. ცოტა ხნის შემდეგ დააპატიმრეს და გადაასახლეს ვიატკის გუბერნიაში, საიდანაც გაიქცა და არალეგალურად დაბრუნდა თბილისში. მუშაობდა გაზეთ „სახალხო საქმის“ რედაქციის კონტროლიორად.

   1911 წლიდან რუბენ ყიფიანი "ქართველთა შორის წერა–კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების" წევრი იყო და აქტიურად მონაწილეობდა საგანმანათლებლო ორგანიზაციების საქმიანობაში.

   1911 წლიდან მოყოლებული რუბენ ყიფიანი რამდენჯერმე იყო დაპატიმრებული და გადასახლებული.

    რუბენ ყიფიანი ახლო ურთიერთობაში იყო აკაკი წერეთელთან, რასაც მოწმობს ის ფაქტი, რომ რაჭა–ლეჩხუმში 1912 წლის ზაფხულში დიდი პოეტის ისტორიული მოგზაურობის დროს იგი აკაკის მხლებელთა შორის ყოფილა.

    1918–1921 წლებში რუბენი საქართველოს სოციალ–დემოკრატიული პარტიის მენშევიკების ფრთის ერთ–ერთი თვალსაჩინო და გავლენიანი მოღვაწე იყო. 1918 წელს, საქართველოს დამოუკიდებლობის გამოცხადების შემდეგ, ლეჩხუმის მაზრაში ბოლშევიკური აჯანყების დროს, რუბენ ყიფიანი დანიშნული იყო რესპუბლიკის მთავრობის წარმომადგენლად ამ რეგიონში და აქტიურად მონაწილეობდა მოსახლეობასთან მოლაპარაკებებეში, წესრიგის აღდგენასა და ბოლშევიკების მომხრე რაზმების დევნაში.

   1919 წლის 12 მარტს აირჩიეს საქართველოს რესპუბლიკის დამფუძნებელი კრების წევრად საქართველოს სოციალ-დემოკრატიული მუშათა პარტიის სიით. საქართველოს დამოუკიდებლობის აქტს მისი ხელმოწერაც ამშვენებს.

   1921 წელს, საბჭოთა რუსეთის მიერ საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკის ოკუპირების შემდეგ დატოვა სამშობლო და ცხოვრობდა საფრანგეთში. რუბენ ყიფიანი  ჩართული იყო ემიგრაციის პოლიტიკურ და კულტურულ საქმიანობაში. მეორე მსოფლიო ომის დროს იგი საფრანგეთის წინააღმდეგობის მოძრაობას შეუერთდა. გერმანელებმა დააპატიმრეს და ერთი წელი ციხეში გაატარა. ომის შემდეგ ქალაქ  სოშოში დასახლდა და ცხოვრება კვლავ ნულიდან დაიწყო. შექმნა საკუთარი ბიბლიოთეკა და თანამშრომლობდა ქართულ ემიგრანტულ პრესასთან, კერძოდ, იყო „კავკასიონის“ თანამშრომელი. ლექსებს აქვეყნებდა „რალფის“ ფსევდონიმით. იგი უმთავრესად სოციალურ საკითხებს ეხებოდა, მაგრამ მის პოეზიას არც ბუნება და სიყვარული აკლდა. რაც ჰქონდა ყველაფერი დაკარგა, მაგრამ ერთადერთი რაც ენანებოდა მისი ბიბლიოთეკა იყო.

    1962 წელს რუბენ ყიფიანი საცხოვრებლად  საფრანგეთში გადასახლდა და სიცოცხლის ბოლო წლები ლევილის ქართულ მამულში გაატარა.

     რუბენ ყიფიანს ხანგრძლივი დროის მანძილზე ჰქონდა მიმოწერა ოჯახის წევრებთან. ეპატიჟებოდნენ, თუმცა ჩამოსვლაზე უარი თქვა, როგორც ჩანს ეს მის პრინციპებს ეწინააღმდეგებოდა. „როცა ჩემი ცხოვრების დასასრული მოვა და თავის სიცივეში შემახვევს, მე მირჩევნია და შენთვისაც უკეთესია ისე ფიქრობდე, რომ რაც მწამდა სამარის კარს უკომპრომისოდ მივიტანე და რომ ცხოვრებიდან წავედი მედიდური და მოუხრელი, თანაც იმ წარმოდგენით, რომ სიმართლეში დამარცხება სჯობს უსამართლო გამარჯვებას“, – წერდა რუბენ ყიფიანი თავის ძმისშვილისადმი მიწერილ ერთ–ერთ წერილში. 

   1965 წლის 16 თებერვალს რუბენ ყიფიანი დაიღუპა ავტოსაგზაო შემთხვევის გამო. თავისი ბინის სიახლოვეს, ქუჩაზე გადასვლისას, ავტომობილი დაეჯახა და  ადგილზევე გარდაიცვალა.

   რუბენ ყიფიანი 27 თებერვალს ლევილის ქართველთა სასაფლაოზე დაკრძალეს.

წყარო: SOVLAB

ორგანიზაციის, ასოციაციის ან ჯგუფის წევრი

  • საქართველოს დამოუკიდებელი რესპუბლიკის დამფუძნებელი კრება, წევრი (1919-)
  • საქართველოს სოციალ-დემოკრატიული მუშათა პარტია, წევრი
  • ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოება, საზოგადოების თბილისის განყოფილების მუდმივი წევრი (1921-)
  • ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოება, საზოგადოების ნამდვილი წევრი (1911-1918)

გააზიარე: