The National Library of Georgia მთავარი - ბიბლიოთეკის შესახებ - ელ.რესურსები 
  შესვლა
ქ.შ.წ.კ.გ საზოგადოების წევრები
დასაწყისიკატეგორიები  
ძიება
პიროვნების სახელი:

საძიებელი ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი (ქშწკგ) საზოგადოების ყველა წევრს აერთიანებს, რომლებიც გაწევრიანდნენ ამ საზოგადოებაში მისი დაარსებიდან ლიკვიდაციამდე (1879–1927).

ეროვნული ბიბლიოთეკა მოგმართავთ თხოვნით, თქვენი წინაპრების ან ნათესავების ამ ბაზაში აღმოჩენის შემთხვევაში გამოგვიგზავნოთ მათი მონაცემები ბაზაში განსათავსებლად. საკონტაქტო ტელეფონი: 599548291.



ალექსანდრე ფრონელი

ალექსანდრე ფრონელი
ოფიციალური სახელი:ალექსანდრე თევდორეს ძე ყიფშიძე
დაბადების თარიღი:13 იანვარი, 1862
გარდაცვ. თარიღი:29 ივნისი, 1916  (54 წლის ასაკში)
დაკრძალვის ადგილი:დიდუბის მწერალთა და საზოგადო მოღვაწეთა პანთეონი, თბილისი
კატეგორია:ისტორიკოსი, მწერალი, პუბლიცისტი, საზოგადო მოღვაწე

ბიოგრაფია

    ალექსანდრე ყიფშიძე დაიბადა 1862 წელს სოფ წვერში (ქარელის რაიონი) ღარიბი გლეხის ოჯახში.

    ალექსანდრე თავდაპირველად გორის სასულიერო სასწავლებელში სწავლობდა, რომელიც 1878 წელს დაამთავრა და იმავე წელს სწავლა განაგრძი თბილისის სასულიერო სემინარიაში. 1884 წელს იგი რუსეთში მიემგზავრება და აბარებს ხარკოვის უნივერსიტეტის ისტორიულ–ფილოლოგურ ფაკულტეტზე, რომელიც 1888 წელს დაამთავრა და სამშობლოში დაბრუნდა.

    ალექსანდრე ყიფშიძეს დიდი სურვილი ჰქონდა თავისი ცოდნა და გამოცდილება ახალგაზრდების სწავლა–განათლების საქმისთვის მოეხმარებია და სახალხო მასწავლებლის მძიმე უღელი ეტვირთა, მაგრამ არ გაუმართლა... კავკასიის მაშინდელი სწავლა–განათლების მზრუნველმა იანოვსკიმ, მასწავლებლად დანიშვნაზე სასტიკი უარი უთხრა და განუცხადა: "ტუზემცებისთვის" ადგილი არ მაქვსო.

    იგი იძულებული გახდა ხელი აეღო თავის ოცნებაზე და ემუშავა სახაზინო პალატაში, საგუბერნიო სამმართველოში მდივნის თანამდებობაზე, საგლეხკაცო საქმეთა საკრებულოს მდივნად, ახალციხეში მომრიგებელ მოსამართლედ და ა.შ.

    ალექსანდრე ყიფშიძეს მასწავლებლად არ უმუშავია, მაგრამ მთელი თავისი შეგნებული ცხოვრება კალმითა თუ სიტყვით ემსახურებოდა სახალხო განათლებისა და სკოლების გავრცელების საქმეს. იგი აქტიურ მონაწილეობას იღებდა "ქართველთა შორის წერა–კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების" მუშაობაში, ეხმარებოდა მათ ადგილობრივი სკოლების გახსნასა და მის მოვლა–პატრონობაში.  იყო ამ საზოგადოების გამგეობის წევრი. 

    900–იანი წლების დასაწყისიდან ალექსანდრე განსაკუთრებული მზრუნველობით ხელმძღვანელობდა "ქართველთა შორის წერა–კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების" მიერ გახსნილ ერთადერთ ქართულ სკოლას. ამ საქმეში მას დიდ დახმარებას და თანადგომას უწევდა იაკობ გოგებაშვილი.

   1905–1906 წლებში ალექსანდრე ყიფშიძე დაინიშნა ქუთაისის გუბერნატორ სტაროსელსკის თანაშემწედ, მაგრამ თავისი საქმიანობით მან მეფის მთავრობის რისხვა დაიმსახურა და მეფის გენერალმა ალიხანოვმა ქუთაისში შესვლისთანავე მოხსნა გუბერნატორი სტაროსელსკი და ყიფშიძეც ზედ მიაყოლა. ისინი ჟანდარმების თანხლებით თბილისში გამოისტუმრა და ალ. ყიფშიძე მეტეხის ციხეშიც მოათავსეს.

   1906 წლის ბოლოს თბილისის დეპუტატთა საკრებულოსთან დაარსდა "საადგილმამულო კომისია", რომლის მმართველადაც დაინიშნა ალექსანდრე ყიფშიძე. ამ კომისიაში, როგორც სამიწათმფლობელო და საგლეხო საქმეთა საუკეთესო მცოდნემ, დიდი მუშაობა ჩაატარა რათა საბატონო მიწები ქართველ გლეხობას შეეძინა და მათ ხელში გადასულიყო. ამ თანამდებობაზე მან სიკვდილამდე დაჰყო და დიდი როლიც შეასრულა ქართველი ხალხის კულტურული გათვითცნობიერებისა და ეკონომიური აღორძინების საქმეში.

   ალექსანდრე ყიფშიძე აქტიურად თანამშრომლობდა ქართულ პრესასთან. აქვეყნებდა გაზეთ "ივერიაში", ჟურნალ "კლდეში" და "ნაკადულში". თავისი ცხოვრების უკანასკნელ პერიოდში აქტიურ მონაწილეობას იღებდა გაზეთ "საქართველოს" დაარსებაში და ითვლებოდა მის უახლოეს თანამშრომლად. მეტად საინტერესო და მრავალი ინფორმაციის მომცველია მისი ისტორიული მონოგრაფიები: "მთიულეთი 1804 წელს", "ამბოხება კახეთისა", "დიდებული მესხეთი", "მთის არწივი შამილი" და სხვა. ყიფშიძე ეწეოდა მთარგმნელობით მუშაობასაც.

   ხალხისათვის თავდადებულ ქართველ მოღვაწეთა შორის თვალსაჩინო ადგილი უკავია ალექსანდრე ყიფშიძეს თავისი ლიტერატურული მემკვიდრეობითა და კეთილშობილური მოღვაწეობით.
   ხანგრძლივმა და დაუღალავმა შრომამ ალექსანდრე ყიფშიძის ჯანმრთელობა შეარყია და იგი სრულიად მოულოდნელად გარდაიცვალა 1916 წლის 29 ივნისს. 

   დაკრძალულია ქართველ მწერალთა და საზოგადო მოღვაწეთა დიდუბის პანთეონში.

   ყიფშიძეების ოჯახის პირადი არქივი დაცულია ხელნაწერთა ეროვნულ ცენტრში.

ორგანიზაციის, ასოციაციის ან ჯგუფის წევრი

  • ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოება, საზოგადოების თბილისის განყოფილების დამფუძნებელი წევრი (1916-)
  • ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოება, საზოგადოების ახალციხის განყოფილების დამხმარე წევრი (1904-)
  • ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოება, საზოგადოების ნამდვილი წევრი (1895-)

ბიბლიოგრაფია


გააზიარე: