The National Library of Georgia მთავარი - ბიბლიოთეკის შესახებ - ელ.რესურსები 
  შესვლა
ქ.შ.წ.კ.გ საზოგადოების წევრები
დასაწყისიკატეგორიები  
ძიება
პიროვნების სახელი:

საძიებელი ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი (ქშწკგ) საზოგადოების ყველა წევრს აერთიანებს, რომლებიც გაწევრიანდნენ ამ საზოგადოებაში მისი დაარსებიდან ლიკვიდაციამდე (1879–1927).

ეროვნული ბიბლიოთეკა მოგმართავთ თხოვნით, თქვენი წინაპრების ან ნათესავების ამ ბაზაში აღმოჩენის შემთხვევაში გამოგვიგზავნოთ მათი მონაცემები ბაზაში განსათავსებლად. საკონტაქტო ტელეფონი: 599548291.



გრიგოლ (გიგა) თევდორეს ძე ყიფშიძე

გრიგოლ (გიგა) თევდორეს ძე ყიფშიძე
სხვა სახელი:გ. გოდორია  (ფსევდონიმი)
დაბადების თარიღი:10 იანვარი, 1858
გარდაცვ. თარიღი:13 ნოემბერი, 1921  (63 წლის ასაკში)
დაკრძალვის ადგილი:ქარელის რაიონი, სოფელი საღოლაშენი
კატეგორია:კრიტიკოსი, მთარგმნელი, მწერალი, პედაგოგი, პუბლიცისტი, ჟურნალისტი

ბიოგრაფია

    გრიგოლ ყიფშიძე დაიბადა 1858 წელს გორის მაზრის სოფელ წვერში მღვდლის ოჯახში. რვა წლის გიგა მშობლებმა მოსამზადებელ კლასში მიაბარეს, ხოლო შემდეგ სწავლა განაგრძო თბილისის სასულიერო სასწავლებელში, რომელიც 1874 წელს დაუმთავრებია და თბილისის სასულიერო სემინარიაში ჩარიცხულა.

    1877 წელს გიგა სწავლის გასაგრძელებლად პეტერბურგში გაემგზავრა და უნივერსიტეტში ჩაირიცხა როგორც თავისუფალი მსმენელი, მაგრამ ოჯახური მდგომარეობისა და უსახსრობის გამო მალევე სამშობლოში დაბრუნებულა. 1878 წლიდან გიგა მასწავლებლობას იწყებს ჯერ სოფელ წრომში და შემდეგ ახალქალაქში. ამ პერიოდში გიგა ხდება გორის ხალხოსანთა ჯგუფის აქტიური წევრი და კორესპონდენტი "ივერიისა" და "დროებისა".

    როგორც პრაქტიკოსი მასწავლებელი, გრიგოლ ყიფშიძე სკოლას დიდხანს არ შერჩენია, მაგრამ თავისი კალმითა და საზოგადოებრივი მოღვაწეობით განათლების საქმის მუდმივი მსახური იყო.

    1878 წლის "ივერიის" ფურცლებზე "გ. გოდორიას" ფსევდონიმით ქვეყნდება მთელი რიგი კორესპონდენციები ფრონის ხეობიდან და საერთოდ ქართლიდან. ამავე ხანებში მან თავისი თავი ბელეტრისტიკაშიც სცადა და რამდენიმე ნოველა დაბეჭდა კიდეც, მაგრამ მისი მხატვრული პროზა სუსტი აღმოჩნდა და მალევე მიეცა დავიწყებას. ეს ავტორმაც იგრძნო და სამშობლოს სამსახური სხვა სფეროდან გადაწყვიტა.

    1879 წლიდან გრიგოლ ყიფშიძე თბილისშია და ახალფეხადგმული ქართული სცენის სამსახურს იწყებს. იგი პირველი მუდმივი ქართული დასის წევრი ხდება და რამდენიმე წლის განმავლობაში ემსახურება ქართული თეატრის განმტკიცებას, როგორც მოკარნახე და ქართული სცენის ენთუზიასტი. პარალელურად ყიფშიძე თანამშრომლობდა ქართულ პრესაში, როგორც თეატრალი, ლიტერატორი და პუბლიცისტი. 

    1882–1885 წლებში გრიგოლ ყიფშიძე "ქართველთა შორის წერა–კითხვის გამავრცელებელი საზოგადოებაში" საქმის მწარმოებლად მუშაობდა და სწორედ ამ პერიოდში მიიქცია მან ილიას ყურადღება და "ივერიის" რედაქციის მუდმივი თანამშრომელი და ილიას მარჯვენა ხელი ხდება. თედო სახოკია იხსენებს: "... განსაკუთრებით კი 1886 წლიდან იწყება გიგა ყიფშიძის საარაკო სამწერლო მუშაობა. მას კისრად აწვა ის ჩუმი, უჩინარი, ყოველდღიური და შეუწყვეტელი ტვირთი, რომელსაც საგაზეთო მუშაობა ჰქვიან და რომლის სიმძიმე მხოლოდ იმათ იციან, ვისაც ამგვარი შრომა გაუწევიათ". ერთი სიტყვით გიგა ყიფშიძე "ივერიის" მარტო მდივანი და საქმეთა მწარმოებელი კი არ იყო, არამედ ხშირად რედაქტორიც, რადგან სხვადასხვა საქმეებით დატვირთული ილია გაზეთისთვის ყოველდღიურად ვერ იცლიდა ხოლმე.

    გრიგოლ ყიფშიძე აქტიურად იყო ჩაბმული ქართული სალიტერატურო ენის დადგენის გარშემო 90–იან წლებში ქართველ ლიტერატორთა შორის გაჩაღებულ კამათში. როგორც ჟურნალისტსა და ქართული გაზეთის ერთ–ერთ წამყვან მუშაკს ყველაზე მეტად აფიქრებდა ბარბარიზმების შემოჭრა ქართულ ენაში. მისი ბრძოლა, როგორც სტილისტისა, განსაკუთრებულ ყურადღებას იმსახურებს ქართულ ჟურნალისტიკაში. გრიგოლს სხვადასხვა დროს გამოქვეყნებული აქვს მთელი რიგი სტატიებისა სკოლებში მშობლიურ ენაზე სწავლების შესახებ.

   გრიგოლ ყიფშიძე ნაყოფიერი ლიტარატორი იყო. მისი კრიტიკული ეტიუდები, გაფანტული ქართულ პერიოდულ გამოცემებში, მრავალ საინტერესო მასალას შეიცავს ქართული კულტურის თითქმის ყველა სფეროში. მისი კალმის უმთავრესი თემა იყო ქართული მწერლობა, თეატრი და სხვა მრავალი საკითხი, რომლის გვერდის ავლა მას, როგორც გაზეთის მუშაკს არ შეეძლო.

    გრიგოლ ყიფშიძე ავტორია მრავალი ცალკეული წიგნის რეცენზიებისა და თეატრალური ხასიათის სტატიებისა. 80–იან წლებში მან შექმნა მთელი სკოლა საუკეთესო მოქართულეთა და ქართული თარგმანის ოსტატებისა, რომელთაც საკმაოდ გაამდიდრეს ქართული ლიტერატურა პროზაული თარგმანებით. "ივერიასა" და "დროებაში" იბეჭდებოდა თავად გრიგოლ ყიფშიძის თარგმანები. აღსანიშნავია ალექსანდრე სუმბათაშვილ–იუჟინის "ღალატის" თარგმანის ისტორია. როცა ავტორი თავად ჩამობრძანებულა სტუმრად საქართველოში და დავით სარაჯიშვილის ოჯახში გამართულ ბანკეტზე თავისი პიესის მთარგმნელი გაუცვნია მისთვის უთქვამს: –პატივცემულო გრიგოლ, ამ პიესის ორიგინალობა თქვენ გეკუთვნით, მე კი ასე მგონია ქართულიდან რუსულ ენაზე ვთარგმნეო.

    გრიგოლ ყიფშიძე ავტორია "ქართული სიტყვიერების თეორიისა", რომელიც პირველად 1898 წელს დაიბეჭდა, როგორც სახელმძღვანელო წიგნი ქართული გიმნაზიებისა და სკოლებისათვის. მასვე ეკუთვნის ჩვენს სინამდვილეში პირველი ბიბლიოგრაფიული ნაშრომი რუსულ ენაზე – "პერიოდული ბეჭდვითი სიტყვა კავკასიაში" (Периодическая печать на Кавказе), რომელიც 1901 წელს გამოიცა თბილისში.

   გრიგოლ ყიფშიძის უაღრესად მნიშვნელოვან ნაშრომად შეიძლება ჩაითვალოს დიდი პასუხისმგებლობითა და საქმის ღრმა ცოდნით შედგენილი ილია ჭავჭავაძის ვრცელი ბიოგრაფია, რომელიც დაერთო 1914 წელს მიხეილ გედევანიშვილის მიერ ილიას თხზულებათა გამოცემის პირველ ტომს. აღსანიშნავია რომ ამ გამოცემის მთავარი რედაქტორი, მასალების შემრჩევი და კომენტატორიც ყიფშიძე იყო.

   1907 წელს გაზეთ "ივერიის" დახურვის შემდეგ გრიგოლი იძულებული გახდა მუშაობა დაეწყო ქართული სამეურნეო ბანკის ჯერ მოლარედ და შემდეგ დირექტორად. ამ თანამდებობას იგი თითქმის 1921 წლის ივნისამდე ასრულებდა.

   გრიგოლ ყიფშიძე გარდაიცვალა 1921 წლის 13 ნოემბერს და მისივე ანდერძის თანახმად დაკრძალულია ქარელის რაიონის სოფელ საღოლაშენში, სადაც მან ბავშვობა და ყრმობა გაატარა და სიცოცხლის უკანასკნელ წუთებში ცხოვრობდა.

   ყიფშიძეების ოჯახის პირადი არქივი დაცულია ხელნაწერთა ეროვნულ ცენტრში.

ორგანიზაციის, ასოციაციის ან ჯგუფის წევრი

  • ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოება, საზოგადოების გამგეობის წევრი (1900-)
  • ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოება, საზოგადოების თბილისის განყოფილების დამფუძნებელი წევრი (1916-1917)
  • ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოება, საზოგადოების ნამდვილი წევრი (1880-1911)

ბიბლიოგრაფია

საკონტაქტო ინფორმაცია

  • სამსახური
    მისამართი:თბილისი, "ივერიის" რედაქცია

გააზიარე: