The National Library of Georgia მთავარი - ბიბლიოთეკის შესახებ - ელ.რესურსები 
  შესვლა
ქ.შ.წ.კ.გ საზოგადოების წევრები
დასაწყისიკატეგორიები  
ძიება
პიროვნების სახელი:

საძიებელი ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი (ქშწკგ) საზოგადოების ყველა წევრს აერთიანებს, რომლებიც გაწევრიანდნენ ამ საზოგადოებაში მისი დაარსებიდან ლიკვიდაციამდე (1879–1927).

ეროვნული ბიბლიოთეკა მოგმართავთ თხოვნით, თქვენი წინაპრების ან ნათესავების ამ ბაზაში აღმოჩენის შემთხვევაში გამოგვიგზავნოთ მათი მონაცემები ბაზაში განსათავსებლად. საკონტაქტო ტელეფონი: 599548291.



იოსებ ალექსანდრეს ძე ყიფშიძე

იოსებ ალექსანდრეს ძე ყიფშიძე
ოფიციალური სახელი:იოსებ ალექსის ძე ყიფშიძე
დაბადების თარიღი:25 აგვისტო, 1882
გარდაცვ. თარიღი:22 თებერვალი, 1919  (36 წლის ასაკში)
დაკრძალვის ადგილი:თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ბაღი
კატეგორია:ენათმეცნიერი, პედაგოგი, საზოგადო მოღვაწე, ფილოლოგი

ბიოგრაფია

   იოსებ ყიფშიძე დაიბადა 1882 წელს სოფელ რგანში (დღევანდელი ჭიათურის მუნიციპალიტეტი).  იგი თავდაპირველად სასწავლებლად მიაბარეს ქუთაისის სასულიერო სასწავლებელში, რომელიც 1898 წელს წარჩინებით დაამთავრა და სწავლა განაგრძო სასულიერო სემინარიაში.

   1906 წელს იოსებმა მისაღები გამოცდები ჩააბარა პეტერბურგის უნივერსიტეტში და ჩაირიცხა ფიზიკა-მათემატიკის ფაკულტეტზე. სტუდენტობის წლებში აქტიურად ჩაება რევოლუციურ მოძრაობაში, რის გამოც დედაქალაქიდან გააძევეს, თუმცა ერთი წლის შემდეგ, ნიკო მარის დახმარებით, აღმოსავლურ ენათა ფაკულტეტის ქართულ-სომხურ განყოფილებაზე გადავიდა და ინტენსიურად შეუდგა ქართველური ენების შესწავლას. მონაწილეობდა სხვადასხვა ექსპედიციებში.

   1914 წელს იოსებ ყიფშიძემ 600 გვერდიანი „მეგრული ენის გრამატიკა“ გამოაქვეყნა თავისი ტექსტებითა და მეგრული ლექსიკონით. ეს იყო უმნიშვნელოვანესი გამოკვლევა ქართველოლოგიაში, რომელიც პეტერბურგის უნივერსიტეტმა დამსახურებულად წარადგინა ქართული ფილოლოგიის მაგისტრის სამეცნიერო ხარისხის მოსაპოვებლად. მისი ოპონენტი გახლდათ ნიკო მარი, რომელმაც აღნიშნა, რომ ნაშრომი, არათუ მაგისტრის, არამედ დოქტორის ხარისხსაც იმსახურებდა. ამ ნაშრომით იოსებ ყიფშიძე პეტერბურგის უნივერსიტეტის პრივატ-დოცენტი გახდა.

   იოსებ ყიფშიძე პეტერბურგის უნივერსიტეტში 1917 წლამდე მოღვაწეობდა. ამ ხნის განმავლობაში მან შეადგინა და გამოსცა „ქართული ენის გრამატიკა“, „ძველი ქართული ქრესტომათია“ და სხვა მნიშვნელოვანი ნაშრომები.

   მიუხედავად პეტერბურგში გატარებული წლებისა, იოსებს მშობლიურ ხალხთან კავშირი არასდროს გაუწყვეტია. 1914 წლიდან არჩეული იყო საქართველოს საისტორიო და საეთნოგრაფიო საზოგადოების ნამდვილ წევრად, 1915 წლიდან გახლდათ „ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების“ ნამდვილი წევრი და სისტემატურად კითხულობდა ლექცია-მოხსენებებს მეცნიერების აქტუალურ საკითხებზე. ამასთანავე, იოსები ივანე ჯავახიშვილსა და აკაკი შანიძესთან ერთად ჩაბმული იყო  ქართული უნივერსიტეტის დაარსების საშვილიშვილო საქმეში. ამ დიდი ღვაწლისა და მისი მეცნიერული ავტორიტეტის აღიარება იყო ის, რომ სრულიად ახალგაზრდა კაცი უნივერსიტეტის პროფესორთა პირველი შვიდკაციანი კოლეგიის წევრი, მისი სამეცნიერო საბჭოს პირველი სწავლული მდივანი, სიბრძნისმეტყველების ფაკულტეტის დეკანის მოადგილე და ქართული ენის კათედრის გამგე გახლდათ.

   1918 წლის იანვარში, სწორედ იოსებ ყიფშიძეს ხვდა წილად პატივი მოხსენება წაეკითხა ქართული უნივერსიტეტის დაარსების მოკლე ისტორიულ მიმოხილვაზე.

   იოსებ ყიფშიძე იკვლევდა ქართველურ ენებს, მათი აგებულებისა და ისტორიის საკითხებს. აღსანიშნავია მისი გამოკვლევები: „დამატებითი ცნობები ჭანურის შესახებ“, „ასიმილაციისა და დისიმილაციის წესი ქართულსა და მეგრულში“, აკაკი შანიძესთან ერთად გამოცემული სულხან-საბას „ქართული ლექსიკონი“ და სხვა მნიშვნელოვანი ნაშრომები.

   იოსებ ყიფშიძე გარდაიცვალა 1919 წელს და დაკრძალეს მწერალთა და საზოგადო მოღვაწეთა დიდუბის პანთეონში, ხოლო 2013 წელს მისი ნეშტი თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის პანთეონში  გადმოასვენეს.

   იოსებ ყიფშიძის პირადი არქივი დაცულია ხელნაწერთა ეროვნულ ცენტრში.

ორგანიზაციის, ასოციაციის ან ჯგუფის წევრი

  • ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოება, საზოგადოების ნამდვილი წევრი (1915-)

ბიბლიოგრაფია

  • "მამულიშვილთა სავანე" : ზაურ ბაბუნაშვილი, თეიმურაზ ნოზაძე. - თბილისი, სერვანტესის საზოგადოება, გამომცემლობა "ირმისა", 1994. - გვ. 361

გააზიარე: