The National Library of Georgia მთავარი - ბიბლიოთეკის შესახებ - ელ.რესურსები 
  შესვლა
ქ.შ.წ.კ.გ საზოგადოების წევრები
დასაწყისიკატეგორიები  
ძიება
პიროვნების სახელი:

საძიებელი ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი (ქშწკგ) საზოგადოების ყველა წევრს აერთიანებს, რომლებიც გაწევრიანდნენ ამ საზოგადოებაში მისი დაარსებიდან ლიკვიდაციამდე (1879–1927).

ეროვნული ბიბლიოთეკა მოგმართავთ თხოვნით, თქვენი წინაპრების ან ნათესავების ამ ბაზაში აღმოჩენის შემთხვევაში გამოგვიგზავნოთ მათი მონაცემები ბაზაში განსათავსებლად. საკონტაქტო ტელეფონი: 599548291.



მიხეილ რაფაელის ძე ყულოშვილი

მიხეილ რაფაელის ძე ყულოშვილი
ოფიციალური სახელი:მიხეილ ყულაშვილი
დაბადების თარიღი:1825
გარდაცვ. თარიღი:1918  (93 წლის ასაკში)
დაკრძალვის ადგილი:კახის წმინდა გიორგის სახელობის ტაძრის ეზო
კატეგორია:სასულიერო პირი

ბიოგრაფია

   მიხეილ ყულოშვილი დაიბადა 1825 წელს ისტორიული ჰერეთის სოფელ კახში (ამჟამად აზერბაიჯნის ტერიტორია) რაფაელ და საბედო ყულოშვილების ოჯახშიმიხეილ ყულოშვილს ახლობლების დახმარებით უსწავლია წერა-კითხვა, მშვენივრად ფლობდა რუსულს, აზერბაიჯანულს, სომხურს და ამ ენებზე წერა-კითხვაც შეეძლო. ზეპირად იცოდა "ვეფხისტყაოსანი". თავდაპირველად მოლად მსახურობდა, ხოლო 1857 წელს ქრისტიანად მოინათლა.

   1858 წელს  საინგილოში პირველი სამრევლო სკოლა გაიხსნა, რომელიც მამა მიხეილის დამსახურებაც გახლდათ და რომელიც შენობის უქონლობის გამო თავის სახლში გახსნა. სკოლა, მართალია, ორკლასიანი იყო, მაგრამ ამ ფაქტს დიდი მნიშვნელობა ჰქონდა. მამა მიხეილი მოსწავლეებისთვის წიგნებს თავად ყიდულობდა. სრულიად უსასყიდლოდ ასწავლიდა ინგილოების შვილებს. მისი მოსწავლე გახლდათ მოსე ჯანაშვილი, რომელიც მშობლებმა 1865 წელს კახის ახალგახსნილ სამრევლო სკოლაში მიაბარეს. მანვე აღადგინა იმ დროს დაქცეული წმინდა სამების სახელობის კასრის საყდარი. ამ ფაქტის შესახებ მოსე ჯანაშვილი წერს: "კასრის საყდარი არჩილ მეფემ 718 წელს ააშენა, განაახლა ამ რამდენიმე წლის წინათ, 1912 წელს, ინგილო მღვდელმა მიხეილ ყულოშვილმა". 

    1910 წლიდან მიხეილ ყულოშვილი გახლდათ "ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების" წევრი და აქტიურად იყო ჩაბმული საზოგადოების საქმიანობაში.

     1921 წლიდან საინგილოს ტერიტორია აზერბაიჯანს გადაეცა და საქართველოს საზღვრებს მიღმა დარჩა. ჯერ კიდევ 1918 წელს საქართველოს წარმომადგენლებმა შიშიანობის გამო ზაქათალის ოლქი დატოვეს და ამ მიწასთან კავშირი გაწყვიტეს. გზები ჩაიკეტა. სოფლიდან კი არა, საკუთარი ბინიდან გამოსვლაც სახიფათო იყო.  შეშინებულმა ხალხმა მშობლიური მიწები მიატოვა და თავს უშველა.მამა მიხეილს ხალხი მიუგზავნეს - გამაჰმადიანდიო. ის კი გათათრებულ ქართულ სოფლებში დადიოდა და ხალხს აქრისტიანებდა.

     1918 წელს მამა მიხეილი მოტყუებით, ვითომ ავადმყოფთან მიჰყავდათ, ერთ-ერთ სახლში შეიტყუეს, სარდაფში გამოამწყვდიეს და გამაჰმადიანება მოსთხოვეს. მოხუცი მღვდელი საშინელი წამებით მოკლეს და სუდარაში გახვეული მისი გვამი უღრან ტყეში გადამალეს. მამა მიხეილის სიძეს, პოლკოვნიკი კოტე ტარტარაშვილს, რომელიც მეფის რუსეთის პოლკოვნიკი და თბილისის არტილერიის ლეგიონის უფროსი იყო სოფელმა შეატყობინა მღვდლის ასავალ-დასავალი დაიკარგაო. მთელი ტყე გადაჩხრიკა ტარტარაშვილის ოცეულმა, მაგრამ ვერაფერი იპოვნა. ბოლოს დაშინებით, მთელს სოფელს გადავბუგავთო, როგორც იქნა მიაგნეს მოხუცის ადგილ-სამყოფელს. სამხედროებმა ამოთხარეს მამაოს ცხედარი, დიდი პატივით გადმოასვენეს და კახის წმინდა გიორგის სახელობის ტაძრის ეზოში მიწას მიაბარეს.  უკანასკნელ გზაზე  93 წლის მოძღვარს მთელი საინგილო გაჰყვა - ქრისტიანიც და არაქრისტიანიც.

     ისტორიკოსი მოსე ჯანაშვილი მამა მიხეილზე წერდა: "ჭეშმარიტ მღვდელს უყვარდა თავისი სამწყსო და ერსაც უყვარდა თავისი კეთილი მწყემსი". 

    2012 წელს საქართველოს მართლმადიდებელმა სამოციქულო ეკლესიამ მიხეილ ყულოშვილი წმინდანად შერაცხა და მისი მოხსენიების დღედ 5 ივლისი დააწესა.

ორგანიზაციის, ასოციაციის ან ჯგუფის წევრი

  • ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოება, საზოგადოების წევრი (1910-)

გააზიარე: